ფარსადან სხირტლაძე - რაჭველი გოლიათი ტფილისში... |


ძველ თბილისში კრივი და ჭიდაობა რომ პოპულარული ამბავი იყო, ეს არახალია. რასაკვირველია, ორივე სფეროს, სხვადასხვა დროს, თავისი გამორჩეული ფიგურები ჰყავდა: კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, ქრაფ-ქანდოღა, მეჩანგლე ლოპიანა და ა.შ. 

ამასთანავე, იყვნენ ისეთებიც, ვინც ტფილისის მოსახლეობაში ცნობილი იყვნენ, როგორც განსაკუთრებული ძალის პატრონები. 
ძველ ქართულ პრესაში არსებული მწირი ცნობების თანახმად, XIX საუკუნის 80-90-ანი წლების თბილისში ცხოვრობდა გოლიათური აღნაგობის კაცი, ფარსადან სხირტლაძე, რომელმაც სახელი გაითქვა არა მარტო თავისი ახოვანებით, არამედ უფრო იმით, რომ გადმოცემის თანახმად, თბილისში მისი დარი მოკრივე არ მოიძებნებოდა - „კრივში, რომელ მხარესაც ის გავიდოდა, გამარჯვებაც იქით რჩებოდა თურმე.“
როგორც ირკვევა, ფარსადან სხირტლაძე წარმოშობით რაჭიდან იყო, ქალაქში კი პურის ცხობით ირჩენდა თავს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ფარსადან სხირტლაძემ თბილისელების თვალწინ არაერთხელ ისახელა თავი საკუთარი გამბედაობითა და მამაცობით.

გთავაზობთ ორ ცნობას ფარსადან სხირტლაძის შესახებ, რომელიც 1891 წელს, ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა. 

ამბავი #1

„23-ს ქრისტეშობისთვეს, კვირას, იარმუკა ჩვეულებრივ ხალხით იყო გაჭედილი. ამ დროს იქ, სადაც ხალხში შესვლა ყველას უძნელდებოდა და სადაც, რაც უნდა სიმარდე გამოიჩინო, გაქცევით თავის შველა მოუხერხებელია, გაჩნდა ურემი დაკლულის ღორებით დატვირთული. უცებ ბღავილით ერთმა უღელმა ხარმა მილეწ-მოლეწა ტაბიკები, რქებით დაერია ხალხს და შეიქმნა საშინელი ყვირილ-წივილი. წვრილმან ვაჭრების ზარალს ვინ სჩივის, ხალხი ჯგუფად შიშისაგან ერთმანეთზედ დაეწყო, თაფხები და სტოლები, ნაფოტებად ნაქცევი, აქეთ-იქით ეყარნენ და ხალხს გაქცევის დროს ფეხქვეშ ედებოდა. 

ყველას ტანისამოსი ამოესვარა ტალახში და ბევრს იქამდის ჩამოეფხრიწათ, რომ თვალებზედ ხელ-მიფარებით გარბოდნენ სახლში. ჯიბგირებმა იპოვეს მარჯვე დრო და ბევრი ცარიელ-ტარიელი მიაგებეს შობას, თუმცა იმათში ათამდის კაცი შეიპყრეს და საშობაოთ იხილეს დღე მწუხარებისა.

ამ გასაოცებელ ხეთქვა-კიჟინაში, ერთმა რაჭველმა მეპურემ, წინად ქალაქში განთქმულმა მეკრივემ, ფარსადან სოლომონის ძემ სხირტლაძემ, რომელსაც გაგიჟებულმა ხარმა ტანისამოსი ჩამოაფხრიწა და სხვა ზარალიც მისცა, დიდის გამბედაობით გასწირა თავი, ეცა ხარს, მოუგრიხა კისერი და წააქცია. მაშინ-კი სხვებიც მისცვივდნენ, შეჰკრეს ხარი თავით, დასდეს ურემზედ და წაიღეს. მეორე ხარი გაგიჟებისთანავე იქმნა მარცხად წაქცეული და შეკრული. 

ამ სახით ღონემ და გამბედაობამ სხირტლაძისამ, უეჭველია, დაიხსნა მრავალი ხალხი აუცილებელის უბედურებისაგან. სხირტლაძის გამბედაობით გაოცებულნი მოხელე-სამსახურის კაცნი გროვდებოდნენ და კითხულობდნენ იმის ვინაობას, ზოგნი იწერდნენ კიდეც ჯიბის წიგნში მისს გვარსახელს. ესრედს სიმამაცეს, როგორიც ამ შემთხვევაში გამოიჩინა სხირტლაძემ, ვგონებ იშვიათად შეესწრას კაცი,“ - 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]


ამბავი #2

„31 იანვარს, საღამო ჟამს, იარმუკაზე დიდი ჩხუბი მოუვიდათ ერთმანეთში ორ ვაჭარს. მაჩხუბარებს ხალხი ზედ დაედო. გაჩნდა პოლიციელიც. ერთი გაცხარებული მოჩხუბარი მივარდა პოლიციელს, წაართვა ხმალი და გაექანა თავის მოწინააღმდეგესკენ. 

სწორედ იმ დროს აქ იყო ის ხელ-ღონიერი კაციც, სახელდობრ ფარსადან სხირტლაძე, რომელმაც გაგიჟებული ხარი წააქცია ამას წინად და მით დიდს ხიფათს გადაარჩინა ხალხი. ეს ფარსადანი მივარდა ეხლაც ხმლიანს ვაჭარს და თუმცა ოდნავ ცხვირი გაიკაწრა, ხმალი მაინც წაართვა გაცეცხლებულს კაცს და ამ სახით საფრთხეს გადაარჩინა მისი მოწინააღმდეგე,“ - 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

გიორგი ჭეიშვილი