7 ამბავი ტფილისელ მკითხავებზე... |


#1 ტფილისი - მკითხავების ბუნაგი... | 1886 წ.

„ტფილისი სწორედ მკითხავების ბუნაგია. ეხლაც ერთი თათარი-მკითხავი გამოგვჩენია საიდანღაც. აი თურმე რა საოცრად მკითხაობს და გულთ-მისნობს. გამოიყვანს ერთს უცხო ცხრა-ათის წლის ყმაწვილს, ფრჩხილებზე რაღაცა წამალს წაუსვამს და ამ ყმაწვილის პირით გიამბობს თურმე შენს ბედს-და-უბედობას. 

მე ვიყავი მასთან და ყმაწვილიც მევე წავიყვანეო, გვიამბობს ერთი პირი, მიველი სტოლთან და დავიწყე წერა და მას მივანდე გამოეცნო, რასაცა ვწერდიო. მკითხავმა ყმაწვილს ფრჩხილებზე წამალი წაუსვა და ჰკითხა: რასა სწერსო?

ყმაწვილმა უპასუხა: „აბა გაიგოს, რასაცა ვწერო“.

პირღია დავრჩიო, გვაუწყა მთხრობელმა: რადგანაც სწორედ იმ სიტყვებსა ვწერდი, რაც ყმაწვილმა სთქვაო.

არ არის დასაჯერებელი ეს ამბავი, მაგრამ მოამბე კი გვარწმუნებდა.“

[გაზეთი „ივერია“, 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

#2 ავლაბრელი მკითხავის - ნინო კოდელის „მკვლელობა“... | 1879 წ.

„თფ. მოამბე“ გაცნობებს, რომ ამ თვის 11, [1879 წ.] ავლაბარში მოუკლავთ გამოჩენილი მკითხავი კოდელი ნინო. 

მკვლელი დამალულა და ჯერაც ვერ მოუნახავთ. რამდენიმე დაჭრილობა აქვს თურმე ზოგი სახეზე, ზოგი მუცელზე და თავში. მოკლულის გვამი კლინიკაში წაიღეს, ექიმებმა უნდა შეამოწმონ.

კოდელი ნინო თითქმის მთელ საქართველოში განთქმული იყო მკითხაობით და მაჭანკლობით. ზოგიერთი გასათხოვარი ქალები და სასიძო ვაჟები, უეჭველია, ძალიან ინანებენ ამ საბრალო ქალის მოკვლას...“

[...]

„ჩვენს გაზეთში იყო ამას წინათ გამოცხადებული თფილისის გამოჩენილი მკითხავის კოდელი ნინოს მოკვლა. 

ახლა გვაცნობებენ, რომ ეს ამბავი ტყუილი ყოფილა: კოდელი ნინო არც მოუკლავთ, არც დაუჭრიათ, იმას ბრჩხილიც არ ასტკივნიაო, შვიდობით არის და ძველებურად, ხელოვნურად ასრულებს თავის წარჩინებულ ხელობას - მკითხაობასაო“.

[გაზეთი „დროება“]

***

#3 მკითხავის „საიდუმლო იარაღი“... | 1886 წ. 

„მოსკოვის ბალკაში“ კიდევ ერთი მკითხავი გამოჩენილა (ავლაბარში, როგორც ყველას მოეხსენება, რამდენიმეა), რომელიც ჩეჩქვითა ხვეტავს უზალთუნს, აბაზს და მეტსაც და მომავალს ბედს უკითხავს და უმხილებსო. 

ეს მკითხავი არამც თუ მარტო ფულს იღებს, არამედ ჯერ თავზე აფურთხებს, ვისაც უკითხავს, მერე დანაფურთხალ ალაგს მიღებულს ფულს დაადებს, დაიწყებს რაღაცაების ბუდღუნსაო და მოუყვება წარსულის, აწმყოის და მომავლის მბობას.

ამ კაცს დილიდამ შუადღემდის გარს ახვევია მთელი ჯგუფა ქალებისა და კაცებისაო. როდესაც რომ გულს მოიჯერებს ყველას შედუჟებითაო, მაშინ შეიკეტება და აღარავის აღარა ნახულობს ხოლმეო.“

[გაზეთი „ივერია“, 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***


#4 ლეგენდარული მკითხავის  - ნინო კოდელის „მემკვიდრე“... | 1888 წ.

„გვეგონა, რომ გამოჩენილს ნინო კოდელს მემკვიდრე არ ეყოლებოდა, მაგრამ დახე ცხოვრებას! 

ერთი ვიღაც ავლაბარში მცხოვრები ნახარაზალი, რომელიც უწინ პატიოსანის შრომით გამოდიოდა, დღეს თურმე მკითხაობას დასდგომია. ისეთი მჭრელი სიტყვა აქვს თუმე, რომ სახელ-უთქმელი და ხელ-დაუდებელი არაფერი გადურჩება. ამიტომ ბევრჯელ ციხეშიაც მჯდარა, მაგრამ მკითხაობას მაინც არ იშლის.

დგას თვითონ სარდაფში, ტახტზე ფეხ-მოკეცილი ზის, წინ სიპი ქვა და პურის ყუა უძევს და ხელთ ანთებული წმინდა სანთელი უჭირავს. ჯერ პირჯვარს დაიწერს და პურს დახედავს, სიპ ქვას დააცქერდება. ამ ნაირად შეუდგება ხოლმე თავისს წინასწარმეტყველობას.

აუარებელი მუშტარი გარს ახვევია. ხანდახან ხალხსაც დაითხოვს ხოლმე, შეკრული ვარო, და ხშირის ზმორებითა და მანჭვა-გრეხით თვითონაც შესწუხდება. ამით ზეგარდმო შთაგონების ჟამი მოუვლის ხოლმე.

ამას კიდევ უნდა დავუმატოთ ერთი ახალთ-ახალი ამბავი მკითხაობაზე.

გმირად ერთი ახალგაზდა ქალი გამოსულა, სომხის ოჯახის ასული. სურფ-სარქისი თურმე სიზმარში გამოსცხადებია და მკითხაობა შთაუგონებია. ახალგაზდა ქალი უარზე დამდგარა, მაგრამ ავად გამხდარა. გაუცხელებია, ბოდვა დაუწყია, დედამიწაზე დახეთქებულა, თავი გაუტეხნია.

მერე წაუყვანიათ სურფ-სარქისის ეკკლესიაში, მოულოცვებიათ და ღამე უთევინებიათ. შეთქმისამებრ ქალი კარგად გამხდარა და მკითხაობაც დაუწყია.

იმ ნახარაზალისა არ იყოს, ამასაც დიდი სახელი გაუთქვამს, მაგრამ მუშტრები ჯერ-ჯერობით ერიდებიან, რადგანაც ახალი ნინო კოდელი ავად არის თურმე.“

[გაზეთი „ივერია“, 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

#5 მკითხაობა ლობიოთი... | 1876 წ.

„ჩვენს განათლების კუნჭულში - თფილისში მოხდა ეს ამბავი: ერთს ვისმე რამდენიმე ვერცხლის ნივთი დაეკარგა. მივიდა მკითხავთან, აუხსნა თავის უბედურება და სახსარი სთხოვა. 

მკითხავმა, ბევრის რჩევის და ბრძნულის „კითხვის“ შემდეგ, ლობიოს საშუალებით მონახა, რომ ქურდი ამა-და-ამ მეზობლის ბიჭი უნდა იყოსო; მაგრამ რო უკეთ დაერწმუნებინა ეს კაცი, უთხრა მკითხავმა, რომ სადილი გამართე, რამდენიმე კაცი დაჰპატიჟე, ლავაში-პური მოატანინე და ვისაც ჭამის დროს ლავაში ყელზე დაადგეს, ნამდვილი ქურდიც ის იქნებაო.

გაუგონა და ყველაფერში ისე მოიქცა, როგორც მკითხავი ურჩევდა. მაგრამ დახე განგებას - ლავაში თვითონ მკითხავს დაადგა თურმე ყელზე და ისეც, რომ კინაღამ დაიღრჩვა. სტაცა ხელი ნივთების დამკარგავმა:

- მოიტა ჩემი ვერცხლის კოვზები, ჩემი ბეჭდებიო! თორემ ახლავ პოლიციაში წაგათრევო!

ჩემი ენა ჩემი მტერიაო, რუსები რომ იტყვიან, აი ეს არის.“

[გაზეთი „დროება“]

***

#6 ისევ ავლაბარი... | 1880 წ.

★ „ავლაბარში და აქეთ გამოღმა აბანოების მხარეს ამ უკანასკნელს ჟამს ჯადობაზი თათრები და შემლოცველები ერთობ გამრავლდნენ...“

[გაზეთი „დროება“]

***

#7 ცოფის „მკურნალი“ მკითხავი... | 1880 წ.

„სურფ-გეურქის უბანში ამას წინად ცოფიან ძაღლს ერთი პატარა ბიჭი დაუკბენია. მშობლებს ვიღაც მკითხავისთვის მიუმართავსთ, ამას წამალი დაულევინებია და უთქვამს, ორმოცი დღე რომ შეუსრულდეს დაკბენილს, ორის დღის განმავლობაში ნუ დააძინებთო. 

მართლაც არ დაუძინებიათ, მაგრამ სწორეთ ორმოცზე ყმაწვილი გაცოფიანებულა; მშობლებს ლოგინზედ დაუკრავთ ის, მაგრამ აუხსნია თოკი და თავის პატარა დისათვის მხარზე უკბენია; მეორე თუ მესამე დღეს ეს ყმაწვილი მომკვდარა.

იმისგან დაკბენილს პატარა ქალს არ წამლობენ თურმე, დაკბენილი არ არისო“.

[გაზეთი „დროება“]

გიორგი ჭეიშვილი