საათნავა [საიათნოვა] და მისი თანამედროვე მელექსეები |


[ზ. მთაწმინდელი, გაზეთი „დროება“, 1878 წ.]

 „1853 წელს ერთმა სომეხმა გამოსცა სომხურად მოსკოვში მესაზანდრე საათნავას ლექსთა კრება. ამ გამოცემაშივე ჩაურთავს საათნავას მოკლე ბიოგრაფია. რადგანაც საათნავა საქართველოში, თფილისში, ცხოვრებდა და ქართულს ლექსებსა და ბაიათებს სწერდა და ბევრი იმის ნათქვამი ახლაც ახსოვს ჩვენში ხალხს, ამის გამო ურიგო არ იქნება, რომ გავიცნათ იგი. ამას გარდა საათნავას გაცნობა მით უფრო სანატრელია, რომ მთელი თავისი სიცოცხლე იმას გაუტარებია საქართველოს წარჩინებულ პირებთან, სხვათა შორის მეფე ირაკლი მეორესთან დაახლოებული კავშირი ჰქონია.

ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ამ წიგნიდამ და დაუმატეთ რამდენიმე ზეპირ-სიტყვაობით გადმოცემული ჩვენი მოხუცებულებისაგან საათნავას ცხოვრების შესახები.

სომხები ქართულ მწერლობას მეთვრემატე საუკუნეში ორად ჰყოფენ: ვახტანგის დროს და მის თანამედროვე მწერლობას 1708 წლიდგან ვიდრე 1726 წლამდე და მეორე 1757 წლიდამ ვიდრე 1795 წლამდე, ესე იგი, როდესაც ჩვენში საათნავა და იმის თანამედროვე მოლექსეები ასპარეზზე გამოსულან.

ეს მელექსეები არიან: პირველი - საათნავა, მეორე - ბუდაღ-ოღლანი, რომელმაც დასწერა „ანბანთ ქება“, „მზევ, შენ მნათობოვ“ და სხვა მრავალი ლექსები; მესამე - სტეფანე ფერშანგიშვილი, რომელსაც სხვათა შორის დაუწერია „განიფხიზლე, გონებავ!“ და „მიკვირს აგრე რად გამწირა სოფელმა!“; მეოთხე - გასპარ ხოსროევი, რომელსაც დაუწერია - „შეველ წალკოტს და მზე ვნახე შემოსილი“, „მთვარევ, შუქი გფენია“; მეხუთე - ლაზათ-ოღლანი, რომელსაც სხვათა შორის დაუწერია - „ვარდმან გამწირა მონებით“ და სხვა.
ამავე დროს გამოსულან სალიტერატუროთ ასპარეზზე სხვანაირი მწერლები, რომელთაც გაუმშვენიერებიათ ქართული მწერლობა თავიანთ მშვენიერის ლექსებითა: ზაქარია გაბაშვილი, ყველასაგან ცნობილი და დამსახურებული საქართველოს მეფეების წინაშე. ეს გაბაშვილი იყო დეკანოზი სიონის სობოროსი, განაძევეს თფილისიდამ და მას შემდეგ წოდებულ იქმნა ბესარიონად და ხალხმა უწოდა ბესიკი; მისი შესანიშნავი პოეტური ლექსები დღესაც [1878 წ.] იხილვებიან; 
პეტრე ვით დეკანოძის ძე ლარაძე, რომელიც ბესარიონ გაბაშვილის თანამედროვე ყოფილა და შინ მმართველი ანტონ კათალიკოზისა. ეს პეტრა ლარაძე რუსეთშიაც ყოფილა; იმს სხვათა შორის დაუწერია „დრო ცვლილო ბულბულო“, „სევდამ მოიცვა გული“ და სხვ.;

იოანე მროველი, ბერი მრავალმთის მონასტრისა, რომელსაც დაუწერია სხვათა შორის „შეყრინალ ერთად მკრთოლვარენი“, „გამტყორცნა სოფელმა“, „ვიხილე ტურფა კვიპაროზი“ და სხვ.

სოლომონ მდივანბეგი, რომელსაც მშვენივრად უწერია; იმის ზოგიერთ ლექსებმა ჩვენამდინაც მოაღწია;

დავით რეკტორი, ცუკია, თელავის სემინარიის რეკტორი. ამათ გარდა ბეგლარ ორბელიანი, ბარათოვი, ყარიბოვი, თ. ქობულოვი, თეკლე ბატონიშვილი, ქეთევან ბატონიშვილი, დიმიტრი ბაგრატიონი, რომელმაც „ქეთევან დედოფლის წამება“ დაწერა და დაიბეჭდა მოსკოვს 1818-ს; გოდერძი ფირალოვი - მდივანი მეფე ერეკლესი - რომელმაც დასწერა მშვენიერი ლექსები და გლოვა ირაკლი მეორესი; ამავე, რუსეთში მყოფობის დროს, გამოსცა ლექსიკონის ქართული და რუსული და ქართული გრამმატიკა.

ასე ამ გვარად მელექსეების რიცხვი თან-და-თან ემატებოდა, ვიდრემდის საათნავა ცოცხალი ყოფილა.

საათნავას დროს გაჯიბრება სცოდნიათ ლექსების წერაში, თუ ვინ უფრო უკეთეს დასწერავსო; მაგრამ ყველაზედ უკეთესი ლექსები ბესარიონ გაბაშვილისა - ბესიკისა ყოფილა, ბერის იოანე მროველისა, გამოგდებულის მღვდელის ყარიბისა, პეტრე ლარაძესი, საათნავასი და ბუდაღ-ოღლანისა, რომელიც თფილისის დარიის მონასტერში გაზდილა ქართველ ბერებთან, მაგრამ ბოლოს მოლექსეობისათვის ბერებს გამოუგდიათ იქიდამ.

ამათ გარდა საათნავას დროს ჩვენში სხვა მელექსეებიც გამოჩენილან მის მიბაძვით: გარსევან ყორღანოვი, მელქოია ზანგიაშვილი, ქიჩიკნოვა, ღარიბაშვილი ნიკოლოზი და ოქოაშვილი იოანე და სხვა მრავალი, რომლებსაც ქართული ლექსები უწერიათ; ზოგიერთ ამათ ლექსებთაგან დღესაც მღერის ჩვენი ხალხი.

საათნავას დაუწერია ას თოთხმეტი თათრული ლექსი, რომლებსაც დღესაც მთელი კავკაზიის თათრები მღერიან და ორმოც-და-ოთხი სომხური, რომელიც ათას რვაას ორმოც და თორმეტში მოსკოვში დაიბეჭდა.

***

საიათნოვა

[„საიათნოვა“ - ახალი მწერალი - საიათ სპარსულად მწერალს ნიშნავს და ნოვა - ახალს“, - იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“]
 საათნავა [საიათნოვა] ყოფილა ერთი თფილისელი ნალბანდის შვილი; მამას დარიის მონასტერში მიუცია ის წიგნის სასწავლებლად და იმავე დროს დურგლობაც უსწავლია. იმას მაშინვე ჰქონია ლექსების წერის ნიჭი და ძალიან კარგი ხმაც. 

შემდეგ ბერებისაგან გამოსულა და ფრანგების პატრებთან მისულა ექიმობის სასწავლებლად; ამავე დროს მესაზანდრობაც უსწავლია. მესაზანდრობისა და ექიმობის გამო კარგათ გაუცვნია იგი ხალხს და იმავე დროს დაუწყვია ლექსების წერაცა.
ამ დროს დაუწერია საათნავას ერთი ლექსი შესახებ საქართველოს ბატონ-ყმობისა, რომელიც მთელ საქართველოში მოფენილია; ამ ლექსის დაწერისთვის ზოგიერთა თავადის შვილებს მეფე ერეკლესთან უჩივლიათ, რომ საათნავას ლექსების წერა დაუშალეთო. მაგრამ მეფე ერეკლეს ხმაც არ გაუცია საათნავასათვის.
ერთხელ მეფეს სპარსეთის ყეენისაგან შიკრიკი მოსვლია, სპარსეთიდამ ყეენი წამოსვლას აპირებსო და შენც მოემზადე საომრადაო. ამ ამბებზე მეფე ძალიან დაღონებულა. ამბობენ, ეს დაღონება რომ საათნავას შეუტყვია, მაშინათვე ამდგარა და წასულა მეფესთან. შესულა თუ არა სასახლის კარებში, დაუკრამს სალამური და დაუმღერია შემდეგი ლექსი, რომელშიაც ალეგორიით გამოუხატამს მეფე ერეკლე (მტკვარი) ნაღვლიანის სახით და მისი მოსამზღვარე სპარსეთი - მდ. არაზი (არაქსი):

მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო!
მე შენ ვერ გაგიძლებ, მიზეზიანო,
დიბის ლობდანო გაზაზიანო,
სირმა-აბრეშუმო ყაზაზიანო;
ხმლითა და ხანჯლით ლამაზიანო, 
მე რა მაბადია, რა მაზიანო?
მოდი, მიამბე, ბაღდადის წერო!

***

ინდოეთის თუთივით იმღერო,
რა იქნება ერთხელ მეც დამიჯერო
ფაჰრდის ბებერო, შირინის მტერო,
შე ავო მიჯნურო, არაზიანო!
მტკვარო ამღვრეულო არაზიანო,
ვაი თუ ერთ რიგი ნარდი გასწიო,
მარდი მოჰკლა, ნამარდი გასწიო!

***

ბულბული ატირო, ვარდი გასწიო
ნეტავ რომელი დარდი გასწიო,
ბეჩავ საწყალო თავაზიანო,
მტკვარო ამღვრეულო არაზიანო!

***

საათნავას ცოლი შეურთავს, ერთი ჰავლაბრელი ქალი მარიამა, სამი შვილი ჰყოლია და შემდეგ ცოლი მოჰკვდომია.

ცოლის სიკვდილის შემდეგ ახპატის მონასტერში ბერათ შესულა. მეფე ერეკლე თურმე ძალიან უშლიდა ბერობას, მაგრამ იმას მაინც არ დაუშლია და შესულა.

მონასტერში ბერები თურმე ძალიან ეჩხუბებოდნენ: ლექსების წერას თავი დაანებეო, შენი საქმე არ არის, ხელი აიღევო. მარამ იმას არ დაუშლია და ისევ ბერობა დაუტოვებია და წამოსულა ქალაქში. მაგრამ რადგან მეფე ერეკლე იმაზე გამწყრალი ყოფილა, მისვლა ვერ გაუბედვნია.

აი ამ დროს დაუწერია იმას თავის თავზე შემდეგი ლექსი:

შე საწყალო, ჩემო თავო, რა იქენ,
ქვეყანაში სასაცილო შეიქენ,
საითაც წაველ, იქითკენ წავიქეც,
ბოლოს დროსაც ბედოვლათათ შევიქენ!
რომელს დავაბრალო, რისაგან არის?
ეს საქმე სულ ჩემი ჭკვისაგან არის.

***

თითქმის ვიყავ ქვეყანაში ქებული,
ჭიქასავით ოქროს ყუთში დებული,
ეს რა მამივიდა ახირებული,
რაც მომიხდა განუსჯელობით არი!
ბრინჯი ვიყავ, ქერობა რათ მინდოდა, 
მტრედი ვიყავ, მწყერობა რათ მინდოდა?
მოდი მითხარ, მწირობა რათ მინდოდა?
ვეჭობ ჩმი უბედური ჭკვისგან არი...

***

აგერ მიღმა ურმებიცა ამართეს
საფრანგეთის ტურფა ხაზი გამართეს,
ალთი მიშუღ სატუსაღოთ წამართეს,
ამიტომ რომ ერთსა ქოხში სდგეხარო.
საათნავა შეინახე შენთანა, 
საჯინიბოს დააყენე ცხენთანა!
ვეღარ წავა ერეკლესთან ბრძენთანა!
რომელს დავაბრალო რისაგან არის,
ეს საქმე ჩემი ჭკვისაგან არის...

ბერობა რომ დაუტოვებია, ჩამოსულა თფილისში. ამავე ხანებში გავარდნილა ხმა მეორედ აღა-მაჰმად-ხანის მოსვლისა. ხალხი თურმე საშინლად შეწხულებულა და საათანავასაც თავის ქალები დუშეთისაკენ გაუგზავნია; და თვითონ კი აქ დარჩენილა და მეფე ერეკლესთვის უთქვავს: მე აქ დავბადებულვარ, აქავ უნდა მოვკვდეო მტერთან ბრძოლაშიო!

და მართლაც ისა და იმის თანამედროვე მეჭიანურეები თარი-ჩონგურით გაძღოლიან მეფე ერეკლეს ჯარს წინა. თუმცა ორთაჭალასთან დაუმარცხებიათ ქართველებს, მაგრამ შემდეგ მტერს გაუმარჯვნია და მოსდგომიან ნარიყალის ციხეს (სოლოლაკს), სადაც საათნავა და მისი მეგობარი ხალხი გაქიშპებული დახვედრიან; მაგრამ მაინც თათრებს დაუძლევიათ და სხვათა შორის საათნავაც მოუკლავთ იქა.

ზოგნი იძახიან, ვითომც ის თფილისის სომხების ეკლესიაში მოკლესო და იამვ ეკლესიაში არისო დამარხულიო; ზოგნი კი ამბობენ, რომ საათნავა ციხის კართან მოუკლავთო. ის დაუსაფლავებიათ ავლაბრის სასაფლაოზე, სადაც მისი ცოლიც ასაფლავია და იმისი ქვის ზედ-წარწერა დღესაცა სჩანს.

აი ის წარწერა:

„ქ-ს უნვ მოქცევა“
„ქ. საფლავსა ამასა შინ ავარ მსაათნავას მეუღლე, მარიამი. შენდობა იბძანეთ.“

გიორგი ჭეიშვილი