ერეკლე მეორე, მეტეხის ციხის წარწერა და ფეიკ-ნიუსი... |


★ მეტეხის ეკლესიის გარე ფასადის ერთ-ერთ კედელზე დღესაც შეხვდებით ერეკლე მეორეს პატივსაცემად გაკეთებულ წარწერას, რომელიც იმ იშვიათ და ალბათ ერთადერთ წარწერას წარმოადგენს, რომელიც წარსულში მეტეხის ციხის, ამჟამად კი - ტაძრის გარე ფასადზე, მეფის რუსეთის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის, თუ საბჭოთა რეჟიმის დროინდელ პატიმრებს არ დაუტოვებიათ...
თავის დროზე, ამ წარწერას ძველ ქართულ პრესაში ერთი „ფეიკ-ნიუსი“ და საინტერესო გამოხმაურებაც მოჰყოლია...
***

☆ „თბილისის მეტეხის ღვთის მშობლის ეკკლესიიდამ გადმოვარდნილა და დაკარგულა ერთი დიდი ქვა, რომელიც იმითი იყო შესანიშნავი, რომ ზედ ეწერა ერთი დიდი ლექსი ბატონიშვილის ირაკლის, როდესაც იმას აბატ-ხანზედ [სავარაუდოდ, აზატ ხანზეა საუბარი] გაუმარჯვნია. 

მაშინ იქ წირვა გადაუხდია ანტონ საქართველოს კათოლიკოზს და ის ლექსიც სახსოვრად დაუწერიათ მეფე ერეკლეზედ.

იმედი გვაქვს, რომ არხეოლოგიური კომისია ამ საქმეს ყურადღებას მიაქცევს და არ დაჰკარგავს ამ ძვირფასს ქვას“, - გაზეთი „დროება“, 1 სექტემბერი, 1878 წ. 

***

☆ „ჩვენ მივიღეთ მეტეხის ეკკლესიის მღვდლის. მ.ი. ლომოურისაგან გაზეთში დასაბეჭდათ შემდეგი შენიშვნა:

[1 სექტემბრის] „დროების“ დღიურში, სხვათა შორის, ეწერა, ვითომც ჩემს რწმუნებულს თბილისის მეტეხის ღვთის მშობლის ეკკლესიიდამ გადმოვარდნილა და დაკარგულა ერთი დიდი ქვა.
რა ახირებული ხასიათი აქვს ამ ზოგიერთებს: თუ რაიმეს მოჰკრეს ყური, უთუოდ ჭეშმარიტებათ უნდა მიიღონ, თუნდაც ის აშკარა ტყუილი იყვეს! ყოველის მხრით უსაბუთოდ, დასარწმუნებლად საქმის გამოუძიებლათ მოსდგებიან და „ზედნადებით“ ავრცელებენ ხალხში ამ გაგონილ, მაგრამ საეჭვო ამბებს!..
ეს ჩვეულება ზოგიერთებისა სჩანს ზემოთ მოყვანილ „შენიშვნიდამ“, რომლისათვისაც მადლობას ვუძღვნით ავტორს!“, - გაზეთი „დროება“, 12 სექტემბერი, 1878 წ.

***

☆ „ჩვენს გაზეთში იყო ამას წინათ რამდენიმე შენიშვნა იმ ზედ-წარწერაზე, რომელიც იპოება მეტეხის ეკკლესიაზე და რომელიც, როგორც ამბობდნენ, დაიკარგაო, რადგან ქვა, რომელზედაც იყო დაწერილი, ჩამოვადაო.

თუმცა ეს ამბავი ტყუილი გამოდგა, თუმცა მეტეხის ეკკლესიის კედლიდამ არავითარი ქვა არ ჩამოვარდნილა, მაგრამ ჩვენ საჭიროდ ვრაცხთ მოვიყვანოთ აქ ის ზედ-წარწერა, რომელიც ჩვენ ამ დღეებში გადმოგვცეს:

„მეფემ ერეკლემ ეს ციხე მტერსა 
წაართო ძალადო,
აიღო ჯვარი ქრისტესი, წინ მიიმძღვარა
ფარადო,
დაიხსნა ეკკლესიანი, ეხლა აქვს საყდრის
კარადო,
მღვთის მოყვარეს ხელმწიფეს ესე
სჭირს ამას გვარადო!
მხვთის სადიდებლად მეოხეთ მეორის 
ერეკლესია...“

გაზეთი „დროება“, 12 ოქტომბერი, 1878 წ.

გიორგი ჭეიშვილი