★ „ეძლევა ეს მოწმობა მოხეტიალე მუსიკოსს, ილიკო ქურხულს, რის ძალით მას აქვს უფლება ქ. თბილისის სხვა და სხვა უბნებში და მოედნებზე, სადაც მოისურვებს, დაუკრას როგორც ვიოლინოზე/სკრიპკაზე აგრეთვე წაუკითხოს ლექცია შემთხვევით გამვლელ-გამომვლელთ ხალხს მუსიკალურ აღზრდაზე. ქალაქის მოურავი ბ. ჩხიკვიშვილი. ქ. თბილისი. 17 მაისი, 1919 წ.“.★ „ძველი თბილისის მუსიკოსებისაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა მოხეტიალე მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე ილიკო ქურხული.
ილიკო პეტრეს ძე ქურხული დაიბადა თბილისში, 1885 წელს. ქურხულების ოჯახში მუსიკა უყვარდათ და ამიტომაც ილიკო ბავშვობიდანვე ეზიარა მუსიკალურ ხელოვნებას, პატარაობიდანვე შეისწავლა დაკვრა ვიოლინოსა და ჩანგზე.
მან კარგად იცოდა ძველ თბილისელ აშუღთა სიმღერები და ქართული ხალხური მელოდები, უყვარდა თეატრიც, მსახიობობა და ხშირად მართავდა კლასში შესვენების დროს „წარმოდგენა-ფუკუსებს“, რისთვისაც სასწავლებლიდანაც გაურიცხავთ. სასწავლებლიდან გარიცხვის შემდეგ ილიკოს სკოლა ქართული თეატრი გამხდარა...
ილიკოს გატაცება თეატრითა და მუსიკით მამამისს სრულიად არ ახარებდა, რადგან უნდოდა მისი შვილი ვაჭარი გამხდარიყო. იგი ხშირად ინსტრუმენტებსაც კი უმტვრევდა მას. ერთხელ, როცა მამას მესამეჯერ განუზრახავს ვიოლინოს დამტვრევა, ილიკო გაქცეულა სახლიდან.
ცოდნის გაღრმავების მიზნით იგი მოსკოვში გამგზავრებულა და კონსერვატორიაში დაუწყია სწავლა...
მოსკოვის კონსერვატორიაში ილიკო დაუახლოვდა კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილს...
საინტერესოა კომპოზიტორის მოგონება ქურხულზე:
☆ „ერთხელ სასწავლებლიდან შინ ვბრუნდებოდი და ერთი ვიწრო ჩიხიდან ვიოლინოს მშვენიერი მელოდები შემომესმა. შევდექი, ყური დავუგდე და გავემართე იმ ეზოსაკენ, საიდანაც ეს მეტად ტკბილი ხმა გამოდიოდა. უფრო იმან დამაინტერესა, რომ ჰანგი ჩვენებური იყო, ქართული. გავოცდი, მივუახლოვდი ეზოს, შევიხედე შიგ და რასა ვხედავ, დავინახე კოხტა და ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილი ჩვენი ილიკო ქურხული... წარმოიდგინეთ, მე თვითონ ისე გამიტაცა, რომ იქვე მივიმალე, - არ დამინახოს, არ შერცხვეს და ეს მშვენიერი დაკვრა არ შეწყვიტოს-მეთქი. დაამთავრა, ტაშით დააჯილდოვეს და კვლავ გაამეორებინეს. მე სიხარულისაგან ცრემლები ჩამომდიოდა. დაამთავრა, ვიოლინო კოლოფში ჩადო და გასწია ახლა სხვა ეზოში, რის შემდეგაც მე ვუწოდე მოხეტიალე ქართველი მუსიკოსი და დღესაც ატარებს ჩემ მიერ დარქმეულ სახელს. ამ სახელით შემოიარა რამდენიმე უცხო სახელმწიფო და ხალხს გააცნო ქართული მუსიკა“.
1916 წელს ილიკო ქურხული კვლავ დაბრუნდა საქართველოში. აქ მას ხშირად შეხვდებოდით არა მარტო თბილისის ქუჩებში, არამედ მატარებელში, ან კახეთის გზაზე ჩანთამოკიდებულს თავის განუყრელ ველოსიპედზე, რომელსაც იგი ფოლადის ცხენს უწოდებდა.
წარწერა ფოტოზე - „ასე შემოიარა ილიკო ქურხულმა საქართველოს მთა და ბარი, სოფელი და ქალაქი, სკოლები და საბავშვო ბაღები, სკოლები და კლუბები“ |
ილიკო ქურხული თითქმის მთელი სიცოცხლე მოგზაურობდა თავისი განუყრელი ვიოლინოთი, სადღა არ ყოფილა და სად არ უცხოვრია საქართველოს გარდა...“
📖 მასალა მომზადებულია ალექსი ბარნოვის კრებულის - „ძველი თბილისის მუსიკოსები“-ს მიხედვით