დავით კაკაბაძე - „იმერეთი-დედაჩემი“ |
★ „იყო დრო, როცა ჩვენს სოფლებშიაც ჰყვაოდა სხვა-და-სხვა ხელ-საქმე; როცა ხნიერი დედა-კაცები, ამისთანა ხელობაში განსწავლულნი, შემოისხამდნენ ხოლმე გარშემო ახალ-გაზდა ქალებს და თავიანთ ხელმძღვანელობის ქვეშ აკერვინებდენ, ართვეინებდენ, აქსოვინებდენ.
ქარგა, ყაისნაღი და სხვა სახელსაქმო ავეჯი, რომელთ სახელებიც კი არ გვაგონდება, მაშინ დიდს პატივში იყვნენ და ჩვენი ქალების ხელსაქმეს თამამად შეეძლო მიეზიდნა ყურადღება თვით გემოვნება-გახსნილის კაცისა.
ჩვენი ქალები ვერავითარს შესაწყნარებელს საბუთს ვერ წარმოადგენენ, რომლითაც შეიძლებოდეს ახსნა ამ სასარგებლო ჩვეულების თავ-მინებებისა. ჯერ იგინი ისე გამეცნიერებულნი არ არიან, რომ დროს უქონლობით ახსნან თავიანთ „უსაქმურობა“ და თუნდ ძალიან განსწავლულნიც იყვნენ, მაინც ხელ-საქმისათვის თავი არ უნდა დაენებებინათ, რადგან ადამიანს სხვა-და-სხვა საქმე, ტვინის მუშაობასთან ერთად, ხელის მუშაობა თუ არ არგებს, ვნებას არას მოუტანს.
მაშ ნება მოგვცენ ჩვენმა მანდილოსნებმა და ჩვენ ვიპოვნით თუ შესაწყნარებელს მიზეზს არა, შეუწყნარებელს მაინც, რის გამოც მათ ზურგი შეაქციეს ჩვენს ძველებურს ხელ-საქმეს და არაფერი კი არა შეიძინეს რა იმისთანა, რასაც იმის მაგიერობა შეეძლოს.
ეს მიზეზი არის ყოველი ძველებურის უარ-ყოფა, აბუჩად აგდება, თუნდ ეს ძველებური წარმოადგენდეს ძვირფასს ჩვეულებას, ჩამომავლობით შემუშავებულს და მრავალის შრომით შეძინებულს.
„როგორ უნდა ჩავიწყალოთ თვალები ქარგვაში და ძველებურ საკერავებში, როდესაც ზინგერის მაშინა წინ გვიდგას და ფეხის დაჭერის მეტი არა გვინდა რა, რომ თავისით დატრიალდეს და თავისით შეგვიკეროსო“, - ბრძანებენ ჩვენი ქალები.
ვინ ამბობს, ზინგერის მაშინ კარგი რამ არის, მაგრამ ამის მთქმელნი ერთს რასმეს ნუ დაივიწყებენ: იმ ხალხს ხალხობა აღარ ეთქმის, რომელსაც არა აქვს თავისებური მიწის წარმოება, თავისებური დროს გატარება, თავისებური ტანისამოსი, თავისებური ხელსაქმე - ერთის სიტყვით, რომ გავათავოთ - თავისებური კულტურა...“, - გაზეთი „დროება“, 1885 წ.