[იოსებ გრიშაშვილი - ავქსენტი ცაგარელი]
[...]
„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ - ამ პიესის დასადგმელად ნებართვა დიდის წვალებით მიიღეს თეატრის ხელმძღვანელებმა. ეს კომედია ეხება „ბატონყმობის ხანას, მებატონის უსაზიზღრეს უფლებას ყმის ქალიშვილის მიმართ. „მართალია, პიესა 1878 წელს დაიწერა და 1879 წელს წარმოადგინეს, როცა ბატონყმობა უკვე გაუქმებული იყო, მაგრამ მისი მძლავრი ნაშთები ჯერ საბოლოოდ არ იყო აღმოფხვრილი.
და, აი, 21 წლის ჭაბუკმა ასიკომ თავისი პირველი მახვილი მოურჯულებელ, თვითნება და უტიფარ ბატონების წინააღმდეგ წარმართა.
- „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ, კნიაზჯან!“... - ეს იმ დროისთვის პროტესტის მსგავსი ლოზუნგი იყო. „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ, კნიაზჯან“, - ეს გიჟუას სიტყვები თვით ცაგარელის გულიდან ამოხეთქილი სიტყვებია.
[...]
„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“-ის შინაარსი აღებულია სინამდვილიდან, 1935 წელს ღრმად მოხუცებულმა ცაგარლების მოყვარემ - ნინო გრიგოლის ასულმა უგრელიძემ გვიამბო, რომ „რაც გინახავში“ აღძრული ამბავი მოხდა დიღომში...
ამ ნაამბობის სიმართლეში ეჭვი არ შეგვდის, ვინაიდან მაშინ ეს ამბავი ძალიან გახმაურებული იყო და ჩვენს დიღმელს დრამატურგს - ა. ცაგარელს ეს დიღმის ამბავი გაუხდა საბაბად, რომ ახლად ფეხადგმულ მუდმივ დასს მეორე გიორგი ერისთავად მოვლენოდა...
ამ ამბავს ადასტურებს შემდეგი ხალხური ლექსიც:
პეტრე ბატონის ლექსი
გიორგობის მთვარე დადგა,
დაიჭირა ავი დარი.
ქალები ამას ამბობენ,
ჩვენ ქმრებსაც დაუდგათ თვალი.
პეტრე ბატონის შიშისგან,
ვერ მოგვიტანია წყალი.
თითო-თითოს მოგვიტაცებს,
როგორც რომ მინდორში ცხვარი.
თურმე ამ ყიყვიან გულას,
ჰყოლია ლამაზი ქალი,
ფისიკაანთ ქორწილშია,
კოხტად დაუხურავს თავი.
პეტრე ბატონი იქ არის,
ამ ქალს გადაავლო თვალი.
ფიცხლავ გულა დაიბარა,
აჩუქა წითელი ხარი...
- წაიყვა, პეტრე ბატონო,
როგორც შენი ნება არი...
თურმე ამ ყიყვიან გულას
ქალაქს დაუნიშნავ ქალი.
დანიშნულმა რომ გაიგო,
წინაღამ მოიკლა თავი,
სამი ბიჭით წამოვიდა
დიღომს დაიპარსეს თავი...
მიუხდა სიმამრს კარებზე,
მაშინვე იხმარეს ძალი.
რაც იციან ამ საწყლებმა,
პეტრე ბატონს უწევს ქალი...
„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ პირველად წარმოადგინეს 1879 წ. 19 დეკემბერს. ამ პიესის პირველ წარმოდგენის შესახებ ვკითხულობთ:
ჩვენ არ წაგვიკითხავს უფ. ცაგარელის პიესა, მაგრამ ვისაც წაუკითხავს და რეპეტიცია უნახავს, ძალიან აქებენ, საუცხოვო რამ არისო, დიდი ეფექტი ექნება სცენაზეო და თამაშობითაც ძალიან კარგად ითამაშებენო.
შინაარსი პიესისა, როგორც ამბობენ, ერთი ისეთი ფაქტია, რომელიც თბილისელებმა კარგად იციან - შიოევის ისტორია, ქალი რომ მოსტაცა ვიღაც დიღმელ გლეხს. კინტოების ცხოვრება და ხასიათი ფოტოგრაფიულის სინამდვილით არის კომედიაში გამოხატული“, - გაზეთი „დროება“, 1879 წ.
***
გაზეთი „დროება“, 1880 წ. |
★ „წუხანდელი წარმოდგენა ბატ. ა. ცაგარელის პიესისა - „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ ბევრად უკეთ, უფრო ცოცხლად წავიდა, ვინემ როცა პირველად ითამაშეს. განსაკუთრებით ვ. აბაშიძე ავეტიკა-სომეხის როლში სწორეთ შეუდარებელი რამ იყო. ყოველი იმისი სიტყვა-პასუხი და მიხვრა-მოხვრა ნამდვილ, ზედ-გამოჭრილ იმ სომხის ტიპს წარმოგიდგენდათ, რომლის გამოხატვაც, უეჭველია, სახეში ჰქონდა ახალგაზდა ავტორს ამ ცოცხლა კომედიისა.
დანარჩენი მოთამაშეებიც ურიგოთ არ ასრულებდნენ თავიანთ როლებს. გაბუნიას ქალმა და კ. მესხმა არაერთი ტაში მიიღეს მაყურებელ საზოგადოებისაგან.
საუბედუროდ საზოგადოება ამ ჯერობით ერთობ ცოტა იყო. მიზეზს ზოგიერთები ამბობდნენ იმას, რომ არწრუნის თეატრში სიარულს ჩვენი საზოგადოება ჯერ არ არის შეჩვეულიო; ამას გარდა ბევრს, უეჭველია, ცუდმა ამინდმაც დაუშალა მოსვლა“, - გაზეთი „დროება“, 1880 წ.