ვლადიმერ მაიაკოვსკი |
[იაკობ ბალახაშვილი, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 1936 წ.]
★ „მსოფლიო ომის კვირაძალში ოქტომბრის რევოლუციის აკვანის დამრწევ ქალაქიდან რუსეთის ცენტრალურ ადგილებში ლიტერატურული გამოსვლების მოსაწყობად გაემართა რუს ფუტურისტთა ჯგუფი დავით ბერლიუკის, ვასილ კამენსკის და ოცი წლის ვლადიმერ მაიაკოვსკის შემადგენლობით.
სამეულმა მოიარა: ხარკოვი, პოლტავა, ოდესა, კიშინოვი, ნიკოლაევი, კიევი, ყაზანი და პენზა.
ქალაქ პენზაში მაიაკოვსკის აზრად მოუვიდა ტფილისში წამოსვლა.
ვასილ კამენსკი მოგვითხრობს:
... მუდმივი აყალმაყალითა და ჩხუბით ოდნავ მოღლილმა მაიაკოვსკიმ მტკიცე წინადადება მოგვცა:
- „წავიდეთ, ყმაწვილებო, ტფილისში. ეს ერთად-ერთი ქალაქია, ჩემი ქალაქი, სადაც არ მოხდება არავითარი უსიამოვნება, სადაც უყვართ პოეტები და იციან მათი ღირსეული მიღება“.
თანამგზავრნი უსიტყვოდ დაეთანხმნენ მაიაკოვსკის.
1914 წლის 25 მარტს ჩამოვიდნენ ისინი ტფილისში და დასახლდნენ რუსთაველის პროსპექტზე - „გრანდ-ოტელში“.
„მაიაკოვსკი მაშინვე გაჰქრა, - სწერს თავის მოგონებაში კამენსკი - და ნახევარი საათის შემდეგ მას თან მოჰყვა ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი. მაიაკოვსკი ეხვეოდა მათ, ჰკოცნიდა და ლაპარაკობდა ქართულად ისევე, როგორც რუსულად.
ჰკითხულობდა თავის ბავშვობის მეგობრებს ქუთაისის გიმნაზიიდან, ბალღივით მხიარულებდა და რამდენჯერმე ლეკურის ცეკვაც კი სცადა.
კითხულობდა თავის ლექსებს და ჩვენც გვაკითხებდა. ერთის სიტყვით, ცხადი იყო, რომ მაიაკოვსკი თავის სახლშია, მძლე და მედგარ მეგობართა შორის.
აშკარად ჩანდა, რომ ფუტურისტული გამარჯვება ტფილისში ყოველმხრივ უზრუნველყოფილი იყო და არავითარ უსიამოვნებას აქ ადგილი არ ექნებოდა.
ასეც მოხდა.
როცა გააკრეს ყველგან მაიაკოვსკის კერესივით (კოფტასავით) ყვითელი აფიშები ჩვენი სადღესასწაულო გამოსვლის შესახებ, ახალგაზრდობის გრანდიოზული ჯგუფი თან დაგვდევდა ჩვენ და გაიძახოდა: „გაუმარჯოს პოეტებს“.
ქუჩის ეს სანახაობა ჰგავდა დღესასწაულს, არაჩვეულებრივ მოვლენას.
სურათი ამგვარი იყო: აჭრელებულ ტანისამოსში გამოწყობილი სამი პოეტი დასეირნობს გოლოვინის მზიან ქუჩაზე.
გარშემო კი წყალვარდნილია ახალგაზრდობისა, გაზაფხულისა, სიმღერებისა და აღფრთოვანებული ხმებისა.
„ფუტურისტები ჩამოვიდნენ“. „ფუტურისტები სეირნობენ“. „ფუტურისტები ფორთოხალს სჭამენ“. „ფუტურისტები დაამტკიცებენ“. „გაუმარჯოს...“
მონარქიული ხელისუფლება დაფრთხა.
მთავრობის ოფიციოზი ილანძღებოდა.
გაზ. „ტიფლისკი ლისტოკი“ ნერვიული და აღშფოთებული სტილით სწერდა:
★ „25 მარტს გოლოვინის პროსპექტზე უსაქმურთა ხროვა, უმთავრესად მოზარდთაგან შემდგარი, დაჰყვებოდა სამ მეტად უცნაურად გამოწყობილ პირს. ერთი მათგანი ყვითელ კერესში იყო, მეორეს თავზე უცნაური რამ ეხურა, მესამეს პირი-სახე საღებავებით ჰქონდა შეთითხნილი. „ცირკი ჩამოსულაო“, - ამბობდნენ ბრბოში, - ჯამბაზები დასეირნობენ რეკლამის შესაქმნელად. ამ „სახელმოხვეჭილ მომავლის მქადაგებელთათვის“ სივიწროვეა თეატრში. ამიტომაც ისინი დასეირნობენ ყვითელი სამოსით გოლოვინის პროსპექტზე. დროა აიკრძალოს ეს სისაძაგლე“.
ორი დღის შემდეგ ტფილისის სახელმწიფო ოპერის თეატრში მოეწყო რუს ფუტურისტთა ლიტერატურული გამოსვლა.
საღამოს ერთ-ერთი დამსწრე, პოეტი სერგეი სპასკი იგონებს:
„დანიშნულ დროს მივიჩქაროდი თეატრისაკენ. ხალხის წინ ჩაიარა მაიაკოვსკიმ. ის ხელებს იქნევდა და ხალხს არღვევდა პირდაპირი სვლით. მაიაკოვსკის მოჰყვებოდა ვიღაც გიმნაზიელი, მგონი, მისი ნათესავი. იგი ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა, თითქოს გამზირი მისი საკუთრი ბინა ყოფილიყოს“.
სახელმწიფო ოპერის თეატრის ფარდის უკან მთელი დეკორაციები აელაგებინათ. უკან კი გაფენილი იყო თეთრი ტილო დიაპოზიტივების საჩვენებლად. გასწვრივ გრძელი მაგიდა და მასზე მარაოების მსგავსად დალაგებული ფუტურისტების ჭრელი გამოცემები. გვერდით ღია კათედრა. კათედრაზე დირიჟორისათვის ნოტების პიუპიტრი.
მაიაკოვსკი შეიჭრა სცენაზე გვერდზე ჩაზნექილი ფესკით.
- ვეფხვია, ჩვენი ვეფხვია! - წარმოსთქვა მაშინვე აღტაცებულმა ბერლიუკმა.
ფარდა ხმაურით აიწია.
სცენაზე მაგიდას ფუტურისტები ესხდნენ.
ბერლიუკმა პატარა პაუზის შემდეგ აიღო მაგიდიდან უზარმაზარი ზარი, გააყრუა დარბაზი მისი საეკლესიო ხმით და მერე სიტყვა მისცა მაიაკოვსკის.
მაიაკოვსკიმ დააგდო მაგიდაზე ფესკა და აშლილი თმის გაუსწორებლად ახტა გადასასვლელზე პიუპიტრით ხელში. ლაპარაკის დროს იგი მთელი ტანით ირხეოდა. მისი ხმა ფართოდ იშლებოდა დარბაზში.
- მოწყალეო ქალბატონებო და მოწყალეო ბატონებო! - წარმოსთქვა მან. - თქვენ აქ მოხვედით აყალმაყალისათვის. გაფრთხილებთ, აყალმაყალსა და აურზაურს აქ ადგილი არ ექნება.
მისი სიტყვა მონოლოგი არ იყო. მაიაკოვსკი აუდიტორიას ესაუბრებოდა. პასუხს აძლევდა ხალხის მიერ ნასროლ რეპლიკებს. საუბარი მიმდინარეობდა წინასწარ მოფიქრებული და შედგენილი გეგმის გარეშე. მისი სიტყვა დაფუძნებული იყო მახვილ მოულოდნელ გამოთქმებზე.
მაიაკოვსკი კითხულობდა აუდიტორიის წინაშე ლექსის ნიმუშებს და ამით დამსწრეთ აცნობდა ახალ პოეზიას ხან დარბაისლურად, ხან ამაღელვებლად. ხან ფართოდ გაჭიმავდა სიტყვებს ხმოვანთა საშუალებით, ხან მოაქცევდა მათ გამოთქმის მაგარ ფორმებში და ასე ახლიდა დარბაზს ლექსის სტროფებს.
იმ საღამოს მაიაკოვსკიმ წაიკითხა სევერიანინის „ტიანა“. ამ უბრალო პიესას იგი ტრაგედიის იერს აძლევდა. წაიკითხა ველემირ ხლებნიკოვის „Смехачи“ და თავისი ლექსების მთელი სერია.
ვასილ კამენსკი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შენიშნავს:
„გავარვარებული აუდიტორია ყოველი ორი-სამი წამის შემდეგ აფეთქებდა მაიაკოვსკის ანთებული აპლოდისმენტების დენთით“.
საოპერო თეატრში გამართულ საღამოს შემდეგ გამარჯვებით გახარებულნი და აღტაცებულნი დადიოდნენ ისინი სტუმრად სხვადასხვა ადგილას, სამიკიტნოებში, საყავეებში, ბაზრებში და ჰკითხულობდნენ თავიანთ ლექსებს.
არა ერთხელ ესტუმრნენ მამადავითის მთასაც, ფუნიკულორის ზემო სადგურს. ერთი ასეთი ასვლის დროს მაიაკოვსკიმ გადახედა სიმაღლიდან მთების მიტინგს და სთქვა:
- „აი ეს არის აუდიტორია. ამ მთის ესტრადიდან თამამად შეიძლება მსოფლიოს ელაპარაკო“.
ტფილისიდან ფუტურისტთა სამეული გაემგზავრა ჯერ ქუთაისს, მაიაკოვსკების სახლში, შემდეგ კი - რუსეთში.“