კუდიანების ღამე, ანუ ჭიაკოკონობა |


★„ვნების კვირის ოთხშაბათ დღეს ძველ თბილისში, მოსაღამოვდებოდა თუ არა, ეზოებსა და ქუჩებში ინთებოდა კოცონები და ქალაქი შორიდან მეტად საოცარი სანახავი ხდებოდა. კოცონებს თან ერთოდა თოფის სროლა. 

ძველად ქართველ ხალხს, ისევე როგორც ყველა ძველ ერს, სწამდა ავი, უხილავი სულების არსებობა, რომლებიც ვითომც წელიწადში ერთხელ იკრიბებოდნენ იალბუზის მთაზე. აქ ისინი მსჯელობდნენ, რა ევნოთ ადამიანებისათვის. მათ წინააღმდეგ ადამიანები თავიანთ ხერხს მიმართავდნენ, ანთებდნენ დიდ კოცონს, ჭიაკოკონას, რომელზეც ოჯახის ყველა წევრი უნდა გადამხტარიყო. ეს იყო ავი სულებისგან დახსნის, ცოდვებისაგან განწმენდის ე.წ. პროფილაქტიკური რიტუალი.
ეს ჩვევა საწყისს უნდა იღებდეს იმ დროიდან, როცა ქართველები ცეცხლთაყვანისმცემლები იყვნენ. ცეცხლს ჰქონდა მინიჭებული ცოდვებისაგან განწმენდის და დაცვის ფუნქცია. ჭიაკოკონაზე, სულ ცოტა, სამჯერ მაინც უნდა გადამხტარიყვნენ და თან ეძახათ: არი-ურული-ურულუ-ურული კუდიანებსა...
კუდიანებისაგან ოჯახის დაცვის რიტუალში შედიოდა კიდევ ერთი წეს-ჩვევა- ასკილის ტოტებით ამოექოლათ სახლის კარ-ფანჯრები და საკვამლე მილები“, - [თეიმურაზ ბერიძე - „ძველი თბილისის სურათები“]

***

კუდიანების ღამე, ანუ ჭიაკოკონობა

★ „23 მარტს, საღამოს, ვნების კვირას, ოთხშაბათს, ჩვენი ქვეყანა უცხო კაცისათვის სწორეთ გასაკვირველ სურათს წარმოადგენდა: ქუჩებში და სახლების წინ ყველგან ანთებულია ცეცხლი, რომელზედაც ბიჭ-ბუჭები ერთის ყვირილითა და ვაი-ვაგლახით დახტიან.

ეს ჩვეულება დღემდინ ჩვენ მდაბიო ხალხს არ დავიწყებია, მაგრამ ჩვენს მეისტორიებს სრულებით ყურადღება არ მიუქცევიათ ამ ჩვეულებისათვის და არ გამოუკვლევიათ თუ რისგან და რა დროს მიიღო ის ხალხმა, ან რა საუკუნეს მიეწერება.

ამ საგანზე რამე ნიშნის აღმოჩენა ერთობ ძნელია, რადგანაც ამაზე ხალხსა სულობით არ დახსომებია რამე; შეიძლება რამე ცნობები არსებობდა ხალხში, მაგრამ ნაირ-ნაირმა საქართველოს შავმა ბედმა დაავიწყებინა ხალხსა.

ჩვენის აზრით, ეს ჩვეულება დიდი ხნის ამბავი უნდა იყოს, თორემ ხალხს ზეპირ-გარდმონაცემობით ეხსომებოდა რამე, და არც სადმე ძველ წიგნებში გვინახამს რამე ნაწერები ამაზე.

ჩვენს ხალხში ბევრს რამ ლეგენდებსა და ძველებურს ამბებსა ვსმენულობთ, რომელიც შეეხებიან თამარ დედოფლის დროებას, ვახტანგ გორგასლანისას, დავით აღმაშენებლისას და ნამეტნავად ერეკლე მეორისას, რომელიც ხალხს კარგათ დახსომებიან და ხშირათ საუბარში იხსენიებენ ძველებურს ამბებსა, სიყოჩაღესა და მამაცობას.

ეს ჩვეულება საქართველოს ძველის-ძველათვე ჰქონია მიღებული, კერპთთაყვანის მცემლობის დროსა, თორე ქრისტეს განათლების შემდეგ რო მიეღო ეს ჩვეულება საქართველოს, უეჭველია, რომ ასე არ დაავიწყდებოდა ხალხს. მაგრამ ჯერ-ჯერობით, რადგანაც ამის აღსნა ერთობ ძნელი არის, მე მის ნაცვლათ იმ დღის გლეხი ხალხის მომზადებას, მოქმედებას და მიგებებას ავწერ.
დიდ მარხვის უკანასკნელ კვირის ოთხშაფათს, დილით საღამომდინ გლეხი ხალხი სულ კუდიანობაზე და ჭიაკოკონობაზე ლაპარაკობს და ემზადებიან საღამოსათვის, რომ შეასრულონ წესისამებრ ჩვეულება. 
ამ დღეს უეჭველათ იშოვნიან ასკილსა, თუნდა ათს ვერსზედაც წავლენ ხოლმე მოსატანათ დედაკაცები და პატარა ბიჭები.

საღამოზე ამ ასკილს ნაჭერ-ნაჭრათ დასჭრიან და თითო ნაჭერს ყველგან გააჩხირამენ: კარებში, შესავალში, ბუხარში, განჯინებში და ფანჯარებში, ყუთებში და თუ ვისმეს ახალი ტანისამოსი აქვს შინა ყუთში ჩაწყობილი, უეჭველად ამოაწყობენ და შეჰკრამენ ბოხჩაში და ტახტზე შაკრულს დასდებენ და ზედაც ასკის დაადებენ, რომ კუდიანი ვეღარ მივაო და ვეღარ დასჭრისო.

კარებში, ფანჯრებს და ბუხარში იმიტომ სჩხირამენ ასკილს, რომ ეშმაკები ვეღარ შეიძლებენ შესვლასაო. ამას გარდა, სახლში თუ ვისმეს კატა ჰყავს, უეჭველათ საღამოზე დაიჭერენ, სკივრში ჩასმენ და დაჰკეტამენ, რადგანაც ამ ღამეს კატებმა ყვირილი იციანო და კუდიანებიც კატების ხმას მისდევენო. 


ფილთაქვას და ფილსაც (სანაყავს) კარში გამოიტანენ, რადგანაც ფილშიაც კუდიანები კვინტილას აკეთებენო.

თუ ვისმეს სახლის წინ კაკლისა, ან ატმის ხე უდგა, სახლის ფქვილის საცერს კარში გამაიტანენ და ამ ხეზე ჩამოჰკიდებენ, რადგანაც კუდიანები კაკლისა და ატმის ხეს ეტანებიან და ეფარებიანო და საცერი რომ ზედ ეკიდება, მაშინ ჩვენც დავინახამთო.

ჩამობინდების დროს ახლა შეაგროვებენ თივას და დაანთებენ ცეცხლსა, რომელსაც ეძახიან „ჭიაკოკონას“ და დაიწყებენ ზედ სამჯერ გადახტომა-გადმოხტომას და თანაც ყვირიან:

„აჰარი! ჰურული კუდიანებისა!“ 

ამითაც იმას იმედოვნებენ, რომ ცეცხლს რომ დავანთებთ და ზედ სამჯერ გადავხტებითო, კუდიანი ვეღარ მოგვიახლოვდებაო და მშვიდობიანად გაგვითენდება დილაო.

აი სულ ამ სამკაულებით ეგებება ამ დღეს ჩვენი ხალხი. რომ რამე ჰკითხოს კაცმა მათ, თუ რისთვის შვრებით მაგასა, ეგ რა ჩვეულება არისო? ყველანი ამას გიპასუხებთ - რა ვიცი, შენი ჭირიმე, ჩვენი ჩვეულება და რჯული აგეთი გახლამთ და რომ არ შევასრულოთ, ცოდვა არისო! ამაზე მეტს ვერაფერს გაიგებს მათგან კაცი - თუ რის ნიშნის გამო ასრულებენ“, [ზ. მთაწმინდელი (ჭიჭინაძე), გაზეთი „დროება“, 1877 წ.]

გიორგი ჭეიშვილი