#უცხოელი მოგზაურები ტფილისზე - აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი |

აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი
[XIX საუკუნის 40-იანი წლების გერმანელი მეცნიერ-მოგზაური – აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი კავკასიაში 1843 წელს იმყოფებოდა. ამ მოგზაურობის შედეგია ორნაწილიანი წიგნი „ამიერკავკასია“ (ლაიფციგი, 1856). ]

 „ტფილისი თავისებურ შთაბეჭდილებას ახდენს. იმ მხრიდან, საიდანაც ქალაქში შედიხარ, მას მთლად ევროპული იერი აქვს.

ქალაქის ეს ნაწილი რუსების მიერაა აგებული. სწორი ქუჩები, თანამედროვე სახლების მწკრივები, ელეგანტური მაღაზიები, სახელდობრ, წიგნის, საგალანტერეო, აფთიაქები, კაფეები, ბევრი საზოგადოებრივი დაწესებულება, გუბერნატორის სასახლე, ეკლესიები გუმბათებითა და კოშკებით (ტფილისში უნდა იყოს 22 რუსულ-ქართული ეკლესია, 15 სომხური, ერთი კათოლიკური; აგრეთვე ერთი სპარსული მეჩეთი, ერთი თათრული მეჩეთი და ერთი ებრაული სინაგოგა. გერმანელ კოლონისტებს თავიანთ სოფელში, ტფილისს გარეთ, აქვთ პროტესტანტული ეკლესია), ქუჩებში მრავალფეროვანი რუსული სამხედრო ფორმები, ფრანგული კოსტიუმები, ფრაკები და ა. შ. - ყოველივე ამას ევროპაში გადავყავართ.

მაგრამ ამ ევროპული ქალაქის ბოლოს იწყება ნამდვილი აზიური ნაწილი ბაზრებით, ქარვასლებით, გრძელი ქუჩებით, სადაც ღია დუქნებში მისდევენ ყოველგვარ ხელობას.

აქ ქუჩაში ხედავ სამჭედლო ქურების მთელ რიგს, სადაც ხელოსნები წყნარად ჭედენ (ურტყამენ უროს) და ქუჩაში გამვლელებს არც კი ამჩნევენ. გვხვდება სახლების რიგი, სადაც მკერავები უსხედან თავიანთ სამუშაოს: იგივენაირ პოზაში, ისეთივე მოძრაობებით და ჟესტიკულაციით, ისეთივე შიშით, როგორც ჩვენთან. შემდეგ მოდიან ხარაზები, ტყავის ოსტატები და ა. შ.

ახლა კი გარეგნობა და ხალხები, რომლებსაც შევხვდით!

აქეთ თათრები თავიანთ სამოსში, რომლიდანაც უეჭველად წარმოსდგება ე. წ. პოლონური; იქით გამხდარი, მზით გარუჯული სპარსელები განიერი ჩამოშვებული (ფრიალა) სამოსით (კაბებით); ქურთები თამამი სახეებით; ცხენით მოვაჭრე ლეკები და ჩერქეზები;

დაბოლოს, ქალები – მშვენიერი ქართველები, გრძლად ჩამოშვებული მანდილებით (მოსასხამებით – ლეჩაქებით) და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით!

და ყველა ეს ადამიანი, თითოეული თავისებური სილამაზით, როგორიც არც ერთ ქვეყანაში და ხალხში არ გვხვდება მსგავსი სიჭარბით და მრავალფეროვნებით! ამასთან ეს ჭრელი, მრავალნაირი და უკლებლივ თვალწარმტაცი, ლამაზი ტანსაცმელი! არსად გვხვდება ევროპისა და აზიის კონტრასტები და თანხვდენა ისე ახლოს ერთმანეთთან, როგორც ტფილისში!

***

აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი - ტფილისის ხედი

 ტფილისი – მთელი ტრანსკავკასიის მთავარი ქალაქი, დიდი ხნის წინ, ძველი მცხეთის დანგრევის შემდეგ გახდა გეორგიის (გრუზიის) დედაქალაქი. 

სახელი ამ პუნქტს მიღებული აქვს თავისი ცხელი წყაროებიდან – ოდითგანვე ერქვა მას თილისი (Thilis). ფუძე thl და tpl ქართულად ნიშნავს თბილს. სლავურ ენებს იგივე ფუძე teplo – თბილი აქვთ, აქედან ტეპლიც (Teplitz და Töplitz). ლათინური tepidus ამასვე განეკუთვნება.

ამჟამად ტფილისის მთელი მოსახლეობა 50000 სულს შეადგენს. 1795 წლის 11 სექტემბერს ტფილისი მთლიანად გაანადგურა სპარსეთის შაჰმა ევნუხმა აღა-მუჰამედ ხანმა.

რუსული მფლობელობის პირობებში ქალაქი წარმოუდგენლად გაიზარდა და კიდევ უფრო მოიმატებდა, რომ არ შეზღუდულიყო თავისუფალი ვაჭრობა და არ შემოეღოთ რუსული ბაჟი ევროპიდან შიდა აზიაში ვაჭრობაზე, რის გამოც საქონელი ტრაპიზონზე გავლით მიემართება თავრიზისკენ მაშინ, როცა ბუნებრივი გზა ტფილისზე გადის.

***

 ტფილისის მოსახლეობას რუსებისა და გერმანელების (ხელოსნები, მხატვრები, ვაჭრები და ა. შ.) გარდა, შეადგენენ სამი ეროვნების ხალხები – ქართველები, თათრები და სომხები. 

ქართველები წარმოადგენენ ნაწილობრივ მრავალრიცხოვან თავად-აზნაურობას, ნაწილობრივ მებაღეებს; ასევე საკმაოდაა ღარიბები და ღატაკები.

აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი - ქართველი დიდებულის სახლი ტფილისში
თათრები არიან ხელოსნები, მჭედლები, უნაგირების ოსტატები და ა. შ. 

სომხები თითქმის ყველა ვაჭარია.

ტფილისი არის აზიისა და ევროპის გზასაყარი (20-30 წლის წინათ უფრო მეტად, ვიდრე ამჟამად). ახლა ინგლისსა და საფრანგეთიდან ინდოეთისკენ გზა მიდის ალექსანდრიაზე გავლით (ორთქლის გემებით წითელ ზღვაზე); უწინ კი ის მიემართებოდა ტფილისზე სპარსეთის ზღვის ყურისკენ. მაგრამ დღესაც ცოტაა ისეთი ქალაქი, რომელშიც ამდენი სხვადასხვა ეროვნების ხალხი იყრიდეს თავს: რუსები, ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები, სპარსელები, თურქები, თათრები, სომხები, ქურთები, უზბეკები და კავკასიის ყველა ხალხები.

ასევე ყველანაირი სარწმუნოება გვხვდება: რომაული, ბერძნული, სომხური ეკლესიის ქრისტიანები, ყველა ჯურის პროტესტანტი, სუნიტი და შიიტი მაჰმადიანები, ებრაელთა სხვადასხვა სექტები და თვით წარმართებიც.

ჩვენ დავათვალიერეთ ამ ხალხების საცხოვრებლები.

თათრებმა არ მოისურვეს შევეშვით სახლებში; სომხებთან ჩვენ ვნახეთ მათი სავაჭრო დუქნები და მხოლოდ სასტუმრო ოთახები.

ქართველმა ღარიბებმაც დიდი გაჭირვებით შეგვიშვეს თავიანთ „სახლში“ (მათთან სახლი მხოლოდ ერთ ოთახს შეიცავს). ისინი ძალზე ღარიბულია; შუაგულში პატარა კერაა, რომლის თავზეც ჭერში ხვრელია კვამლის გასასვლელად. კერის ერთ მხარეს ერთგვარი სკივრია ლოგინის ჩასაწყობად (სალოგინე); მეორე მხარეზე კი დგას კიდობანი – პურისა და სანოვაგის შესანახად. მხოლოდ კარის ორი ძელი (ბოძი) იყო მორთული ცოტა ჩუქურთმით. ძალზე მოხერხებული აკვანი ეკიდა ელასტიურ ღერძზე.

საღამოს, დილას და ღამის ერთ ნაწილს ქართველები (განსაკუთრებით ქალები) ატარებენ ბრტყელ სახურავზე ან აივანზე (ჩარდახი). არაა იმაზე უკეთესი სანახაობა, როგორიც ზაფხულის მშვენიერ საღამოს ქუჩაში სეირნობისას ამ ერთთავად წარმტაცი ქალების ცქერა, რომლებიც, ლამაზ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილნი, თავიანთ აივნებზე (ბანზე) მიდიმოდიან, თამაშობენ, მღერიან და გამვლელებს ეკეკლუცებიან!

[…]

ახალი შენობების ქვის წყობა ტფილისში, განსაკუთრებით თაღები, საუცხოოა; გაცილებით უკეთესია, ვიდრე რუსული შენობებისა. მე გავიგე, რომ ამისთვის მოჰყავთ სპარსელი კალატოზები (ქვის ოსტატები), რომლებიც აზიაში საუკეთესონი არიან. მათ ალბათ შემოინახეს ანტიკური შენობების აგების წესები და კირის (დუღაბი) საიდუმლო! – ისინი დღიურად იღებენ 1 ½ მანეთს ვერცხლით.

მე შევედი ერთ სომხურ დუქანში ზოგი წვრილმანის საყიდლად. ეშმაკმა სომეხმა ძალზე მოხერხებულად და სწრაფად გამაცურა და მომატყუა.

სომხები შეადგენენ ტფილისის მოსახლეობის 1/3-ზე მეტს (10000-ზე მეტი); ისინი არიან საქმიანი, ბეჯითები, ანგარიშიანი; ისინი თანდათან ეუფლებიან ზარმაცი, უსაქმო ქართველების ქონებას – შესყიდვით, არენდით, გირაოთი და ა. შ., რის გამოც ძალზე სძულთ.

ქართველებს აქვთ პატიოსნის სახელი, მხოლოდ ერთი გამონაკლისით – უბრალო ქართველი სიამოვნებით იპარავს თაფლსა და ფუტკარს. სომხები, ჩვეულებრივ, მატყუარები არიან. მაგრამ ამ ორ ხალხში იშვიათად ნახავ ქურდს მაშინ, როცა თათრები სიამოვნებით ქურდობენ – განსაკუთრებით საქონელს იპარავენ, ყველაზე მეტად კი ცხენს! – ისინი უწყვეტად არ შრომობენ; მიწათმოქმედებას იმდენად მისდევენ, რასაც მათი საჭიროება მოითხოვს; ეწევიან მესაქონლეობას და მომთაბარულ ცხოვრებას; თუ არ ჰყავთ საკუთარი ფარები, ქირით მწყემსობენ; უფრო მეტად კი მეეტლეობას ეტანებიან! საკვების მხრივ, მცირით კმაყოფილდებიან, ოღონდ ცხენის ხორცი არ უნდა დაანახოთ!

როგორც მითხრეს, 25 წლის წინ ტფილისში მხოლოდ სამი სახაზინო შენობა იყო, ისიც ერთსართულიანი, ევროპულად ნაგები – გუბერნატორის, პოლიციისა და კომენდანტის. სხვა სახლებს თითქმის არ ჰქონდათ მაშინ მინები და ზამთრობით ფანჯრების ჭრილებს გაზეთილი ქაღალდით აკრავდნენ; ზაფხულობით ღიას სტოვებდნენ.

ბაზარიც შედგებოდა ერთსართულიანი დუქნებისაგან.

მაშინ ქართულ ტანსაცმელს ატარებდა ყველა ფენის წარმომადგენელი.

თავდაპირველად ქალთა სამოსში შემოვიდა პატარა ცვლილება. პირველები ქუჩის ქალები იყვნენ, რომლებმაც თეთრი წინდები და ევროპული ფეხსაცმელები ჩაიცვეს მაშინ, როცა ქართულ სამოსს მხოლოდ ტყავის ამოქარგული წაღები წარმოადგენს, ხოლო გარეთ (ქუჩაში) კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები.

თავდაპირველად თითით უჩვენებდნენ ევროპულს, ახლა კი მაღალ ფენებში თითქმის საყოველთაოდაა ევროპული ფეხსამოსი გავრცელებული, საშუალოში კი უკვე საკმაოდ.

მხოლოდ ლამაზი ქართული თავსაბურავი – გრძლად ჩამოშვებული თეთრი გაზის პირბადის (ჩადრი) ჩათვლით, გვხვდება მაღალ და დაბალ საზოგადოებაშიც. აღსანიშნავია, რომ ტანსაცმლის გარდაქმნა და მოდერნიზება დაიწყო ფეხიდან, გერმანიაში კი – თავიდან (გლეხის გოგოებმა და ქალებმა ჩვენთან ჯერ ძველი ეროვნული ქუდები მოიხადეს და შიშველი თავით დაიწყეს სიარული, შემდეგ შემოვიდა ჩითის კაბა ნაცვლად თვითნაქსოვისა და ა. შ.).

ტფილისში უკვე არსებობს დიდი აღმზრდელობითი დაწესებულება, სადაც ქართველი ქალიშვილები ფრანგულად ლაპარაკობენ და ბალზაკის რომანებს კითხულობენ!

ბევრჯერ ვიყავი ბაზარში. აღმოსავლური ბაზარი არაჩვეულებრივად საინტერესოა. კვირა დღეს ქრისტიანები არ ვაჭრობენ, მხოლოდ თათრები; მაგრამ მოცლილი ხალხი ყველა მაინც ბაზარში იყრის თავს. – აქ შეგვხვდება დიდი ჯგუფი, მომღერალს რომ შემორტყმია გარს. ის მღერის სპარსულ, თათრულ, ქართულ სიმღერებს მეორე პირის თანხლებით, რომელიც უკრავს სამ სამკუთხა ინსტრუმენტზე. ისინი უმღერიან ან სიყვარულს, ან წარსულ გმირებს (ოღონდ არა თანამედროვეს!). მეორე ჯგუფი შეკრებილა ზღაპრებისა თუ ლეგენდების მთქმელთან.

აქ მე გავიგე საოცრად ადრეული ქორწინების შესახებ. ათი წლის გოგონებს უკვე ათხოვებენ. ჩვეულება იმ ხანას ეკუთვნის, როცა გოგონებს მაჰმადიანური ჰარამხანებისთვის ყიდდნენ. ქართველი მეფეები შემოსავალს იქიდანაც იღებდნენ, რომ თავიანთ ქვეშევრდომთა ქალიშვილებს იტაცებდნენ და ყიდდნენ. მაჰმადიან ქალებს არასდროს ყიდულობენ, რადგან მათ არ თვლიან ჰარამხანის ღირსად; ამიტომ მშობლები თავიანთ ქალიშვილებს რაც შეიძლება ადრე ათხოვებენ, რომ ხელი შეუშალონ მათ მოტაცებას. რუსულმა კანონმა და მიტროპოლიტმა ახლახან აკრძალა გათხოვება სრული 12 წლის შესრულებამდე. მაგრამ ვინ დაძლევს ფესვმაგარ უკუღმართობას უცბად და გადაჭრით! – ამის შედეგი უნდა იყოს ქალთა სქესის (განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალების) ადრეული სიკვდილი ამ მხარეებში.“


[აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი - საქართველოს შესახებ (XIX საუკუნის პირველი ნახევარი), გერმანულიდან თარგმნა გია გელაშვილმა, გამომცემლობა არტანუჯი, 2011 წ.]

გიორგი ჭეიშვილი