[ლადო გუდიაშვილის მოგონება ნიკო ფიროსმანზე...]
მახსოვს, ერთხელ შევიყვანეთ მხატვართა საზოგადოების კრებაზე. გულზე ხელებ-დაჯვარედინებული იჯდა და გაყინული, გაქვავებული ერთ წერტილს მისჩერებოდა. მისი სახე გამოსახავდა ფარულ სიხარულს და დიდ გაკვირვებას. ასე იჯდა ის მთელი სხდომის განმავლობაში და ხმა არ ამოუღია.
სხდომის გათავების შემდეგ მას შემოეხვიენ მხატვრები და დაუწყეს გამოკითხვა. პასუხს იძლეოდა მოკლეთ. ლაპარაკობდა ცოტას. დაინტერესდა ორატორებით.
- ჰო და, რა გვინდა, ძმებო, იცით, - განაგრძობდა ნიკო, - უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლო, ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე, თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ,“ - ამბობდა იგი წყნარად და ჩუმად.
შემდეგ სხდომაზე ფიროსმანიშვილი არ გამოცხადებულა. ცხოვრობდა როგორც ვიცით, სადღაც დიდუბეში, მაგრამ ვერავინ შეჰხვდა!.. გაიარა წელიწადმა. ფიროსმანიშვილი გაქრა და მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და არც არაფერი ისმოდა.
მხატვართა საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე გამოტანილი იყო დადგენილება, აღმოეჩინათ ხელვიწრო წევრებისათვის მატერიალური დახმარება. გადასწყდა ნიკო ფიროსმანისთვის დახმარება 200 მანეთის სახით.
ფულის გადაცემა მომანდვეს მე. მივიღე ფული და დავიწყე ფიროსმანიშვილის ძებნა. დაახლოვებით ვიცოდი, სად ცხოვრობდა ის ამ დროს. შემთხვევით მივაგენი ბინასაც და შევედი ეზოში.
- სად ცხოვრობს აქ მხატვარი ფიროსმანიშვილი? - ვეკითხები ეზოში მოთამაშე ბავშვებს. მიჩვენებენ კიბის ქვეშ მოქცეულ სარდაფს. დავაკაკუნე, თვითონ ნიკო გამოჩნდა.
- ვინ გნებავთ? მეკითხება.
- ბატონი ფიროსმანიშვილი.
- მე ვარ, გთხოვთ... - გააღო კარები. დავიღუნე და შევედი. უეცრად შემაჩერა და მკითხა:
- როგორ მოხველით, როგორც მტერი, თუ როგორც მოყვარე? - და თან მიყურებს არაჩვეულებრივი თვალებით.
- ხომ არ გაგიჟდა! - გავიფიქრე გულში.
- არა - ვუპასუხე მე - თქვენც მხატვარი ხართ და მეც. რა მტერი უნდა ვიყო მე თქვენი, მე გუდიაშვილი ვარ, არ გახსოვთ?
- დიახ, დიახ, - დაიწყო მან თითქო ცახცახით - გთხოვთ მობრძანდეთ, გთხოვთ, ლადო, არა?
- დიახ, - ლადო.
- დაბრძანდით, ძმობილო! აი, ასე, ეს არის ჩემი ოთახი, როგორც ხედავთ. ო, რომელია თქვენი სახელი? ლადო, დიახ, ლადო! შეიძლება წყალი დალიოთ. - დაასხა და მომიტანა წყალი ჭიქით. - ბოდიშს ვიხდი, რომ ლიმონათი არ მაქვს.
მე უკვე მოვასწარი მისი ოთახის დათვალიერება, იგი კიბის ქვეშ იყო მოთავსებული. პატარა, რამდენიმე ნაბიჯი სიგრძით და სიგანით. დგომა შეუძლებელი იყო. კუთხეში იდგა ლოგინი ჭუჭყიან ქვეშაგებით. კედელზე პატარა კოლოფი იყო მიკრული, ეს იყო მისი „შკაფი“, მეორე კუთხეში დაყრილი იყო სხვადასხვა ხელსაწყოები მღებარისა და მხატვრის: ვედრო, კლიონკა, საღებავები, ფუნჯები და სხვა.
- თქვენ იცნობთ ძმებ ზდანევიჩებს? - მკითხა მან უეცრად. - მათ ბევრი სურათები აქვთ ჩემი. მე ბევრს ვმუშაობდი, ტფილისის სარდაფები ჩემით არის მოხატული. ამით ვცხოვრობ... შეიძლება თქვენ მიირთვათ რამე? იქნება პური? აი, გთხოვთ, - და გამოიღო „შკაფიდან“ ხმელი პურის ნაჭერი. მე მადლობელი დავრჩი და უარი ვუთხარი.
- ასე, ასე, ჩემო ძმობილო, ძვირფასო ლადო, როგორ გეძახიან თქვენ? ლადო, არა? ო, ლადო...
გაჩერდა, ჩაფიქრდა, უეცრად აიჭრა. დაიწყო რაღაცის ძებნა. კუთხეში მონახა გაქონილი წვირიანი ქაღალდი.
- ხედავთ? - გაშალა „სახალხო ფურცლის“ ნომერი, სადაც მისი სურათი იყო მოთავსებული. - ჩემი პორტრეტი. მე გადამიღო ვიღაც გოგოლაშვილმა და შემდეგ გაზეთში მოათავსა.
მე ვუთხარი, რომ სურათი ნახული მქონდა. - ეხლა რაზე მუშაობთ თქვენ? - ვეკითხები მე.
- არაფერს არ ვაკეთებ. ვასრულებ მხოლოდ შენაკვეთს რესტორანში... სიღარიბეში ვსცხოვრობ აგრე. ხან მატყუებენ და ხან არ მაძლევენ ფულს.
ამოვიღე ფული და გადავეცი. ისიც ვუთხარი, ვისგან იყო.
შეჩერდა და გაოცებული გაქვავდა, აღარ შეეძლო ლაპარაკი. არ იცოდა, როგორ გადაეხადა მადლობა. - ცოტა არის, - ვუთხარი მე, - მაგრამ როგორმე იოლას გადით, ამ ფულით შეიძლება პატარა ხნით ცხოვრება, იყიდეთ საღებავები. - ავდექი მოვემზადე წამოსასვლელად - რა არის ეს კუთხეში? - ვეკითხები.
- საღებავები, ჩემო ძმაო. მუშაობა ასე უნდა. თქვენ კი კოსტიუმებში და გალსტუკებში მუშაობთ და გოლოვონის პროსპექტზედაც დასეირნობთ, - არა, ასე არ შეიძლება, უნდა ჩაიცვა ძველი ფართუკი, აანთო ლამპა და მოაგროვო ჭვარტლი, უნდა დაფქვა ფეხით კირი და გააკეთო უმარილი, აიღო დიდი ფუნჯი და შეღებო კედლები თეთრი, ან შავი ფერით, ძირიდან ჭერამდე.
- ძმაო, ლადო! თქვენ ლადოს გეძახიან, არა? ო, ასე კარგია. ძლიერ კარგია. - ჩვენ ვიდექით.
- მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა ჩვენ, ავაშენოთ სახლი თუ არა?.. ავაშენოთ და შევიკრიბნეთ იქ. ვიქნებით ერთად, თორემ რა არის ეხლა: დახატავ სურათს, წაიღებ სარდაფში, გასმევს, დაგალევინებს მისი პატრონი და სურათს კი დაიტოვებს, და ასე ყოველთვის.
- რაზე მუშაობთ თქვენ ეხლა?
- არაფერს ისეთზე. აი ეს არის რაღაც. - მაჩვენა სურათები: „ლომი“ და „თამარ დედოფალი“.
- აქ ბავშვები მიშლიან ხელს. ყვირიან და ქვებს ისვრიან ფანჯრებში, მაწვალებენ უღმერთოდ.
- მაშასადამე თქვენ მიდიხართ! წავიდეთ.
- იცი, რა, - სთქვა მან ჩუმად, - წავიდეთ სარდაფში, დავლიოთ.
მე ვუთხარი, რომ ღვინოს არ ვსვამ.
- ლიმონათი მაინც დალიეთ.
უარით ვუპასუხე. გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს და დავბრუნდი სახლში. მას აქეთ დიდხანს ვეღარ შევხვდი, ვეძებდი, ვიყავი სახლშიაც. მაგრამ ვერ მოვუსწარი. ვერ ვნახე ვერც სარდაფში.
გავიდა რამდენიმე თვე უკანასკნელ შეხვედრის შემდეგ, თითქმის წელიწადი. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ გადასდო დახმარება ღარიბ მხატვართა სასარგებლოდ. ფიროსმანიშვილისთვის გადმომცეს დაახლოებით 300 მანეთი. წავედი ისევ მასთან. მაგრამ თავის ოთახიდან გადასულიყო. უკანასკნელში პატარა დუქანი იყო მოთავსებული და წინანდელ მობინადრის შესახებ არაფერი იცოდნენ. რამდენიმე ბავშვმა იკისრა ფიროსმანიშვილის მოძებნა. გავყევი მათ. შემოვიარეთ დიდუბე.
დიდხანს არ დაგვინახავსო, გვიპასუხებდნენ შეკითხვაზე მედუქნეები, რესტორანის პატრონები. ვერაფერი გვითხრეს სამისამართო მაგიდაშიაც. მას შემდეგ ნიკო ფიროსმანი სამუდამოდ მიიკარგა.
ნიკომ თავისი წუთისოფელი სადღაც დიდუბის მიგდებულ ადგილებში დალია, მაგრამ როდის მოკვდა, რა პირობებში, ან ვინ დამარხა, ეს არავინ იცის.“