ტფილისური კრივი |

ვანო ხოჯაბეგოვი - კრივი
 ტფილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საჯარო გართობა იყო კრივი. კრივი ჩვენებური, თბილისური ჩვეულებაა. საგულისხმოა, რომ სხვა ერს (ინგლისური ბოქსის გამოკლებით) მუშტი არ უყვარს, მაგ., რუსს სილა უფრო ემარჯვება. ყარაჩოღელსაც უყვარს სილა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგ., ამქრის დღესასწაულზე. ისე კი ყარაჩოღელი ჭკუის სასწავლებლად მხოლოდ „ბრმა სილას“ ხმარობს (სილა ხელის ზურგის გარტყმით).
[„კრივი - ნიშნავს მუშტებით ბრძოლას. სომხურადაც მუშტით ბრძოლას „კრივს“ უწოდებენ. თურქულად კრივს „დოგუში“ ჰქვიან. კრივობდნენ რომაელებიც, ბერძნებიც, ინგლისელებიც და რუსებიც, სადაც ძველი კრივი Бокс-ის სახელწოდებით იყო გავრცელებული“, - იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“]
კრივის დროს კი დოგადოგა მოდიოდნენ ერთმანეთზე: ჯერ ერთი მოკრივე შემოჰკრავდა ერთი ხელით მუშტს, ხოლო თუ მოპირდაპირე ისეთი სუსტი აღმოჩნდებოდა, რომ ამ ერთი მოქნეული მუშტით წაბარბაცდებოდა, მაშინ მეორე მხრიდან მეორე მუშტსაც მიარტყამდა მისაშველებლად, რომ ზეზე დამდგარიყო სწორად: მერე დაიჭერდა ორივე ხელით - შეაჯანჯღარებდა, შეასწორებდა და კვლავ იწყებოდა ახალი გამოცდა ბრძოლისა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბრძოლის ხოშის მოსაკლავად ყოჩების, მამლების და აქლემთა ჭიდაობას ეტანებოდნენ. მაგრამ უფრო გულისხმიერი და ეპოქალურია ნამდვილი მუშტიკრივი...

[ „1878 წლამდისინ [ტფილისში] საშინელი ქვის კრივები იყო, მერე უცებ გადავარდა. ახლა დაიწყეს გაცხარებული მუშტის კრივები. მუშტის კრივები ქალაქის შორეულ უბნებშიაც იმართებოდა, მაგრამ მთავარი ცენტრი იყო ბატანიკური ბაღის სამხრეთის მხარეს, თათრების სასაფლაოს ზემოთ. ყოველ კვირა დღით ნასადილევისას იმ ბაღში იკრიბებოდნენ ქალაქის ყველა უბნის მარჯვე ღონიერი ბიჭები. მე არ მახსოვს, თუ რომელი უბანი რომელს ებრძოდა, მხოლოდ ამდენს ვიტყვი, რომ ერთობ საზარელი სანახავი იყო იმათი მუშტის ხმის გაგონება. უიარაღო ომს რომ იტყვიან, სწორეთ ის იქნებოდა.

მუშტის კრივის ბანაკს ბელადები ბევრი ყავდა, მაგრამ ყველას თავი იყო ქარაფქანდოღა, რომელსაც ბოლოს ხელწერილი ჩამოართვეს, რომ მუშტით კაცს არ გაარტყას,“ - კარაპეტ გრიგორიანცი - „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“]

ძველად სიონის ტაძარი ქალაქის ორი მოკრივე ნაწილის საზღვრად ითვლებოდა - ჩრდილოეთისა და სამხრეთის. მოკრივეთა მიჯნას წარმოადგენდა აგრეთვე შუაბაზარი ქურქჩების სახელოსნოებამდე. იყო შემთხვევა როცა მოკრივეთა „თაბუნს“ მტკვარი ჰყოფდა.

კრივი იმართებოდა სხვადასხვა ადგილას: ზარაფხანის ახლოს, საცა ეხლა ბაყალხანაა (მეტეხის ციხის ქვემო ნაწილი); არსენალთან, ეგრეთწოდებულ „ჭირიანთ ხევში“; „ბოსტნის ურმებზე“ (ძველი დამოჟნის უბანი); ავლაბრის იქით „ნახირის უბანში“, სადაც ეხლა ყაზარმებია; უფრო ხშირად კი სიონის ქუჩაზე; აბას-აბადის და კოლორთაღის მოედნებზე; აგრეთვე მოღნინის ეკლესიის ახლობელ ქუჩაზე; ბოტანიკურ ბაღის ზემოთ, ჩანჩქერის თავზე და მამადავითის ყელთან, სადაც წინათ დაცემული ადგილი ყოფილა.

კრივისთვის არც განცხადება იყო საჭირო და არც შათირების დაგზავნა. კრივი იმართებოდა კვირაობით, ყველიერის ბოლო დღეებში, აგრეთვე ნათლიღების მეორე დღეს, რადგან მიცვალებულთა სულის მოხსენების გამო, ამ დროს ყველა დუქანი დაკეტილი იყო. ყველაზე დიდი კრივი - ეგრეთწოდებული „ავლაბრის კრივი“ - იმართებოდა კვირაცხოვლობა დღეს, ამ სახელწოდების ეკლესიის მახლობლად.

კრივი პატარა ბიჭების შეჯიბრებით იწყებოდა. შემდეგ 18-20 წლის ჭაბუკები შეებრძოლებოდნენ ერთმანეთს; ჭაბუკებს 25-30 წლის ვაჟკაცები მოსდევდნენ; ხოლო, როცა ბრძოლა გამწვავდებოდა, ორივე ბანაკიდან გაისმოდა ძახილი: „ქომაგი!“ „ქომაგი!“ და ეშხში შესული დარბაისელი და გამოცდილი ფალავნები უკვე ნამდვილ კრივს იწყებდნენ.

[ „გუშინ-წინ, 27 აპრილს [1886 წ.] ქალაქის ბიჭებმა ძველებური კრივი გამართეს არსენალის ხევში. ორ რაზმად გაიყვნენ – ზემო და ქვე უბნად. ჯერ პატარაებს დააწყობინეს, 10-12 წლის ყმაწვილებს დიდების გასამხნევებლად და შემდეგ დიდებიც გაუმკლავდნენ ერთმანეთს.

ხან ერთი უბანი სძლევდა და ხან მეორე. ზემო უბნელებს შეადგენდნენ: შუა-ბაზრიდგან დაწყობილი, სოლოლაკელები, მთაწმინდელები, გარეთ-უბნელები და ვერელები – წყალ გამოღმა და ქვემო-უბნელებს – ავლაბარი, კუკია და ჩუღურეთი – წყალ გაღმა. კრივი სამ საათზედ დაიწყო და ხუთზედ დაიშალა. არ დაიშლებოდნენ, თუ ერთ-გარემოებას არ შაე- შალა ხელი – ამ ორის უბნის კრივი ორჯელ აირია, საერთო გახდა, ამ საერთო კრივში ქვემო უბნელებიდან ერთი ცოცხალ- მკვდარი გაიტანეს.

ამ გარემოებამ ყაზახებისა და კაზარმის ჯარის-კაცების ყურადღება მიიქცია და მოიწადინეს მათი გაფანტვა...“, - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I]


ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ მოკრივეთა ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: ნაცემი და დაბეგვილი მოკრივენი სტოვებდნენ ასპარეზს და ნელინელ უკან იხევდნენ (ეგრეთწოდებული „დამდგარი კრივი“ კი ხშირად ორ-სამ საათს გრძელდებოდა). მაგრამ ბრძოლა ამით არ თავდებოდა: „დამარცხებულნი იშველიებდნენ ქვებს, აგურებს, ხის ნაჭრებს და ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ. ამის გამო ხშირად იმსხვრეოდა მეზობელი სახლების კარფანჯრები, აივნები, შუშაბანდები და სხვ.; ბევრი მოკრივე ბრძოლიდან დაჭრილი გამოჰყავდათ; ხშირად მოხვედრია დამსრეებსაც, რომელთა შორის მაღალი თანამდებობის პირნიც იყვნენ.“
[„მოკრივენი რომ გახურდებოდნენ, შეურევდნენ ქვასა და ბაზრების ლაბიარები ერთ წამზე გაჰქრებოდა“. ლაბიერი - 1. ბანის გარშემო შემოვლებული აგური. დაბალი გალავანი. 2. კოჭების თავზე შემოვლებული აგურის ანუ ქართული ბანის გარშემო აშენებული აგურის კედელი“, - იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“]
ერთი ასეთი კრივი მოხდა 1851 წელს, 4 თებერვალს; ხმა დაირხა, რომ ამ კრივში 300 კაცი დაიჭრა და ხუთი მოკვდაო. ამის გამო მთელი ოფიციალური მიწერ-მოწერაც კი გაიმართა. და ამიერკავკასიის უმაღლესი ადმინისტრაცია იძულებული გახდა ცენტრალური ხელისუფლებისთვის ახსნა-განმარტება წარედგინა. მეფის მოადგილის ვორონცოვის განმარტების შემდეგ, ნიკოლოზ პირველმა ასეთი ბრძანება გამოსცა: „კრივის ნება მიეცეთ ქალაქგარეთ, მაგრამ ისე კი, რომ მუშტების გარდა, სხვა რამ იარაღი არავინ იხმაროს. კრივს თვალყური უნდა ადევნოს პოლიციამ, რომელსაც ნება ეძლევა შეაჩეროს კრივი იმ დროს, როდესაც მოპირდაპირენი გახურდებიან“.
[„საცერო - (ანუ საცერული) ბეჭედია ცერზე ჩამოსაცმელი, დაკბილული ხორკლებიანი, რომელსაც ძველად მოკრივენი კრივის დროს იკეთებდნენ ცერზე. ასეთი რგოლი ეხლაც არის ხევსურეთში, რომელსაც ღაჯია ეწოდება“, - იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“]
კრივში მონაწილეობდნენ უმთავრესად ხელოსანთა წრიდან გამოსული ფალავნები; ზოგჯერ მათ ვაჭრებიც უერთდებოდნენ.

კრივი იწყებოდა მრავალრიცხოვან დამსწრეთა შეძახილით და ყიჟინით. ხშირად მუშტის გარტყმა ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ არემარე ბანს აძლევდა.

[ზოგიერთი მოკრივე ხალხის მიერ დარქმეულ ზედმეტ სახელს ატარებდა. მაგ., „ქარაფქანდოღა“ - კლდის დამქცევი; ამბობენ, ამ მოკრივეს კლდისათვის რომ მუშტი შემოერტყა, ბელტს ჩამოაგდებინებდაო; მეორე მოკრივე - დნგრ სოლომონა - ისეთი ყოჩაღი ყოფილა, რომ, როგორც ამბობენ, ცხენის ნალს ხელით გადაღუნავდა და დაჩოქილი კრივობდა. ხოლო მესამე მოკრივეზე - ქაჩალ სტეფანეზე ასეთი ლეგენდაა: ერთხელ სიონის ქუჩაზე კრივის დროს ბანიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა თავზე. აგური ოთხად გადაწყდა, ხოლო სტეფანემ აინუნშიაც არ ჩააგდო, მაღლა აიხედა და ხუმრობით წარმოთქვა: „ვინ ოხერია, რომ მეკენჭავებაო!“]

მოკრივენი უქუდოდ, მკერდგაღეღილნი, ჩოხის კალთებაკეცილნი და ხშირად ფეხშიშველნიც იბრძოდნენ. მოკრივეთა რიცხვი განსაზღვრული არ იყო.
[ვერტუ - ამ სიტყვას კრივის დროს ხმარობენ: ვერტუ! - მოვიდეს! ან კიდევ: „განი-განი“ და სხვა“, - იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“]
კრივს ჩვეულებრივად ეგრეთწოდებული წარჩინებული პირები მფარველობდნენ. ქომაგები ცხენებზე ისხდნენ, ერთმანეთს ეკამათებოდნენ და თავიანთი რაზმის ფალავნებს აქეზებდნენ. ზოგჯერ „კარგად დამრტყმელ“ მოკრივეებს ფულითაც ასაჩუქრებდნენ.

არის თქმულება, რომ კრივს მეფე ერეკლეც ესწრებოდა. „კრივი იყო ზნეობითი სწავლა ვაჟკაცობის წვრთნისა და ვარჯიშობისა“:

[ „ხალხნი ხშირ ხშირის ომების გარდა იწვრთებოდნენ კრივებში რომელი არღა არის. ვინ არ იცის კრივი და იმისი მნიშვნელობა, ის იყო ზნეობითი სწავლა ვაჟკაცობის წვრთნისა და ვარჯიშობისა, მრთელი ქალაქის მოკრივენი თანა სწორ ორად გაყოფილნი შეიკრიფებოდნენ კარგათ გადაღვლეულნი და გამართავდნენ ხოლმე. ორნივე მხარენი ერთმანეთზე დაძგერებულნი ირგვლივ საშინელსი კიჟინით მაყურებელთათანა უაიარაღო ძლიერს ბრძოლსა, აქაცა იცნობებოდა ხოლმე გმირულნი ფალავანნი ძლიერისა და მარჯვეს მუშტებითა, რომელთა ძალის მოსამატებლად აქედამ და იქიდამ ას ორასობით მიტავებულნი იქნებოდნენ ღელვასაებრ მზგავსი ფიცხელის ომისა, გატან-გამოტანა, ზედა დასხმას, მიჯარვა გამომეტებული მუშტების დაკურა, წაქცევა და ზედა წაქელუა, უკანასკნელ გამარვება ერთისა მხარისაგან მეორისა და განდევნა მისი საკრივი ალაგიდამ. 

გამარჯვებულნი მხიარულებით მიიღებდნენ დიდთა და მცირეთა უმრავლესთა მაყურებელთაგან, ტაშის კურასა და ქებასა, ზოგნი მამაცნი საჩუქარსაცა.

ასე ამა კრივებში უარჯიშობისა გამო, როგორც ჩუენი ხალხის ზოგიერთნი იარაღნი უარგისო ჟანგიანნი, ეგრეთვე იმათი პატრონებიც უხმარად და უარგისოდ ქცელნი...“, - იოსებ ელიოზოვი, მაისის 25-სა დღსა 1866 წელსა]

გრიგოლ ორბელიანის თქმისა არ იყოს:

„აბა, მუშტი კრივში მნახე, ვინა ვარ!“

რუსეთის მმართველობის დამყარების პირველ დღიდანვე, სხვა ადათთა შორის, კრივიც აკრძალეს, როგორც „საშიში თამაში“: მაგრამ მთავარმართებელი ციციანოვის დროს, ხალხის თხოვნით, კრივი კვლავ განახლებული იქნა; „არა იმიტომ, რომ ციციანოვის ძარღვებში ქართული სისხლი სჩქეფდა, არამედ იმიტომ, რომ ხალხს თავისებურება არ დაჰკარგოდა და სამხედრო მოქმედებაში გაწვრთნილიყო.

კრივი ბევრნაირი იყო: მუშტის კრივი; ხრიდოლი (კრივი ცალი ხელით); სალდასტი (ქვის კრივი).
[სალდასტი - საკუთრივ ხის ხმალს ნიშნავს. „სალდასტის კრივი“ - კრივი შურდულებით და ხმლებით“, - იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“]
[ხრიდოლი / ხრიდონი - კრივი ცალი ხელით. ვარჯიში ერთი ხელით. ერთი ხელი ქამარში აქვთ გარჭობილი და მეორეთი ვარჯიშობენ - ჰკრივობენ“, - იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“]
ყველაზე გავრცელებული იყო მუშტის კრივი და სალდასტის კრივი. 

„მუშტის კრივს მართავდნენ ზაფხულში, ქალაქის ქუჩებში და სალდასტის კრივს ზამთარში, ქალაქ გარეთ. განსაკუთრებით საყურადღებო ყოფილა სალდასტის კრივი. კრივს ჰქონდა თავისი წესები, ხალხის ჩვეულებაზე დამყარებული. კრივში წართმეული იარაღი, სარტყელი, ქუდი თუ ნაბადი ითვლებოდა კანონიერ ნადავლად ანუ ალაფად.

როცა ქალაქში კრივი გაიმართებოდა, მაყურებლები სახლის სახურავებზე ადიოდნენ, ავსებდნენ ბანებს და იქიდან შესცქეროდნენ ომს და ამხნევებდნენ გამბედავ მებრძოლთ თანაგრძნობის აღმოჩენით; როცა ქალაქ გარეთ იბრძოდნენ შურდულებით და ხის ხმლებით, მაყურებლებს წინდაწინვე ჰქონდათ დაკავებული გორები და მაღლობი ადგილები.

კრივს განსაკუთრებით ახალგაზრდობა მისდევდა. ეს საკვირველიც არ არის. ქართველ ქალს ერთი ათად უფრო ტურფად ეჩვენებოდა ის ვაჟი, რომელიც კრივში გაიმარჯვებდა და სახელს გაითქვამდა. მოკრივენიც, რასაკვირველია, რამოდენადაც სახელის შოვნას სცდილობდნენ, იმდენადვე სწადდათ და სცდილობდნენ თავის გამოჩენას თავიანთ „ორთავ თვალის სინათლის“ სასიამოვნოთ და სასიქადულოთ.

კრივს ჰქონდა თავისი ჭეშმარიტად კარგი მხარე: ქართველი კაცი პატარაობიდანვე იწვრთნებოდა სამხედრო ხერხებში, ავარჯიშებდა თავის საღ გონებას და გამჭვრეტელობას, რომელიც მას ბუნებით დაჰყოლია, ვარჯიშობდა სიმარდეში, სისწრაფეში - ერთი სიტყვით, კრივში ქართველი იძენდა ყველა იმ თვისებებს, რომელნიც ძვირფასნი არიან სამხედრო საქმისათვის.

[ გაზეთი „ივერია“, 1885 წ. #1 - „კრივის შესახებ ცნობების მისაწოდებლად მივმართეთ ჩვენს უხუცესს მოღვაწეს ნიკო ავალიშვილს, რომელმაც არ დაიზარა და მოგვაწოდა „თავისი თვალით ნახული“ კრივის ზოგიერთი ამბავი. ჩვენი ცნობების დასამტკიცებლად და შესავსებად მოგვყავს შემოკლებით ეს წერილი:

„... კრივზედ ცნობის მოსაცემად საჭიროა მოგახსენოთ, რომ მე ჩემი უფროსი და ერთად ერთი ძმის ოჯახში ვიზრდებოდი; მამა ხუთი წლისას მომიკვდა; ჩემი ძმის მეგობარ-ამხანაგებში ერთი, სახელდობრ გიორგი ნადირაძე, დიდი მამობრივი ყურადღებით მეპყრობოდა: საცა კი რამ ამბავი ხდებოდა საჯაროდ, უეჭველად მეც მაჩვენებდა. კრივის ნახვა მეტად უყვარდა, მუდამ მიდიოდა და მეც თერთმეტ-თორმეტი წლიდან უეჭველად თან წამიყვანდა ხოლმე. 

მაშინ (1855 წ. და შემდეგ) კრივი იმართებოდა კვირა დღეობით, შუადღის შემდეგ ორი სამი საათიდგან, კვირაცხოვლის არეში, ეხლა რომ არსენალის დიდი შენობებია, იმ მეიდანზედ. ის ადგილი თუმცა მცირედად დაბალ-მაღალი ვაკე იყო და ნაპირზედ ხევებიც ჰქონდა, მაგრამ რბილი და თითქმის უქვო ადგილი იყო.

მორკივენი „ზემო“ და „ქვემო“ უბნად იყოფოდნენ. ამ ორი უბნის შუა ხაზი ხარფუხ-ავლაბარ-კლდისუბან-ჩუღურეთსა და გარეთუბანს-კუკია-ვერა და დიდუბის შუა იყო...

კრივი იწყებოდა მოზარდი ყმაწვილკაცებით და იგინი რომ გახურებაში შევიდოდნენ, ხან ერთი და ხან მეორე უკან დაიწევდა, მაშინ დაჯაბნილს და დაწეულს მისი უბნის დიდრონები ჩაეშველებოდნენ; ეხლა ისინი დასწევდნენ უკან მოპირდაპირე უბანს და მათაც დიდრონები ჩაეშველებოდნენ, და ასე თანდათანი დიდრონების ჩაშვლებით კრივის ასპარეზს დიდრონები იჭერდნენ და მაშინ მოზარდი ახალგაზრდობა დაქანცული და დაბეგვილი სტოვებდა ასპარეზს... 

სახელგანთქმული მოკრივენი ორივე უბანს რამდენიმე ჰყვანდა; იგინი მარქაფა რაზმს შეადგენდნენ და მარტო გაჭირვების დროს ჩაერეოდნენ ხოლმე კრივში. ამ მარქაფა მოკრივეთა სახელი მარტო სამისა მახსოვს: ლოპიანა, გიჟუა და ღორ-კოლა. მათში ყველაზე განთქმული ლოპიანა იყო, ის რომ ჩაერეოდა კრივში, მოპირდაპირეს ისე აწვებოდა, როგორც ძლიერი რამ მანქანა და ბევრჯელ ყოფილა, რომ ხევში ჩაურეკნია მოწინააღმდეგე უბანი.

მოკრივეთ შიგადაშიგ დასვენებაც იცოდნენ, დაწყებამდის და დასვენების დროს ორივე უბნის მოკრივენი თავიანთ ბელადებს გარს ეხვეოდნენ...

კრივი დაბინდებაზედ ადრე იშლებოდა, ესე ვსთქვათ, „გენერალური ბრძოლის“ შემდეგ, - როდესაც ორივე მხრის მარქაფაც მთლად ჩაერეოდა საქმეში და ლოპიანასი და მისი ამხანაგების მეოხებით ზემო უბანი დიდათ გაიმარჯვებდა - ან ხევში ჩაჰრეკავდა ან უიმისოდაც დაჰქსაქსავდა, დაირეკავდა ქვემო უბანს. არ მახსოვს, რომ ქვემო უბანის გამარჯვება ვისმე როდისმე ეთქვას.

კრივის ცქერა მეტად უყვარდა ხალხს, ამიტომ დიდძალი მაცქერალი ცხენიანი, და თუ ქვეითი ესწრეობდა კრივზედ, ჰლამის ნახევარ ქალაქი“...]

„კრივს ძლიერ ღატაკი ლიტერატურა აქვს, მხედველობაში თუ არ მივიღებთ დავით იოსების ძე ბებუთოვის მემუარებს. ეს ერთადერთი ბეჭდვითი მასალაა, რომელსაც სხვადასხვა ვარიაციით იმეორებდნენ“ დუბროვნი, პოტო, ვეიდენბაუმი და სხვ.

აი, ამ ბებუთოვს აღწერილი აქვს სალდასტის კრივი, რომელშიაც თითონაც მიუღია მონაწილეობა. მკითხველმა რომ წარმოდგენა იქონიოს ამ დაუნდობელ ძველებურ კრივზე, მოგვყავს ეს აწერილობა ოდნავი კუპიურებით:

„ბრძოლა დავიწყეთ ჩვენ, - ამბობს ბებუთოვი, - ქვემო უბნის ბავშვებმა. მე გადავხტი წინ და სხვებთან ერთად დავიწყე შურდულით ქვების სროლა. ქამარზედ მეკიდა ხის ხმალი და მარცხენა მხარეზედ საფრად ნაბადი მქონდა. ახლო რომ მივედით, მოწინააღმდეგენი ხმალში იწვევდნენ ერთმანეთს. ერთი გამბედავი ყმაწვილი დახტოდა ჩემს წინ და თავს იფარავდა ჩემი შურდულისაგან. უეცრათ მოვარდა ჩემთან. ჩვენ შევეტაკენით და დავუწყეთ ერთმანეთს ხმლებით ცემა. ჩემი მოქიშპე დავჭერი. მაგრამ მეც გამიპო იმან წარბი... დიდებს შორის ქვის სროლა და ხელჩართული გრძელდებოდა... მე დავრჩი როგორც მაყურებელი. დაძლევა და ჯობნა არც ერთ მხარეს არ ეტყობოდა.

ჩვენებმა ჩუმად შუაღამისას გაგზავნეს ერთი რაზმი ზემო მხარის გარს შემოსავლელად, თითქმის ექვსს ვერსამდე. ამ რაზმს ჰქონდა ნაბრძანები, გასულიყო ორშაბათს და ასე თორმეტ საათზე გადმოშვებოდა სოლოლაკის მთას და მოსწოლოდა მტერს. ამასთანავე მთაზე, ოქროყანიდან დაწყებულ, ამ რაზმს უნდა დაეყენებინა საუკეთესო მეშურდულენი, რომ მტრისთვის ზურგში დაეწყოთ სროლა...
[ნიშანბაზი - 1. ნიშანში მსროლელი ანუ ჩუბინი. ჩვენს უბანში გიგო ნალბანდიანი იყო, რომელსაც მეტსახელად ნიშანბაზი ერქვა. რას ისროდა? შეიძლება ქვას - კრივის დროს - შურდულიდან“, - იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“]
ორივე მხრიდან გამოვიდნენ მეშურდულენი ათასობით და სეტყვასავით მიაყარეს ქვები ერთმანეთს. ყველგან გაცხარებული შეტაკება იყო. მომხდურებს როცა წააქცევდნენ, სცდილობდნენ მთიდან გადმოგდებას, მაგრამ ამხანაგები შეეშველებოდნენ და ომი ისევ გათანასწორდებოდა. ბრძოლა გაგრძელდა თითქმის ერთ საათს და ქვემო უბნელებმა მოახერხეს მაინც ნახევარი მთის დაკავება და ნაბდებით თავს იფარავდნენ შურდულის ქვებისაგან, რომელიც ზუზუნით მოდიოდა... 

უეცრად მოისმა საშინელი ყვირილი. განთქმულ მებრძოლთა სახელი ელვასავით მოეფინა მთელ ხალხს და მეომრებს რაღაც ელექტრონისებურმა ნაპერწკალმა გაურბინა ძარღვებში. ზურნისა და საყვირების გამაყრუებელი ღრიალი მოეფინა არემარეს. ომი ცეცხლივით აენთო. ეხლა იბრძოდნენ ხის ხმლებით, ქვებს აღარ ხმარობდნენ. კრივის წესით, ხმალდახმალ შეტაკებაში, ქვის სროლა მხდალობად ითვლებოდა. ზემოუბნელები შესუსტდნენ და უკუიქცნენ. ქვემოუბნელებმა დაიჭირეს მთა და მტერი გაიქცა სოლოლაკის ხეობისაკენ“.

ხშირად ეს ფიზიკური ვარჯიშობა, აქვსენტი ცაგარელის თქმით, ეს „მუშტის ქუხილი“, თავდებოდა ფიზიკური დასახიჩრებითაც. „კრივის მეორე დღეს ბლომად იყვნენ ხოლმე თავგახეთქილები, თვალწავარდნილები და ცხვირპირდამტვრეულები“.

თუმცა შურდულები პატარა ზომისა იყო და ხმლებიც - ხისა, მაგრამ მაინც საშინელი და დაუზოგავი ხდებოდა ეს „უმუშტო კრივი“... მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ „ცხვირპირის დამტვრევას“ სულაც არ მოსდევდა ბოროტი გრძნობები და ხშირად ასე ფიზიკურად დასახიჩრებულნი, ნიშნად შერიგებისა, სალხინო ადგილებში მიდიოდნენ და ერთად დროს ატარებდნენ.

კრივი, როგორც ფიზიკური ვარჯიშობა, თავისი ხასიათით და დანიშნულებით არაფრით არ განსხვავდებოდა ასეთივე ხასიათის ვარჯიშობისაგან, რომელიც სხვა ერის ყოფა-ცხოვრებამ წარმოშვა (ბოქსი, ჭიდაობა და სხვ.). საერთო მიზეზები იწვევენ საერთო ხასიათის ვარჯიშობასაც: ერთფეროვანი ფიზიკური შრომით დაღლილი სხეული, მოდუნებული მოძრაობა სისხლისა გახალისებას მოითხოვდა, და თბილისელმა ხელოსნებმაც თავიანთი „ტივის სისხო მკლავების“ გასატკაცუნებლად, კრივსაც მიმართეს ისევე, როგორც ინგლისელებმა - ბოქსს.

სალდასტის კრივი მთავარმართებელ ბარიატინსკის დროს სამუდამოდ აიკრძალა. დარჩა მხოლოდ ჩვეულებრივი მუშტის კრივი, რომელმაც სამოცდაათიან წლებამდე გასტანა. ამ გვიანობამდე დარჩენილ მუშტის კრივს, რომელიც ქალაქგარედ იმართებოდა, პოლიციის ზედამხვედველობით, თავისი წესები ჰქონდა გამომუშავებული. ხშირად ზოგიერთ მოკრივეს საშინელი მაგარი ცაცია ჰქონდა, ვისაც შემოჰკრავდა - მორჩა, ცოცხალი ვეღარ ადგებოდა. აი, ამისთანა მოკრივეს სიტყვა ჰქონდა მიცემული, ან, როგორც ამბობენ, „ხელი ჰქონდა მოწერილი“, რომ იგი აღარ იკრივებდა... მაგრამ როგორც ყოველგვარ დადგენილებას, რასაკვირველია, ამასაც გვერდს უხვევდნენ, „ხელისმოწერა“ - ხელისმოწერად რჩებოდა და ამ მუშტის კრივსაც მოჰყვებოდა ხოლმე თავისი მსხვერპლი, თუმცა არა იმდენი, რამდენიც სალდასტის კრივს.
[ქვა აურია - ე.ი. ჩხუბისათვის რაღაცა სთქვა, „ჩორტი ჩააგდო“. ქვის არევა კრივის დროს იცოდნენ“, - იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“]
კრწანისის სასაფლაოზე, ამ რამდენიმე წლის წინათ, ერთი საფლავი ვნახე. როგორც საფლავის ქვის წარწერიდან ჩანს, განსვენებული სალდასტის კრივის მსხვერპლი გამხდარა. აი, ეს ეპიტაფიაც:

„გულში ქვა მომხვდა, მეცა ზარები,
თავს დამეხვივნენ ტოლნი-ჯარები;
ჩამომატარეს ციხის კარები,
საწყალ დედაჩემს შერჩეს გონება,
ყველამ მაღირსეთ თითო ცხონება“.

„ყოველ ათეულ წლებს თავისი ცნობილი მოკრივე ჰყავდა, მეთვრამეტე საუკუნის ფალავან-მოკრივეთა სახელები ჩვენამდე არ მოსულა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან კი თბილისში ცნობილნი იყვნენ შემდეგი მოკრივენი: შერმაზანა, საათო (მთავარმართებლის პ. ციციანოვის ფალავანი), ხარფუხელი მკალავი ლეკუა, ოქრომჭედელი თაფანა, ბებუთაანთ გიგა (ლობჟანიძე), ყასაბი გელუაშვილი, ცხრაფეხაანთ გოლა, გამხდარი სიმონა (გოცირიძე), ლეჰენძაანთ ავეტიქა (ლენჩიშვილი), ბაბამ სირქია, ჭონი კვინიხა (არჩილ მუხრანბატონის ფალავანი), მჭედელი სია, ჩუღურეთელი თეთრახალუხა, წითელფუფაიკა კოლა, მეჩანგლე ლოპიანა (გრ. ორბელიანის ფალავანი), თოქმაჩი გულაზა, მთაწმინდელი კომშუა, ჭიანუა, პაჭუა, ღორუა, გიჟუა (დათიკო მელიქსედეს ძე ბებუთოვის ფალავანი), ყასაბი ჟირნაშვილი, ნიკოლა ცაცანაშვილი, გიჟ-მიხაკა, ბოშ-ოჰანეზა, მიკიტანი გრიშა (მამულოვი), დაბაღი ლოხოშა, დაბაღი პეტუა, დაბაღი ბეჯინშა, ბაყალი გომფუა, განჯელი ალია, ფარქასტუ კოლა, ასასი ბუჟუჟა, კუკიელი ვირიცოხნაშვილი, ქრაფ-ქანდოღა, დნგრ სოლომანაშვილი და სხვ.“


წყარო: იოსებ გრიშაშვილი - „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“
იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“
კარაპეტ გრიგორიანცი - „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“

გიორგი ჭეიშვილი