ნიკოლოზ გაბაონი - ტფილისი XIX საუკუნის 50-იან წლებში |

ავტორი - ვახტანგ რურუა
[ნაწყვეტი ნიკოლოზ გაბაონის რომანიდან - „აივნიანი ქალაქი“. ნიკოლოზ გაბაონი ფსევდონიმია საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვალერიან გაბაშვილისა. იგი 1911 წელს, ციმბირში გადასახლებული პოლიტპატიმრის ოჯახში დაიბადა. მამა, ნიკოლოზ გაბაშვილი, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს მთვრობის წევრი, 1924 წელს ოკუპანტების წინააღმდეგ აჯანყებულთა რიგში იდგა. 1942 წელს იგი გადაასახლეს. ვალერიან გაბაშვილს მტრის შვილის მძიმე ხვედრი ერგო. „აივნიანი ქალაქი“ ვალერიან გაბაშვილის მიერ ახალგაზრდობაში დაწერილი ერთადერთი რომანია.]

***

★ „მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში თბილისმა ევროპული იერი მიიღო. სოლოლაკმა და გარეთუბანმა უკან მოიტოვა ანჩისხატის უბანი, თათრის მოედანი, მეტეხი, აბანოების რიგები, ხარფუხის აღმართ-დაღმართები და ნარიყალა.
ძველი ქალაქი, თავისი პატარა აივნიანი სახლებით, სადღაც ქვემოთ, მტკვარზე მიკრული აღმოჩნდა, ხოლო ახალი ქალაქი ახალ უბნებში ღონივრად შლიდა მხრებს, ფართოვდებოდა, ლამაზდებოდა და მშვენდებოდა.
ქალაქი აქეთ შაიტახტისკენ მიიწევდა, იქით - მამადავითისაკენ. სწრაფად ქრებოდნენ ჯაგრანი და ხევ-ხუვები ვერის მიდამოებში.

ნიკოლოზის, ერევნისა და ალექსანდრეს მოედნებზე, ხანის, ველიამინოვის და ინჟინრების ქუჩებზე ხუროთმოძღვრები იტალიური სტილის ქვის სახლებს აშენებდნენ, ვენეციური და ფლორენციული შენობები თავს იწონებდნენ ძველი, პირდაუბანელი ქუჩებისა და შუკების შორიახლო.

თბილისი იერსა და ელფერს იცვლიდა.

„ირაკლის ფაიტონის“ (მამაპაპური ურმის) გვერდით ეტლებიც გამოჩნდნენ. ყურთმაჯებიან სოვდაგრებს და ჩოხაახალუხიან თვადაზნაურებს გვერდში ახალგაზრდა „ხახვის ფრანტები“ ამოუდგნენ. გამრავლდნენ პოლიციელნი, მოხელენი, წვრილი მრეწველნი, ჯამბაზები, ქურდები, როსკიპები, გლახები და გაურკვეველი ხელობის ადამიანები.

გაჩნდა ევროპული სანახაობანი და გასართობები.

დიდკაცობა კეთილშობილთა საკრებულოში ერთობოდა, მოხელენი რუსულ დრამატულ თეატრში ატარებდნენ დროს, ვაჭრები და ხელოსნები მოხეტიალე მსახიობების ბალაგანებს ეტანებოდნენ, მდაბიონი და ძველი ყაიდის ვაჭარ-ხელოსნები - ყარაგოზას ჩრდილების თეატრს, ნაღლს, სალაყბოს, კრივსა და არიფანას.

საკრებულოში ბანქოს თამაშობდნენ. ისინი, ვინც მწვანე მაგიდებს არ უსხდნენ, ცეკვით ერთობოდნენ. მეფისნაცვლის თეატრად გადაკეთებულ მანეჟში რუსული დასი ფარისებს, ვოდევილებს და მელოდრამებს წარმოადგენდა. ხალხმრავლობა იყო ევროპელი ემიგრანტების სასტუმროებში, რესტორნებსა და ყავახანებში.

ხალხის ფუსფუსი თბილისის მოედნებსა და ბულვარებზე ნაშუადღევს იწყებოდა.

ზოგნი სეირნობდნენ, ზოგნი გრძელი ხის მწვანე სკამებზე ისხდნენ, ზოგნი უთავბოლოდ დაბორიალებდნენ და ზოგნი ახლადაყრილ ცაცხვებქვეშ ნაცნობებს უცდიდნენ და წამდაუწუმ საათს დასცქეროდნენ.

ხელიხელგაყრილი ქალ-ვაჟნი სანახაობათა საყურებლად გარბოდნენ, ხნიერნი ნელი ტაატით დასეირნობდნენ და ერთმანეთს მდაბლად თავს უკრავდნენ.

ვოლტიჟორ ჟან პოლს ერევნის მოედანზე ბალაგანა ჰქონდა გამართული, გერმანელი შულცის მხატვრულ კაბინეტში თბილისელებს ჰამბურგიდან ჩამოტანილ სანთლის ფიგურებს უჩვენებდნენ. ნიკოლოზის მოედანზე მექანიკოს კრამერის პატარა თეატრში თოჯინებს ათამაშებდნენ. ჯამბაზი ფრანც ბრონი სათამაშო ქაღალდების საშუალებით ხელის სისწრაფის დემონსტრირებას ახდენდა და გულუბრყვილო მაყურებლებს თვალს უცვფირებდა...“

გიორგი ჭეიშვილი