აღა-მაჰმად-ხანის მიერ შეპყრობა ტფილისისა |


[ეს წერილი დაწერილია ბატონიშვილ თეიმურაზის მიერ. წერილის ლითოგრაფიული პირი მარი ბროსეს ჩაურთავს თავის Chronique Georgienne-ში, რომელიც დაიბეჭდა პარიჟში 1833 წელს.]

★ ...„მაშინ შემოვიდა აღა-მაჰმად-ხან ტფილისს წინა-მძღვანელობითა ჯავად-ხან განჯელისათა, რომელიცა იყო გვარეულებითა ყაჯარივე ზიად-ოღლობად ხმობილთაგანი. მიუძღვა ესე აღა-მაჰმად ხანს პალატსა მეფისასა. ხოლო იხილა-რა პალატი მეფისა, მოვლო ყოველნი ადგილნი და სახლისა შინაგანნი. და რაიცა სთნდა მას საუნჯისაგან და პალატისა შესამკობელთა ნივთთაგან, აღიღო თვით და დანაშთისა უბრძანა მხედრობასა თვისსა განძარცვად ყოველთა ნივთტა და საუნჯეთა მეფისათა.

და შემდგომ მისსა უბრძანა რათა ეკკლესიანიცა ტფილისისანი ყოველნივე განსძარცვნენ და ყოველნივე სადგურნი და პალატნი მეფეისა წევრთა, თავადთა, აზნაურთა და მოქალაქეთანი დაწვად.

და მცხოვრებთათვის ტფილისისათა უბრძანა ვინცა უკვე დაშთომილ იყვნეს და არა განსრულ იყვნეს ტფილისით მოქალაქენი გინა სხვანი, რათა ყოველნივე ტყვე ჰყონ მათ-დიდნი და მცირენი.
ხოლო ტფილისსა შინა მცხოვრებთაგანთა მრავალსა ადგილსა განუმაგრნეს სახლნი და ქუჩანი და მრავალნი სპარსნი მოსწყვიტნეს.   
და მრავალნი განმაგრებულთა მათგანნი, ღამე, დაფარულისა გზით, იდუმალ განვიდეს ქალაქით და ივლტოდეს, ხოლო ტყვენი ტფილისისანი რომელნიცა შეიპყრნეს, განიყვანეს გარე ქალაქისა, ბანაკსა შინა მათსა, რომელიცა აქვნდათ სოღალუხისა სოფლისა მახლობელსა ველსა ზედა, პირსა ზედა მდინარისა მტკვრისასა. ხოლო ადგილი იგი შორავს ტფილისსა ერთისა ეჯითა (ერთის საათის სავალის გზით, ან შვიდ ვერს-ოდენ); თუმცა ტფილისსა შინა ტყვე ქმნილნი იყვნეს სამი ათასამდე, მაგრამ მუნ მოსახლეთა თავადთა, აზნაურთა და ჩინებულთა მოქალაქეთაგანნი არა მრავალი სული დატყვევებულ არს.

კვალად შევიდა აღა-მაჰმად ხან აბანოსა შინა მეფისასა და სთნდა ფრიად შენებული მისი, რათა იყო იგი მარმარილოთა და თლილთა მიერ ქვათა ნაშენი. და ეგრეთვე დაუკვირდა სიკეთე ტფილისა მის წყლისა, რომელნიცა სდიან ტფილისსა შინა კლდეთაგან ტფილისისათა, ბუნებითად ტფილნი, ფრიად წმინდანი, ყოვლითურთ აღუმღვრეველნი და მარგებელნი წყალნი და რაოდენ გზისამე განიბანა მას შინა. გარნა ეგრეთვე ვერა განერა მძვინვარებასა მისსა და უბრძანა შემუსრვად აბანო იგი მეფისა.

კვალად შევიდა აღა-მაჰმად-ხან საჭურველთა სახლსა შინა მეფისასა და ეგრეთვე არტილერიისა სახლსა შინა, სადაცა იყო ზარბაზანთა ჩამოსასხმელნი მანქანანი და სახსარნი არტილერიისანი. საჭურველნი ყოველნივე წარიხვნა და ეგრეთვე ზარბაზანნი ფრიად რჩეულნი და სწავლულთაგან არტილერიის ხელოვანებისათა შთამოსხმულნი. და ყოველნი იარაღნი ზარბაზნის ჩამოსასხმელთანი შემუსრნა და დაწვნა და სახლნიცა იგი სრულიად დააქცივნა და მოთხარა; ხოლო არტილერიის მოსამსახურენი, რომელნიცა იგდო ხელად, წარიყვანნა იგინი თვის თანა და პატივი მიაპყრო მათ და რომელთამე მათგანთა მოუპოვა ცოლ-შვილნი მათნი და ნათესაობანი და შთაიყვანნა იგინი სატახტოდ ქალაქად თვისად თეირანად. და დააწესა იგინი არტილერიასა თვისსა შინა, მისცნა მათ ჯამაგირნი და საცხოვრებელნი საკმაოდ და აღუშენნა მათ სახლნი და დაადგინნა მოხელედ არტილერისა თვისასა.

მხედარნი სპარსთანი განვიდიან ღამე ტფილით ბანაკად თვისად და დღე მოიქცეოდიან, ძრცვიდიან და აოხრებდიან ტფილისსა. მხედრობათაგან აღა-მაჰმად-ხანისათა აღირიცხეს მომკვდარნი ლაშქარნივისთა (მხედრობის მწერალნი და აღმრიცხველნი) ბრძოლასა შინა და ტფილისისა მოსახლეთაგან მოკლულ იყვნენს ათ სამეტ ათასი (13 000) კაცნი მებრძოლნი სპარსნი...“

[გაზეთი „ივერია“, 1891 წ.]

გიორგი ჭეიშვილი