დაკარგული კუნძულის ძიებაში - ინტერვიუ თამარ თავაძესთან |


[მადათოვის კუნძულის შესახებ თბილისის ისტორიის მკვლევარს, თამარ თავაძეს ვესაუბრეთ...]

  - მესაკუთრეები...

მადათოვის კუნძულის თემით, დაახლოებით, 6 წლის წინ დავინტერესდი, როდესაც Hidden Tbilisi Garetubani-ის გზამკვლევზე ვმუშაობდი. ამოსავალი ცნობა, რაც ამ კუნძულთან დაკავშირებით გადმოცემით ვიცოდით, იყო ის, რომ კუნძული ორბელიანებმა ვინმე მადათოვს მიჰყიდეს და სწორედ აქედან მოდის კუნძულის დასახელებაც. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ძალიან ჰგავს თბილისური სტერეოტიპული აზროვნების ნიმუშს, რომლის მიხედვითაც, დარდიმანდ ალექსანდრე ორბელიანს სტუმრები უნდა სწვეოდნენ, ქეიფისთვის ფულის საშოვნელად კი კუნძული მადათოვს მიჰყიდა, კვლევის საწყის ეტაპზე მხოლოდ ეს ცნობა მქონდა.

მეორე ამბავი, რამაც დამაეჭვა, იყო ის, თუ რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა გენერალ მადათოვს კუნძული, რომელიც, პრაქტიკულად, გამოუსადეგარი იყო და ხშირად იტბორებოდა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ კავკასიაში სომხური წარმოშობის გენერლის მთავარი ინტერესი ყარაბაღი და მადათოვების გვარის ძველი მამულები იყო.

ბუნებრივია, კვლევის დაწყებისთანავე, მადათოვის პიროვნებას გავყევი და აღმოვაჩინე, რომ ის საკმაოდ საინტერესო გზით მოხვდა საქართველოში.

მადათოვი - ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მისი დედის გვარია, თუმცა, რუსეთის სამხედრო სასწავლებელში მოსახვედრად, სადაც მხოლოდ თავადიშვილებს შეეძლოთ სწავლა, სომეხმა ვაჭრებმა პავლე პირველთან უშუამდგომლეს და დედის გვარით, როგორც სომეხი თავადი, ისე წარადგინეს. კადეტთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მადათოვმა რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებულ არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით კი, 1812 წელს, ნაპოლეონთან ბრძოლის დროს გამოიჩინა თავი. რუს მიურატად წოდებული სამხედროს პორტრეტი ერმიტაჟში, 1812 წლის ომის გალერეაშიც გვხვდება.


საქართველოში მადათოვი 1818-1819 წლებში ჩამოდის. ის მაშინდელი მთავარმმართებლის - ერმოლოვის ერთ-ერთი ფავორიტია. [საგულისხმოა, რომ სადღაც ამ პერიოდში, უკვე სახელმოხვეჭილი სამხედრო - მადათოვი სტუმრობს ყარაბაღს, რომელიც მაშინ სპარსელების ხელშია და იქაური ხანი მას მადათოვების ისტორიულ მიწებს უბრუნებს.]

ამ დროისათვის, მადათოვს უფლებას აძლევენ თბილისში ააშენოს სახლი. ამ ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს და უკვე 1821 წელს, დღეს უკვე ყოფილი სასტუმრო „ლონდონის“ ადგილას, მადათოვი საცხოვრებელ სახლს აშენებს. ეს არის ბაგრატიონების ყოფილი მიწები, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში მეფობის გაუქმების შემდეგ, რუსეთის ხაზინას გადაეცა. როგორც ირკვევა, მადათოვს, ფაქტობრივად, არ უცხოვრია ამ სახლში, ვინაიდან 1829 წელს გარდაიცვალა. სახლს მისი მეუღლე 1830-იან წლებამდე სამხედრო უწყებაზე აქირავებდა, შემდეგ შენობა სამხედრო გუბერნატორის სამსახურს გადაეცა. [აქვე აღსანიშნავია, რომ მადათოვი უშვილო იყო და ბოლო დროს გაჩენილი ლეგენდები, რომ სოლოლაკში, დანიელ ჭონქაძის ქუჩაზე ცნობილი სახლის მფლობელი ანა მადათოვა მისი შვილიშვილი იყო, ლეგენდაც ვერ იქნება, ეს სულ სხვა მადათოვები არიან.]

აქვე, უნდა ვახსენოთ ორბელიანების, მუხრან-ბატონების და ვანქის ტაძრის მიწებიც. ამ ადგილზე მიწები, შესაბამისად კუნძულიც, სწორედ ამ სამ მფლობელს ეკუთვნოდა, რადგან საწყის ეტაპზე, XIX საუკუნის 30-იან წლებამდე, რუსები, გარკვეულწილად, იცავდნენ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის კანონებს, რომლის მიხედვითაც, მდინარეზე მდებარე კუნძული თანაბრად ეკუთვნით მათ, ვისი მიწებიც ამ კუნძულს გადაჰყურებს.

აქედან გამომდინარე, დასტურდება, რომ კუნძული მთლიანად არ ეკუთვნოდათ ორბელიანებს, ამიტომაც, ისინი მას ვერც მადათოვზე და ვერც სხვაზე ვერ გაასხვისებდნენ.

აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, საიდან დაიბადა ეს თბილისური ლეგენდა, მითუმეტეს, რომ ერთადერთი, წერილის სახით შემორჩენილი ცნობა ამ ლეგენდის შესახებ თბილისის 1500 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კრებულში, თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორის - ნიკოლოზ ბადრიაშვილის ტექსტში გვხვდება, თუმცა წყარო მითითებული არ არის...

სამწუხაროდ ასეა, გადავფრინდით და გადმოვფრინდით მადათოვზე, ლეგენდა კი ლეგენდად დარჩა...


  - ადგილმდებარეობა, ტოპონიმი და ფართობი...

1830 წელს, ლუარსაბ ორბელიანი თბილისის მმართველობას წერს წერილს, რომლის მიხედვითაც, მადათოვის ყოფილი სახლიდან, რომელშიც სამხედრო გუბერნატორი - სიპიაგინი და სხვა ოფიცრები ცხოვრობენ, ანაგვიანებენ მის ტერიტორიას და ითხოვს კედლის აშენების ნებართვას.  

არსად არ არის ნახსენები კუნძულის სახელი, მასზე ნათქვამია - „კუნძული ჩემი სახლის პირდაპირ“...

არსებობს ამავე პერიოდის კიდევ ერთი საინტერესო დოკუმენტი; თბილისში მცხოვრები ფრანგი ექიმი, გვარად რუშეჩკა „მადათოვის სახლის პირდაპირ მდებარე კუნძულზე“ ითხოვს თუთის ხეების გაშენების ნებართვას, რასაც, ვერ იღებს...

მომდევნო საბუთში, რომელშიც უკვე ხიდის მშენებლობაზეა საუბარი, აღნიშნულია - „კუნძული მადათოვის ყოფილი სახლის წინ“...
1849 წლამდე „მადათოვის კუნძული“ არსად არ არის ნახსენები. მაშინ საიდან ჩნდება სახელწოდება - „მადათოვის კუნძული“?
ჩემი აზრით, აქ ერთი საინტერესო მომენტია - თუკი დავაკვირდებით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი თბილისის ქუჩების დასახელებებს, ამ, ძირითადად რუსი სამხედროების და მაღალი თანამდებობის პირთა გვარებით, პრაქტიკულად, რუსების მიერ კავკასიის დაპყრობის ისტორიას ამოვიკითხავთ. 

სავარაუდოდ, დაახლოებით ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე მადათოვის კუნძულთან დაკავშირებითაც; გენერალ მადათოვის გარდაცვალების შემდეგ [1829 წ.], როდესაც ორბელიანთ უბანსა და ბაღს შორის ქუჩის გაყვანის საჭიროება დადგა, მას მადათოვის სახელი უწოდეს, რადგან მისი ყოფილი სახლი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი საორიენტაციო წერტილი იყო ამ ტერიტორიაზე.
შესაბამისად, დიდი ალბათობით, მადათოვის სახელი გადაჰყვა კუნძულსაც, რადგან მანამდე არსებობდა მადათოვის სახლი, ხოლო კუნძული მოიხსენიებოდა, როგორც კუნძული მადათოვის სახლის მოპირდაპირე მხარეს.
რაც შეეხება კუნძულის ფართობს - წყალდიდობების გამო, კუნძული ხშირად იტბორებოდა, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის 50-იან წლებში მადათოვის კუნძულის ნახაზიც ჩნდება, [რომელზეც ზუსტადაა დაფიქსირებული, რა ნაკვეთი ეკუთვნით ორბელიანებს, მუხრან-ბატონებს, ვანქის ტაძარს, გადაღმა კი უკვე - მირზოევებს;] მისი ზუსტი ფართობის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საგულისხმოა ისიც, რომ იქვე არსებობდა ორი პატარა კუნძული, რომელთაგან ერთს - ჩიტების კუნძული ერქვა; ეს ორი პატარა კუნძულიც, წყლის მატების პროპორციულად, ხან წყლით იფარებოდა, ხან კი ჩნდებოდა. 

  - დანიშნულება...

სხვადასხვა ცნობებისა და რუკების მიხედვით, XIX საუკუნის შუა პერიოდამდე კუნძულს არანაირი პრაქტიკული გამოყენება არ ჰქონია მანამ, სანამ არ დადგა ხიდის აგების საჭიროება.

[ხიდის აგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მტკვრის გადაღმა ძალიან სწრაფად და აქტიურად ვითარდებოდა როგორც გერმანული კოლონია, ასევე მარცხენა სანაპიროს დასახლებები.]
„სკუდიერის ხიდის“ აგების შემდეგ, კუნძულმა ნელ-ნელა პრაქტიკული დანიშნულება შეიძინა - მეპატრონეები საკუთარ ნაკვეთებს აქირავებდნენ, სადაც, ძირითადად, სამხერხაოები ეწყობოდა; მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ხის მორების ტრანსპორტირებისთვის, ძირითადად, მტკვარი გამოიყენებოდა. აქედან გამომდინარე, მტკვრით ჩამოტანილ ხის მასალას იქვე, მადათოვის კუნძულის სამხერხაოებში ამუშავებდნენ. 
ასევე, კუნძულზე, ვანქის ტაძრის კუთვნილ მიწაზე [დღევანდელი იუსტიციის სახლის  ტერიტორია], მაშინ, როდესაც სომხური სამოციქულო ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავდა, საეკლესიო რიტუალების ჩასატარებლად, სახელდახელო ხიდი იგებოდა; სხვათა შორის, ამგვარად აგებული ხიდი ორჯერ ჩატყდა, რასაც მსხვერპლიც, შესაბამისად, სერიოზული სამართლებრივი პროცესები მოჰყვა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ წლების განმავლობაში, რიგი მიზეზების გათვალისწინებით, მადათოვის კუნძული ანტისანიტარიის, კრიმინალური გარჩევების ბუდე იყო.

სხვადასხვა დროს აქტუალური ხდებოდა კუნძულის „ბედი“, ჩნდებოდა ინიციატივები, რომ ამ კუნძულს მოვლა სჭირდება და ა.შ. XIX საუკუნის ბოლოს, თბილისის ცხოვრებაში ჩნდება ერთი საინტერესო პიროვნება, თბილისის საბჭოს ხმოსანი - სიმონ ჭრელაევი [ჭრელაშვილი], რომელიც საკმაოდ აქტიურად გამოდიოდა ინიციატივით, რომ მადათოვის კუნძულზე ბაღი გაშენებულიყო; დღევანდელისა არ იყოს, რეკრეაციული ზონების ნაკლებობა მაშინდელ თბილისშიც შესამჩნევი და საგრძნობი იყო.

როგორც ჩანს, ქალაქის ხმოსნებს ჭკუაში დაუჯდათ სიმონ ჭრელაევის აზრი და კუნძულის მფლობელებთან ნაკვეთების გამოსასყიდად მოლაპარაკებები დაიწყეს. ამ თემაზე საკმაოდ აქტიური მიმოწერა ჰქონდათ, თუმცა პროცესი გაიწელა, ამასობაში კი პირველი მსოფლიო ომიც დაიწყო...

ბუნებრივია, მადათოვის კუნძულისთვის აღარავის სცხელოდა.


  - „ასაკი“... [როდიდან ჩნდება მადათოვის კუნძული ქალაქის რუკებზე და ზოგადად, ქალაქის ცხოვრებაში…]

მადათოვის კუნძული ჩანს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის გეგმაზე, რომელიც XVIII საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვახუშტის, პრაქტიკულად, ყველაფერი მითითებული აქვს, ამ კუნძულს არანაირი განმარტება არ ახლავს; მასთან დაკავშირებით არ ფიქსირდება არანაირი სახელი.

  - თბილისელების კუნძული, თუ უბრალოდ კუნძული ქალაქში? 

ეს ტერიტორია ძველ ქალაქს მოშორებული იყო და დიდი ალბათობით, ვერც ძველი მესაკუთრეები [ორბელიანები, მუხრან-ბატონები, ვანქი] მოუძებნიდნენ რაიმე პრაქტიკულ გამოყენებას. ეს იყო მოტიტვლებული კუნძული, რომელიც უკვე XIX საუკუნის მეორე ნახევარში იძენს მნიშვნელობას, შესაბამისად, ორთაჭალის კუნძულისგან განსხვავებით, თბილისელებისთვის ის პრაქტიკულად არაფერს წარმოადგენდა.

ამას მოწმობს ისიც, რომ სხვადასხვა მოგონებებში, რომლებიც XIX საუკუნის პირველი ნახევრის თბილისს აღწერს, ამ კუნძულის ხსენება არსად შემხვედრია.

  - ორთაჭალა VS მადათოვი

მოგეხსენებათ, ძველი თბილისი მჭიდროდ იყო დასახლებული, შესაბამისად, ქალაქის შუაგულში რეკრეაციული ზონები პრაქტიკულად არ გვხვდებოდა; აქედან გამომდინარე, ქალაქის მოსახლეობა შაბათ-კვირას გადიოდა თბილისის გარშემო მდებარე ბაღებში: ორთაჭალის, კრწანისის, სოლოლაკის ტერიტორიაზე; მოგვიანებით, ქალაქის ზრდასთან ერთად, ამ სივრცეებს ვერის ბაღებიც დაემატა.

ორთაჭალის კუნძული ბევრად უფრო ახლოს იყო ქალაქის ცენტრთან, იქ გაშენებული ბაღები კი თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი და კონცენტრაციის ცენტრი იყო.

  - ვინ, როდის და რატომ გააქრო კუნძული

 მადათოვის კუნძული! გუშინდელი მისი მნახველი განა გაოცებული არ დარჩება დღეს? სადღა არის ნასახი იმ უმსგავსო შენობებისა და ნაგავხანისა, გუშინ რომ თვალსა სჭრიდა იქ გამვლელ მოქალაქეს. ახლა მთელი ეს კუთხე გულის სალხინობელი ბაღით არის დამშვენებული და სისუფთავის ნიმუშათაც გადაქცეულა“, - გაზეთილიტერატურული საქართველო“, 1936 .
თბილისი, რაც არ უნდა იყოს, არა მარტო საქართველოს დედაქალაქი, არამედ კავკასიის ცენტრიც იყო და ამ სტატუსს როგორც მეფის, ისე საბჭოთა რუსეთის დროსაც ინარჩუნებდა; ამიტომაც, ბუნებრივია, ლავრენტი ბერიას გული მასშტაბური პროექტებისკენ მიუწევდა; მასშტაბურობა, პომპეზურობა და თვალში ნაცრის შეყრა კი საბჭოთა პერიოდს მუდმივად თან სდევდა ლაიტმოტივად...

კიბატონო, ქალაქს სჭირდებოდა ახალი ინფრასტრუქტურა, მაგრამ მტკვრის ტოტის დაშრობა და იქ საავტომობილო გზის გაყვანა, რამაც ქალაქს მადათოვის კუნძული დააკარგვინა, ვფიქრობ, მაინც ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო.

დღეს ჩვენ სხვა თვალით ვუყურებთ ძველ თბილისს, საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის კი,  ძველი თბილისი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა. ძველისგან გათავისუფლების საბჭოთა იდეა, სამწუხაროდ, მადათოვის კუნძულის გაქრობაშიც გამოიხატა.

  - იმ ადგილას... [ისტორიის დასასრული, რა შეიძლება ყოფილიყო მადათოვის კუნძულზე დღეს...]

კუნძული „განწირული“ იყო იმისთვის, რომ იქ ბაღი გაშენებულიყო, რადგან მას არ ჰქონდა იმხელა ფართობი, რომ ვინმეს შენობების დასადგმელად გამოეყენებინა; ეს პრაქტიკული თვალსაზრისითაც გაუმართლებელი იქნებოდა.

პირადად მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია ქალაქის ცენტრში იყოს ამ ტიპის რეკრეაციული ზონა, მითუმეტეს, რომ მადათოვის კუნძულს, იქ ბაღის გაშენების შემთხვევაში, ექნებოდა გოგლა ლეონიძისა და ალექსანდრეს ბაღთან დაკავშირების პერსპექტივა, რაც, ატრაქციის თვალსაზრისითაც საინტერესო მოვლენა იქნებოდა.

გიორგი ჭეიშვილი