„1881 წლის დიდი კომეტა“, C/1881 K1 |
[★ 1881 წელს, ცაზე, „დიდი კომეტა“, [C/1881 K1] გამოჩნდა... როგორც ჩანს, ამ მოვლენამ იმდენად შეაშფოთა თფილისის მოსახლეობა, რომ კუდიანი ვარსკვლავის გამოჩენა მეორედ მოსვლის ნიშნადაც კი მიიღეს... თავის დროზე, კუდიანი ვარსკვლავის შესახებ, იმდროინდელ ქართულ პრესაში, არაერთი საინტერესო ცნობაა გამოქვეყნებული...]
***
16 ივნისი, 1881 წ. |
თვითონ ვარსკვლავი ისეთივეა, როგორც სხვა ვარსკვლავები, მხოლოთ ცოტათი უფრო დიდად მოჩანს. ამ ვარსკვლავიდამ გამოდის ნათელი სხივები, ჯერ ვიწროთ და უფრო მანათობელად და მერე ფართოვდება და თან-და-თან აკლდება სინათლე. ეს სხივები (კუდი) ზევით არის ამართული. უბრალოს თვალით კუდი ხუთი-ექვსი საჟენი სიგრძე ეჩვენება კაცს.
კალენდარში ამ კუდიან-ვარსკვლავზე ვერავითარი ცნობა ვერ ვნახეთ; მხოლოთ ერთს ფინლანდიის გაზეთში დაბეჭდილია არგენტინის ობსერვატორიის ვარსკვლავთ-მრიცხველის წერილი, რომლიდამაც ვტყობულობთ, რომ ეს კუდიანი ვარსკვლავი მაისში გამოჩენილა იქ და ევროპაში ივნისის თვეში გამოჩნდებაო. ეს იგივე კუდიანი ვარსკვლავი უნად იყოსო, რომელიც 1807 წელს იყოვო, ან იმ ვარსკვლავისაგან მოცილებული ნახევარი ნაწილიო“.
***
27 ივნისი, 1881 წ. |
★ „კუდიანი-ვარსკვლავი ჯერ კიდევ მოჩანს, მაგრამ კუდი თან-და-თან უპატარავდება და სიბრწყინვალეც აკლდება იმას. ხალხში, ჩვეულებრივად, ათას გვარი ხმებია გავრცელებული ამ კუდიან-ვარსკვლავის მოვლინების შესახებ. ზოგი ამბობს, დიდი ომის ნიშანიაო, ზოგი ერთი დიდი ხელმწიფის მიცვალებას მოელის, ზოგი-კი მეორედ მოსვლას.
შემახიიდამ იწერებიან გაზ. „კავკაზში“, რომ მთლი აქაური ხალხი დარწმუნებულიაო, რომ ამ წლის 12 ნოემბერს მეორედ-მოსვლა იქნებაო, და ამის გამო ყველა ამ დღეს შიშითა და კრძალვით მოელიანო, სულის საქმეს შეუდგნენო.
მაგრამ არა თუ ჩვენში, თვით ევროპის ხალხიც შეუშინებია ერთს ამერიკელ ვარსკვლავთ-მრიცხველს, რომელიც აცხადებს, რომ ამ წლის 12 ქრისტეშობისთვეს, კუდიანი-ვარსკვლავი დაეტაკება დედა-მიწას და მტვრად აქცევს, სრულებით გააქარწყლებსო!
ამ გვარ რამეებს, რასაკვირველია, მარტო ცრუ-მორწმუნე და უმეცარი ხალხი დაიჯერებს...“
***
10 ივლისი, 1881 წ. |
***
17 ივლისი, 1881 წ. |
***
24 ივლისი, 1881 წ. |
★ „თბილისის დაბალი ხალხი ძალიან შეშინებულა კუდიანი ვარსკვლავისაგან; მრავალს ადგილებზე, ამბობენ, შენობებიც გაუჩერებიათ, ხომ მაინც უნდა დავიღუპოთო. დედაკაცები ტირიან და იძახიან, რომ ის კუდიანი ვარსკვლავი კი არ არის, ღვთის მშობელია თმა გაშლილიო, რომელიც ეხვეწება ღმერთს, რომ ნუ მოახდენ წარღვნასა და ნუ დაღუპამ ხალხსაო. ბევრს ალაგს, ბევრს ახალგაზდა კაცებს დაუწყვიათ ცხოვრების განადგურება და თ. ალ. ჭავჭავაძის ლექსი „ლოთებო“ მოუგონიათ და იმაში გამოხატული სიტყვა წარღვნაზე“.
***
კამეტის გამო | 14 აგვისტო, 1881 წ.
★ „კამეტა, რომელმაც ბევრი ცუდი რწმუნება აღძრა ჩვენს ხალხში და რომელმაც მეტადრე დაბალი ხალხი მიიყვანა სასოწარკვეთილების სამზღვრამდის, ეხლა სრულიად აღარა სჩანს ჩვენს მხარეზედ. თავისი მკრთალი სხივით, რომელსაც ვხედვიდით ჩვენ, მიგვეფარა განუზომელს ციურს სივრცეში, გამოგვემშვიდობა რამდენიმე წლით.
ეს ვარსკვლავი, როგორც თვით მკითხველებსაც მოეხსენებათ, პირველად გამოჩნდა ჩრდილოეთ-დასავლეთის მხარეზედ და რამდენი ხანიც გადიოდა, იწევდა სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ; კუდი, რამდენიც უბრალო შეუიარაღებელი თვალით შეიძლება შენიშვნა, დიდი არ ჰქონდა და სხივიც ნაკლები ჰქონდა იმას.
საზოგადოთ, როდესაც კი ამ გვარი ვარსკვლავი გამოჩენილა ცაზედ, იმავე შემთხვევაში დედამიწის მცხოვრებთ, რასაკვირველია, უფრო მეცნიერებით დაბლა მდგარ ხალხში აღძრულა ათას-ნაირი ცრუ-მორწმუნეობითი ეჭვები და ეხლაც ჩვენი თანამედროვე ხალხიც არ ჩამორჩა უკან ამ შემთხვევაში თავიანთ წინაპართ.
ამათ ნაირ-ნარი მოსაზრებასა და რწმენას სამზღვარი აღარა აქვს. გამოჩნდა თუ არა ეს ვარსკვლავი, იმავე შემთხვევაში გაისკვნა საფუძველი ჩვენს ხალხში ფანატიკობამ: ზოგი საშინელ ომებს მოელის, ზოგი წარღვნას, ზოგი ეხლანდელ წესთა დაწყობილებათა შეცვლას და სხვ. და სხვ.
რაწამს დაღამდებოდა და მოახწევდა ვარსკვლავის გამოჩენის დრო, მთელი ხალხი მიაჩერდებოდა იმ მხარეს, საითაც უნდა გამოჩენილიყო კამეტა და დიდის პირჯვრის წერით და მოწიწებით შეჰყურებდენ მას. ყველა ძალიან შეშინებული იყო, ყველა საშინელ შემთხვევას მოელოდა, მათს დრტვინვას და შიშს სამზღვარი აღარ ჰქონდა და არც აქვს.
კუდიანი ვარსკვლავი აღარა სჩანს ეხლა, მაგრამ ისგან აღძრული ფანატიკობა და მძიმე შიში კი თან-და-თან ძლიერდება ჩვენს ხალხში. არც ერთს დროს, როდესაც ამ გვარი ვარსკვლავი გამოჩენილა არ ყოფილა ხალხი ისე დაფრთხობილი და შეშინებული, როგორც ახლაა; ესენი, თითქო უეჭველი საბუთი ეკავოთ ხელში, მტკიცეთ დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის დასასრულმა მოახწია, მეორეთ მოსვლა უნდა მოვიდეს ამ მოკლეს დროში, ხალხი უნდა მოისპოს, დედა-მიწაზედ წყალმა უნდა დაფაროს ქვეყანა, ეს ვარსკვლავი მისი წინამორბედი არისო და სხვ.
გონება გაუხსნელ ხალხს რაღა უდა უზრახოთ მაშინ, როდესაც ბევრ ისეთ პირებს, რომლებიც თავის-თავს გონება გახსნილს უწოდებენ, დაუფრთხო ძილი და ამ ვარსკვლავმა და დასცურვენ შიშის მორევში. ხალხის თვით მოსაზრებულს კუდიანი ვარსკვლავის შემდეგ მოვლინებაებს და მათ ფანტაზიურ მოლოდინს, ხალხის ტვინში, შერყეული სიმართლის ბეჭედი დაასვა ამერიკელი ვარსკვლავთ-მრიცხველის გამოცხადების გაგონება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, საყოველთაოდ აცხადებს, რომ 12 ნოემბერს ის კუდიანი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენს მხარეზედ გამოჩნდა, ჩამოვარდება, დაეტაკება ჩვენს დედა-მიწას და მტვრად აქცევს, სრულიად ქვეყნიერებასაო.
ეს ხმა მოგეხსენებათ ელვასავით მოეფინა ჩვენს მხარეს ერთსა და იმავე დროს, როდესაც ხალხი უამისოთაც სასო-წარკვეთილი ძრწოლით შეჰყურებდა ამ ვარსკვლავის შედეგს. მართალი უნდა გითხრათ, ამ კომეტის გამო ჩვენამ და მის გამო დაყრილმა ხმებმა ძალიან ცუდი გავლენა იქონია ჩვენს ხალხზედ, მათ ზნეობით და მატერიალურს მხარეებზედ.
მუშაობაზედ გული აუცრუვდა ხალხს. ჩვეულებრივად მხიარულად და გულს მოდგინეთ აღარ გამოდის ჩვენი მუშა ხალხი თავის სახლიდამ სამუშაოდ. ყველასაგან ერთსა და იმავე სიტყვებს გაიგონებთ: რაღა საჭიროა ვიმუშაოთ, ვიმეცადინოთ, შევკრიბოთ რაიმე მაშინ, როდესაც ქვეყნის დასასრულმა მოახწიაო, დღეს თუ არა ხვალ მაინც ქვეყანა უნდა დაიქცესო, რაღათ გვინდა რამეო და სხვა.
დედა-კაცები და ბავშვები ხომ სულ შესაბრალის სურათს წარმოგვიდგენენ, ამათ ილაჯი გაწყვეტილი აქვთ შიშისაგან. კარგა ხანია, რაც ამ გვარ მოუსვენარ მდგომარეობაში არიან ჩვენი დაბალი ხალხი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუჩნდა კაცი ამ საცოდავ ხალხს, რომ ეს უსაფუძვლო შიში გაუქროს, ეს ძლიერი სულის შეშფოთება დაუმშვიდოს, დაარწმუნოს როგორმე, რომ არც ერთი იმათგანი, რომლებთაც ხსენებული ხალხი მოელის, არ მოხდება.
რომ ამისთანა ვარსკვლავები ქვეყნის დაარსებიდამ დღემდის მრავალჯერ გამოჩენილან სხვა-და-სხვა მხარეებზედ, და ბევრჯელაც გამოჩნდებიან კიდევ, მაგრამ არც ქვეყანა დაქცეულა და არც სხვა რაიმე შესანიშნავი უბედურება მომხდარა დედა-მიწის ზურგზედ.
ჩვენის აზრით, როდესაც, რომელიმე შემთხვევისა გამო ხალხში ამ გვარი ცრუ და მავნებელი ხმები გავრცელდება და, როდესაც ხალხის უმრავლესობა მიიღებს დარწმუნებას ამ გვარი ხმების სინამდვილისას, მაშინ პირ-და-პირი მოვალენი არიან მაზრის უფროსები, და ადგილობრივი მღვდლები, რათა მიიღონ საჭირო ზომები და მეცადინეობანი ხალხში ამ გვარი ცრუ მორწმუნეობის მოსასპობელად, უნდა ექადაგონ ხალხს, რომ ყველა ის დარწმუნებანი, რომელიც მათ ამ საგნის შესახებ მიუღიათ - არის უსაფუძვლო, რომ არც ერთი მათი ფანატიკური მოსაზრებანი არ აღსრულდებიან, რომ არავითარი საიჭვო და საშიშო აქ არა არის-რა და სხვ.
და ამ ნაირის საშუალებით გამოიყვანონ ხალხი იმ შეძრწუნებულ მდგომარეობიდამ, რომელშიაც ისინი არიან ჩაცვენილი. განსაკუთრებით მღვდლებს შეუძლიან დიდი შემწეობა მისცენ ხალხს, თუ კი მოინდომებენ ადვილად გაუქრობენ ამ ეჭვებს თავთავიანთ სამწყსოს, თორემ თუ ეხლავ არ ვეცადეთ ხალხის დამშვიდებას, იმ შემთხვევაში ჩვენი მუშა ხალხი ისეთს მდგომარეობაში არის ეხლა რომ საკმაო ზარალს უნდა მოველოდეთ...
მოგეხსენებათ ეხლა ისეთი დროა, როდესაც მთელი წლიური ნაშრომი უნდა შეიკრიბოს და თუ ამისთანა დროს ხალხს სიცოცხლის იმედი დაეკარგა და ენერგია მიუსუსტდა, ცხადია, რომ კარგს არას უნდა მოველოდეთ. ამისათვის მიგვიქცევია მაზრის უფროსების და ჩვენი სულიერი მამების ყურადღება ამ საგანზედ. ხუმრობა საქმე როდია ამ გვარ დროს ხალხის ხელის მოშვება, წელს ღვთის მადლით ვენახი და ყანები კარგა ბლომად დასაჩუქრებას გვიქადიან და რა ხუმრობაა ამ გვარმა ცრუმორწმუნეობამ მოუვლელობის გამო დაგვიკარგოს ეს ამოდენა მოსავალი.
[ქაიხოსრო გელოვანი]
***
20 აგვისტო, 1881 წ. |
★ „როგორც ეტყობა, მიწის ძვრას ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ კუთხეებში ძალიან შეუშინებია უბრალო ხალხი.
„კუდიან ვარსკვლავს ეს მიწის-ძვრაც დაემატაო“, - ასე ამბობენ თურმე ცრუ-მორწმუნე გლეხები, როგორც ქართლიდამ და იმერეთიდამ გვწერენ.
და არავინ არ ჩნდება ჩვენს სოფელში, არც სოფლის მასწავლებელი, ან მღვდელი, რომ აუხსნას ხალხს და დაარწმუნოს, რომ მიწის-ძვრაცა და კუდიანი ვარსკვლავიც სრულებით ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ეს მოვლენა არც მეორედ-მოსვლას, არც დედა-მიწის დამხობასა და კაცობრიობის მოსპობას არ მოასწავებს“.