📷 ინტერვიუ ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძესთან
★ ლევან ხერხეულიძე, მეგობრებისთვის - ხერხე, ადამიანი, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ჩემს წარმოდგენაში, ღია სივრცეების, წვიმიანი ამინდებისა და უპასუხოდ დასატოვებელ საკითხებზე მსჯელობის კაცია.
ხერხე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან მახსოვს და მას შემდეგ უამრავ აზრიან თუ უაზრო რეპორტაჟზე ვყოფილვართ ერთად; ასე იყო თუ ისე, ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, თემა ან რესპონდენტი თუ მიმტყუნებდა, ხერხეს ფოტოები იტყოდნენ სათქმელს.
მერე იყო და, რაღაც მომენტში, როცა ფოტოგრაფიით დავინტერესდი, თავისი „შამანობების“ სამყაროს კარის გახსნა სცადა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფოტოგრაფიაზე მეტად, ძველი თბილისი, საფასადო ქანდაკებები და დაქცეული შენობები მაინტერესებდა...
ხერხე მალევე მიხვდა ამ ამბავს და მე კიდევ იმას, რომ ძველი თბილისი მისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, სრულიად უინტერესო, სტერილური სამყარო იყო.
ეს იყო და ეს.
ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემის გათვალისწინებით, სიტყვის უთქმელად, „სამშვიდობო პაქტი“ გავაფორმეთ და საკითხი ამით დაიხურა.
ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა მანამ, სანამ ხერხეს ფოტოები, მისი ცნობილი პორტრეტები ბარათაშვილის ხიდის ქვეშ არ ვნახე გამოფენილი.
აი, მაშინ კი ვიფიქრე, რომ თუკი მისი პორტრეტები ასეთი ორგანული იყო თბილისისთვის, მით უმეტეს იმ ადგილისთვის, სადაც 90-იანებიდან მოყოლებული, ადამიანები ყოველგვარი მორიდების გარეშე ავლენდნენ საკუთარ სახეს, კარგი იქნებოდა, ხერხეს, როგორც ფოტოგრაფის და თბილისის, როგორც ქალაქის ურთიერთობა ამით თუ არ დასრულდებოდა...
ჰოდა, ერთ დღესაც ისე მოხდა, რომ ჩვენი პირველი შეხვედრიდან მრავალი წლის შემდეგ, ხერხემ თბილისის ფოტო გამოაქვეყნა.
○ გაინტერესებთ, რა და როგორ მოხდა?!
☆ „შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ თბილისის გადაღებისკენ კორონავირუსმა და მისგან შექმნილმა ვითარებამ მიბიძგა. ზოგადად, უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს და თებერვლიდან მოყოლებული სულ იმაზე ვფიქრობდი, რა მეკეთებინა. როგორც კი დათბა და ქუჩებში ხეტიალი თავისუფალი და სასიამოვნო გახდა, ძველი თბილისისთვის თვალის შევლება გადავწყვიტე.
გამოგიტყდებით, რომ თბილისი ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, მაინცდამაინც საინტერესო არასდროს ყოფილა და ამის მიზეზსაც კარგად ვხვდები: ადამიანი ვერ ხედავს მათ და მას, ვისაც და რასაც ყოველდღიურად ეხება. ზოგჯერ რაღაცის დასანახად დისტანცირებაა აუცილებელი. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს [8 ივნისი] უბრალოდ გადავწყვიტე ძველი თბილისის ქუჩებში სიარული.
რა თქმა უნდა, აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს გასეირნება ოდესმე რაიმე მნიშვნელოვანში გადაიზრდებოდა. ახლა კი მადლიერი ვარ იმ მომენტის და ამ გადაწყვეტილების, რადგან ამის შედეგად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერია მივიღე“.
○ ფოტო, თითქოს, ყველაზე უკეთ უნდა გადმოსცემდეს იმას, რასაც თბილისის ქუჩებში ხედავ. როგორი იქნებოდა შენი ფოტოები, სიტყვით რომ გეცადა მათი შინაარსის გადმოცემა?
☆ „ფოტოგრაფისთვის უცნაური შეკითხვაა. მთლიანობაში, მთელი ეს სერია ზოგჯერ ყვირის, ზოგჯერ ჩურჩულებს და ხშირად ითხოვს მასში მნახველის ჩაღვენთვას. ეს ფოტოები ცდილობენ, მნახველში სიყვარული, სითბო, ყველაფრის წარმავლობისა და მისდამი სათუთად მოპყრობის განცდა გააღვიძონ. ზოგადად, სენტიმენტალური არ ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ამ ფოტოებში სენტიმენტალიზმი არ არის.
თუ რამის გაზიარების სურვილი გამიჩნდა, ეს იყო თბილისისადმი, როგორც საინტერესო, ფასეული და ამჟამად ცოტა სევდიანი ცოცხალი არსებისთვის ყურადღების მიქცევა.
ეს ფოტოები არ არის ეთნოგრაფია, ან მხოლოდ იმის ასახვა, თუ რა ხდება ახლა ძველ თბილისში, ისინი მისდამი ჩემს დამოკიდებულებას და უდიდეს სურვილს უფრო გამოხატავენ, რომ ეს ნამდვილი და ფასეული გარემო არ დავკარგოთ“.
○ მოულოდნელი კადრი...
☆ „გარკვეული თვალსაზრისით, ყველა ფოტო მოულოდნელი იყო, რადგან არცერთი მათგანი არასდროს დამიგეგმავს. ანდა როგორ უნდა დაგეგმო ის, რაც თვალითაც არ გინახავს? წარმოდგენა არ მქონდა, სად რა დამხვდებოდა და სწორედ ეს აღვივებდა და აძლიერებდა ჩემს სურვილს, ფეხით მევლო, მეთვალიერებინა, დამენახა, აღმომეჩინა და გადამეღო.
თუმცა, მახსენდება ერთი კადრი, რომელიც მართლაც რომ სრულიად შემთხვევით გადავიღე, როდესაც ერთ-ერთ მზიან დღეს კოტე აფხაზის ქუჩიდან - პურის მოედნისკენ ასვლა გადავწყვიტე. იმ პატარა შემაერთებელ მონაკვეთში არაფერი იყო ჩემთვის საინტერესო, უცებ კი დავინახე მეორადი ტანსაცმლის პატარა მაღაზია, რომლის შესასვლელშიც ორი კაბა ეკიდა.
საკუთარ თვალსა და ინსტინქტებს ვენდობი, ამიტომაც, ამ მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს წამიერად შევყოვნდი. უეცრად სიო ამოვარდა, კაბები ააფრიალა და კადრიც შემრჩა!
ეს ფოტო ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სერიაში“.
○ არის ამ სერიაში რომელიმე ფოტო, რომელიც შეგიძლია გამოარჩიო და გვითხრა, რას გვიამბობს, ვისზე ან რაზე გველაპარაკება?
☆ „რომელიმე ფოტოს გამორჩევა გამიძნელდება. ჩემი აზრით, მნახველს თითოეული მათგანი ესაუბრება და თავის პატარა ისტორიას მოუთხრობს. ეს ისტორიები განსხვავებულია: ზოგი სევდიანია, ზოგი - მხიარული, ზოგიც - იდუმალი, რომელიც თითქოს რაღაცას მალავს. ვფიქრობ, რომ ერთად შეკრული, საინტერესო თავგადასავალია.
ჩემი მიზანი არც ყოფილა, რომ ამ ფოტოებით რამე კონკრეტულზე მესაუბრა. მხოლოდ ის მინდოდა, ადამიანებისათვის ჩემთვის საინტერესო ადგილები მეჩვენებინა და ისინი ამ მოგზაურობის თანამოზიარედ მექცია“.
○ ამ ფოტოებიდან რომელი მეტყველებს თბილისის წარსულზე, აწმყოსა ან/და მომავალზე?
☆ „მომავალზე? არც კი ვიცი...
ფოტოების უმეტესობა აწმყოს ასახავს, რომელშიც, ასე თუ ისე, მათი წარსულიც იკითხება.
მომავალზე საუბარი გამიჭირდება. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი ბოლომდე არ გაანადგურებს იმას, რაც ფასეულია და არ აქცევს თბილისს ტკბილეულად, რომლის დაგემოვნებისას გულისრევის შეგრძნება გიჩნდება...
„ჩემი“ ძველი თბილისი ასეთი ნამდვილად არაა“.
○ რომელია ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძის ურბანული ავტოპორტრეტი?
☆ „კარგი და რთული კითხვაა...
ასე გიპასუხებ:
ნებისმიერ ფოტოში ფოტოგრაფის ნაწილიც არის, ამითაა ფასეული ერთიცა და მეორეც. თუმცა არის რამდენიმე ფოტო, რომელიც მართლა ძალიან მგავს“.
○ რას ამბობს ქალაქი, რომელსაც იღებ?
☆ „დუმს. მისი ტკივილი და ყველა ჭრილობა ისედაც ნათლად ჩანს. ქალაქი საკუთარი სხეულით გვაჩვენებს ამას, თავად კი დუმს და ჯერ კიდევ მედგრად იტანს ჩვენს უგუნურებას, სისასტიკეს, გულგრილობას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ალაგ-ალაგ, ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი სინათლის, სითბოსა და სიმყუდროვის გაზიარების სურვილი...“