ტფილისი რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს |


[ტფილისი რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, 1877-1878, გაზეთი „დროება“, 1877 წ.]

„ქალაქს გარეშე ადგილებიდამ ჩვენ ჯერ არაფერი ამბავი არ მიგვიღია - თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს პროვინციაში ომის გამოცხადებამ.

ქალაქში კი დამკვირვებელი თვალი ვერავითარ განსაკუთრებულ შთაბეჭდილების მოხდენას ვერ შეამჩნევს. დღეს, ხუთშაბათს [15 აპრილი, 1877 წ.], როცა ამ სტრიქონებსა ვსწერთ, მესამე დღეა, რაც ომი გამოცხადდა და ჩვენს ქალაქში ჯერ-ჯერობით არა შეცვლილა-რა, ყველაფერი თავის რიგზე და წესზე მიდის, ყველას თავისი ჩვეულებრივი სახე და შეხედულობა აქვს; თითქო ყველა მოელოდა, თითქო ყველა დარწმუნებული იყო, რომ ომი უეჭველად უნდა გამოცხადებულიყო; ამიტომაც არა გაუკვირდათ-რა და მომეტებულ ნაწილს არც კი ეტყობა სახეზე მაინც-და-მაინც შესამჩნევი გამომეტყველება, რომელიც გამოხატავდეს, რომ ეს ომის გამოცხადება რომელისამე მხრით იმათაც ეხება.

ხორაგეულის ფასზედაც ჩვენს ქალაქში ომის გამოცხადებამ გავლენა არ იქონია; ყველაზე უფრო ხორცის, ფქვილისა და შაქრის გაძვირებას მოელოდნენ ომის დაწყებისა-თანავე, მაგრამ ეს სამი საგანი ჯერ-ჯერობით მაგდენათ არ გაძვირებულა.

როგორც დღევანდელი ჩვენი გაზეთის უკანასკნელ გვერდზე ნახავთ,მ ხორცი-ლიტრა ღირს 90 კაპეიკად, შაქარი-ფუთი 8 მან. 50 კაპ. და ფქვილი-ფუთი 1 მან. და 60 კაპ. ჯერ ასეა და მერე ვნახოთ - რა იქნება.“

***

★ „ომის გამოცხადება თან-და-თან ეტყობა ჩვენს ქალაქს [20 აპრილი, 1877 წ.]. პირველსა და მეორე დღეს, ომის გამოცხადების შემდეგ, ხალხი თითქო გაოცებული იყო, თითქო არ იცოდა - რა ეთქვა ამ გარემოებაზე და როგორის თვალით შეეხედნა. შემდეგ კი გაიკვლიეს გზა...

გაფაციცებული გამორბიან გარეთ ყველანი დიდით-პატარამდინ და მოდიან ბულვარზე. აქ, მერიმანოვისა და მდივანის სახლების წინ, ნამდვილი პოლიტიკური ბირჟაა. მუდამ ჯგუფ-ჯგუფად შეგროვებულია ხალხი. ზოგს ტელეგრამა უჭირავს ხელში, ჰკითხულობს და სხვები ყურს უგდებენ.
ზოგი კი ისე ჩამდგარა ხალხში და ომის ამბავს ელაპარაკება პირ-დაღებულს ხალხს, თითქო ეს არის დაბრუნებულიყოს ბრძოლის ველიდამ და ყველაფერი „საკუთარის თვალით“ ენახოს.“

***

„გუშინ წინ, ოთხშაბათს [24 აპრილი, 1877 წ.], ჩვენს ქალაქში ჩამოიყვანეს 25 ტყვე ოსმალო, რომელნიც, როგორც ამბობენ, ახალციხის სამზღვარზე დაუჭერიათ.

მთელი ქალაქი დაედევნა ამათ, როცა ქუჩებში ჩამოატარეს; ქალაქის ბიჭებმა თითქო ლუკმა-პური იშოვნეს, ისე კუდ-მოგლეჯილი და კიჟინით მისდევდნენ. მაგრამ სასიამოვნო იყო ის, რომ ერთსაც არ მოუფიქრნია რაიმე შეურაცხყოფა მიეყენებია ამ უბედურებისათვის; ყველანი თანაგრძნობით შესცქეროდნენ და ზოგიერთებმა პაპიროზიც კი უთავაზეს.

როგორც ზევით მოგახსენეთ, სულ 25 კაცი იყო; ამათში სამი აფიცარი და დანარჩენი უბრალო სალდათები. ესენი ამოიყვანეს სოლოლაკში (აფიცრები დროჟკებით), ადგილობრივ ჯარის შტაბში შეიყვანეს, იქ ჩასწერეს და მერე ისევ წაიყვანეს, ალბათ სადმე ყაზარმაში დასაყენებლად.“

***
★ „ნათქვამია: ერთი ჭირი მარგებელიაო. ომი ხომ ჭირია და ჭირი; მაგრამ ჩვენს ხალხს ამ ომმა ის სარგებლობა მოუტანა, რომ გაზეთების კითხვას შეაჩვია. ვისაც არ დაინახავთ ახლა, ვისაც თავის დღეში გაზეთის სახელიც არ გაუგონია, ყველას ხელში უჭირავს და ჯგუფ-ჯგუფად ჰკითხულობენ. კინტოები ბრძოლის ველის შაურიან კარტასა შლიან და ერთმანეთს უთითებენ, რომ - აი რუსები აქ გადავიდნენო!“
***

„გუშინ ჩვენს ქალაქში მოიყვანეს ყარსთან უკანასკნელს ბრძოლის დროს დაჭერილი ფაშები; ამათთვის „ლონდონის“ სასტუმროში ოთახები იყო დამზადებული; ამბობენ, დღეში თითო ფაშას 8 მანეთი აქვს ხარჯის ფულად დანიშნულიო.“

***

„სწორეთ შესაბრალისნი არიან ეს დატყვევებული ფაშები, რომელნიც ამ ჟამად ქალაქში იმყოფებიან; ისე შინიდამ ვერ გამოსულან, ისე ფეხი ვერ გადაუდგამთ, რომ უანგარიშო ხალხი ერთის ამბითა და ხან კიჟინით არ დაედევნოს უკან. 

დადევნება და კიჟინი კიდევ არაფერი: ზოგიერთი ქუჩის ბიჭები იქამდინ თამამად იქცევიან, რომ კალთაში და ტანისამოსში წაავლებენ ხელს და სწევენ.
- Nous sommes ici comme un singe dans un cage! (როგორც გალიაში დამწყვდეული მაიმუნი, ისე ვართ ჩვენ აქაო!) სთქვა ერთმა ამათგანმა, - მაგრამ ყველაზე უფრო ის მაკვირვებსო, რომ სხვაგან საზოგადოთ ქუჩის ბიჭებმა იციან სდევნა, როცა ვისმეს ან რასმეს უნახავს დაინახავენ, და აქ კი მაღალ საზოგადოებასაც ჰქონია ეს ჩვეულებაო!
კაცთ-მოყვარეობა თხოულობს, რომ მტერსაც არ მივაყენოთ ტყუილ-უბრალოთ შეურაცხყოფა, განსაკუთრებით იმისთანა მტერს, რომელიც დაცემულია, რომელიც ჩვენს ხელშია. უიმისოთაც ესენი ზნეობით წვალებულნი და დამცირებულნი არიან; რად უნდა ვაგრძნობინოთ მუდამ, რომ ესენი თითქოს მართლა მაიმუნები არიან და შეგვიძლიან როგორც გვნებავს, ისე მოვეპყრათ, ისე ვათამაშოთ...“

***

★ „ჩვენ შევიტყეთ, რომ იმ შვიდ დატყვევებულ ფაშებში, რომელნიც ჩვენ ქალაქში იყვნენ დროებით, ექვსი რუსეთს გაუგზავნიათ და ერთი კი, როგორც გვითხრეს, ომარ-ფაშა აქ დარჩენილა“.

***

[გაზეთი „დროება“, 1877 წ.]

★ „დღეს [21 თებერვალი, 1878 წ.] დილის 10 საათზე, ზარბაზნის სროლამ აცნობა თფილისელებს, რომ რუსეთსა და ოსმალეთს შუა მორიგება მოხდა. დიდძალი ხალხი გამოცვივდა ქუჩებში და ეკითხებოდნენ ერთმანეთს - თუ რისგან არის ეს სროლაო. ბოლოს ხმა გავარდა, რომ მორიგება არისო“.


***

★ „დღესაც [22 თებერვალი, 1878 წ.] ბულვარზე და ქალაქის ქუჩებში უჩვეულებრივო მოძრაობაა ხალხისა; გროვა-გროვად იყრიან თავს და არის ერთი გაცხადებული, დაუბოლოებელი მასლაათი და სჯა, უფრო ხშირად იმაზე - თუ რა პირობებით გაათავა რუსეთმა ოსმალეთთან ბრძოლა და მერე კიდევ რა მოგველისო? ეს კონგრესი რაღა ჯანდაბა არისო? და სხვ. და სხვ.

ჩვენში დარწმუნებულნი არიან, რომ ბათუმი და საზოგადოთ ოსმალეთის საქართველო და არზრუმი უეჭველად ჩვენ შემოგვიერთდებაო...

დღე-დღეზე მოველით ოფიციალურ ტელეგრამმას იმ საგნის შესახებ, რომელზედაც ასე გაცხარებით სჯიან ახლა ჩვენში და რომელსაც მოუთმენლად მოელიან, ე.ი. ოსმალეთთან მორიგების პირობებზედ.“

***

★ „თფილისის განცხადებანი“ ამბობს, რომ მომეტებული ნაწილი იმ ოსმალოს დატყვევებული სალდათებისა, რომელნიც ამჟამად თფილისში ცხოვრობენ, სახლების შენებაზე და ქუჩების გაწმენდაზე მუშაობენო და ამ ნაირად ცოტაოდენ ფულს იგებენო“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.

გიორგი ჭეიშვილი