კულა გლდანელი - ლეგენდის დაბადება... |


ადამიანებს, ვინც ძველი თბილისის ამბებით ერთხელ მაინც დაინტერესებულან სერიოზულად, წესით, სადმე მაინც შეხვდებოდათ კულა გლდანელის, ლეგენდარული თბილისელი ათლეტის და მოჭიდავის სახელი.

კულას შესახებ ცნობებს ძველი ქართული პრესის კვლევის დროსაც არაერთხელ წააწყდებით, თუმცა, აღსანიშნავია, რომ თუკი გაზეთი „ივერია“ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილ კულაზე წერს, 1882 წლის გაზეთ „დროებაში“ მოტანილ ცნობებში, კულა ჯერ მხოლოდ „ჩვენი ქალაქის კარგათ მცნობი, სულ 21-22 წლის გლდანელი ბიჭია“, რომელსაც ამ ამბების აღწერიდან სულ რამდენიმე დღეში უძლეველი ქართველ ფალავანს - დათა ხიზამბარელს [1849 - 1874 წწ.] შეადარებენ;
„მე კარგად ვიცი, რომ მეფების დროიდანვე საქართველოში მიღებული იყო ჭიდაობა, ძველს დროში მეფების ჟამათ ყველაზე სახელოვანი მოჭიდავე ყოფილა ხიზანბარელი, ამის გამოთაც ერთი მელექსე გრდანელის შესხმაში ამბობს, ზოგი იტყვის ნაქები ხიზანბარელი იყო, მაგრამ იგი ლოთობდა, კულას ცალი ვერ იყო“, - კარაპეტ გრიგორიანცი, „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“
***

[გაზეთი „დროება“, 27 მაისი, 1882 წ.]

„სამშაბათ საღამოს, ძველ დამოჟნის მახლობლად, ჭიდაობა გაიმართა და ამ ჩვენი ხალხისათვის საყვარელ დროს გატარებას სამი ათასამდინ ხალხი მოაწყდა საყურებლად.

ორი მოჭიდავე გამოვიდნენ მაედანზე: ჩვენი ქალაქის კარგათ მცნობი გლდანელი ბიჭი და ერთიც თიონელი, რომელიც, როგორც ამბობენ, კახეთში, ალავერდობაზე, განთქმულ მოჭიდავედ ივლებაო.

დაჰკრეს მეზურნეებმა ჭიდილის ზურნა და ერთი ერთის მხრით გამოვიდა წრეზედ, მეორე მეორისა. გლდანელის გამოსვლის ნახვა ერთ-რამედ ღირდა: ახალ-გაზდა, ლამაზი, ჩასკვნილ-ჩასხმული ბიჭი მხიარულად, დაიმედებულად, მხნედ გამოვიდა, შეტრიალდა და მივარდა თავის მოწინააღმდეგეს, რომელიც დინჯად, ზლაზნით მოძრაობდა ფართო წრეში.

ორჯერ მივარდა გლდანელი თავის მოპირდაპირეს ხელის წასავლებად და ორივეჯერ თონელმა უკან დაიხია. მესამედ, ერთმანეთის ხელის-ჩავლება და თიონელისაგან სარმის გაკეთება ერთი იყო; გლდანელმა მარჯვედ აიცდინა ფეხი და იმ წამსვე თავის მხრით ერთი-მეორეზედ სარმა უქნა. თიონელმა დაიჩოქა და ცალი მხარი დაჰკრა მიწას. მიცვივდნენ მომხრეები, შეიქნა არეულობა და ბოლოს მოჭიდავენი გააშველეს.

- არ დაუცია, არაო! ჰყვირიან თიანელის მომხრენი.

- დაცემულია! დაცემულია! ამტკიცებენ გლდანელის მომხრენი.

ზოგიერთები თხოულობდნენ, მეორედ დავჭიდოთო, მაგრამ გლდანელის მომხრეები არ დათანხმდნენ.

ჭიდილის სპეციალისტები ამტკიცებდნენ: თიანელი ბიჭი ნამდვილად არ დაცემულაო, არ დამარცხებულაო, მაგრამ გლდანელი კი მაინც გამარჯვებულად უნდა ჩაითვალოსო (?)“

***

[გაზეთი „დროება“, 28 მაისი, 1882 წ.]

„ოთხშაბათს, ხელ-მეორედ გაიმართა დიდუბეში ჭიდაობა თიონელ და გლდანელ ბიჭს შუა. აქაც დიდი ხალხი მოაწყდა. თუ დამოჟნასთან შებმა ამ ორ მოჭიდავისა საეჭვოდ გათავდა, აქ კი ამის თქმა არ შეიძლება: ერთმანეთის დატაკება და თიონელის ბიჭის წაქცევა ერთი იყო.

ჭიდაობის მოყვარეებმა ოცი თუმანი მოაგროვეს აქვე და გამარჯვებულ გლდანელს აჩუქეს.

ამბობენ, ეს გლდანელი, რომელიც ამ ჟამად სულ 21-22 წლის ბიჭია, [საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, კულა გლდანელი [ოფიციალური სახელი - ივანე ყირიმელაშვილი] 1858 წელს დაიბადა, ე.ი. იმ დროისათვის, როდესაც მის შესახებ ცნობები ქართულ პრესაში გაჩნდა, ანუ 1882 წელს, 21-22 კი არა, 24 წლის უნდა ყოფილიყო.] მეორე ხიზანბარელი შეიქნებაო, ამის მჯობნელი ბიჭი ძნელად თუ გამოვიდეს ახლაო.“

***

[გაზეთი „დროება“, 6 ივნისი, 1882 წ.]

„გუშინწინ ქალაქელ მოჭიდავემ - გლდანელმა კიდევ ერთი მოჭიდავე იმსხვერპლა. 

ჭიდაობის მოყვარეთ ჩამოიყვანეს ქართლში განთქმული ფალავანი რენელი და დიდუბეში გამართეს ჭიდაობა. გლდანელმა სულის მობრუნებაც კი არ აცალა თავის მოპირდაპირეს: წრეში გამოსვლა, სარმის გამოკვრა და რენელის დაცემა ერთი იყო.

ამბობენ, დღეს იქვე, დიდუბეში, საღამოს 5 საათზე ამ ჩვენი უძლეველი გლდანელის დასაჭიდებლად ერთი ვიღაც უზარმაზარი თათარი ჩამოუყვანიათო და ერთიც ვლადიკავკასელი სომეხიც აპირებს იმასთან შებმასაო.

როგორც გავიგონეთ, დღევანდელ ჭიდაობაზედ თ. დონდუკოვ-კორსაკოვს გამოუცხადებია დასწრების სურვილი.“

***

[გაზეთი „დროება“, 9 ივნისი, 1882 წ.]

★ „გუშინ, კვირა საღამოს, დიდუბეში დანიშნული იყო ჭიდაობა. ორი მოჭიდავე გამოჩნდა, რომელთაც გლდანელთან შებმის სურვილი განაცხადეს: ერთი ვიღაც ავლაბრელი სომეხი და მეორეც თათარი. მაგრამ იმდენი ხალხი მოაწყდა საჭიდაო ალაგს (ათი ათასზე მეტი იქნებოდა) და ისეთი უწესობა და უთაურობა იყო, რომ წრის გაკეთება ვერ მოხერხდა, ყოველის მხრით აწვებოდნენ, იშლებოდნენ, ასე რომ მოთავენი იძულებულნი იყვნენ თავიანთი ფალავნები წაეყვანათ და ამ ნაირად ჭიდაობა ვერ მოხერხდა“.

***

[გაზეთი „დროება“, 16 ივნისი, 1882 წ.]

„თითქმის მთელი ეს უკანასკნელი კვირა ჩვენს ქალაქში ორი კაცის სახელი გაისმის: გლდანელი და ღოღაძე! ღოღაძე და გლდანელი! ამ ორი ფალავნის შეტაკების მოლოდინით აღელვებულმა ხალხმა გუშინ წინ ორშაბათს საღამოს დაიმშვიდა გული: ერთი ამ ორ გმირთაგანი დამარცხდა, მეორეს დარჩა პირველ მოჭიდავის სახელი, მაგრამ თავიდამ დავიწყოთ.

ორი-სამი თვეა, რაც პირველად გაითქვა გლდანელის სახელი. ამ ხნის განმავლობაში, რაც კი ჩვენში საუკეთესო მოჭიდავეები იყო, ყველა დაამარცხა, გალახა. ელიზოვი, თიონელი, კახელი, რენელი, სისაკა ავლაბრელი - ჭიდაობის უსტაბაშები დღეს აღარ იხსენიებიან; ამათ გარდა ათიოდ სხვებიც გალახა სულ ამავე გლდანელმა. 

ამბობდნენ, ამის ტოლი მოჭიდავე საქართველოში ახლა აღარ მოიპოებაო.

ამ დროს საიდგამღაც იყო გაისმა ღოღაძის სახელი; - თუ მოერევა, ის, თორემ სხვა იმედი არ არის, ხაზამბარელობას დაიმკვიდრებსო.

ჩამოიყვანეს ეს ღოღაძეც. პირველი შეტაკება გასულ შაბათს მოხდა დიდუბეში. მაგრამ არც-ერთის მხრით არ დარჩენილა გამარჯვება. მხოლოდ საზოგადო აზრი კი ის იყო, რომ ღოღაძემ თუმცა კი ვერ დასცა, მაგრამ დაძლევით დასძლია გლდანელიო.

რადგან პირველი ჭიდილი არაფრით გათავდა, მეორეჯერ გუშინწინ, ორშაბათს, უნდა შებმულიყვნენ და ვინც დასძლევდა, დაფნის გვირგვინი და პირველობა იმისი იქნებოდა.

საღამოს ხუთი საათიდამ დიდ-უბის მინდორი გაივსო ცხენოსნებით, ფაიტონებით, დროგებით და უანგარიშო ქვევითა ხალხით. პოლიციმეისტერი თავის მოხელეებით ციბრუტივით დატრიალებდნენ, წრეს აკეთებდნენ. შვიდ საათზე ყველაფერი მზათ იყო: მშვენიერ სურათს წარმოადგენდა დიდი, უშველებელი წრე, მწვანე მინდორზე გარშემო მუხლ-მოკეცილი ხალხი, შემდეგ ფეხზე მდგომნი, ამათ უკან ფაეტონებზე და დროგებზე, კიბეებზე მდგომი ხალხი. წრეს შიგნით მხოლოდ წარჩინებული ქართველი თავადიშვილები, რამდენიმე ღენერლები, კნეინები და დიდ-ძალი ყმაწვილ-კაცობა.

დაუკრეს ჭიდილის ზურნა. ხალხში მოძრაობა შეიქნა. ცოტა ხანს, წრეში, ფალავნების მომხრეებს შორის გაცხარებული ბაასი ასტყდა ჩოხების თაობაზედ. ბოლოს მორიგდნენ. ხელახლად დაჰკრა ზურნამ და ხელ-ახლად აღელდა ხალხი.

ერთის მხრიდგამ გამოვიდა ღოღაძე, მეორედგან გლდანელი. სასიამოვნო იყო ამათი დანახვა. ღოღაძე ისეთი ზორბა ვინმეა, ისეთი გულ-მკერდის პატრონი და ისეთის თამამის, გამბედაობის შეხედულობით გამოდის მაედანზე, რომ გგონია შესჭამს თავის მოპირდაპირესო.

გლდანელს თავის ჩვეულებრივი სითამამე და სიხალისე არ ატყვია; არც შეხდა გამოსვლისთანავე, არც შეითამაშა.

ორივე დინჯად უახლოვდება ერთმანეთს. გლდანელს თავი ძირს დაუწევია, ხელები წინ. ღოღაძე პირ-და-პირ, თავ-აღერილი, თამამად მოდის, ეტყობა, თავის-თავის იმედი აქვს.

პირველად ეს მიუახლოვდა და მოინდომა ხელი ჩაევლო გლდანელისათვის ჩოხაში; აიცდინა. მეორედ მოინდომა, კიდევ დაუსხლტა ხელიდამ, მესამედ - იგივე. ეტყობოდა, რომ ამ გარემოებამ ის მოთმინებიდან გამოიყვანა.

ხუთი ათასზე მეტი ხალხი, მხედველობად გადაქცეული, სულ-განაბული შესცქერებია ამ სურათს.

უეცრად, თვალმა ვერც კი მოასწრო ამის შეხედვას, გლდანელმა ორივე ხელი ჩასჭიდა თავის მოწინააღმდეგეს. სანამ ეს მოწინააღმდეგე ხელის წავლებას მოასწრობდა, ჩაუჩოქა, მოიდვა ეს ამოდენა კაცი ზურგზე, კისრით წამოიღო და მთელი ზურგით, პირ-აღმა გაშხლართა მიწაზე...

ყველა ამას სწორედ იმდენი დრო მოუნდა, რამდენიც თვალის დახამხამებას მოუნდება ხოლმე. ასე რომ ბევრმა ვერც კი მოისაზრა - სიზმარში მოეჩვენა ეს უეცარი მოვლენა, თუ ცხადშიო.

იმ წამსვე იგრიალა ხალხმა, მივარდნენ, გააშველეს.

გლდანელს კოცნა, „ბარაქალა, ბიჭო!“ ოც თუმანზე მეტი. შეწუხებულს ღოღაძეს არაფერი; მხოლოდ ხალხში აქა-აქ გაისმოდა:

- აფსუს, რა ბიჭი გააფუჭა ამ მ-მა გლდანელმა! გათავდა, ამის მამრევი დღეს აღარავინ არისო!

ამბობენ ამასაც, რომ ამ დღეს ღოღაძე ძალიან ნასომი იყოვო“.

***

ასე ეფექტურად და პომპეზურად გამოჩნდა კულა გლდანელი ტფილისის ავანსცენაზე; საქართველოს დაუმარცხებელი ფალავანი, პრაქტიკულად, იმ პერიოდის ურბანულ ლეგენდად იქცა და მუდმივად პრესის ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა...
... გაივლის კიდევ რამდენიმე წელიწადი და იტალიის ბაღში, ნესტორ ესებუასთან ჭიდაობაში დამარცხებული კულა გლდანელი იმ საშინელ ხმას გაიხსენებს, ხალხში რომ გაისმა - „მოკვდა კულა“, „დაიმარხა გლდანელი“-ო.
საქმე ის გახლავთ, რომ 1886 წელს, იტალიის ბაღში შედგა ჭიდაობა კულა გლდანელსა და ნესტორ ესებუას შორის; „ესებუა სულ 23-24 წლის ყმაწვილი-კაცია, წამოსადეგი, ლამაზის შეხედულობისა”, - ასე აღწერდნენ ახალგაზრდა და მომავალში ასევე ლეგენდარულ ფალავანს ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“ და იქვე დასძენდნენ, რომ „მას შემდეგ, რაც გლდანელი ჭიდაობს, ორმოცამდე კაცი გაულახავს, ორმოცამდესთან უჭიდავნია, მაგრამ ჯერ ესებუასთანა მოჭიდავე არ გამოსჩენია”

ჰოდა, ისე მოხდა, რომ ამ ესებუამ:

„გლდანელს ორივე მუხლები მიწას დააკვრევინა, მერმე იმ სიმსხო კაცი (როგორიც გლდანელია) ასწია და დაახეთქა მიწაზედ; დაიყვირეს ზოგიერთებმა: ეგ ჯერი არ არისო; ბოლოს ესებუამ ჩაავლო ხელი გლდანელს, როგორც ქორმა წიწილა ისე აიყვანა, დაახეთქა მიწაზედ პირ-აღმა და დააჯდა ზედ გულზედ“, - გაზეთი „ივერია“, 1886 წ.

ამ დროისთვის კულა გლდანელი 28 წლისა უნდა ყოფილიყო...

გიორგი ჭეიშვილი