მაგრამ არა მგონია ბევრმა იცოდეს ჩვენში - თუ რას მოასწავებს ამ გვარი ჩვეულება და რა მნიშვნელობა აქვს თამადისა და ტოლუმბაშის არჩევას.
ამის გამო მე აქ მოვიყვან რამდენიმე ცნობასა და სიტყვას, რომელიც ერთმა მოხუცებულმა გადმომცა ამ საგნის შესახებ. ეს ცნობები ტყუილი არ უნდა იყოს, რადგანაც მთქმელს თავის პაპისაგან გაუგონია - ჩარექიშვილი თამაზასაგანა, რომელიც მეფე ერეკლეს დროს დიდად განთქმული ტოლუმბაში და ღვინის მსმელი ყოფილა, ისე რომ თითო ჩარექს ისე დასცლიდაო, რომ ერთსაც არ დაისვენებდაო და ამისთვისაც უწოდეს მას „ჩარექაშვილიო“.
მეფე ირაკლი მეორის დროსა სპარსეთსა და საქართველოს შუა ცოტათი კავშირი იყო ჩავარდნილიო და ხშირად მისვლა-მოსვლაცა ჰქონდათ ერთმანეთშიო; ამ დროს ხშირად მოდიოდნენ ხოლმე ყეინის შვილები საქართველოს მეფეთა წინაშე და რჩებოდნენო; რასაკვირველია, წვეულებაც და მეჯლიში საკადრისათ უნდა ემართათ და მართამდნენ კიდეცა.
მეფე ირაკლი მიიღებდა ხოლმე ყეენის შვილებს დიდის პატივითაო, თვის სამეფო სახლში მისცემდა სადგომ ალაგსა და მიიწვევდა კიდეცაო.
აი ამ დროს მეფის ბრძანებით შეიყრებოდა მთელი საქართველოს წარჩინებული ახალგაზდა ყმაწვილ-კაცობა და ერთათ უნდა ეჭამათ სადილი ერთს რომელიმე სამეფო ბაღში ყეინის შვილების პატივის-საცემათ.
ეს ახალგაზდები ამაირჩევდნენ ერთს თავიანთაგანს, რომელსაც შესძლებიყოს კარგა ბლომათ ღვინის სმა და ყველას დათრობა და მისცემდნენ მას პირველ ალაგს სუფრაზე და დასომდნენ მუთაქაზე. პირველათ მას უნდა დაეცალა აზარფეშა და საჭმლის გემოც პირველათ მას უნდა ეგემებია, რომ სხვასაც მადა მისცემიყოთ ჭამა-სმისა.
აქედამ წარმომდგარა სიტყვა „თავი მადა“ ანუ თამადა. ტოლუმბაშიც იმიტომ დაურქმევიათ, რომ ესევე ზემოხსენებული პირი იყო „ტოლების“, ერთად მსმელების „თავი“ ანუ სპარსულად „ბაში“.
როგორც ახლა, მაშინაც ტოლუმბაშის მოვალეობა ის იყო, რომ სუფრაზე სუყველა დაეთრო და თვითონ კი ყოჩაღათ ყოფილიყო, სუფრის ალაგების დრომდინაო; ამ დროს ყველა ახალგაზდა მას თავს დაუკრავდა და ეტყოდა - „ტოლუმბაშს გაუმარჯოსო!“ და შემდეგ წავიდოდნენ თავ-თავიანთ სახლებშიო.
აი ეს მნიშვნელობა ჰქონია თამადობასა.
ესეც მითხრა ჩემმა მოხუცმა, რომ არ ვიცი იქნება მეფე ერეკლეზე ადრეც იცოდნენ ქართველებმა ტოლუმბაშობაო, მაგრამ პაპაჩემი თამაზასაგან კი ასე გამიგონია, რომ ეს სახელი და ამბავი მეფე ერეკლე მეორის დროს გავარდა მთელს საქართველოს ხალხშიაო“.
[ზ. მთაწმინდელი, გაზეთი „დროება“, 1878 წ.]