☆ „ყველას ეხსოვნება, რომ შარშან ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობდა იტალიის ტახტის მემკვიდრე პრინცი ვიქტორ ემანუელი. თავის მოგზაურობა პრინცს აუწერია თურმე და, როგორც გაზ. „ტ. ლისტოკი“ ამბობს, ამ მოკლე ხანში გამოვა იტალიაში გასასყიდად იტალიურს ენაზედა. წიგნი შემდეგის სათაურით იქნება: „შენიშვნები პრინც ვიქტორ ემანუელისა რუსეთში მოგზაურობის დროს“. ყველაზედ დიდი ადგილი, თითქმის ნახევარი, ამ „შენიშვნებში“ აქვს დათმობილი თურმე კავკასიას, რომელიც პრინცმა კასპიის ზღვიდგან - შავ ზღვამდე გაიარა“, - გაზეთი „ივერია“, 1891 წ.
***
[გაზეთი „ივერია“, 1890 წ.]
რკინის გზის სადგურზე დილის შვიდ საათზე მოვიდნენ კავკასიის მთავარ-მართებლის მოადგილე გენერალ ადიუტანტი ს.ა. შერემეტიევი, ტფილისის გუბერნატორი კამერგერი თავ. გ. დ. შერვაშიძე, ტფილისის კომენდანტი გენერალ ერნსტი და სხვა მრავალი გენერლები, რომელნიც სამეფო ოთახებში ელოდნენ მატარებლის მოსვლას.
აგერ მატარებელიც გამოჩნდა. გენერლობა სამეფო ოთახებიდგან გამოვიდა კარში. საფოსტო მატარებელს უკან მობმული ჰქონდა სამი ვაგონი სამეფო მატარებლისა და მისი უმაღლესობა მემკვიდრე პრინცი ვიქტორ ემმანუილი გამობრძანდა უკანასკნელის სადარბაზო ვაგონიდგან.
მისი უმაღლესობა უბრალოდ ბრძანდებოდა ჩაცმული, ეცვა ევროპიული ტანისამოსი: საზაფხულო ნაცრის ფერი პალტო და შლიაპა. ვაგონიდგან გამობძანების უმალვე მის უმაღლესობას მიეგება კავკასიის მთავარ-მართებლის მოადგილე გენერალი შერემეტიევი და მიულოცა მშვიდობიანი მობრძანება. მისმა უმაღლესობამ მადლობა გადაუხადა, ჩამოართვა ხელი და ყველა გენერლებს ქუდის მოხდით სალამი მისცა. გენერლობამაც, თავის მხრივ, მიულოცეს მის უმაღლესობას მშვიდობით მობრძანება ტფილისში. ამ ერთმანერთის სალმის შემდეგ, მისი უმაღლესობა მიბრძანდა სამეფო ოთახში და აქედგან ეტლით გაემგზავრა სასახლეში. მის უმაღლესობას ეტლში უჯდა კავკასიის მთავარ-მართებლის მოადგილე შერემეტიევი. წინ ეტლით მოდიოდა პოლიციის უფროსი ბ-ნი მასტიცკი, მხოლოდ მის უმაღლესობის ეტლს უკან მოსდევდნენ თორმეტი ყაზახი და ეტლებში გენერლობა და ამალა მის უმაღლესობისა.
მემკვიდრე პრინც ვიქტორ ემმანუილს თან ახლავს სხვათა შორის გენერალ ლეიტენანტი გრაფ მოროდი ლავრიონოი. მისი უმაღლესობა ტფილისში რჩება 28 აპრილამდე; გუშინ პრინცმა ისადილა მთავარ-მართებლის მოადგილე გენერალ შერემეტევისას. წუხელ მისთვის იყო დანიშნული წარმოდგენა ფრანგების საოპერეტო დასისა. თამაშობდნენ ოდრანის ოპერეტს „დიდი მოღოლი“.
***
★ „გუშინ, 26 აპრილს, მისმა უმაღლესობამ იტალიის მემკვიდრე პრინცმა ვიქტორ-ემანუილ ნეაპოლიტანელმა დილით მოიარა სასახლის ქუჩის ზოგიერთი მაღაზია; სხვათა შორის, გაჯიევის მაღაზიაში მისმა უმაღლესობამ იყიდა ძვირფასი სპარსეთის ხალები და ხალიჩები სამას თუმნამდე, შემდეგ ბორისოვის მაღაზიაში იყიდა სხვა-და-სხვა სამუსიკო იარაღი, მაგალითებრ, თარი, ჭიანური, დიპლიპიტო და სხვ.
12 საათზე პრინცმა ისაუზმა სასახლეში და შემდეგ წაბრძანდა ტფილისის პირველს კლასიკურს გიმნაზიაში, სადაც მის უმაღლესობის მიბრძანების გამო კონცერტი იყო. სასახლიდგან გიმნაზიამდე დიდ-ძალი ხალხი იდგა. თვით გიმნაზია მშვენივრად იყო მორთული ბაირაღებით და ეზოში ორივე მხარეს გამწკრივებულნი იდგნენ ამავე გიმნაზიის მოწაფენი თავიანთ დროშებით.
მის უმაღლესობას ამ დღეს იტალიის საერო მუნდირი ეცვა და შემორტყმული ჰქონდა ხმალი. პრინცს თან ახლდა კავკასიის მთავარ-მართებელის თანაშემწე გენერალ-ადიუტანტი შერემეტიევი და თავისი ამალა. მის უმაღლესობას გიმნაზიის ეზოს კარებში დაუხვდნენ გიმნაზიის მასწავლებელნი კავკასიის ოლქის მზრუნველის ტაინი სოვეტნიკის იანოვსკის წინამძღოლობით.
მობრძანდა თუ არა მისი უმაღლესობა, გიმნაზიაში შეგირდების მუსიკამ იტალიის მარში დაუკრა. აქედგან პრინცი მიბრძანდა გიმნაზიის სააქტო დარბაზში, რომელიც მშვენიერად მორთული იყო ბაირაღებითა და ყვავილებით. აქ გიმნაზიის მოწაფეთ დაუკრეს და იმღერეს რამდენიმე სამუსიკო ნომერი, რომლის შემდეგაც მისმა უმაღლესობამ მადლობა გადაუხადა შეგირდებს და მუსიკის მასწავლებელს ბ-ნ კუნკელს. შემდეგ პრინცმა დაათვალიერა კლასები და წიგნთ-საცავი, სადაც გიმნაზიის დირექტორმა ბ-ნმა მარკოვმა მიართვა ალბომი სურათებისა. აქედგან პრინცი მიბრძანდა გიმნაზიის ეზოში, სადაც მისთვის გამართული იყო ფარდული, და მერე გიმნაზიის მოწაფეთ სხვა-და-სხვა გიმნასტიკა აჩვენეს მუსიკის დაკვრით. ამ დროს ფოტოგრაფმა ერმაკოვმა რამდენიმე სურათი გადაიღო.
მისმა უმაღლესობამ მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს და ორ საათზე გაემგზავრა კადეტების კორპუსში, სადაც აგრეთვე დაუხვდნენ ამ სასწავლებლის უფროსნი. აქ მისმა უმაღლესობამ დაათვალიერა საწოლი ოთახები, კლასები, სადაც ამ დროს ეგზამენები იყო და შემდეგ გავიდა კორპუსის ეზოში, სადაც უყურებდა კადეტების გიმნასტიკას და სხვ. აქედგან მისი უმაღლესობა გაემგზავრა კორპუსის დარბაზში, სადაც ყური დაუგდო მუსიკას.
სამს საათზედ გაეგმზავრა შტაბში და იქიდგან სიონის ტაძარში, სადაც მის უმაღლესობას დაუხვდა სამღვდელოება ეპისკოპოზის ალექსანდრეს უფროსობით ტაძარში პრინცს დაათვალიერებინა სხვა-და-სხვა ..., წმ. ნინოს ვაზის ჯვარი და შემდეგ საკურთხეველში საქართველოს კათოლიკოსთა მიტრები და სხვ.
ტაძრიდგან მისი უმაღლესობა მიბრძანდა მუზეუმში, რომელიც სიონის გალავანშია. აქ მისმა უმაღლესობამ დიდი ყურადღება მიაქცია ძველს ქართულს ხელ-ნაწერებს და კითხულობდა სად უპოვნიათ ეს ხელ-ნაწერები, ან რითა სჩანს ამ ნაშთების სიძველე და ის, თუ რომელის საუკუნესიაო.
ამას გარდა, აქ მისმა უმაღლესობამ გასინჯა ძველი შესამოსავები, მიტრა, ძველი ქართული ფული, ძველი ჯვრები, თოფები და მრავ. სხვა. შემდეგ პრინცმა ემანუილმა მადლობა გადაუხადა მის ყოვლად უსამღვდელოესობას და მეხუთე საათზე მუზეუმიდგან გაემგზავრა სასახლეში.
სადილად მისი უმაღლესობა გუშინ, საღამოს 7 საათზე, მიწვეული იყო ბ-ნ ტფილისის გუბერნატორ თავ. გ.დ. შერემეტიევთან.“
***
★ „ხუთშაბათს, ამ თვის 26, მისი უმაღლესობა იტალიის მემკვიდრე პრინცი ვიქტორ-ემანუილი, სადილს შემდეგ, გუბერნატორის სახლიდგან სასახლეში წაბრძანდა და რამდენსამე ხანს მისი უმაღლესობა „კრუჟოკში“ წავიდა ამალითურთ; ყველანი ფრაკებით იყვნენ. კრუჟოკში ფრანგების საოპერეტო დასმა წარმოადგინა „ჩინეთის მოგზაურობა“, რომლის პირველ მოქმედებაზედაც ბრძანდებოდა პრინცი ნეაპოლიტანელი. შემდეგ მისმა უმაღლესობამ დაათვალიერა კრუჟოკის ოთახები და წიგნთ-საცავი და სასახლეშივე დაბრუნდა.
გუშინ, პარასკევს, მისი უმაღლესობა სასახლიდგან გამობრძანდა დილის ცხრა საათზე. პრინცს იტალიის ჯარის სადღესასწაულო მუნდირი ეცვა და თან ახლდა თავის ამალა, კავკასიის მთავარ-მართებლის თანაშემწე გენერალ-ადიუტანტი შერემეტიევი და სხვა გენერლობა.
სასახლიდგან მისი უმაღლესობა პირდაპირ „დიდების ტაძარში“ (სამხედრო საისტორიკოსო მუზეუმში) მიბრძანდა, სადაც ერთ საათამდე დარჩა და დაწვრილებით გამოჰკითხა გენერალს შერემეტიევს სულ ყველა სურათი მნიშვნელობა და გვარი ზოგიერთის გენერლისა, რომელთა სურათებიც აქ არის ჩამოკიდული.
აქედგან მისი უმაღლესობა ეტლით შერემეტიევითურთ გაემგზავრა დიდუბის მინდორზე. ეტლს უკან მისდევდნენ მთავარ-მართებლის ყაზახები. აქ პრინცს უკვე მოელოდნენ გენერლობა და ჯარი: ერთი ბატალიონი დილიჯნის რეზერვის პოლკისა და ერთი მსროლელთა ბატალიონი. აქვე მის უმაღლესობასა და ამალას მიართვეს ცხენები. შემდეგ დაათვალიერეს ჯარი. ჯარს მეთაურობდა გენერალი სავიცკი. ნახევარ საათის ჯარის თამაშობის შემდეგ, მის უმაღლესობის წინ გაიარა ჯარმა ცერემონიალურის მარშით და აქვე პრინცმა აქო ჩვენი ახლად გაყვანილნი ჯარის კაცნი.
შემდეგ მისი უმაღლესობა ეტლით წაბრძანდა მუშტაიდში და გასინჯა ორივე აბრეშუმის ჭიის გასაშენებელი სადგურები და ბაღი.
მერე სწორედ შუადღისას ეტლითვე წამობრძანდა სასახლეში. სასახლეში ამ დროს დამზადებული იყო საუზმე. საუზმის გათავებისას პრინცმა ჩაიცვა სამოქალაქო წოდების ტანისამოსი და სამის ნახევარზე წაბძანდა შუა-ბაზარში, სადაც კაფაროვის მაღაზიაში იყიდა რამდენიმე ხალიჩა და სხვა აზიაში ნაკეთები ნივთეულობა.
გზაზე ხალხს მისი უმაღლესობა ქუდს უხდიდა.
საღამოს ექვს საათზე პრინცი მიწვეული იყო სადილად ორთაჭალაში ბ-ნ თამამშოვის მიერ.
როგორც სჩანს, მის უმაღლესობას ძალიან მოეწონა ჩვენი ტფილისი; იგი დღეს უნდა წაბრძანებულიყო კავკავში, მაგრამ კიდევ ერთის დღით ტფილისში დარჩენა ინება და მხოლოდ ხვალ, კვირას, 29 აპრილს, დილის თერთმეტს საათზე, გაემგზავრება გრაფ დე-პოლენცოს სახელით კავკავსა და ნოვოროსიისკს, აქედგან შავის ზღვით მისი უმაღლესობა წაბრძანდება ოდესას და მერე კი მოგზაურობას დაიწყობს ოფიციალურად იტალიის ტახტის მემკვიდრე პრინცის სახელით...“