ჯონ სტაინბეკი |
[ჯონ სტაინბეკმა და რობერტ კაპამ საბჭოთა კავშირში 1947 წელს, ცივი ომის საწყის პერიოდში იმოგზაურეს და იქ ორი თვე დაჰყვეს. მოგზაურობის ფარგლებში მათ მოსკოვი, სტალინგრადი, კიევი, უკრაინის რამდენიმე სოფელი, საქართველო და თბილისიც მოინახულეს. მწერლის შთაბეჭდილებებმა, მოგონებებმა და რობერტ კაპას ფოტოებმა - 1948 წელს გამოცემულ წიგნში - „რუსულ დღიურში“ მოიყარა თავი]
***
[...]
„ვოკსის“ (Всесоюзное общество культурной связи с заграницей) თბილისის განყოფილებიდან დელეგაცია დაგვხვდა, დიდი მანქანით მოსულიყვნენ, სასიამოვნო ხალხი ჩანდა. მოვაკებული ადგილები გავიარეთ მთებს შორის და თბილისში შევედით, ლამაზ ქალაქში, რომელზეც მრავალი საუკუნის მანძილზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავარი გზა გადიოდა. აქა-იქ ძველისძველი ციხესიმაგრეები გვხვდებოდა, და ქალაქშიც მთის თხემზე სასახლე დგას. ხეობის მეორე მხარესაც ციხესიმაგრე დგას, რადგან ეს ვიწრო ხეობა სამხრეთიდან სპარსელების, ირანელების, ერაყელების, ჩრდილოეთიდან კი თათრების და სხვა მძარცველების გზად ქცეულიყო. ამ ვიწრო ხეობაში იმართებოდა ბრძოლები, ამიტომ ციხესიმაგრეები შენდებოდა.
ქალაქის ნაწილი ძალიან ძველია, ხეობას მდინარე კვეთს, რომელსაც ერთ მხარეს მაღალი კლდეები მიუყვება, და ამ მაღალ კლდეებზე ძველისძველი სახლებია ჩამწკრივებული. მართლაც ძველისძველი ქალაქია, მაშინ როცა მოსკოვი წელს თავის მერვაასე იუბილეს აღნიშნავს, მომავალ წელს თბილისი ათას ხუთასი წლის იუბილეს აღნიშნავს. და თან ეს ახალი დედაქალაქია, ძველი დედაქალაქი კი ამავე მდინარის სანაპიროზე, ოცდაათი კილომეტრის იქით არის გაშენებული.
თბილისის ქუჩები ფართო და ხეებით დაჩრდილულია, ბევრი შენობა კი ახალაშენებულია. ორივე მხარეს ქუჩები მთებზე იკლაკნება. დასავლეთით, მთის წვერზე, სათამაშო მოედანია და სკვერი, სადაც ფუნიკულიორის გზა ადის. უზარმაზარი სკვერი, იქვე დიდი რესტორანი დგას, რომელიც ხეობას გადაჰყურებს. ქალაქის შუაგულში, მთის თხემზე, უზარმაზარი მრგვალი კოშკები დგას და მაღალი ქონგურებიანი კედლები, ჩამონგრეული და ძრწოლისმომგვრელი ციხესიმაგრისა.
ქალაქშიც და მთის თხემებზეც ძველი ეკლესიებია, საქართველოში ქრისტიანობა მეოთხე საუკუნეში შემოვიდა, და ის ეკლესიები, სადაც ახლაც მიმდინარეობს წირვა-ლოცვა, ჯერ კიდევ მაშინ აშენდა. თბილისი უამრავი ძველისძველი ამბის შემომნახველი ქალაქია, და სავარაუდოდ, აქ მოჩვენებებიც ბინადრობენ. ერთი თქმულება არსებობს მუსლიმი ირანელი მეფისა, რომელიც ლაშქრით შემოესია ქალაქს, მან აიძულა თბილისელები ხიდზე დადებულ ღვთისმშობლის ხატზე გადაევლოთ და მიეფურთხებინათ მისთვის. ყველას, ვინც უარი განაცხადა, თავი მოაჭრეს. ამბობენ, რომ იმ დღეს მდინარეში ათასობით მოკვეთილი თავი ტივტივებდა.
თბილისელებს უკეთ ეცვათ, უკეთესადაც გამოიყურებოდნენ და უფრო ამაღლებული განწყობაც ჰქონდათ, ვიდრე სხვა რუს ხალხებს. ქალაქის ქუჩებში მხიარულება სუფევდა და იქაურობა ფერადი იყო. ლამაზი ტანსაცმელი ეცვათ და ქალებს ფერად-ფერადი თავსაფრები ეხურათ.
ეს ქალაქი წარმოუდგენლად სუფთაა. პირველი სუფთა აღმოსავლური ქალაქია, რომელიც ოდესმე მინახავს. მდინარეში, რომელიც ქალაქს შუაზე ჰყოფს, ასობით პატარა ბიჭი დაცურავს. და აქ არსად არაფერია დანგრეული, თუ დროთა განმავლობაში ჩამონგრეულ ძველისძველ სახლებს არ ჩავთვლით.[...]
სასტუმრო „ინტურისტში“ ორი დიდი ოთახი დავიკავეთ. ... ძალიან ადრე ვდგებოდით, რადგან ქალაქი გვნუსხავდა და გვსურდა ყველაფერი დაგვეთვალიერებინა. როგორც ყოველთვის, ახლაც კარგი მძღოლი შეგვხვდა, ყოფილი სამხედრო, და მას, არც მეტი, არც ნაკლები, ჯიპი ჰყავდა. ჯიპი არავიზე კარგად არ მოქმედებს, მაგრამ ამ სამხედრო კაცში კოვბოის სული გააღვიძა. ... გიჟი კაცივით ატარებდა, მას არავისი ეშინოდა. გადატვირთული მოძრაობის დროს გამძვინვარებული მძღოლები აიძულებდნენ მშვიდად ევლო, ისინი ქართულად აგინებდნენ ერთმანეთს, ჩვენი მძღოლი კი ღიმილით აგრძელებდა გზას.
[...]
ჯიპი აღმართზე აჰყავდა, ქალაქის უძველეს ნაწილში, სადაც ძველი ქართული ხის სახლები დგას. ისინი უცნაური არქიტექტურისაა, როგორც წესი, ორი-სამი სართულის სიმაღლისაა და ღია, დიდი აივნები აქვთ. კედლები კი ეგზოტიკურადაა მოჩუქურთმებული და მოხატული.
მთის თხემზეც ავძვერით, ძველი ციხესიმაგრის სანახავად, რომელსაც მრგვალი კოშკები და მაღალი სქელი კედლები ჰქონდა. სამუდამოდ აუღებელი დარჩებოდა, რომ არა არტილერია, რადგან არტილერიის გარეშე მასზე თავდასხმა შეუძლებელი იყო.
ქალაქის ბოტანიკურ ბაღში გავისეირნეთ, რომელიც აყვავებული ხეებითა და იშვიათი მცენარეებით იყო დამშვენებული, ბევრი მცენარე მანამდე არც გვენახა. გრილოდა და იქვე მდინარეც მორაკრაკებდა.
თბილისში თავს უცხოდ არ ვგრძნობდით, რადგან აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის, და უცხოელებს მიჩვეულნი არიან, ასე რომ დიდად არ გამოვირჩეოდით ადგილობრივებისგან, როგორც თუნდაც კიევში, ეგ კი არა, თავი ლამის სახლში ვიგრძენით.
თბილისში ბევრი ეკლესია დგას, და უნდა იყოს კიდეც ასე, რადგან რელიგიური ტოლერანტობის ქალაქია, აქ ხომ ძველისძველი სინაგოგები და მუსლიმური ტაძრები დგას, და არც ერთი მათგანი არასდროს არ დაუნგრევიათ.მაღლა, იმ მთაზე, ქალაქს რომ გადაჰყურებს, მამა დავითის ეკლესიაა, რომელიც, როგორც მახსოვს, მე-7 საუკუნეშია აშენებული, ძალიან უბრალო და ლამაზია. ჩვენმა მძღოლმა მანქანით იქამდე აგვიყვანა, სადამდეც სიარული შესაძლებელი იყო, დანარჩენი გზა კი ფეხით გავიარეთ. ბევრი ადამიანი ადიოდა იმ მიხვეულ-მოხვეული გზებით ეკლესიაში, ბევრი აღავლენდა იქ წირვა-ლოცვას.
ეს ძველი ტაძარი ქართველებს ძალიან უყვართ და იქვე ეკლესიის ეზოში ქართველი მწერლებისა და კომპოზიტორების სასაფლაოა. სტალინის დედაც იქაა დაკრძალული და მის საფლავს ერთი უბრალო ქვა ადგას. ერთი კომპოზიტორის საფლავთან სამი მოხუცებული ქალი და ერთი ბერიკაცი იდგა, რომლებიც ტკბილად, ძველებურ ყაიდაზე გალობდნენ.
იმ ძველ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინებოდა, და იქაც გალობდნენ. ხალხი ამოდიოდა, შემოდიოდა ეკლესიის ეზოში, თითოეული მათგანი იჩოქებდა და ეკლესიის კედლებს კოცნიდა.
მოწყვეტილი და მშვიდი ადგილი იყო, იქიდან კრამიტით გადახურული სახურავები მოჩანდა. ბოტანიკურ ბაღებს ვხედავდით, რომლებიც თამარ მეფეს გაუშენებია, მე-12 საუკუნეში მოღვაწე მითიურ მეფეს, რომელმაც ქალაქზე თავისი გმირული კვალი დატოვა. თამარ მეფე ლამაზი, კეთილი და ფიცხი ყოფილა. სახელმწიფოს მართვისა და აღმშენებლობის უნარს ფლობდა. მან ციხესიმაგრეები ააშენა, პოეტები წააქეზა, და მუსიკოსები ერთად შეჰყარა, - ის ერთ-ერთი ზღაპრული მეფე იყო სამყაროში, ისევე როგორც ელისაბედი, არაგონელი კატერინა, აკვიტანიელი ელეანორი.
მამა დავითის ეკლესიიდან რომ ჩამოვედით, საკათედრო ტაძრის ზარები ისე მქუხარედ რეკდნენ, რომ იქ შევედით. მდიდრული ტაძარი იყო, აღმოსავლური, საკმეველსა და დროს ფრესკები სულ გაეშავებინა. ხალხით იყო გადაჭედილი იქაურობა. წირვა-ლოცვას მოხუცი კაცი უძღვებოდა, თეთრთმიანი, თავზე ოქროს მიტრა ედგა, და იმდენად ლამაზი იყო, ირეალური გეგონებოდა. იგი კათალიკოსი და საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია, მისი კაბა ოქროსფერი ძაფითაა ნაქსოვი. ღვთისმსახურება დიდებული იყო, და მუსიკოსების გუნდი წარმოუდგენლად გალობდა. საკმეველი ეკლესიის გუმბათამდე ადიოდა, გუმბათიდან კი მზე შემოდიოდა და იქაურობას ანათებდა.
კაპამ ბევრი ფოტო გადაიღო. საოცარი იყო, ისე ჩუმად მოძრაობდა და იღებდა ფოტოებს, რომ ვერავინ ამჩნევდა. მოგვიანებით პატრონიკეშიც შევიდა და იქაც გადაიღო ფოტოები.
ახლა უკვე მუზეუმები გადამავიწყდა, მაგრამ ისინი მოვინახულეთ, მოვინახულეთ ყველგან. როგორც კაპამ ბრძანა, მუზეუმი თანამედროვე რუსეთში ეკლესიასავით არის, და იქ წასვლაზე ისევე ვერ განაცხადებ უარს, როგორც ეკლესიაში წასვლაზე. ისინი ყველა მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ჰგავს. ერთი დარბაზი ყველგანაა, სადაც რევოლუციამდელი რუსეთის წარსულია განთავსებული, ისტორიის დასაწყისიდან 1918 წლამდე, და დანარჩენი მუზეუმი რევოლუციის შემდგომ რუსეთს უკავია, თავმყორილია მათი ყველა ნაღვაწი, ყველა მოღვაწე გმირის გიგანტური და ასევე რევოლუციის ამსახველი სურათები ჰკიდია.
თბილისში ორი მუზეუმი იყო. ერთი ქალაქის მუზეუმი იყო, მთის თხემზე აშენებული, იქ ძველი სახლების მინიატურული მოდელები და ძველი ქალაქის გეგმები დავათვალიერეთ. ყველაზე საინტერესო ამ მუზეუმში მეგზური იყო, კაცი, რომელიც მსახიობი უნდა ყოფილიყო. ის ყვიროდა და იმანჭებოდა, სიტყვით გამოდიოდა, დრამატული იყო, ქვითინებდა და ხმამაღლა იცინოდა. ერთხელ ყვირილისას მუშტიც კი მოგვიღერა, რა თქმა უნდა, სულ ქართულად ლაპარაკობდა და ძველისძველ ქალაქს ხოტბას ასხამდა. ისე სწრაფად ლაპარაკობდა, თარგმნა შეუძლებელი იყო. ... იმ მუზეუმიდან დაყრუებული, მაგრამ ბედნიერი გამოვედით.ამ მუზეუმისკენ მიმავალ გზაზე ალბათ საბჭოთა კავშირში სტალინის ყველაზე დიდი და ყველაზე შთამბეჭდავი პორტრეტი ჰკიდია. გიგანტური რამეა, ასობით ფუტის სიმაღლისა უნდა იყოს და ნეონის განათება აქვს, რომელიც ახლა კი დაზიანებულია, მაგრამ ამბობდნენ, რომ როცა მუშაობდა, ოცდარვა მილის მოშორებიდანაც ჩანდაო.
თბილისში იმდენი რამ იყო დასათვალიერებელი, დრო კი ისე ცოტა გვქონდა, რომ მთელი იქ ყოფნის მანძილზე სულ სადღაც მივიჩქაროდით.
შუადღით ფეხბურთის მატჩზე წავედით, თბილისისა და კიევის გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. კარგად ითამაშეს დიდებულ სტადიონზე, სწრაფად, გააფთრებით. დაახლოებით ორმოცი ათასი მაყურებელი იქნებოდა მოსული, ხალხი ძალიან ემოციურად გულშემატკივრობდა გუნდებს, რადგან მსგავსი თამაშები მეტისმეტი პოპულარობით სარგებლობს. და მიუხედავად იმისა რომ უხეში და სწრაფი თამაში იყო, და მიუხედავად სასტიკი მეტოქეობისა, მოთმინება არავის დაუკარგავს. თამაშისას მსუბუქად წაკინკლავდნენ ვიღაცები. თამაში 2-2 დასრულდა და მატჩის ბოლოს ორი მტრედი გაუშვეს. ადრე საქართველოში, ნებისმიერი შეჯიბრის დროს, ბრძოლის დროსაც კი, გამარჯვების აღსანიშნავად თეთრ მტრედს გაუშვებდნენ ხოლმე, დამარცხების ნიშნად კი - შავს. და სწორედ ეს მტრედები ამცნობდნენ ხალხს ამბავს. იმ დღეს კი, რადგან თამაშის ანგარიში ფრედ დასრულდა, თეთრი მტრედიც გაუშვეს და შავიც, მათ სტადიონს გადაუფრინეს.
[...]
მთელი ის დღე საცურაო აუზებსა და პარკებში სიარულში გავატარეთ. მუშტაედის სკვერში ბავშვების მატარებელმა მოგვხიბლა. ნამდვილი მატარებელი იყო, პატარა ზომისა, ყოველი დეტალი იდეალური ჰქონდა, ინჟინერიც ჰყავდა, მეისრეც, სადგურის მმართველიც, ისინი ბავშვები იყვნენ. მათ თავიანთი ადგილები დაეკავებინათ და ბავშვებისთვის ან უფროსებისთვის განკუთვნილ მატარებლებს მართავდნენ. ჩვენ იმ მატარებლით უზბეკი ბავშვების დელეგაციასთან ერთად გავისეირნეთ, ისინი თბილისელ ბავშვებს დაეპატიჟებინათ აქ, და ახლა მატარებლით სეირნობდნენ. პატარა ინჟინერი ბიჭი ძალიან თავმომწონე ჩანდა. სადგურში რკინიგზის გასამართად საჭირო ყოველგვარი საშუალება იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ცოტა რაოდენობით. ბავშვები ზედმიწევნითი სიბეჯითით ასრულებდნენ თავიანთ საქმეს. თბილისში საბავშვო რკინიგზაში მუშაობა ძალიან დიდი პატივია და აქ ყველა ძალიან ირჯება.
ქართული სამზარეულო მთელ საბჭოთა კავშირში სახელგანთქმულია, მაგრამ ჩვენს სასტუმროში მის შესახებ არაფერი სმენოდათ. ცოტა მოგვბეზრდა მათი მენიუ, რადგან მწვადისა და დაჭრილი პომიდვრისგან შედგებოდა. იმ ღამით, ხმარსკიმ, კაპამ და მე გადავწყვიტეთ, ექსპერიმენტის სახით სხვა რესტორანში წავსულიყავით. სასტუმრო „თბილისში“ წავედით, სადაც სასადილო საკათედრო ტაძრის ნეფივით დიდია. მარმარილოს თაღები იკავებდა ჭერს, ორკესტრი ძალიან ცუდად და ხმამაღლა უკრავდა, საჭმელი კი საერთოდ არ იყო. მწვადის მაგივრად შემწვარი ხორცის პატარა ნაჭრები და დაჭრილი პომიდორი მოგვიტანეს.
[...]
თბილისის ღამეები ჯადოსნური იყო. ჰაერი მსუბუქი, მშრალი და რბილი იყო. გოგო-ბიჭები უმიზნოდ დახეტიალობდნენ ქუჩებში და ასე ირთობდნენ თავს. ახალგაზრდა კაცებს გემოვნებით ეცვათ - ტუნიკა, ზოგიერთს მძიმე თეთრი აბრეშუმისა, წელზე ქამარშემორტყმული, და გრძელი, ვიწრო შარვლები, შავი ფეხსაცმელი. ძალიან მომხიბვლელები არიან ქართველი კაცები.ძველი სახლების აივნებიდან ღამღამობით მუსიკის საამური ჰანგები შემოგვესმებოდა ხოლმე, რომელსაც აკომპანიმენტს იმ ინსტრუმენტით უწევდნენ, რომელსაც მანდოლინას ჟღერადობა ჰქონდა, და დროდადრო ბნელ ქუჩებში ფლეიტაზე უკრავდნენ.
ქართველი ხალხი სხვა ხალხებთან შედარებით უფრო ლაღი ჩანდა, უფრო ფიცხები და უფრო მხიარულები. და იქნებ სწორედ ამიტომ ეთაყვანებიან მათ რუსები. იქნებ სწორედ ასეთები უნდათ რომ იყვნენ.
დასავლეთით, მთების თავზე ვეებერთელა მთვარე ეკიდა, და ქალაქს მისტიკურ, იდუმალ იერსახეს სძენდა, მთის თხემზე უზარმაზარი შავი სასახლე იდგა. და სამყაროში სადმე თუ მოჩვენებები არიან, ისინი აქ, ამ ქალაქში უნდა იყვნენ, და თუ თამარ მეფის მოჩვენებაც დახეტიალობს სადმე, იმ ღამით, იმ მთვარის შუქზე, იქ, იმ მთის თხემზე უნდა ესეირნა.[...]
მოსკოვში გაფრენამდე კიდევ ერთი საქმე გვქონდა დარჩენილი. იმ ღამით ჩვენთვის წვეულება უნდა გაემართათ თბილისელ ინტელექტუალებსა და ხელოვანებს. ეს ამბები უკვე ალბათ ჭამა-სმაში გამართულ შეჯიბრს დაემსგავსება თქვენთვის. მართლაც, რაც იქ ვიყავით, ჭამის გარდა თითქმის არაფერი გვიკეთებია.
... ქართველი ინტელექტუალების გამართული წვეულება გვაშინებდა. იმდენად დაქანცული ვიყავით, და აღარ გვინდოდა სადღეგრძელოების მოსმენა, განსაკუთრებით კი მაღალინტელექტუალურ თემებზე ლაპარაკი არ გვსურდა. არ გვსურდა გვეფიქრა ხელოვნებაზე, არც პოლიტიკაზე, არც ეკონომიკაზე, არც საერთაშორისო ურთიერთობებზე, უფრო მეტად კი ის არ გვინდოდა, რამე გვეჭამა, ან დაგველია. მხოლოდ ის გვსურდა, სასტუმროში ვყოფილიყავით და თვითმფრინავის გაფრენამდე არ გაგვეღვიძა. მაგრამ ქართველები იმხელა კეთილგანწყობას ამჟღავნებდნენ ჩვენ მიმართ, ისეთ თავაზიანობას იჩენდნენ, რომ ვიცოდით, სადილად აუცილებლად უნდა მივსულიყავით იქ, სადაც მიგვიპატიჟეს. ეს იყო ერთადერთი ფორმალობა, რომლის შესრულებაც გვთხოვეს მათ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თავიდანვე უფრო მეტი ნდობა უნდა გამოგვეჩინა ქართველების მიმართ, რადგან ის სადილი ისეთი სულაც არ აღმოჩნდა, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა.
[...]
ფუნიკულიორის რკინიგზით აგვიყვანეს მთის წვერზე, საიდანაც უზარმაზარი რესტორანი მთელ ხეობას გადაჰყურებდა. იქ რომ ავედით, უკვე მოსაღამოვებულიყო და ჩვენ ქვემოთ ქალაქი ციმციმებდა. საღამოს ცა კავკასიონის შავი მწვერვალების უკან ოქროსფრად მოჩანდა.
დიდი წვეულება იყო. ერთი მილის სიგრძის მაგიდა გაეშალათ, ოთხმოც სტუმარზე იყო გათვლილი. მოეწვიათ ქართველი მოცეკვავეები, მომღერლები, კომპოზიტორები, კინო-რეჟისორები, პოეტები და მწერლები. მაგიდა ყვავილებით იყო მორთული. ქვემოთ, კლდისპირა ქალაქი კი ბრილიანტების ასხმას წააგავდა. მშვენიერი მომღერალი და მოცეკვავე ქალები ტრიალებდნენ ჩვენ ახლომახლო.
სადილი ტრადიციულად, გრძელი სიტყვით დაიწყო, თუმცა ქართველების ხასიათსა და ბუნებას ამის გაძლება დიდხანს არ შეუძლია და მალე იქაურობა პატარა ჯგუფებად დაიყო. ქართველები მკაცრები არ არიან, ამიტომ დიდხანს ვერ უძლებენ დაძაბულობას. მალე აქეთ-იქიდან სიმღერა გაისმა, გუნდური სიმღერა. ცეკვაც დაიწყეს. ღვინოს ერთმანეთს აწვდიდნენ. კაპამაც იცეკვა, ვერც მაინცდამაინც კარგად, მაგრამ მაინც ღირდა აღნიშვნად. ალბათ ძილმა ძალ-ღონე შეგვმატა, ალბათ ღვინომაც თავისი ქნა, რადგან წვეულებას გვიანობამდე შემოვრჩით. მახსოვს, ერთმა ქართველმა კომპოზიტორმა ღვინის ჭიქა რომ მაღლა ასწია, გაიცინა და დაიყვირა, ჯანდაბასაც წაუღია პოლიტიკაო. ისიც მახსოვს, ლამაზი ქართველი ქალი რომ გამოვიცეკვე, რომელიც მსოფლიოში ქართული ცეკვების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოცეკვავე აღმოჩნდა.
ბოლოს მახსოვს, ქუჩაში რომ მღეროდა გუნდი, მერე მილიციელები რომ მოვიდნენ იმის გასარკვევად, რა ამღერებდა იმ ხალხს, და ისინიც რომ სიმღერით შემოუერთდნენ იმ მომღერალთა გუნდს. ენობრივმა ბარიერმა უკანა ფონზე გადაიწია, ნაციონალურმა ბარიერმაც, და თარგმნის საჭიროებაც გაქრა.მშვენიერი დრო ვატარეთ, სადილი, რომელსაც შიშითა და კანკალით მოველოდით, საოცარი წვეულება აღმოჩნდა.
[...]
საქართველო ჯადოსნური მხარეა და სიზმრისეულ ზმანებას ემსგავსება იქიდან წამოსვლის შემდეგ. ქართველებიც ზღაპრული ხალხია. მართალია რომ ამბობენ, ერთ-ერთი უმდიდრესი და უმშვენიერესი ქვეყანაა მსოფლიოშიო. მივხვდით, რატომ გვეუბნებოდნენ რუსები, „ვიდრე საქართველო არ გინახავთ, ჩათვალეთ, არაფერი გინახავთო“.
[წყარო - გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015წ.]