აბანო ძველ თბილისში... |


კლდისუბანი - ჰქვიან იმ ნაწილს ქალაქისას, სადაც ცხელი გოგირდის აბანოებია, - იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“ 

 აბანო!

თითქოს ჩვეულებრივი რამ არის...

აბანოში ჰბანაობენ, ტანს ისუფთავებენ; ასეა ყველგან და ყოველთვის მაგრამ აბანო ტფილისში...

იგი მეტად ორიგინალური და განსაკუთრებით ტფილისურია.

[…]

წინეთ აბანო მსურველთათვის ყოველთვის ღია იყო; არც ბანაობის დრო იყო განსაზღვრული; ხალხს გათენებამდე შეეძლო შიგ ყოფნა. აბანო ზოგჯერ სოფლიდან ჩამოსულ გლეხისათვის სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდა: საქონელს ბაკში მირეკავდა, თითონ კი, განბანილ-განსპეტაკებულს, ორშაურად მთელ ღამეს აბანოში არხეინად ეძინა. რასაკვირველია, ზამთარში ეს იაფ-ფასიანი თავშესაფარი უფრო სასიამოვნო ხდებოდა.

☆ გეჯაიათანი - „აბაზიანი ბილეთი აბანოში ღამის სათევად, ჩვეულებრივ 10 კაპიკი იყო“, - იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“ 

ქალებს საბანაოდ კვირაში რამდენიმე დღე ჰქონდათ დათმობილი. ერთ დღეს რომ ქალები ბანაობდნენ, მეორე დღეს - ვაჟები. ეს ის დრო იყო, როცა აუზების ნაცვლად კლდე იყო ამოღრმავებული და აბანოში კი მაშხალები ენთო.
ძველად ქალ-ვაჟნი აბანოში ერთად არ დადიოდნენ; პირიქით, ქალები ცდილობდნენ, რომ მათი აბანოში გამგზავრება კაცის თვალს არ დაენახა. ამიტომ იყო, რომ აბანოში წამსვლელი ქალები დილა-ადრიანად, სისხამზე მიდიოდნენ და საღამოთი ბინდისას ბრუნდებოდნენ. 
ქალები აბანოში მარტო საბანაოთ არ მიდიოდნენ: თან სარეცხიც უნდა წაეღოთ. შეჰკრავდნენ სარეცხს ბოღჩაში, აჰკიდებდნენ ზურგზე დუქნის შეგირდებს, ხელში ქობინას მისცემდნენ, წინ გაიგდებდნენ თავიანთ უჭულ-ბუჭულებს და ამგვარად, მთელი ქარავანი მიემგზავრებოდა აბანოში. აქ კი ყოველთვის ერთი ალიაქოთი იყო ხოლმე: ადგილებისთვის ატყდებოდა ჩხუბი, ჯიღჯიღი, დავიდარაბა; ჩხუბობდნენ ტოლჩებით, ქობი  ნებით, ერთმანეთს ბუწუწებს აგლეჯდნენ, იწყევლებოდნენ; არ ივიწყებდნენ წინაპრებსაც: მკვდრებს საფლავიდან სთხრიდნენ, ცოცხლებს ქოქოლას აყრიდნენ; ერთი სიტყვით, მაშინ არავითარი გასართობი არ იყო, და ეს ქალებიც „დიდის სიამოვნებით“ ატარებდნენ დროს აბანოში! 

ქალების საერთო აბანოდ მხოლოდ ეგრედ წოდებული ციხის აბანო ითვლებოდა და არსად არ იყო ისეთი უწესობა, სივიწროვე და სიბინძურე, როგორც აქ.

ციხის აბანო - „ეწ. ყოფ. ორბელიანების აბანოს, რომელიც მდებარეობს დაბახანის ხევის თავზე. „ციხის აბანო“ ხალხმა დაარქვა. თვით პატრონებიც ამას უწოდებდნენ“, - იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“ 


ციხის აბანოში ერთი ახირებული ამბავი მოხდა. ხალხის აბანოში სხვათა შორის მივიდა ერთი დედაკაცი თავისის ქალით მარგალიტათი, რომელიც ასე 17-18 წლისა იყო. ჩავიდა თუ არა ეს გასათხოვარი ქალი აუზში, უცბად კუპრსავით გაშავდა.  ასტყდა საშინელი ყაყანი, რა მოხდა, რისაგან გაშავდა ქალიო. ზოგს შეეშინდა კიდეც, გადამდები სატკივარი არა ჰქონდეს-რაო. ბევრი უხეხეს ყმაწვილს ქალს სახე და ხელები, თითქმის სისხლი ადინეს ტანიდგან, მაგრამ ვერ გაათეთრეს და ისე ზანგის სახით გაემგზავრა სახლში.  გაშავებული ჰქონდა სახე, ყელ-ყური, გული და ხელები. ძნელად მისახვედრი არ არის ის მიზეზი, რა მიზეზითაც ეს ჩვიდმეტის წლის ლამაზი ქალი გაშავდა. მარგალიტაც, როგორც ყოველი გასათხოვარი ქალი, ალბად ჰხმარობს ფერ-უმარილს, რომელშიაც ტყვია და კალა ურევია; აბანოს წყალშიაც არის გოგირდი და სხვა მრავალი ლითონი, რომელიც ტყვიასთან შეერთების დროს უმარილს აშავებს“, - 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II, 1891 .

დღესაც, თუ სადმე ჩხუბი და ყაყანი ატყდება, იტყვიან: „ხოჯის აბანოა?“

ამ ციხის აბანოს უწოდებდნენ აგრეთვე საჭურის ხოჯა აღამაჰმად ხანის აბანოს. ტფილისის აღების დროს [1795 წ. ენკენისთვის 11-ს]

ეს ხოჯა შევიდა ამ აბანოში, „გაუკვირდა სიკეთე ტფილისისა, მოეწონა წყალნი წმინდანი ყოვლითურთ, აღუმღვრეველნი და მარგებელნი“, მაგრამ სენისაგან, რომ ვერ განიკურნა, გაბრაზდა და ბრძანება გასცა, აბანოებიც ძირიანად დაენგრიათ. [თეიმურაზ ბატონიშვილი: „ცისკარი“ , 1862 წ., სექტემბერი, გვ. 17]

მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს მობანავე ქალებს.

ნახევრად მონა ქალები, მოჩადრულნი და ქმრების მოშიშარნი, რითი უნდა გართობილიყვნენ? სად უნდა წასულიყვნენ? მათი გასართობი იყო საყდარი და აბანო, სადაც თავისუფლად შეეძლოთ ერთმანეთის ნახვა, ჭორიკანობა და მასლაათი. ამ ქალებისათვის უცხო იყო ცნობილი თქმა: „ბრძნად მეტყველება ვერცხლი არს წმინდა, ხოლო დუმილი - ოქრო რჩეული“.

ისინი ლაპარაკობდნენ ყველგან და ყოველთვის. ეს აბანოც მათი სალაყბო ადგილი იყო. არაბებს ანდაზაც კი აქვთ: „თუ ლაპარაკი გინდა, აბანოში წადიო!“

აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ, იქვე საუზმობდნენ და სადილობდნენ კიდეც. მზრუნველი ქმარი თავის ცოლს შეგირდის ხელით [რომლის მოვალეობის ერთი პუნქტსაც ცოლის ბოხჩის წაღება იყო] აბანოში უგზავნიდა სადილს: განსაკუთრებით ამ დღისთვის შეკვეთილ ფურნის თავას ან ქაფქოთანით ბუღლამას; ზოგი კი მოკეცილი იჯდა აბანოს ფილაქანზე და გემრიელად შეექცეოდა ცარიელ ყველსა და პურს. მერე ჩაის სმა იწყებოდა.

ფეხის აგური - „აბანოში დიდი ხნის ყოფნის შემდეგ, როცა ქუსლები დაურბილდებოდათ, ქვას ისვამდნენ [ასეთ აგურს ან ქვას მზითევშიც ატანდნენ]. ეს იყო „მოჭედილი ქვა“ ან განსაკ. მოყვანილობის აგური“, - იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“

აბანოს ტანთგასახდელ დერეფანში უშველებელი სამოვარი იდგა, რომელიც „კბილჩაცვივნულ ბებერსავით ჩიფჩიფებდა. სამოვრის ირგვლივ ჩაის ჭიქები ლამბაქებითურთ ჯარისკაცებივით იყვნენ გამწკრივებულნი და გვერდზე თოფების მაგიერ, კოვზები ჰქონდათ შემოწყობილნი. თვით სამოვარზედ კი ამხედრებული ჩაიდანი მთავარსარდალივით იბღვირებოდა და მრისხანების ნიშნად თავს ახტუნებდა და არაკუნებდა.“ [ა. ახნაზაროვი: „ლექსები და სცენები“, 1912 წ., გვ. 101]

აი, ეს ტიტლიკანა დედაკაცები ისხდნენ ამ სამოვრის გარშემო და მთელი დღე ჩაით ლოთობდნენ.

„ვდგავართ იანვარშიო, ერთი ძიაკაცი მიამბობს, მეიდნის კიდეზეო. დილაა და დგას გალაკტიონიო და ის დროა, როცა აბანოდან მოჩქარე ქალები გამოდიანო და თოვლიც წამოვიდაო და ამ დროს კი აბანოდან ქალი გამოდისო, კოხტაო და მიდის თავის გზაზე შეფუთნულიო. მკაცრად ჩაგვიარაო და რო გაგვცდა კარგადო, გალაკტიონმა ამოიოხრა და თქვა, უ, შენ გენაცვალეო, და აღვტაცდით ბიჭებიო. სულ უბრალოა, რასაც ბევრი კაცი იზამდა თბილისში, მით უმეტეს, რო გვაქვს ასეთი საოცარი ლექსი გრიშაშვილისა, „მანოლა“, მაგრამ ეს გალაკტიონმა ქნა, მან ჩაილაპარაკა“, - აკა მორჩილაძე, „ჩრდილი გზაზე“
ნელინელ რუსული კულტურა სპარსულ აბანოებშიც იჭრებოდა. თვით ვარანცოვსაც რომ დაენახა ეს სურათი, იძულებული აღარ გახდებოდა ეთქვა: „კავკასიაში მშვიდობიანობა მაშინ ჩამოვარდება, როცა მთებში ჩვენი სამოვარი გაჩნდებაო.“

წარმოიდგინეთ, ქალებსაც ჰყავდათ თავიანთი აშუღი, გერაგერმიშაანთ უსინათლო მაია, რომელიც თავის სიმღერით ართობდა დასაპნილ და ინადადებულ ქალთა მარაქას. ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც! 

[პეტრე მირიანაშვილი მარწმუნებს, რომ ქალები აბანოში ლოტოსაც თამაშობდნენო; ჩემ მიერ შეკრებილი ცნობებით, ჯერჯერობით ეს არ დადასტურდა].

გარდა ამისა, ქალებს საშუალება ეძლეოდათ აბანოში გამოეფინათ თავიანთი ტუალეტი და ძვირფასი სამკაულები, რომელნიც კარში, ჩვეულებრივ დროს იკარგებოდნენ, ჯერ კიდევ ხმარებიდან გადაუგდებელ, ჩადრის ქვეშ. ქალს ახალი ტანისამოსი უეჭველად აბანოში უნდა ჩაეცვა.

ყადიფა - 1. ტანის გასამშრალებელი აბანოს ზეწარი, ჩამჩიქი. „წყვილი აბანოს ყადიფა“ [მზითევის სიიდან]. 2. ყაბარჩა, ჩადრი, ზეწარი, - იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“

მე მინახავს ასეთი აჯიღოსანი ქალი [აჯიღოსანი - თეთრჩადრიანი მანდილოსანი; „ივერიაში“ ქართველი მანდილოსნების მიერ ხმარებული ჩადრი ასეა აღწერილი: ფართო, სრული იმდენად, რომ მთლად მანდილოსანი დაჰფაროს. ოთხკუთხი. ორთავ მხარეს სარტყელში ჩაიკეცამდნენ, თავს წამოიხურამდნენ ისე, რომ თვალებიღა გამოჰჩენოდა. ფეხებს ჰფარავდა. ჩადრი - იგივე აჯიღა. აჯიღოსანი - ჩადრით მოსილი], რომელიც ჩადრში გამოხვეული მოძრავ ტომარასავით დადიოდა, მისი ოქრომკედით ნაკერი ქოშები ჩადრის ბოლოებიდან თაგვებივით იჭყიტებოდნენ. აზღუდში შეკუმშული ორი „არწივის კვერცხი“ მამაკაცებს თვალს არა სტაცებდა, ისინი მხოლოდ თვალებს ჰხედავდნენ; თვალები! ო, ეს ჟუჟუნა თვალები რაღაც გამოურკვეველ სურვილით ციმციმებდნენ. ამიტომ ამბობენ თურქები: „ვისაც აკრძალულის წაკითხვა ჰსურს, იმან ქალებს თვალებში უნდა უცქიროსო.“

ხალხური ლექსი ამბობს:

ქალაქის აბანოები ბადალი ხმელეთისაო,
ძირიდან აშენებული, აუზები აქვს ქვისაო, 
ვინც შევა, აგრე გაგიხდის, როგორც თოვლია მთისაო, 
ქალი და რძალი გამოდის, ვითა ყვავილი ხისაო. 

რასაკვირველია, მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას. ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილია აბანოში, ბევრი სანდომიანი „ქალი და რძალი“ გაბედნიერებულა და ბევრი ფიზიკური ნაკლიც აღმოსჩენია გატიტვლებულ ქალს.

[აბანოში საპატარძლოს გასინჯვა წესად იყო დადგენილი: ქალს აბანოში ჯირყვლებს უსინჯავდნენ იღლის ქვეშ და ჩანასთან, რომ მერე ქმრის ხელში, მათი აზრით, მჭამელად არ გადაქცეულიყო; ხშირად ქალს განზრახ გააცინებდნენ, რომ კბილების მოყვანილობა დაენახათ; ლაპარაკის დროს მიუახლოვდებოდნენ, რომ გაეგოთ, საპატარძლოს პირში სუნი ხომ არა ჰქონდა. ტუჩის ნაპობებსაც კი უზომავდნენ... პატარა და ტანმორჩილი ქალი არ ითვლებოდა პირველ ხარისხოვან პატარძლად.

„შვილო, - ხშირად ეტყოდა მამა თავის ვაჟს, - ისეთი ქალი უნდა შეირთო, რომ ლოგინში არ დაგეკარგოსო“]

„ქალს ქუდი ესროლე, თუ არ წაიქცა, გასათხოვრად მომწიფე  ბულაო!“ ალბათ, ამ შეხედულობის გავლენით ხდებოდა, რომ ხშირად სრულიად ნორჩ გოგონას, ჯერედ მოუშუშებელს, ძილით გაუმაძღარს და წელ-გაუმაგრებელს, ოთხმოცი წლის ბეხრეკზე ათხოვებდნენ. არსებობს ერთი ლექსი, საიდანაც სჩანს, რომ ასეთი „ნორჩი ქალის“ ბედი აბანოში გადაწყვეტილა და მაჭანკლის დახმარებით „აბანოდან გაუყიდიათ“ ვიღაც მოხუც საქმროზე:

გულ-დაწყვეტილი ქალი მოსთქვამს:

ჩემსავით მწარე ბედი არვის არა რგებია, 
ნუ დამძრახავთ, ტოლებო, ქმარი მომძულებია,
აბანოში გამყიდეს, მე არც კი გამგებია, 
თურმე ეხლა გავიგე ქვეყნის კანონებია.

ჯეელი ვარ, მიღვივის გული ნაკვერჩხალსავით, 
სისხლი მიდუღს ძარღვებში ადუღებულ წყალსავით,
თვალები მაქვს - მაყვალი, ტუჩები - მარჯანსავით, 
ლოყები მაქვს წითელი - გაშლილ წითელ ვარდსავით.

მე ჯავარზე ეხლა ვარ, ნორჩი და მოჩიტული, 
ქმრად მყავს რაღაც აპუხტი - ძალა გამოფიტული,
მე პაპად მეფერება, ბებერია, სნეული, 
ღმერთო, შენ ამოსწყვიტე, ვინც შემრთო ეს წყეული! 

აგერ ორი თვეა [1891 .], რაც ზოგიერთს ტფილისის აბანოში წყალი დაშრა და ლულიდგან აღარ გადმოდის. ტფილისის მკვიდრთ ეს ამბავი ძალიან უკვირთ და ამბობენ, რომ მაგისთანა ამბავი ჯერ არა თქმულა და არ გაგონილაო“, - 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]
ეხლა მამაკაცებზე... 

ყარაჩოღელები თავიანთ ჯანსაღ ბუნებაში დიდ ენერგიას ატარებდნენ და არ იცოდნენ სად დაეხარჯათ ეს მოზღვავებული გაქანება. აი, თუნდაც აბანოც! პირდაპირ განცვიფრებაში მოდის ადამიანი, რა საღსალამათი გული და უზადო ფილტვები უნდა ჰქონოდა ამ ხალხს, რომელიც ნაღვინევი და ნამთვრალევი მიდიოდა აბანოში და გოგირდის ნაკადულის ატმოსფეროში, თითქმის ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ჰქეიფობდა და დროს ატარებდა!

ზოგიერთი ყარაჩოღელი ისეთი უშველებელი ტანის პატრონი იყო, აუზში რომ ჩავარდებოდა – აუზი იცლებოდა.
ჩვენს აბანოებში ამ უკანასკნელს დროს ძალიან აკლდება ცხელი წყალი. ექიმების სიტყვით, წყალი, დაკლებას გარდა, ცივდება კიდეც...“, - გაზეთიივერია“, 1891 .
ძველად ყოველი ყარაჩოღელი იმდენად ჯანსაღი იყო, ღაჟღაჟა და სისხლოვანი, რომ თითქმის ყოველ გაზაფხულს, აგარაკზე გამგზავრების ნაცვლად, ზედმეტი სისხლის გამოსაშვებლად აბანოში მიდიოდა და კოხტად მოპარსულ კისერზე კოტოშს იკიდებდა. 

აბანო ყარაჩოღელისთვის ბოჰემის ის შემადგენელი ნაწილი იყო, ურომლისოდაც ქეიფი ქეიფად არ მიაჩნდა. ამიტომ იყო, რომ მათი ქეიფი, ბაღებში დაწყებული, უეჭველად აბანოთი თავდებოდა.

[...]

ყოველი ყარაჩოღელი ქეიფის შემდეგ გამოსაფხიზლებლად უეჭველად აბანოში უნდა წასულიყო. ზურნა მიაცილებდა აბანოს ბჭემდე, მექისენი ძმაბიჭურად შეეგებებოდნენ, დაიბარებდნენ დალაქებს და ლაზათიანად წვერს შეიპარსავდნენ; რომელიმე უშიარი მოქეიფის ბრძანებით, ეხლა აქ იშლებოდა ახალი სუფრა, იმართებოდა ხელახალი ქეიფი და ისმოდა სადღეგრძელოები…

[...]

აბანოში ქეიფი უძველესი ჩვეულება იყო. [...] მართალია, მოგზაური ტურნეფორი ჩვენს აბანოებზე სწერდა, რომ „აბანოები ტფილისის მოქალაქეთათვის ერთადერთ გასართობს წარმოადგენსო“, მაგრამ, ჩემის აზრით, აბანო მარტო გასართობი და დროს  გასატარებელი ადგილი არ უნდა ყოფილიყო.

აბანოს აღმოსავლური ხალხის ყოფა-ცხოვრებაში მეტად დიდი ადგილი ეჭირა. „როცა მაჰმადიანი ქალთან დარჩება ან როცა დაესიზმრება, ის ვალდებულია სანამ ამის შემდეგ რაიმე საქმეს დაიწყებდეს, აუცილებლად იბანოს“. ალ. ორბელიანმა როცა ცოლს უღალატა და სხვა ქალთან დარჩა, აწუხებდა ეს „ცოდვა“. წავიდა აბანოში განიბანა და დამშვიდებული შევიდა ცოლთან. 

ძველი ხალხი, ვიდრე აბანოში არ განიბანებოდა, ოჯახის წინაშე ვერ წარსდგებოდა. სიძესაც ქორწილის ღამეს ამფსონები აბანოში წაიყვანდნენ და განბანდნენ. აღმოსავლურ ხალხში დღესაც არის დარჩენილი ჩვეულება: სტუმრად რომ მიხვიდე, ლულეინს მოგიტანენ, ჯერ ხელებს დაგაბანინებენ და მერე მოგესალმებიან.

საბა სულხან ორბელიანი სწერს: „თურმე წესი იყო კაცისა მის სადაცა ვის უცხოს ჰნახავდის თვისსა მიიყვანდის, აბანის, შემოსის, საბოძვარი მისცის და განუტევის.“

[...]

აშკარაა, ეს აბანოში ქეიფის გაგრძელება, აბანოში ღამისთევა და თვით ქორწილიც კი - უბრალო გასართობად ვერ ჩაითვლება და ყოფა-ცხოვრების ამ ორიგინალურ მოვლენის ასახსნელად სხვა, უფრო ღრმა მიზეზები უნდა გამოიძებნოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აბანოში მოქეიფეებს, ამ აზიურ გასტრონომებს, განსაკუთრებული პირის გემო ჰქონდათ: გამხმარი ქართო პური და შხლოის ყველი, გოგირდის წყალ-გადავლებული, ისეთი სპეციფიური გემოს საჭმელი იყო, რომლის არომატსაც ძველი ყარაჩოღელი დღესაც სიამოვნებით იგონებს. [მიღებული იყო აგრეთვე აბანოში საზამთროს გაციება. მართლა ცივდებოდა თუ არა, ამის გამორკვევა სპეციალისტებისათვის მიმინდვია, მე ფიზიკოსი არა ვარ!]

ამ მოქეიფეებში იყვნენ კარგი მომღერლებიც. მღეროდნენ თავისთვის, საკუთარი გულის ბუხარის გასანელებლად; მღეროდნენ და მათ ავაჯიან ხმას აბანოში უფრო მეტი ხალისი ეძლეოდა. მომღერალი მღეროდა, აბანოს გამაგრილებელი თაღები განსაკუთრებულ ბანს აძლევდა, სუფრა ითენთებოდა, ნახევრად შიშველი ლოთები ექსტაზში მოდიოდნენ და მთელი აბანო - ბოდიშს არ ვიხდი ამ შედარებისთვის - დიონისოს ტაძრად იყო გადაქცეული.

ხშირად მომხდარა, რომ ეს მოქეიფენი შუაგულ ზამთარში სანაძლეოზე აბანოდან ტიტლიკანები გამოსულან და რომელიმე მიკიტნის დუქანში ღვინის სმა გაუგრძელებიათ. 

ასეთი უცნაური ქეიფი თანდათან გახუნდა. ბოლო დროს ნააბანოვარი მამაკაცები შიგ აბანოში კი არ საუზმობდნენ, არამედ შევიდოდნენ აშპაშხანაში [აშპაშხანა - 1. ადგილი სასადილო, სასადილო უბანი. „აშპაჟ“ - თათრულად მზარეულია. 2. თათრების სასადილო; აჟპაზ-მზარეული], შენაყრდებოდნენ რომელიმე ალიას განთქმული ფლავით ან ქაბაბით და ბაიათების ნაცვლად კი - იადონის სტვენას ისმენდნენ [აშპაშხანაში ყოველი რესტორანის პატრონს მუშტრის საამებლად „სიმებიანი ორკესტრის“ ნაცვლად, შეტოლებული ჩიტები ჰყავდათ გალიაში].

ამ აბანოს ლხინებმა პოეზიაშიც ჰპოვა გამოხმაურება. რასაკვირველია, ამ დარგში პირველი იქნებოდა გრ. ორბელიანი, რომლის ლექსებსაც ტფილისის აშუღები ჩოქვით უვლიდნენ გარშემო.


გრ. ორბელიანი, ეს მარად შეყვარებული ოთხმოცი წლის ჭაბუკი, ეს 14 მარცვლოვანი ლექსის უდიდესი ოსტატი „სალომესთან სადილად“ მიდის და არაფერი აღარ აგონდება, თვით „აბანოს ლხინებიც“ კი და ბავშვური უზაკველობით მღერის:

განა ამდროს ძილი-ღა არის სადმე?
ანუ დღისით განსვენება სულისა? 
ან ვიღას აგონდება სადილი.
ანუ ღამით აბანოში ლხინები?

ყოველი მგზავრი, ტფილისის ყოველი სტუმარი, საიდანაც არ უნდა ყოფილიყო მოსული, რა საშური საქმეც არ უნდა ჰქონოდა, თავის წმინდა მოვალეობად სთვლიდა, რომ ტფილისის აბანოებიც ენახულა და განბანილიყო მის მადლიან კამკამა წყალში.


ჩვენი აბანოები, სხვათა შორის, იმითაცაა შესანიშნავი, რომ ისეთი მექისენი, როგორნიც აქ არიან, სხვაგან იშვიათ მოვლენას წარმოადგენენ. ჩვენმა პატარა ქისამ ბევრი დიდი ადამიანი მოიყვანა აღტაცებაში; ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

აბანოში წასვლა და ქისის არ წასმა იგივეა, კაცი რომ პარიზში ჩავიდეს და ეიფელის კოშკი არა ნახოს.


პუშკინი სიამოვნებით იგონებს იმ „უცხვირო მექისე ჰასანას“, რომელის შესახებაც პოეტი თავისებურის ირონიით დასძენს: „უცხვირობა ხელს არ უშლიდა, რომ თავისი მოვალეობა პირნათლად შეესრულებინაო“.

პუშკინი ტრადიციულ „მაჩალკის“ უარსაყოფად, თავისიანებს უთითებს ჩვენს ქისაზე და ამბობს: „ქისა რუსულ აბანოებში უეჭველად უნდა შემო  ვიღოთ, ეს იქნება ჩვენი ახალი აღმოჩენაო“. 


ჩამჩიქი - აბანოს გასამშრალებელი ტილო. აბანოს ხალათი, - იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“

ფუთა - „აბანოს ზეწარი. ძველად, როცა მამაკაცი აბანოში ბანაობას გაათავებდა, დაიძახებდა: „ააას“, მოვიდოდა ჯამადარი [ფუთის ან ფეხის წყლის მიმწოდებელი], რომელსაც მხრებზე რამდენიმე ფუთა ჰქონდა გადაკიდებული ტანის გასაშრობად. ჯერ თავზე შემოახვევდა დოლბანდივით, ერთს ზურგზე გადახურავდა, ერთს გულზე, ერთსაც წელზე შემოარტყამდა მამაკაცის იარაღის დასაფარავად. ასე მორთული გამოხვიდოდი დერეფანში ტანისამოსის ჩასაცმელად. ეხლა კი ტიტლიკანა გამოდიხარ...“, - იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“

ხოლო ქალების შესახებ კი, რუსეთის დიდებული პოეტი, ასე მოგვითხრობს:
„ჩვენმა შესვლამ ქალების აბანოში არავითარი შთაბეჭდილება არ მოახდინა, ისინი განაგრძობდნენ თავისუფლად მასლაათს და სიცილს... არც ერთი მათგანი ჩადრს არ წასტანებია წამოსახურად, არც ერთ მათგანს არ შეუჩერებია ტანის ხდა; ზოგიერთი ქალი, მართლაც, რომ კარგი იყო, მაგრამ ქართველ ბებერ ქალზე საზიზღარი, მე არაფერი არ მინახავს ჩემს სიცოცხლეში, ნამდვილი ქაჯები არიან“-ო. 
საინტერესოა, რომ ა. დიუმას მოგზაურობაშიც ასეთს სტრიქონებს ვკითხულობთ:

„მე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემმა გასეირნებამ აბანოში, ქალებს შორის არავითარი აღშფოთება არ გამოიწვია, მხოლოდ ორი თუ სამი ქალი, საუბედუროდ ბებრები და საზიზღრები, მოგვერიდნენ და სახეზე ზეწრები აიფარეს; უნდა ვთქვა, რომ მათ ჩემზე მოახდინეს ქაჯების შთაბეჭდილება“-ო. 
მეტად უცნაურია, რომ ეს ორი მწერალი აბანოში ყოფილა სწორედ სამშაბათს დღეს, რომელიც ქალთა დღედ ითვლებოდა [პუშკინი იყო 1829 წ.; დიუმა 1858 წ.] 
თბილელი მანდილოსნები აბანოში ისე მიისწრაფოდნენ, როგორც ევროპელი ქალები კონცერტზე ან ოპერაში.
 სამშაბათს ქალების დღე იყო. ამ დღეს ციხის აბანოს მიდამოები თეთრჩადრიანი დედაკაცებით თეთრდებოდა. აუზებთან ან ამოღრმავებულ კლდესთან ფეხმოკეცილნი ისხდნენ: დედები და ასულები, დედამთილები და სიდედრები, დები და რძლები, მულები და მაზლისცოლები, დეიდები და მამიდები, ნათლიდედები და ნათლულები, მსხვილფეხობა და წვრილფეხობა.
 აბანოში ყველანი თავიანთი ქულფათებით მოდიოდნენ, პაწაწინა ბიჭები და გოგონები ერთმანეთში იყვნენ არეულნი. აბანოს სპარსული სტილის თაღები ზანზარებდნენ ქალების ლაპარაკით, ყაყანით, ყვირილით, სიცილით, კისკისით, სიმღერით და ჩხუბით. ზოგი ჩიბუხს წევდა და ზოგი ბურნუთს. ზოგნიც ქარვის ან გიშრის კრიალოსნებს მარცვლავდნენ. მასლაათობდნენ. ქაღალდს და ლოტოს თამაშობდნენ. დაქიმითებულივით ჭამდნენ ხმელ ხილს: ნუშს, ნუღლს, შაქარყინულს, ქიშმიშს, ფისტულს, ჩირს, ნიამფურს, ბატიბუტს, აღჯანაბადს და ქაღზაბადამს.
 ქმრები, ვაჟები, მაზლები, მძახლები, ქვისლები, ცოლისძმები და სიძეები გარედან თარფს თარფზე უგზავნიდნენ თავიანთი ოჯახების მანდილოსნებსგული გაიხარეთო“. თუ ტიტლიკანა და დასაპნილ ქალებში ბევრი ჭინკას ჰგავდა (პუშკინი და დიუმა მართალს ამბობდნენ), ბევრიც თავისი სილამაზით ლომს ფერხთით დაიწვენდა, - ნიკოლოზ გაბაონი, აივნიანი ქალაქი

უცნაურია რომ, ტფილისის ქალები, რომლებიც აბანოში გამგზავრებისას, თავის დასამალად ათასნაირ ხრიკს მიმართავდნენ, ისე გათამამდნენ, რომ უცხო კაცის დანახვაზე არც ერთი არ წაეტანა ფუთას და „არც ერთმა არ შეაჩერა ტანის ხდა?“ მაგრამ არა ნაკლებ უცნაურია, რომ ის „ორმოცდაათი ქალი“, რომელიც პოეტმა აბანოში ინახულა, სულ грузинские старух-ები აღმოჩენილან, თითქოს ტფილისის აბანოებში სიარული მხოლოდ ქართველი ქალების პრივილეგიებს შეადგენდა, და ისიც მახინჯი ქალებისას!


ჯამადარი - „მოსამსახურეა, აბანოში ფუთას შემნახველი და მობანავესათვის კასრით წყლის მიმწოდებელი ფეხებისთვის, მსურველს ყალიონსაც მიაწვდის [ეხლა აღარ არის!] თურქებს ანდაზაც აქვთ: ჯამადარის ოცნება აბანოს პატრონად გახდომაა“, -  იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“

კიდევ ერთი კურიოზი. ალ. დიუმა სწერს:
„წელს აბანოს ერთ აბაზანაში დაიღუპა სომხების ეპისკოპოსი. მორცხვმა ეპისკოპოსმა ნება არ მისცა გარეშე პირებს დაეჭირათ ზეწრის ოთხი კუთხე, რომელშიაც თითონ იყო ჩაწოლილი. ამ მოვალეობის შესრულება მიანდო თავის ოთხ მთავარს. ერთმა მთავართაგანმა უცაბედათ ხელი გაუშვა ზეწრის ყუას, ეპისკოპოსი დაგორდა და პირდაპირ შიგ ქაფ-ქაფა აუზში ჩავარდა. მთავრები მისცვივდნენ მისაშველებლად, მაგრამ ამაოდ: ცხელი წყლისაგან თითები დაეწვათ. მათ ყვირილზე შემოცვივდნენ მეაბანოვენი, მაგრამ უკვე გვიან იყო - მოხარშული ეპისკოპოსი ძლივს ამოათრიეს აუზიდან“.
მე თითქმის ყველაფერი გიამბეთ ტფილისის აბანოების შესახებ. თქვენ ეხლა იცით, რომ აბანოში ქორწილი იმართებოდა, ღამეს ათევდნენ, სარძლოს სინჯავდნენ და სხვ. მაგრამ არასოდეს არ გამიგონია, რომ ეპის  კოპოსები ზეწრებში ჰაეროვან ვანებს იღებდნენ და ბოლოს კი დიაკვნების დაუდევრობით აუზიდან ხოხობივით მოხარშულებიც ამოჰყავდათ!

გიორგი ჭეიშვილი