მხეცნი ტფილისისა |

სოფელ ლელობთან მოკლული კასპიური ვეფხვი (ფიტული)
★ 1921 წლის 4 დეკემბერს, თბილისიდან 23 კილომეტრში მდებარე სოფელ ლელობთან,  საქართველოში გავრცელებული უკანასკნელი კასპიური ვეფხვი (Pantera Tigris Virgata) მოკლეს. იმ პერიოდის პრესაში ვკითხულობთ:

„წინადღით (3 დეკემბერს) უკვალოთ დაიკარგა ამ სოფლის (ლელობი) ხარი, შემდეგ მეორე დღეს დილით დაიკარგა ძროხა. ამ გარემოებამ დიდად შეაწუხა ადგილობრივი მცხოვრებნი. ოთხმა ადგილობრვ მონადირემ: გიორგი წითურიშვილმა, ალექსი წიკლაურმა, იოსებ წიკლაურმა და სიმონ ბექაურმა გადასწყვიტეს აღმოეჩინათ ეს უხილავი მტაცებელი.

იმავე დღეს, ბევრი ძებნის შემდეგ კვალით მიაგნეს ვეფხის ბუნაგს, რომელიც მას მოეწყო ახლო მდებარე ტყეში. მხეცმა, როგორც კი დაინახა ახლო მოსულნი მონადირენი, ელვასავით გამოვარდა ბუნაგიდან და ის იყო აპირებდა სასიკვდილო ნახტომს, როდესაც მას ერთბაშად ოთხივე მონადიირემ დაახალა თოფები და მოსტეხეს უკანა ფეხი. ამ გარემოებამ გადაარჩინა ისინი ვეფხის ბასრი კბილებისგან.

მიუხედავად ასეთი მძიმე ჭრილობისა, საშინელი მხეცი მაინც სცდილობდა მისწვდომოდა თავის მტრებს და ზევით აშვერილ თათებით ბზრიალასავით ტრიალებდა...

დანამდვილებით შეიძლება ვსთქვათ, რომ მოკლული ვეფხი მოსულა ტალიშიდან, ლენკორანის მაზრა, ბაქოს გუბერნია, სადაც ის იმყოფება ბინადრად. ალბათ ვეფხი ნადირობდა გარეულ ღორებზე ჩალაკალმებში მტკვრის ნაპირებზე და ამ ნაიიდრობამ გაიტაცა ის შორს. უნდა ვიფიქროთთ, რომ მდინარე ხრამის ან და ალგეთის შესართავთან მან დასტოვა მტკვრის მიდამოები და გაჰყვა ამ ერთ ერთ მდინარეს და შემდეგ მოხვდა სოფ. ლელობნის მიდამოებში.

მოკლული ვეფხი წარმოადგენს მშვენიერ ეგზემპლიარს. ტყავის ფერი და მისი ნახატი, აგრეთვე მესამე ღრძილის ეგრეთწოდებული სიმხეცის კბილი მოწმობენ, რომ ის ეკუთვნს კასპიის რასას - Septeutrioriales ოქროს ფერი ტყავი დახაზული შავი ზოლებით. ბალანი შუა ზომისაა. უზარმაზარიი თავი კისერთან შემოსილია გრძელი ბალნით: ოთხი ვერშოკის სიგრძე. ტანის სიგრძე უდრის თითქმის 3 არშ. ნახევარს (3 არშ. 32 სანტიმეტრ.).

ამჟამად ვეფხი გადაეცა მუზეუმის...“

სოფელ ლელობთან მოკლული კასპიური ვეფხვი
მოკლული ცხოველის ფიტულის დასამზადებლად, საქართველოს მუზეუმისა და მასთან არსებული ბიბლიოთეკის დირექტორს, ნოე ყიფიანს ოსტატები გერმანიიდან მოუწვევია. მას შემდეგ, 1922 წლიდან, თბილისთან ახლოს მოკლული ვეფხვის ფიტული ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილებაში ინახება.

ტფილისთან მოკლული ამ „ვარსკვლავი“ სახეობის გარდა, მანამდეც, ქალაქელებისთვის გარეული ცხოველების სხვადასხვა ვითარებაში ხილვა უჩვეულო ამბავი არ უნდა ყოფილიყო.
„ერევნის მეიდანზედ აშენებენ ფიცრულ სახლს, რომელშიაც, როგორც გვითხრეს, სხვა-და-სხვა გარეული მხეცები, გველები და სხვ. ეყოლებათ საზოგადოების საჩვენებლადაო“, - გაზეთი „დროება“, 1878 წ.
ამასთანავე, როგორც ჩანს, XIX საუკუნის 80-იან წლებში, თბილისში ზოოლოგიური ბაღის გახსნის იმედიც კი ჰქონიათ:

„საკვირველია, რომ ჩვენს თბილისს ხეირიანად ვერ გამოუყენებია რა და რაც საქალაქო ადგილები აქვს, თვითოეული პირის გასამდიდრებლად გაუხდია.

მუშტაიდის გვერდის არის ქალაქის ბაღი, რომელიც იმედს გვაძლევდა, რომ ზოოლოგიური ბაღი გაშენდებოდა, გვეყოლებოდა ყოველ გვარი პირუტყვები და მხეცები, ეხლა ბაღი შექნილა ვიღაცა გარეშე პირის სასარგებლოდ.

ის ორიოდე პირუტყვი, რომელიც ბაღში იყო ამ რამდენიმე წლის წინად, ზოგი გაყიდეს, ზოგიც ფეშქაშად გაუგზავნეს სხვა ქალაქებს და ეს ადგილი დააგდეს უბრალო ბაღად.

სხვა ქვეყნებში, სადაც ყინვა და სიცივე ამ გვარი ბაღებისათვის ერთი ათად მომეტებულ ზრუნვას ითხოვს, ყოველი პირუტყვები და მხეცები ჰყავთ მოშენებული - და აქ-კი, სადაც ბუნება ისე ეხმარება, როცა გვყავს, იმასაც სხვებს უგზავნით“, - გაზეთი „დროება“, 1883 წ. 

ძველ ქართულ პრესაში მოძიებული ცნობების მიხედვით, XIX საუკუნის ბოლოს, ტფილისში, რიყეზე, არსებობდა პირუტყვთა მფარველი საზოგადოება, რომელსაც, 1890-იანი წლებისთვის საკუთარი სამკურნალოც კი ჰქონდა გახსნილი.

„თფილისში სდგება ახალი საზოგადოება, სახელად „პირუტყვთა მფარველი საზოგადოება“, რომლის მიზანი თვით სახელიდამა სჩანს. ამ საზოგადოების მწევრთა გუშინ, სამშაბათს, ჰქონდათ კავკასიის სამეურნეო საზოგადოების სადგომში კრება, რომელზედაც თავიანთ წესდების პროექტზე უნდა მოელაპარაკებიათ და იმის მიღების შემდეგ, უმაღლეს მთავრობას უნდა წარუდგინონ დასამტკიცებლად. [...] ყოველ წევრს იმ „პირუტყვთა მფარველი საზოგადოებისას“, რომელიც ამას წინათ შესდგა ჩვენს ქალაქში, უფლება აქვს, რომ დაიჭიროს და მომრიგებელ მოსამართლესთან წარადგინოს ჯარიმის გადასახდელად ყველა, ვინც პირუტყვს აწვალებს, სცემს ანუ დიდ ტვირთს აზიდვინებს ხოლმე. როგორც გაზეთი „თფილისის მოამბე“ გვაცნობებს, ხსენებულ საზოგადოებას ერთი ქართველი მეურმე წარუდგენია სასამართლოში საქონლის წავალებისათვის...“, - გაზეთი „დროება“, 1877 წ.

„ტფილისის პირუტყვთა მფარველ საზოგადოებამ განიზრახა დაარსოს ქალაქში პირუტყვთა სამკურნალო. ამიტომაც საზოგადოებამ წესდებაც შეადგინა და წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს. სამინისტროს ეს წესდება უკვე დაუმტკიცებია და უკანვე გამოუგზავნია საზოგადოებისათვის. ამ სახით ტფილისში ორი პირუტყვთა სამკურნალო იქნება, ერთი ბეითალის ბ-ნის მეშჩერსკისა და მეორე თვით საზოგადოებისა“, - გაზეთი „ივერია“, 1889 წ.
„როგორცა სჩანს ტფილისის პირუტყვთა მფარველ საზოგადოების პირველ სამკურნალოს ანგარიშიდგან, გასულს წელს [1889 წელს] სამკურნალოში მიუყვანიათ 1,898 ავადმყოფი პირუტყვი, რომელთაგანაც ცხენები ყოფილა - 534, ჯორები და ვირები - 25, სპილო - 2, აფრიკის ცხოველი ჭრელი ცხენი (ზებრა) – 4, მსხვილ ფეხი საქონელი - 756, წვრილ ფეხი - 19, მაიმუნი - 1, ძაღლი - 375, კატა - 3, სხვა-და-სხვა ფრინველი - 178 და გარეული ხარი - 1. 

მუქთად მიუციათ წამლები 85 ავადმყოფ პირუტყვისათვის. ეს სამკურნალო რიყეზეა. აქვე პირუტყვებისათვის იმყოფება აფთიაქი, რომელშიაც 242 სხვა-და-სხვა სახელწოდების სამკურნალო მასალა და მოწყობილებაა. სამკურნალოში 78 სხვა-და-სხვა სახირურგიო ინსტრუმენტია, რომლებსაც ბ-ნი მეშჩერსკი და სხვა პირუტყვი ექიმებიც ხმარობდნენ. სამკურნალოში იმყოფება აგრეთვე ბიბლიოთეკა“.

ტფილისის პირუტყვთა მფარველი საზოგადოების სამკურნალოს უკავშირდება ერთი სახალისო ამბავი, რომელიც ამჯერად არა გარეული, არამედ შინაური ცხოველიც უცნაურ ისტორიას მოგვითხრობს:

„მეტად საინტერესო ამბავს გადმოგვცემს „კავკაზი“. ტფილისში არსებობს პირუტყვთა სამკურნალო. ამას წინად ამ სამკურნალოში ოპერაციისთვის მიუყვანიათ პოლიციის მოხელის ბერიძის ძაღლი. ძაღლს ფეხზე ხორცმეტი ჰქონია და იმის მოჭრა ყოფილა საჭირო. ექიმებს მოუჭრიათ ხორცმეტი, ფეხი შეუხვევიათ: ძაღლი რამდენისამე დღით სამკურნალოში დაუტოვებიათ და შემდეგ პატრონისთვის ჩაუბარებიათ. 

სამკურნალოს მოსამსახურენი საშინლად გაოცებულან, როდესაც რამდენისამე დღის შემდეგ ძაღლი მარტოდ-მარტო მისულა სამკურნალოში და საოპერაციო სტოლზე შემხტარა, კიდევ გამიკეთეთ ოპერაციაო. გაუსინჯავთ ჭრილობა და უნახავთ, რომ იგი მტვრით გავსილა და დაჩირქებულა. გაუწმენდიათ და ხელ-ახლა შეუხვევიათ. შეხვევის შემდეგ ძაღლი იქვე აპირებდა დარჩენას, როგორც პირველად, მაგრამ ნება არ მიუციათ.

ამ დღიდან დაწყობილი ჭკვიანი ძაღლი თავის თავად საავადმყოფოს ეწვევა ხოლმე ფეხის შესახვევად ყოველ ორის დღის შემდეგ. ამასთან ძაღლი სწორედ იმ დროს მიდის, როდესაც ავადმყოფ პირუტყვს იღებენ გასასინჯად“.

რაც შეეხება მტაცებელ ცხოველებს, ამ პერიოდის ტფილისში, სხვადასხვა ადგილებში, საკმაოდ ხშირად ჩნდებიან მგლები. 1888 წლის „ივერიაში“ ვკითხულობთ:

„ამ ზამთარს ქალაქის განაპირა ადგილებში, განსაკუთრებით ვერისა და კრწანისის ბაღების მახლობლად, დიდ-ძალი მგელი გაჩენილა. წარსულს ნოემბერს მგლები ხევებში იმალებოდნენ, ეხლა-კი უფრო გათამამებულან და შიგ ბაღებში დაბინავებულან ხუთ-ხუთი და ექვს-ექვსი ერთად. ამას წინედ კრწანისში მებაღეებს თოფით მოუკლავთ ერთი უშველებელი მგელი, რომლის ტყავი 15 მანეთად გაუყიდნიათ. ჩვეულებრივი ფასი მგლის ტყავისა 5-6 მანეთია.“

ქალაქში გამოჩენილ მგლებთან დაკავშირებით ცნობები გვხვდება 1894 და 1895 წლებშიც:

„ხუთშაბათს, 7 ივლისს, შუაღამის 2 საათზედ მთაწმინდის მთიდგან ჩამოირბინა მგელმა, რომელმაც გაირბინა ზემო მხარე „კოლიუჩი ხევისა“, თითქმის მთელი „მოსკოვის ხევისა“ და გადაიარა სომხების სასაფლაოსკენ.

გამოჩნდა მგელი თუ არა, ძაღლებმა შეჰქნეს საშინელი ღმუილი და შეეფარნენ ეზოებს. მგელმა ერთს ძაღლს მოასწრო, დაარჩო, გადაიგდო ზურგზედ და გორისაკენ წაიღო.
ძაღლების ღმუილმა დიდხანს გასტანა. ამ ხმაზედ ერთი იმ უბნელი გამოვარდა და ორჯელ ესროლა რევოლვერი მგელს, მაგრამ ვერ მოახვედრა. მგელმა მაინც თან წაიღო თავისი მსხვერპლი.

გაზ. „Кавказь“-ი ამბობს, რომ აგერ უკვე რამოდენიმე წელიწადია, ქალაქს მგელი არა სტუმრებიაო“, - „ივერია“, 1894 წ.

„17 ივლისს, ორშაფათს, ტფილისში მგელი ჩამოვარდა საიდგანღაც დილიც 7 ½ საათზედ. მგელმა მარდანოვის სახლის ეზოში შეირბინა, დიდს წყლის საზიდს ქუჩაზედ, იმ ადგილას, საცა პოლიციის მესამე განყოფილებაა. 

ამ დროს ეზოში მოსამსახურენი ყოფილიყვნენ. ძაღლი, რომელიც ეზოში იყო, ყეფით მიჰვარდა მგელს; მოუბრუნდა მგელი ძაღლს და დაჰკბინა.

ამ დროს ეზოში ქუჩის დარაჯები შეცვივდნენ და უნდოდათ მოეკლათ მგელი, მაგრამ იგი მაშინვე ქუჩაში გამოვარდა, ქუჩის შესახვევში შეირბინა და მერე სრულიად გაჰქრა თვალთაგან.

პოლიცმეისტრის თანამდებობის აღმასრულებელმა სოკოლოვსკიმ ბრძანება გასცა პოლიციის ყველა ნაწილში, რომ როგორც კი გამოჩნდა სადმე მგელი, მაშინვე მოჰკლან.

მგლისგან დაგლეჯილი ძაღლი პასტერის ასაცრელ სადგურში გაგზავნეს“, - „ივერია“, 1895 წ.

მგლების სტუმრობის გარდა, როგორც ჩანს, ტფილისში არც გარეული ცხოველების სახლში ყოლა იყო იშვიათი ამბავი. ერთ-ერთი უჩვეულო ცნობა მაიმუნისა და მისი პატრონის „დაპირისპირებას“ უკავშირდება:

„გუშინ, შუადღისას, მე-7 პოლიციის ნაწილში, წყაროს უბანში, ხოჯივანქის მახლობლად, მაიმუნმა საშინლად დაჰგლიჯა თავისი პატრონი ტფილისის მცხოვრებელი გრიგოლ ასკაროვი; მაიმუნმა თურმე აიწყვიტა ჯაჭვი, გაექცა ასკაროვს და იქვე ეზოში ავიდა ხეზედ, ორი დღე იქ იყო და მერე, როგორც იყო, ჩამოიყვანა პატრონმა, სცემა და ისევ ჯაჭვით დააბა. თვითონ დაჯდა და რაღასაც კეთება დაუწყო.  
ამ დროს ხელ-ახლა აიწყვიტა მაიმუნმა ჯაჭვი, ეცა ასკაროვს, ხელები დაუღრღნა და პირზედაც უკბინა. 
მოცვივდა ხალხი, პოლიციელები და ძლივს მოაშორეს. მაიმუნი ისევ ხეზედ ავარდა. პოლიციელმა მაიმუნი რევოლვერით მოჰკლა და წაიღო შესამოწმებლად, ცოფიანი ხომ არ არისო. დაშავებული მიხეილის სამკურნალოში წაიყვანეს“, - „ივერია“, 1893 წ.

მოშინაურებული მტაცებლის შესახებ, საინტერესო ამბავს ვეცნობით თბილისელი მხატვრის, კარაპეტ გრიგორიანცის წიგნშიც:


ნიკო ფიროსმანი - „შავი დათვი“, დეტალი, [1910 წ.]
„მუშტაიდის მხარეს ერთ კინტოს ერთი დათვი ისე გაეწურთნა, რომ თავისთან პურს აჭმევდა და ღვინო არაყს ასმევდა. ბოლოს, როდესაც ის კინტო მომკვდარა, დაღონებულ და დაძმარებულ მხეცს ტირილი დაუწყვია“, - „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“, 1927 წ.

ცნობილია ისიც, რომ სხვადასხვა დროს, ზოოპარკის ჩანასახოვანი მოდელით, ტფილისში მხეცთა-საჩვენებელი „იმართებოდა“.

„კინაღამ ერთი უბედურება არ მოხდა ამ სამი დღის წინათ ჩვენს ქალაქში: ფიცრის შენობას, რომელიც ქარვასლის წინ ააშენეს ვიღაც მოსულებმა და რომელშიაც სხვა და სხვა მხეცებსა და მფრინველებს აჩვენებენ მსურველთ, გაუჩნდა ცეცხლი, მაგრამ მალე მოასწრეს და გააქრეს. შენი მტერი, მართლა ხეირიანი ცეცხლი რომ წაჰკიდებოდა და ლომი რომ გამოვარდნილიყო, დააფთხობდა ჩვენი ქალაქის მშვიდობიან მცხოვრებლებსა. მართალია, ლომი როგორღაც ჭლერქიანსა ჰგავს, მაგრამ რაც უნდა იყოს ჩვენი ქალაქის მხნე ხალხს შიშით მაინც ეყოფოდა, თუნდაც ერთი იმისი დანახვა“, - გაზეთი „დროება“, 25 იანვარი, 1876 წ.
1886 წელს, გაზეთ „ივერიას“ შეწუხებული, შეგნებული კორესპონდენტი, მისი აზრით, ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ამ ჟამად ტფილისში გამართულია მხეცთა-საჩვენებელი. ამ მხეცთა საჩვენებელში, როგორც შემთხვევა გვქონდა ჩვენის თვალით დავრწმუნებულიყავით, ბევრი ხალხი დადის და ყმაწვილებიც დაჰყავთ. ეს, რასაკვირველია, დიდად სასარგებლოა ბავშვებისათვის, როდესაც თავის თვალით დაინახავს სხვა-და-სხვა ცხოველებს, მგელს, ლომს, ვეფხვს, ირემს და სხვ., რომელნიც კი თავის პატარა სასწავლებელს წიგნში უნახავს დახატული.

მაგრამ არ შეგვიძლიან ერთს საგანზე ყურადღება არ მივაქციოთ მხეცთა-მაჩვენებელისა და საზოგადოებისა, ამ მხეცთა-საჩვენებელში ჰყავთ ერთი დიდი გველი, რომელსაც საზოგადოების წინ პატარა კურდღლებს აჭმევენ, მაგრამ დიდს კიდევ შეუძლიან გულ-გრილად უყუროს ამ სახილველს, წარმოიდგინეთ პატარა ბავშვები, რომელიც ყოველს გველის მოძრაობაზე ტირის და გული უკანკალებს, როდესაც გველის საზარელი სახე ლამაზ კურდღლის თავს სჭიდებს პირსა.

კარგი იქნებოდა, რომ ამ საგნისთვის მიექციათ ყურადღება და თუ მაინც-და-მაინც საჭიროა, რომ საზოგადოებას აჩვენონ, როგორა სჭამენ გველები კურდღელს, ყმაწვილებს მაინც მოარიდონ ამ გვარი სახილველი, რადგანაც ნორჩს გულზედ არა-სასარგებლო მოქმედება აქვს ამ საზარელს დიდისაგან პატარის ყლაპვის სანახავსა.“

ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კიდევ მხეცთა კიდევ ერთი საჩვენებელი მადათოვის კუნძულზე უნდა ყოფილიყო გამართული:

„ტფილისს ერთი გასართობი სანახავი კიდევ მოელის. იმ კვირაში კავკავიდამ სპარსელი ქიასიმი ჩამოიყვანს მხეცებს. ამათთვის კუკიის ხიდის კუნძულზე უკვე მზადდება ფიცრული შენობა. 

საჭიროა ქალაქის გამგეობამ ამ შენობას ყურადღება მიაქციოს, რომ იგი ნამდვილი სიმაგრე იყოს მხეცთათვის, თორემ შესაძლებელია, როგორც ზოგიერთს ქალაქებში მომხდარა, მხეცი გაექცეთ და უბედურება დატრიალდეს.

მით უფრო ყურადღების ღირსია ეს შენობა, რომ იგი მოიჯარადესა აქვს ჩაბარებული ასაშენებლად“, - „ივერია“, 1895 წ.

გარეულ ცხოველებს ტფილისელები ქალაქში ჩამოსული ცირკის წარმოდგენებზეც ხედავდნენ. 1889 წელს, ტფილისში ბაქოდან ჩამოსულა ტომსონის ცირკი, რომელსაც პირველი წარმოდგენა მალევე ჰქონია დაგეგმილი. როგორც საგაზეთო ცნობიდან ვარკვევთ, ცირკს ტფილისში ექვსი სპილო ჩამოუყვანია, მეშვიდე, ახალი გაწვრთნილი სპილო კი - 13, 000 მანეთად გამოუწერიათ ჰამბურგიდან.

„ტფილისში გავრცელდა ხმა, ვითომ ცირკის პატრონი ტომსონი, რომელიც ტფილისში ჰმართავდა წარმოდგენებს და ეხლა-ხან წავიდა ბათუმიდამ გემით სამზღვარ-გარედ, დაიღუპა ზღვაში ღელვის გამო მთელის თავის ქონებითა და სპილოებითაო“, - გაზეთი „ივერია“, 1891 წ.

დასასრულ, გაგაცნობთ კიდევ ერთ ამბავს, რომელიც, მართალია არა ტფილისში, არამედ შორაპნის მაზრის სოფელ მოლითში მოხდა, თუმცა, სოფელ ლელობთან მოკლული ვეფხვისა არ იყოს, ერთობ იშვიათი შემთხვევა უნდა იყოს:

„სოფ. მოლითი (შორაპნის მაზრა). აქაური გლეხი გიო ცუცქირიძე 14 დეკმებერს შეშისათვის წავიდა მახლობელს ტყეში. აქ, ბუჩქებს შუა, მან შენიშნა რაღაც მძინარე უცნაური ჭრელი ნადირი.

გიო საჩქაროდ სოფელში დაბრუნდა და 11 შეიარაღებული მეზობელი წაიყვანა. ამათს ფეხის ხმაზე ნადირმა თვალები აჭყიტა და, ის-ის იყო, ამ ხალხს უნდა სცემოდა, რომ ამ დროს გამბედავმა გლეხმა სპირიდონ ცერცვაძემ შიგ თვალებში თოფი ესროლა.

ნადირი, რომელიც ვეფხვი გამოდგა, დაბრმავებული და ტვინ დარყეული რამდენჯერმე ჰაერში შეხტა, შეტრიალდა და თავისის მაგარის კუდით იქაურობას მტვერს ადენდა, მაგრამ რადგანაც ვეღარავის ჰხედავდა, გლეხებმა ადვილად მოჰკლეს იგი.

ამ ბოლოს დროს რამდენჯერმე გამოჩნდა აქეთ მხარეს ვეფხვი, თუმცა ტყეები დღითი დღე ჩანაგდება“, - გაზეთი „ივერია“, 1900 წ.

გიორგი ჭეიშვილი