მადათოვის კუნძულის საქმე... |


სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, მადათოვის გამქრალი კუნძულის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ბუნებრივია, ამ კუნძულის შესახებ ფაქტობრივი მასალის მოძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისის მეხსიერების დაკარგული კუნძულების აღსადგენად. მასალაში - „მადათოვის კუნძულის საქმე“ გთავაზობთ ძველი ქართული პრესის კვლევისას მოძიებულ მასალას, ქალაქის რჩევის სხდომის ოქმს, რომელიც კუნძულის შესახებ არაერთ მნიშვნელოვან, ფაქტობრივ ცნობას მოიცავს... 

***


[სხდომა ქალაქის რჩევისა, 17 მაისი, 1880 წ.] 


„გუშინ, 15 მაისს, საღამოს იყო არა-ჩვეულებრივი კრება ქალაქის რჩევისა, რომელსაც უნდა განეხილა ხმოსანის ინჟინერის აბ. პ. ბებუთოვის პროექტი შესახებ მადათოვის კუნძულისა.

ხმოსანებს ადრევე დარიგებული ჰქონდათ ქალაქის გამგეობის დაბეჭდილი მოხსენება ამ კუნძულის თაობაზედ. ამ მოხსენებიდამ სჩანს, რომ მადათოვის კუნძული 1852 წელს თ. ვორონცოვის განკარგულებით ნაწილ-ნაწილებად დაუყვიათ და დაურიგებიათ ორბელიანებისათვის, ბაგრატიონ-მუხრანსკისათვის, ერისთვისათვის და ბარათოვისათვის იმ პირობით, რომ ამათ ორის წლის განმავლობაში გაამაგრონ ეს კუნძული, გარშემო კედელი შემოავლონ, რომ მტკვარმა არ წაიღოსო.

მაგრამ, რადგან ამ დროსვე მიხაილოვის ხიდს აშენებდნენ, ამის გამო ამ პირობის შესრულება მაშინ აღარ მოუთხოვნიათ კუნძულის მეპატრონეებისათვის. შემდეგ ამ საქმეს ჩვეულებრივად უმოგზაურებია ერთის კანცელარიიდამ და კომისიიდამ მეორეში და ამ ნაირად დღესაც ამ კუნძულის საქმე იმავე მდგომარეობაში დარჩენილა, როგორც 1852 წელს იყო თ. ვორონცოვის დროს, ე.ი. მუხრანსკი და ორბელიანი ვალდებულნი არიან კუნძულს შემოავლონ კედელი და მხოლოთ ამ პირობის შესრულების შემდეგ ისინი ჩაითვლებიან ნამდვილ მეპატრონეთ და მიეცემათ იმათ ამ ადგილების „დანნა“.

დღეს თ. აბ. ბებუთოვმა შემოიტანა ქალაქის რჩევაში თავის პროექტი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
მარჯვენა ტოტი მტკვრისა სრულებით უნდა დაიხუროს და წყლის ბუდე აქ ქალაქის ხარჯით ამოივსოს; ამ ბუდის დაყოლებით გაივლის ქალაქის დიდი დახურული არხი.
ამ ნაირად მადათოვის კუნძული მაშინ ნახევარ-კუნძულად გადაიქცევა. ამ ნახევარ კუნძულის გარშემო, მეპატრონეებმა უნდა გააკეთონ კარგი, მაგარი, ქვის კედელი, ყველამ საერთოთ. 

თუ ბებუთოვის პროექტით შემოავლეს კედელი მადათოვის კუნძულს, მაშინ აქ გაკეთდება სულ 34.420 ოთხ-კუთხი საჟენი [„საჟენი“ - ძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული; უდრის 2.13 მ.] ადგილი, რომლიდამაც 1.760 ოთხ-კუთხი საჟენი სავაჭრო მაედნად უნდა დარჩესო, 2000 საჟ. ბაღისთვის იყოს გარდადებული, წყლის ნაპირა ქუჩისათვის 4.160, ქუჩებისათვის - 7.200, ახალი ადგილები წყლისაგან შეძენილი იქნება - 19.300.

სულ ეს მუშაობა, კედლების ამოყვანა, მარჯვენა ტოტის დახურვა და სხვ., დაჯდება ოთხმოც-ათას თუმნამდინ.

ბებუთოვისა და სხვა სპეციალისტების ინჟინრების აზრით, ეს მტკვრის მარჯვენა ტოტის დახურვა არც ხალხსა და არც მარჯვენა ნაპირს მტკვრისას არავითარ ვნებას არ მოუტანს და ძალიან ადვილათაც შესასრულებელიაო.

ხანგრძლივი ლაპარაკი ჩამოვარდა რჩევაში ამ თ. ბებუთოვის პროექტის თაობაზედ. ყველაზე პირველად დაიწყეს ბაასი იმაზედ - თუ ვის ეკუთვნის ეს კუნძული, კანონით ვინ უნდა ჩაითვალოს იმის ნამდვილ მეპატრონეთაო. 
ბაასიდამ ცხადათ დამტკიცდა ის ფაქტი, რომ კუნძულის ნამდვილი მეპატრონე ერთ დროს ქალაქი ყოფილა და მთავარ-მართებელს ვორონცოვს, როგორც ქალაქის გამგებელს, პირობით დაურიგებია სხვა-და-სხვა პირებისათვის ეს კუნძული; თუ ეს პირები ხსენებულ პირობას არ შეასრულებენ, მაშინ ქალაქს სრული უფლება აქვსო, რომ კუნძული ისევ დაისაკუთროსო.
თვითონ ბებუთოვის პროექტზე ძალიან ცოტა ილაპარაკეს. ეტყობოდათ, რომ ხმოსანთა მომეტებული ნაწილი გამგეობის აზრისანი იყვნენ, ე.ი. მადათოვის კუნძულის ახლანდელ მეპატრონეებს წინადადება მივცეთო, რომ გაამაგრონ ამ კუნძულის ნაპირები ორის წლის განმავლობაში და თუ არ გაამაგრებენ, ქალაქმა ჩამოართვას იმათ ეს ადგილები, თვითონ გაავლოს კედელი, დახუროს მტკვრის მარჯვენა ტოტი და მთელი ამ კუნძულით როგორც უფრო სასარგებლოთ დაინახავს, ისე ისარგებლოსო.

ვამბობთ, მომეტებული ნაწილი ხმოსანთა, როგორც ეტყობოდათ, ამ აზრისანი იყვნენ; მაგრამ ამ სხდომაზედ მაინც არავითარი განჩინება არ დაუდვიათ; გარდაწყვეტილების დადება შემდეგ სხდომისათვის (ორშაბათისათვის) გადადვეს.

სხდომა ღამის მეთორმეტე საათზე დაიხურა.“

***

[23 მაისი, 1880 წ.]

„ქალაქის რჩევის უკანასკნელმა სხდომამ გარდაწყვიტა კიდევ მადათოვის კუნძულის საქმე: რჩევამ მიიღო გამგეობის აზრი ხმოსანის აბ. პ. ბებუთოვის წინადადების თანახმად, ე.ი.

1. მადათოვის კუნძულის მეპატრონეებს წინადადება მიეცესთ, რომ ორის წლის განმავლობაში გაამაგრონ ერთის მხრით ამ კუნძულის ნაპირები;

2. როდესაც ნაპირებს გაამაგრებენ, მაშინ მიეცესთ იმათ „დანნები“ და გარდახდესთ საჟენობით ადგილის ფული;

3. თუ დანიშნულ ვადამდინ მადათოვის კუნძულის პატრონები არ გაამაგრებენ ხსენებულ ნაპირებს, ამ შემთხვევაში ჩამოერთმევათ ეს ადგილები, თვითონ ქალაქმა მიიღოს თავის მფლობელობაში და გააკეთოს კედელი;

4. ორის წლის ვადა იწყება იმ დროიდამ, როდესაც ეს განკარგულება მესამეჯერ იქნება გაზეთებში დაბეჭდილი და მადათოვის კუნძულის პატრონებს მოუვათ უწყება, და

5. ამ საგნის დაწვრილებით განხილვა მინდობილი ექნება ცალკე კომმისსიებს.

***

[28 მაისი, 1880 წ.]

„ქალაქის რჩევას გუშინდელს სხდომას კიდევ მადათოვის კუნძულზედ ჰქონდა ლაპარაკი. მოგეხსენებათ, რომ გასულს ორშაბათს რჩევამ გარდაწყვიტა აბ. ბებუთოვის პროექტის მიღება. დღეს, ქალაქის თავის წინადადებით, რჩევამ დაიწყო სჯა იმაზედ, თუ რამდენ ხნის განმავლობაში უნდა გაამაგრონ ამ კუნძულის ნაპირები მეპატრონეებმა.

ზოგიერთმა გამოსთქვა აზრი, რომ სამი წელიწადი ვადა უნდა მიეცესთ კუნძულის მეპატრონეებსო, ადრე ვერ მოასწრებენო. სხვების (მომეტებული ნაწილის) აზრი კი ის იყო, რომ ჯერ დაწვრილებითი პროექტი უნდა შესდგეს - თუ როგორ უნდა გააკეთონ კედელი, რა სისქე უნდა ჰქონდეს იმას და სხვ. და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ვადის დანიშვნაზე ლაპარაკიო.

ამ საგნის შესახებ რჩევამ, ადგომ-დაჯდომით, ხმის უმეტესობით გარდაწყვიტა: ქალაქის გამგეობასა და ცალკე კომისიას მიენდოს დაწვრილებითი პროექტის შედეგნა იმაზე, თუ როგორ უნდა გაამაგროს მადათოვის კუნძულის ნაპირები, რა დაჯდება ეს გამაგრება და შემდეგ ეს პროექტი წარმოადგინონ რჩევაში განსახილველად და დასამტკიცებლად.“


ამავე თემაზე: 

გიორგი ჭეიშვილი