[სერგეი მესხი, გაზეთი „დროება“, 1875 წ.]
თუ ისინი შემოსწყრებიან და კრედიტს მოუსპობენ, წვრილი ვაჭრების მომეტებული ნაწილი ერთს წელიწადსაც ვერ გასძლებს.
რას მიქვიან ბანკები! ნამდვილი ბანკები ესენი არიან და ეს ჩვენი „სავაჭრო და ურთ-ერთ კრედიტის ბანკები“ ხომ იმათვე ხელშია და როგორც უნდათ, ისე ატრიალებენ.
ყველა საქონლის ფასების აწევ-დაწევა, ჩვენი ბირჟის მდგომარეობა თითქმის მხოლოთ ამათზედაა დამოკიდებული.
აბა ერთიც ვნახოთ და მაკარიობის დროს ჩ-მა მაგრათ მოუჭიროს ხელი თავის ჯიბეებს, ნურავის მისცემს ფულებს; აბა ერთი მ-მა მოინდომოს დაცარიელება თავის უანგარიშო მაღაზიებისა და მიღება ყველა გასესხებულ ფულებისა; აბა ო-მა გამოიტანოს თავის ფულები აქაური ბანკებიდამ და კიდევ ორმა-სამმა ჩასუქებულმა ვაჭარმა შეჰკრან პირი და ერთად იმოქმედონ, - და მაშინ ნახავთ - რა მდგომარეობაშიაც იქნებიან ყველა ჩვენი წვრილი ვაჭრები, ნახავთ - როგორ გაანძრევს ფეხს ქალაქის ვაჭრობა, როგორ აიწევ-დაიწევს ფასს სავაჭრო საქონელი!
და არათუ მარტო ვაჭრები და ვაჭრობა, თითქმის ქალაქის გამგეობაზედაც გავლენა აქვთ; ვინც ჰსურთ იმას ამოირჩევენ ხოლმე ქალაქის წარმომადგენლებად, რადგან ამომრჩევლები ისეთის ჯაჭვით არან დაკავშირებულნი, რომ იმათ ბრძანებას ვერ გადავლენ...
ეს დრო - ზაფხულის დასასრული სწორედ ისეთი დროა ქალაქის უფულო წვრილი ვაჭრებისათვის, როგორც ჩვენებურ სოფლის უმიწაწყლო გლეხებისათვის ზაფხულის დასაწყისია: როგორც გლეხს ეჭირება ამ დროს მიწა, რომ მოხნას-დათესოს და შემდეგ თავის სარჩო მომკას, და ხან ერთ მემამულესთან მივარდება მიწის ასაღებათ და ხან მეორესთან, სწორეთ ისეთივეა ახლა ვაჭრის მდგომარეობაც: ახლა ეჭირვება იმას ფული სავაჭროთ, მაკარიაში წასასვლელად, ახალი საქონლის მოსატანათ, რომ შემდეგ კარგათ მომკას და ესეც ისე გამწარებული დარბის ფულის საშოვნელად. ხან ერთს მიმართავს, ხან მეორეს; მაგრამ ბოლოს კი, უეჭველად, ერთ-ერთი ზემოხსენებული ჩვენი ვაჭრობის ბობოლას მიადგება, რომელიც სხვა და სხვა პირობით აძლევს ან ფულებსა და ან თავის სახელს, ნდობას.
მთელი ამოდენა ქალაქის ვაჭრობა და გამგებლობა რომ რამოდენიმე კაცის ნება-ყოფლობაზე და იშტაზე იყოს დამოკიდებული, - ეს ხომ ნორმალური არ არის! ამას ხომ, უეჭველია, მთელი ქალაქის ცხოვრებაზე და მცხოვრებლებზე უნდა ჰქონდეს გავლენა! ყველა კარგათ ჰხედავს, ყველა გრძნობს ამ გავლენას.
ამ გვარი უნორმალო მდგომარეობის მოსპობა, რომელიც შედეგია წარსული და აწმყო ჩვენი საზოგადო წყობილობისა, რასაკვირველია, ადვილი საქმე არ არის და არც ერთი თვალის დახამხამების დროს განმავლობაში მოხერხდება...“