მადათოვის დაკარგული კუნძული |

მადათოვის კუნძული

 ძნელად თუ მოიძებნება ადგილი ტფილისში, იმაზე მისტიკური, ვიდრე მადათოვის კუნძული. კუნძული, პრაქტიკულად, ლეგენდადაა ქცეული, ლეგენდად, რომლის შესახებაც ცნობები არცთუ მრავლადაა.

„მადათოვის კუნძული, ყოფილი კუნძული მდ. მტკვარზე, იქ, სადაც ახლანდ. კ. მარქსის სახ. ხიდებს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე მდ. მტკვარი 2 განშტოებას ქმნიდა. მადათოვის კუნძულის ძველი სახელწოდებებია „ახალი ბაღი მეიდნისა“ (ვახუშტი, XVIII ს.) და ორბელიანების კუნძული. XIX ს-ში კუნძული გენ. ვ. მადათოვმა შეიძინა, ამიტომ ეწოდა მადათოვის კუნძული. XX ს. 20-30-იან წლებში, მტკვრის მარჯვენა ნაპირის საყრდენი კედლის ამოყვანის შემდეგ, მადათოვის კუნძული ქალაქის სახმელეთო ნაწილს შეუერთდა. თ.ბერიძე“, - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 
ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, რომ არა ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, XX საუკუნის 30-იან წლებში მტკვრის ერთი ტოტი დააშრეს, სკუდიერის ხიდი „გაამშრალეს“ და საავტომობილო გზა გაიყვანეს, 90-იანებში დაბადებულ ავლაბრელ ბიჭებს კიდევ ერთი ადგილი ექნებოდათ ე.წ. „პესკების“, ბარათაშვილის სკვერისა და ბოტანიკური ბაღის გარდა, სადაც მშობლების აკრძალვის მიუხედავად, ზაფხულის ცხელ დღეებში გაიპარებოდნენ. თანაც, სად „პესკები“ თუ ბოტანიკური ბაღი და სად ქალაქის შუაგულში მდებარე კუნძული!

საწუხაროდ, ამ კუნძულის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, თითქოს არც არსებულაო, არადა აკა მორჩილაძის „მადათოვის ტრილოგიას“ თუ არ მივიღებთ მხედველობაში, მისი გაქრობიდან დიდი დროც არაა გასული, ასე უძეგლოდ რომ დაკარგულიყო.

ეგ კი არადა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, იმ დროისათვის, როდესაც „კაენის სულის აღზევება“ ახლოვდებოდა, ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილებას კუნძულის „გაუქმებასთან“ დაკავშირებით, „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებზე მიესალმებოდნენ კიდეც:
„მადათოვის კუნძული! გუშინდელი მისი მნახველი განა გაოცებული არ დარჩება დღეს? სადღა არის ნასახი იმ უმსგავსო შენობებისა და ნაგავხანისა, გუშინ რომ თვალსა სჭრიდა იქ გამვლელ მოქალაქეს. ახლა მთელი ეს კუთხე გულის სალხინობელი ბაღით არის დამშვენებული და სისუფთავის ნიმუშათაც გადაქცეულა.“
ასეა, „სანიტარიულ გამოწვევებს“ და ამბიციებს შეეწირა კუნძული, რომელსაც წლების განმავლობაში, მტკვარი სტაცებდა ქალაქს. ქალაქიც ჯიბრში ედგა დედა-მდინარეს და კბილებით იცავდა მიწის ნაგლეჯს, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა მაინც. 

ამ მასალაში მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ თავი მოგვეყარა მადათოვის კუნძულის შესახებ ძველ ქართულ პრესაში არსებული (1886-1900 წწ.) ცნობებისთვის, რათა არა მხოლოდ რომანტიკული, არამედ ფაქტებზე დაფუძნებული წარმოდგენა გვქონდეს  კუნძულზე, კუნძულზე რომელიც თითქოს არც არსებულა...

***


[1886 წელი] 

ამას წინად ჩვენ მოვიხსენეთ, რომ კუკიის ხიდის ყურთან, მტკვრის პირის ქუჩაზე საშინელი ცუდი სუნი სდგასო. ეხლა გაზეთი „კავკაზი“ ამბობს, რომ ცუდი სუნი ტრიალებს მთელს კუკიის ხიდზედაო. ამის მიზეზი თურმე ისა ყოფილა, რომ დაბაღებს გაუმართავთ თავიანთი დუქნები მადათოვის კუნძულზე და აშრობენ ტყავებსაო. ეს სუნიც ამ ტყავების გამო უნდა იყოსო. ნუ თუ მართლა შესაძლებელია, რომ შიგ შუაგულ ქალაქში, ისეთს ალაგას, როგორიც არის კუკიის ხიდი, ტყავებს აშრობდნენ და დაბაღები მუშაობდნენ. ეს სწორედ დანაშაულობაა ქალაქის მცხოვრებთა წინაშე იმისა, ვისაც ჰმართებს ამაზე ზრუნვა.

[1887 წელი]

გაზ. „Нов. Обоз.“-ში ვკითხულობთ ანგარიშს იმ გარდაწყვეტილებაზე, რომელსაც დაადგა ექიმთა კომისია შესახებ მტკვარზე ჩასასვლელებისა, საიდამაც მიაქვთ წყალი მცხოვრებთა სახმარებლად. კომისიას გაუსინჯავს ჩასავალები მტკვრის მარჯვნივაცა და მარცხნივაც და აღმოჩენილა, რომ ჩასავალი თითქმის ყველგან ისეთ ბინძურ ადგილებზეა, რომ რიგიანის წყლის ამოღება შეუძლებელია. ამის გამო კომისიას გარდაუწყვეტია შემდეგი: მტკვრიდამ წყლის ამოღების ნება ჰქონდეთ მხოლოდ მუშტაიდისა და აბსერვატორიის ჩასავლიდამ, იუნკრების სასწავლებლის ზემოდ და მადათოვის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდამა.

[1890 წელი] 

მკითხველებმა უკვე იციან, რომ პატრონმა მხერხავის ქარხანისამ ბ-ნმა ტერ-ასატუროვმა თხოვნა მიართვა ქალაქის საბჭოს: ნება მომეცეს ქვითკირის გალავანი შემოვავლო ჩემს ქარხანას მადათოვის კუნძულზე, რათა მტკვარმა წყალ დიდობაში აღარ მისცეს ზარალი ქარხანას, როგორც დააზარალა შარშან ზაფხულსაო.

ამ საგნის შესახებ საბჭომ დანიშნა კომისია, რომელსაც უნდა თავისი აზრი წარმოედგინა. 8 იანვრის კრებაზე საბჭომ განიხილა აზრი კომისიისა და დაადგინა: მიეცეს ტერ-ასატუროვს ნება კედლის გავლებისა მხოლოდ იმ მიჯნის გაყოლებით, როგორც ნაჩვენებია ვორონცოვის გეგმაში. ამასთანავე ქალაქს ნება ჰქონდეს დაარღვიოს ეს კედელი, უკეთუ გარემოება მოითხოვს, ანუ მოაღწევს დრო, როდესაც მთელს კუნძულს გარშემო შემოავლებენ გალავანს თანახმად ვორონცოვის გეგმისაო.

***

ამ წელს [1890 წ.] მადათოვის კუნძულის დასავლეთი ნაპირი უნდა კედლით ამოაშენონ. კედელს ვარანცოვის პატარა ხიდიდგან დაიწყებენ და მდინარის პირ-პირ ამოაშენებენ ქეშად და ალმაცერად, ასე რომ მდინარე ხიდთან შევიწროვდება, მაგრამ მაგიერად ვანქის ტაძართან უფრო გაგანიერდება. შეშისა და ფიცრების შემოსატანად წყლის პირი ერთ ალაგას თავისუფალი იქნება. კედელზევე გაკეთებული იქნება ტივების დასაჭერი ჩანგლები. გარდა ამისა მდინარიდგან ტივების ამოსაღებად განსაკუთრებული მანქანა იქნება მოწყობილი.

***

მთავრობის განკარგულებანი

ბრძანება ტფილისის პოლიციის უფროსისა: რადგან ძალიან ხშირად, თითქმის ყოველს დღეს, უბედურება ემართებათ იმ მობანავეთ, რომელნიც ჰბანაობენ მდ. მტკვარში, ამის გამო ჩემის განკარგულებით გასინჯულ იქმნა ამ მდინარის სხვა-და-სხვა ალაგი და გამოძიებული, თუ რომელი ადგილებია უშიშარი და არა-საფრთხილო და სად უნდა მიეცეს ნება ხალხს ბანაობისა. აი ეს ალაგები:

5) მდინარის მარჯვენა მხარეზე, ტოტში, მადათოვის კუნძულსა და ვანქის ტაძარს შუა. მობანავე 5 საჟენზედ1 მეტს არ უნდა გასცდეს ნაპირიდგან;

ყველა აქ მოხსენებულ ალაგას ნიშნად დასობილია მაღალი ბოძები ბაირაღითურთ. ბოძზე თუნუქის ფიცარია მიკრული და ზედ აწერია: „საბანაო ალაგი“ სამს ენაზე: რუსულად, ქართულად და სომხურად. ამას გარდა პოლიციის ნაწილში თათრულადაც არის სიტყვები წარწერილი.

ამ ჩემს განკარგულებას ვუცხადებ ტფილისის პოლიციის ბოქაულებს და ვთხოვ, რომ თავის ხელ-ქვეითებს აჩვენონ აქ დასახელებული ალაგები, თვალ-ყური დააჭერინონ და იმ ადგილებში-კი, რომელიც საშიშრად არის ცნობილი მობანავეთათვის, ბანაობის ნება არავის არ მიაცემინონ.

[1„საჟენი“ - ძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული; უდრის 2.13 მ.]

[1891 წელი] 

ტფილისის ქალაქის გამგეობას უკვე დაუმტკიცებია პროექტი მადათოვის კუნძულზე სანაპირო კედლის აშენებისა მტკვრის პირას, კუკიის პატარა ხიდს ქვემოდ, ბერლინის სასტუმროს [დაახლოებით 1885 წელს, სასტუმრო „გრანდ-ოტელს“, (ათონელის ქ. #29/ ხიდის ქ. #1) „ბერლინი“ დაერქვა] პირდაპირ. ეს კედელი უნდა ააგოს თ. ი. ვ. მუხრანსკიმ, რომელსაც ეკუთვნის ხსენებული ნაწილი კუნძულისა. თ. მუხრანსკი შესდგომია კიდეც ამ სანაპირო კედლის აშენებას, კედლის სიგრძე 160 საჟენი იქნება.

[1892 წელი]

21 სექტემბერს [1892 წ.] მადათოვის კუნძულზედ, საცა ბინა აქვს ქალაქის დეზინფექტორს, სადეზინფექციო წამლებით აპკურეს იმ საქალაქო სასწავლებელთ შეგირდები, რომლებიც ხოლერიან სოფლებიდგან ჩამოვიდნენ.

[1892 წელს, ტფილისში ქოლერამ იჩინა თავი]

***

[ქოლერასთან დაკავშირებით] ტფილისის პოლიცმაისტერი აცხადებს, რომ ამ ჟამად ტფილისში უფასო საჩაიოებია გამართული, საცა ჩაის გარდა, უფასოდ აძლევენ ღარიბ ხალხს პურსა და წყალ-ღვინოს: 1) თამამშოვის ქარვასლის მახლობელს ბაღში; 2) ვერის მოედანზედ; 3) თათრის მოედანზედ და 4) ფეთხაინის ეკკლესიის1 მახლობლად. ამ მოკლე ხანში კიდევ გაიმართება უფასო საჩაიოები: 1) ალექსანდრეს ბაღში; 2) მადათოვის კუნძულზედ და 3) კახეთის ქუჩაზედ.

***

ქალაქის გამგეობამ ამას წინად შეუკვეთა პეტერბურგის ქარხანას სადეზინფექციო კამერის გაკეთება თავისის მოწყობილობით. ეს კამერა მზად იქნება მომავალის წლის დასაწყისში, ქალაქს-კი ჯერ არა აქვს დამზადებული ამ კამერასთვის შესაფერი სახლი, რადგან აქამომდე ვერ მოხერხდა ადგილის შეძენა ამ შენობისათვის.

ეხლახანს ქალაქის ექიმმა-დეზინფექტორმა რაზამატმა წინადადება შეიტანა ქალაქის გამგეობაში, რომ სადეზინფექციო შენობა გაკეთდეს მადათოვის კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, საქალაქო მიწაზედ.

ეს აზრი მით უმეტეს მოსაწონია, რომ ამ ადგილას ყოველ ზამთრობით გააქვთ დიდ ძალი მიწა და მტკვარში ჰყრიან. ამ მიწის წყალობით აქ მთელი მოედანი გაკეთდება ხოლმე, თითქმის ოთხი დღიური სწორე მიწა. ქალაქი ჰხარჯავს წელიწადში ას თუმანს, რომ გაიმაგროს ეს მოედანი, მაგრამ მოდიდებულ მტკვარს ყოველ წელს მიაქვს ეს მიწა.

ბ-ნი რაზამატი ურჩევს ქალაქს, რომ ამ ას თუმანს მიუმატოს ორას თუმნამდე ის ფული, რომელიც გადადებულია მიწის სასყიდლად სადეზინფექციო კამერასთვის და ამ თანხით გაავლოს მაგარი კედელი და ზედ ააშენოს კამერის სახლი.

ხსენებულის კედლის შემწეობით, ქალაქი სამუდამოდ დაიმაგრებს ოთხის დღიურის მოედანსაც შუაგულ ქალაქში, რაიცა ფას დაუდებელი იქმნება, და აღარც შემდეგში დაეხარჯება ას-ასი თუმანი წლიურად ნაპირების გამაგრებაზედ.

როგორც ისმის, ქალაქის გამგეობას მოსწონებია ხსენებული წინადადება ბ-ნ რაზამატისა.

[1893 წელი] 

ქალაქის სადეზინფექციო კამერას ძლიერ აჩქარებით აშენებენ მადათოვის კუნძულზედ. კამერა უკვე დადგეს. ამ თთვის [მარტი, 1893 წ.] გასვლამდე ყოველივე მოწყობილობა სულ დამთავრებული უნდა იყოს, ასე რომ კამერა თავის მოქმედებას დაიწყებს არა უგვიანეს 1 აპრილისა.

***

[აპრილი, 1893 წ.] მტკვარი თან-და-თან მატულობს. წყალმა 1 საჟენზედ მეტი აიწია. ქალაქის ხუროთ-მოძღვარნი ძლიერა ცდილობენ მადათოვის კუნძული გაამაგრონ, რომ წყალმა არ წალეკოს.

***

თავადი ი. კ. ბაგრატიონ-მუხრანსკი დიდი ხანია ცდილობდა განიერი და სწორე ქუჩა გაეყვანა მადათოვის კუნძულზე თავის სამხერხაოებში, მაგრამ აქამომდე ხან ერთი მემამულე უშლიდა ხელს, ხან მეორე.

ქალაქსაცა აქვს ამ კუნძულზედ თავისი მიწა. ამის გამო თავ. მუხრანსკიმ მიჰმართა ქალაქის საბჭოს და სთხოვა – გავიყვან ქუჩას ექვს საჟენიან სიგანისასაო და რა მიწასაც დაიჭერს ეგ ქუჩა, სულ ქალაქს დავუმკვიდრებო.

საბჭომ ამ საქმის გამოკვლევა მიანდო ქალაქის გამგეობას და აღმაშენებელს კომისიას, რომელთაც მოიწვიეს რწმუნებული თავ. მუხრანსკისა და შეიმუშავეს პირობა ხელ-შეკრულობისა.

ამ ხელ-შეკრულობის ძალით, ქალაქმა უნდა დაიმკვიდროს მიწა, რაც ქუჩას მოუნდება, ხოლო უკეთუ ქუჩის გაყვანის გამო რომელიმე პატრონი მამულისა დავას ასტეხავს – მაგ ადგილზე რად გაგყავთ ქუჩა, მიწა ჩემიაო, ამ დავის მოპასუხე უნდა იყოს თავ. მუხრანსკი და არა ქალაქი.

ეს ხელ-შეკრულობა წარედგინება საბჭოს, რომელიც, უეჭველია, მოიწონებს და ამ სახით ეს გაბინძურებული კუნძული, დღეს იქნება თუ ხვალ, სისუფთავეში ჩავარდება და აღარ გააუშნოებს ქალაქის შუა გულს, როგორც აუშნოვებს ეხლა.

[1895 წელი] 

როგორც ქართლიდგან გვატყობინებენ, იქ ამ დღეებში [ოქტომბერი, 1895 წ.] საშინელი დიდი ნიაღვრები და თავსხმა წვიმები ყოფილა. ამასვე იწერებიან იმერეთიდგან.

ტფილისში მტკვარი იქამდის მოდიდდა, რომ გაზაფხულზედაც არ ყოფილა ამოდენა. ორი წისქვილი ერთმანეთს დააჯახა მიხეილის ხიდთან და ერთი მათგანი თითქმის სრულიად მიამსხვრია.

წყალი უცებ მოვარდა ღამე და წალეკა მადათოვის ნახევარი კუნძული და სხვა წყლის პირის დაბალი ადგილები.

ვერიდგან მრავალი ტივი მოიტაცა. ტივებზედ ყოფილა 15 მეტივე. როგორც ამბობენ, ეს მეტივეები წყალში დაიღუპნენო.

გუშინ-წინ მთავარ-მმართებელმა რიყე დაათვალიერა.

[1896 წელი]

ამ უკანასკნელს დღეებში მტკვარმა მეტად მოიმატა და მთლად წალეკვას უპირებს რიყეს. საჭიროა მახლობლად მცხოვრებნი ფრთხილად იყვნენ.

[...]

3 მაისს ღამით მტკვარმა ძლიერ იმატა. მადათოვის კუნძულის გარშემო ნაპირები მთლად წალეკა. ამავე კუნძულთან მტკვრის მარჯვენა ნაპირზედ დილის მეცხრე საათზედ ჩამოიქცა თავადის გ. ორბელიანის სახლები, რომლის ერთი ნაწილიც შარშან ჩამოიქცა. დანარჩენიც საშიშ მდგომარეობაშია.

როგორც სთქვეს, ჩაქცეულს სახლებში მუშები მდგარან, მაგრამ ქვეშ არავინ მოჰყოლია, რადგანაც სამუშაოდ ყოფილან გასულნი.

რიყე წყლით გაივსო. დესიმონოვის ქუჩაზედ წყალი თავისუფლად მოდის. რიყის ქუჩაზედ ორს ადგილას წყალია ამოსული, რის გამოც ცხენის რკინის გზის ვაგონების მიმოსვლა შეჩერებულია. ხალხი ეტლებით და ნავებით დადის. მრავალი სახლები და ეზოებია წყლით გავსილი. ამ ადგილებში მხოლოდ ნავებით-ღა დადიან ხალხის შემწეობის აღმოსაჩენად. ჯერ არავინ იცის, იმსხვერპლა ვინმე წყალმა თუ არა.

გუშინ დილით წყალმა ცოტათი იკლო.

[...]

გუშინ დილით მადათოვის კუნძული, სადაც სადეზინფექციო კამერა იყო გამართული, სულ ერთიანად მოჰგლიჯა მოდიდებულმა მტკვარმა. შუადღის 12 საათზე თვით შენობასთან იყო წყალი მოახლოვებული; საზოგადოდ საშიშარს მდგომარეობაშია მთელს ამ კუნძულზე მდგომი შენობები.

რადგან წყალი თან-და-თან მატულობს, შესაძლებელია სრულიად მოულოდნელად ჩამოინგრეს მთელი კუნძული და შარშანწინდელივით რამდენიმე კაცი იმსხვერპლოს.

ამიტომ კარგი იქნება სიფრთხილით მოიქცნენ ყველა ისინი, ვინც მტკვრის ნაპირად შენობებში დგანან.

[1897 წელი] 

2 მაისს, სასანიტარო ექიმმა ბ-ნმა გედევანიშვილმა პოლიციის მოხელის თანადასწრებით დაათვალიერა მადათოვის კუნძულის დუქნები და ტრაქტირები. აზ. ბესარიონ მხეიძის დუქანში რამდენიმე გირვანქა უვარგისი თევზი იპოვა და მაშინათვე გადააყრევინა მტკვარში.

ძეხვის მკეთებელ დუქნების პატრონებს კი გამოეცხადათ, რომ სუფთად გქონდეთ შენახული ყველაფერი, თორემ სამართალში მიგცემთო.

***

გუშინ, 25 ივლისს, ქალაქის გამგეობამ გადასწყვიტა, რომ მტკვარში ყველგან არ გადააყრევინოს ხალხს სახლის ნაგავი და მხოლოდ შემდეგ ადგილებში მისცეს ნება ნაგავის გადაყრისა:

მტკვრის მარჯვენა მხარეს - 1) ვერის ხიდის ჩასავალთან, 2) მუხრანიანთ ხიდთან, სადაც ბორანია, 3) მნაცაკონოვის ხიდთან;

მტკვრის მარცხენა მხარეს - 1) მე 2 გადასასვლელ ქუჩასთან, 2) ხოსროევისა და ზუბალოვის ქარვასლასთან, 3) გოგილოს აბანოს მახლობლად და 4) მადათოვის კუნძულის ჩრდილოეთის მხარეს მტკვრის დიდ ტოტში.

***

როგორც „ტფ. ფურ“. იუწყება, ქალაქის საბჭოს ერთს ხმოსანს აზრადა აქვს აღძრას ის საგანი, რომ მადათოვის კუნძული ქალაქის საკუთრებააო. გაზეთის სიტყვით, არხივებში შეკრებილის სხვა-და-სხვა საბუთების ქაღალდებიდგანა სჩანს, რომ ეს კუნძული ჯერ ხაზინას ეკუთვნოდა, რომელმაც ზოგიერთ კაცებს მისცა სახმარებლად იმ პირობით-კი, რომ ნაპირები გაამაგრეთო.

შემდეგ, როდესაც ტფილისში თვით-მმართველობა იქმნა შემოღებული, ეს კუნძული ქალაქს გადაეცა.

1896 წელს ქალაქის თვით მმართველობამ მოსთხოვა კიდეც იმათ, ვისაც ეს ადგილები ეჭირა, ნაპირების გამაგრება, მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდნენ ზოგიერთნი და მიისაკუთრეს კუნძულიო.

[1898 წელი] 

ქალაქის საბჭოს მკურნალმა ყასუმოვმა აღმოაჩინა, რომ ბეჟან ქობულოვისა და კონო ჟუჟივის კალბასის დუქნები, რომელნიც მადათოვის კუნძულზედ არიან, არასანიტარულ მდგომარეობაშია, რის გამოც შუამდგომლობაა აღძრული პოლიცმეისტერის წინაშე ამ დუქნების გაუქმების შესახებ.

***

ქალაქის გამგეობა შეუდგა მართლმადიდებელთა იორდანეს აგებას მტკვრის ნაპირს, მადათოვის კუნძულის ჩრდილოეთ მხარეს.

[1899 წელი] 

გუშინ [4 იანვარი, 1899 წ.] საგუბერნიო მმართველობის და ქალაქის გამგეობის ტეხნიკოსებმა პოლიციის მოხელეებთან ერთად დაათვალიერეს მართლმადიდებელთა იორდანე, რომელიც მადათოვის კუნძულის ნაპირზეა აგებული. დღეს ეს კომისია დაათვალიერებს სომეხთა იორდანეს.

***

„პირუტყვთა მფარველ საზოგადოებამ“ გარდასწყვიტა დააარსოს ტფილისში მადათოვის კუნძულზედ სამჭედლო.

***

[მაისი, 1899 წ.] მტკვარი დღითი-დღე მატულობს. რიყეზედ მცხოვრებნი დიდს შიშში არიან. წყალმა მადათოვის კუნძულსაც ჩამოაცალა ნაპირები.

***

ნიკოლოზის (ვარანცოვის) ხიდთან მდ. მტკვარმა ხიდისათვის მეტად ცუდი მიმართულება მიიღო. წყალმა გაიკეთა კალაპოტი მარცხენა მხრისაკენ და სულ ამ ნაპირს გვერდზედ აწვება. თუმცა ჯერ წყალი პატარაა, მაგრამ ნელ-ნელა ძირს მაინც უთხრის მადათოვის კუნძულს. რადგან იქ ნაყარი მიწაა, მალე იშლება და ჩადის ძირს.

მიწა იმდენად ჩაიშალა მარჯვენა ნაპირთან, რომ ხიდის ყურსა და ნაპირს შუა სულ ერთი საჟენი-ღა დარჩენილა და წყალმა რომ უცბად მოიმატოს, ადვილად წარმოსადგენია, რაც დაემართება ხიდს.

ამასთანავე, წყლის პირის ქუჩიდგან წყლიდგან მიტოვებულ ნაპირზედ გამოდის არხი და ყოველივე უწმინდურება იქ მიდის. იქვე ქუჩის პირას, საჭიროებას ალაგია, ასე რომ ყოველივე ეს სიბინძურე ჩადის ძირს და ტბად დგება. თვეზე მეტი იქნება, რაც წყალი არ მისდგომია ამ ადგილს გასასუფთავებლად და ამ დამდგარ შლამისაგან ისეთი მყრალი სუნი სდგას, რომ ყველას სულს უგუბავს.

[1900 წელი] 

დიდის მთავრის (წყლის პირის) ქუჩის კედლის გამაგრებას, როგორც გუშინ გვქონდა მოხსენებული, ჩვენის აზრით, უფრო მაშინ ექმნება მნიშვნელობა, თუ ამ ადგილზედ მტკვრის კალაპოტი გასწორდება და წყალი ისევ ძველს თავის გზაზე წავა. თითქმის ერთი წელიწადი იქმნება, რაც წყალმა ეს აქეთა ნაპირი დასტოვა ასე ათის საჟენის სიგანეზე და მადათოვის კუნძულისაკენ გადავიდა, საითკენაც მიწა ნაყარია, რასაც წყალი ადვილად აქცევს; ასე რომ, მოსალოდნელია გაზაფხულის წყალდიდობამ დიდი ზარალი მიაყენოს მადათოვის კუნძულს.

რომ რაიმე უბედურება ან ზარალი წყალ-დიდობისაგან აცილებულ იქმნას საჭიროა, მტკვრისაგან მიტოვებული ნაპირი საგანგებოდ იქმნეს გაჭრილი რომ წყალმა არინდულად სწორი მიმდინარეობა მიიღოს.

***

[მარტი, 1900 წ.] მტკვარი თან-და-თან მატულობს და რიყეზედ მცხოვრებთა გაჭირვების დღეებიც მოახლოვდა. რიყესა და დიდუბეში ბორნები ვეღარ მუშაობს. შეჩერებულა მუშაობა წისქვილებშიაც.

წყალმა ბევრი მიწა ჩამოაცალა მადათოვის კუნძულს. პოლიციამ და წყალში დაღრჩობისგან გადამრჩენელმა საზოგადოებამ უკვე ზომები მიიღო, რომ უბედურ შემთხვევის დროს შეეძლოთ შემწეობის აღმოჩენა.

***

[მაისი, 1900 წ.] მდ. მტკვარი თან და თან მატულობს. მადათოვის კუნძულის ზემო-კუთხე ნახევრამდე წაიღო.

***

26 ივლისს, ღამის 2 საათზე, მადათოვის კუნძულზე, ცეცხლი გაუჩნდა როსტომ გძელიშვილის ხე-ტყის ქარხანას და სრულიად გადაიწვა. ცეცხლის მქრობელმა რაზმმა ვერა უშველა-რა ამ ქარხანას, მაგრამ სხვები კი გადაარჩინა.

ქარხანა დაზღვეული არა ყოფილა, ამიტომ გძელიშვილს დიდი ზარალი მოუვიდა.

როგორც ამბობენ, ხუროები დაზარალებულ გძელიშვილის სასარგებლოდ ფულს აგროვებენ.

***

ტფილისის დურგალთა ამხანაგობის „შრომის“ კრება დანიშნულია კვირას, 3 დეკემბერს, 1900 წ., დილის 11 საათზედ, მადათოვისეულ კუნძულზედ, ამხანაგობის ქარხანაში.

[1902 წელი]

ძველი ქართული რეკლამა
ორშაბათს, 25 მარტს, გაიხსნსა ტფილისში, მადათოვის კუნძულზე, ფ. ი. ფეცის დიდი მუზეუმი.

მუზეუმში 100-მდე სხვა-და-სხვა საგანია. მრავალი ახალი სანახავი!

სცენაზე ბევრი ახალი სანახავია პარიზიდან: 1) დაფნა, დევნილი აპოლონისაგან; 2) გალატეა, მარმარილოს პატარძალი და სხვა.

მუზეუმი გახსნილია ყოველდღე დილის 10 საათიდან საღამოს 11-მდე; წარმოდგენების დასაწყისი ნაშუადღევის 2-დან. დაწვრილებით იხ. აფიშებში.

***

[მადათოვის კუნძულის კრიმინალური ქრონიკა]

[1889 წ.] 5 ნოემბერს, მადათოვის კუნძულზე, რაჭველმა მხერხავმა იორამ დავლიანიძემ მუცელში დანა დასცა ჩხუბის დროს რაჭველსავე იოსებ გრძელიშვილს და მძიმედ დასჭრა. დავლიანიძე შეიპყრეს, ხოლო გრძელიშვილი გაჰგზავნეს საავადმყოფოში.

[23 სექტემბერს, 1890 წ.] საღამოს რვა საათზე, მადათოვის კუნძულზე რაჭის მცხოვრებელი სამსონ ჩიკვილაძე წაეჩხუბა რაჭისავე მაზრის სოფ. ბრავაზალის მცხოვრებელს ზურაბ სხირტლაძეს, დანით მუცელში დასჭრა და დაიმაა. დაშავებული სამკურნალოში გაჰგზავნეს და დამნაშავეს დაეძებენ.

ამ თვის 8, [ოქტომბერი, 1890 წ.] ღამის პირველს საათზე, მადათოვის კუნძულზე, სოფ. მთიბას მცხოვრებელი გლეხი ვანო გიგოლას ძე კაციევი წაეჩხუბა სოფ. კრიხას მცხოვრებელს გლეხს სერგო პეტრეს ძეს ნასარიძეს, დანით ხელში დასჭრა. დაჭრილი სამკურნალოში გაჰგზავნეს და დამნაშავე შეიპყრეს და სამართალში მისცეს.

ამ თვის 15, [ოქტომბერი, 1890 წ.] მადათოვის კუნძულზე, სოფ. შკმალის მცხოვრებელმა შიო გოგნიძემ ჯიბიდგან ფულის ქისა ამოაცალა სოფ. ბრავალზალის მცხოვრებელს გაბრიელ სხირტლაძეს. ქისაში 25 მანეთი იყო. დამნაშავე შეიპყრეს და სამართალში მისცეს.

4 აგვისტოს [1893 წ.] მადათოვის კუნძულზე, გუმბრის მცხოვრებელი ალექსანდრე სიმონიანი წაეჩხუბა გორის მაზრის მცხოვრებელს კირილე სავინოვსა და გვერდში მსუბუქად დასჭრა. დაჭრილი სამკურნალოში გაჰგზავნეს.

***

[19 ივნისს, 1894 წ.] როგოზინმა პოლიციაში გამოაცხადა, რომ მადათოვის კუნძულზედ ვიღაც კაცს ჩემი ნავთის საწყობის კანტორის გაქურდვა უნდოდა, ჩვენის სახლის ასასმა1 შეიპყრო, მაგრამ ისევ გაექცაო.

[1ასასი - 1. ღამის დარაჯი; სავაჭრო დუქნების მეთვალყურე (საიათნოვა); ასასს აბარია ხშირად რამდენიმე დუქანი და ნება არა აქვს თავის ადგილს მოშორდეს, თვით პოლიციელსაც არ ჰქონდა ნება დაეპატიმრა ან სხვ., როცა იგი სადარაჯოზე იდგა (დადის ღამღამობით ეს ასასი ჩაბარებულ დაკეტილ დუქნების ირგვლივ და ყოველ წამს კლიტეებს ხელით ეხება, რომ დარწმუნდეს დუქნის ჯანსაღობაში). „1860 წლებში ბაზრებში ღამე ჰასასები არსებობდნენ ყარაულებად დუქნებისა. მედუქნეები იხდიდნენ ამათ ჯამაგირებს, რადგანაც ჰასასები გათენებამდის უძილოდ ფეხზე უდარაჯებდნენ, ზამთარ-ზაფხულ, რომ ქურდებს არ გაეტეხათ დუქნები“. 2. ღამის ყარაულია უეჭველად დუქან-ქარვასლებისა, ასასი სრულიადაც არ არის გოროდოვოი. 3. ღამის დარაჯი, დუქნების მავალი. 4. ღამის ყარაული, კერკეტონი, ტალა. იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“]

***

წარსულს კვირას, 13 ამ თთვეს [აგვისტო, 1895 წ.] მადათოვის კუნძულზედ ივანე ფილიაშვილის ღვინის სარდაფში მოხდა კაცის კვლა. შუადღის შემდეგ ესე ხუთიოდ-ექვსიოდე ქალაქის კინტო-ჯიბგირი ჩასულიყო ხსენებულს სარდაფში და ქეიფი გაემართათ.

კარგა რომ შეზარხოშებულიყვნენ, ფულის თობაზედ ლაპარაკი მოსვლოდათ. რასაკვირველია ლაპარაკს ყვირილი და ერთი აურზაური მოჰყოლოდა. ამ ყვირილის დროს ერთს ამ ჯიბგირთაგანს ივანე დემიროვს ჩაეყო თავისსავე ამხანაგისათვის გოლა სირიბეგოვისთვის ჯიბეში ხელი და ფულს აცლიდა თურმე. გოლა სირიბეგოვს შეემჩნია თუ არა, რამდენჯერმე გულში და სახეში დაეკრა დემიროვისათვის დანა და იქვე ცოცხალ-მკვდარი მიეგდო.

მკვლელობაზედ ხალხი შექუჩდა, სარდაფი და სარდაფ-წინ ეზო გატენილი იყო, მაგრამ პოლიციელი მაინც არსადა სჩანდა, თუმცა ბევრი ეძებეს.

ბოლოს როგორც იყო ერთი პოლიციელი გაჩნდა და მკვლელი პოლიციაში წაიყვანა. დაჭრილი კაცი-კი ერთი საათი მეტი ეგდო; მთლად დაიცალა სისხლისაგან, ვიდრე მეორე პოლიციელი მოვიდოდა და მიხეილის საავადმყოფოში წაიყვანდა. დაჭრილი უკვე გარდაიცვალა.

***

2 მარტს, ღამის 12 საათზედ, [1897 წ.] მადათოვის კუნძულზედ, კერესელიძეს „ტრაქტირში“ კონსტანტინე იაშვილს და მიხეილ ცქიტიშვილს ჩხუბი მოუვიდათ და იაშვილმა ცქიტიშვილი ხანჯლით დასჭრა მხარსა და მარცხენა მკერდში. დაჭრილი მიხეილის სამკურნალოში წაიყვანეს. ჭრილობა საშიშია.

23 აპრილს, საღამოს 10 საათზედ, [1897 წ.] ჩხუბი მოუვიდათ ბესარიონ მხეიძის დუქანში, მადათოვის კუნძულზედ, რაჭის მაზრის სოფ. წესის მცხოვრებელს ზაქარია გოგობერიშვილს და სოფ. კრიხის მცხოვრებელს ლუკა ისაკაძეს. ჩხუბის დროს გოგობერიშვილმა კალმის დანით დასჭრა ზურგში ლუკა ისაკაძე. დაჭრილი მიხეილის საავადმყოფოში გაგზავნეს. გამოძიება სწარმოებს.

***

15 ოქტომბერს, დილის 9 საათზედ, [1897 წ.] მადათოვის კუნძულზედ, ქალაქის მამულში გამართულს ფეხის ადგილში უპოვნიათ მკვდარი კაცი. აი გარემოება ამ საქმისა:

ქალაქის ერთი მუშათაგანი მიხაილ მასლოვი, ამ ადგილას მივიდა და კარების გაღება დააპირა, მაგრამ შიგნიდგან დაკეტილი დახვდა. შემდეგ გარედგან შეიხედა და დაინახა, რომ ვიღაც კაცი გდია.

მაშინვე პოლიციელს დაუძახა და იმასთან ერთად კარები გატეხა. შიგ რომ შევიდნენ, მკვდარი რუსი ჰნახეს, ახალგაზდა 22-23 წლის კაცი. როგორც ეტყობოდა, იგი ამ ადგილას შესულა, ჩაუკეტნია კარები და მძიმე სუნით თავი მოუკლავს.

მკვდრის გვერდით წერილი იპოვნეს, რომელშიაც თვით მკვდარი მოკითხვას სწერს თავის მეგობარს და თავის მდგომარეობას აუწერს. წერილის ქვეშ აწერია „ზოსიმე დრუნევსკი“. მკვდრის გვამი საანატომიო თეატრში წაიღეს.

***

შაბათს, 7 მარტს, საღამოს 10 საათზედ, [1898 წ.] მადათოვის კუნძულზედ, მარიამ კისელევის ლუდხანაში შემდეგი საზარელი მკვლელობა მოხდა. ამ ლუდხანაში ტობოლის გუბერნიის გლეხი თევდორე ლაგუნინი შესულა და ლუდი მოუთხოვნია. ლუდი ახალგაზდა ქალს ნადეჟდა გავრიუშინს მიუტანია, რომელიც რამდენისამე დრის წინად დამდგარა ამ ლუდხანაში დახლიდრად. ამ დროს ლუდხანის პატრონი კისილევისა გარეთ გასულა, ასე რომ ოთახში მხოლოდ გავრიუშინისა და ლაგუნინი დარჩენილან.

როდესაც ლაგუნინს რამდენიმე ჭიქა ლუდი დაულევია, რევოლვერი ამოუღია ჯიბიდგან და ქალისათვის უსროლია. ტყვია ქალს პირდაპირ თავში მოჰხვედრია და იქვე წაქცეულა. ხმაზედ კისილევი შემოვარდნილა, ლაგუნინს იმისთვისაც უსროლია რევოლვერი და ალაგობრივვე მოუკლავს.

შემდეგ პოლიციელები შეკრებილან და მკვლელი შეუპყრიათ. კისილევის გვამი საანატომიო თეატრში წაიღეს, ხოლო გავრიუშინი, რომელიც მხოლოდ დაჭრილი აღმოჩნდა, მიხეილის საავადმყოფოში წაიყვანეს. საწყალი ქალი მხოლოდ მეორე დღეს, 8 მარტს მოიყვანეს გონს. ექიმების აზრით, გავრიუშინის სიცოცხლე განსაცდელშია.

დაპატიმრებულმა ლაგუნინმა განაცხადა, რომ გავრიუშინი რამდენისამე თვის წინად გავიცანი და სიტყვა მომცა, ცოლად გამოგყვებიო. ხოლო ამ ერთის კვირის წინად წამეჩხუბა და ცოლობის უარი განმიცხადაო. ამის გამო იმის მოკვლა გადავწყვიტეო. კისილევისა-კი შემთხვევით მოვკალი, გაჯავრებული ვიყავი და აღარაფერი მესმოდაო.

საქმე გამომძიებელს გადაეცა.

***

25 მარტს, [1898 წ.] ნაშუადღევის 2 საათზედ, შორაპნის მაზრის დ. ყვირილის მცხოვრებელმა ნოე მგიბრაძემ, როდესაც მადათოვის კუნძულზედ ახლად გაკეთებულ კარუსელზედ იჯდა, რამდენჯერმე რევოლვერი გაისროლა ჰაერში. პოლიციამ მგიბრაძე სამართალში მისცა.

31 ივლისს, საღამოს 8 საათზედ, [1899 წ.] მადათოვის კუნძულზედ, რაჭის მაზრის აზნაური ვასილ სამსონის ძე იაშვილი წაეჩხუბა თავისს საყვარელს, სოფ. კურდღელაურის გლეხს დედაკაცს ელისაბედ სიმონის ასულს გიორგელაშვილს, მადათოვის კუნძულზედ, გძელიშვილის სახლში მცხოვრებელს. ჩხუბის დროს ხანჯალი დაჰკრა თავში და დასჭრა. ჭრილობა, ექიმების სიტყვით, საშიში არ არის. იაშვილი ხანჯლის დაკვრის შემდეგ გაიქცა და დღევანდლამდე დამალულია. პოლიცია უკვე დაეძებს.

***

[მადათოვის კუნძულის ყოველდღიური სურათები]

[1886 წ.] 16 დეკემბერს მადათოვის კუნძულზედ დროგმა გასჭყლიტა ტფილისის მოქალაქე გეურქა სარქისოვი, 30 წლისა. მიზეზი მისივე გაუფრთხილებლობა იყო. გვამი მიცვალებულისა გადაეცა მის დედ-მამას დასამარხავად.

1 აპრილს, [1891 წ.] ღამის 3 საათზე, მადათოვის კუნძულზე ფელდბერის ქუდის საკერავ ქარხანაში უეცრად გარდაიცვალა ტფილისის მცხოვრებელი 45 წლის მიხეილ ვასილის ძე ზაქაროვი. მიცვალებულის გვამი საანატომიო სახლში გაჰგზავნეს.

[25 მაისს, 1892 წ.], საღამოს 5 საათზედ, ტფილისის მცხოვრებელის თედო კახელაძის შვილი 19 წლის შაქრო კახელაძე მადათოვის კუნძულზედ მტკვრის პირას დადიოდა. უეცრად წყალში გადავარდა და მტკვარმა მოიტაცა. მაგრამ მალე მიეშველა რუბო აკოფოვი და გადაარჩინა დარჩობას.

***

გუშინ [1 მაისი, 1893 წ.] დილის 10 საათზე სოფელ ბაკურციხის მცხოვრებმა ღვთისავარ სამადაშვილმა მადათოვის კუნძულზე ჩაიყვანა პოვოსკა, ცხენისთვის წყალი უნდა დაელევინებინა; ამ დროს წყალმა მოიტაცა პოვოსკა; სამადაშვილიც ჩავარდა წყალში. ბევრი ურეკეს ზარი დოლანოვის1 სადგურს, მაგრამ ვერაფერი გააგონეს; პოვოსკა და ცხენი ხუროებმა გადაარჩინეს.

[1დოლანოვი - „წყალში ჩავარდნილთა მაშველ მაშინის პატრონის დოლანოვისათვის“; „დოლანოვს ნავი აქვს საკუთარი და იმითი ჰშველის ხოლმე მტკვარში ჩავარდნილებს“]

***

[30 მაისი, 1894 წ.] ერევნის მცხოვრებელმა სამსონ ყაზაროვმა მადათოვის კუნძულზედ ტანთ გაიხადა, მტკვარში გადავარდა და მეორე მხარეს გაცურვა მოინდომა, მაგრამ წყალმა დასძლია და დაირჩო.

დღეს, 11 მარტს, [1895 წ.] ნაშუადღევის 12 ½ საათზედ, მადათოვის კუნძულზედ ქალაქის მუშანი თავისის ხარჯით იხდიან პანაშვიდს განსვენებულის პ.ა. იზმაილოვის სულის მოსახსენიებლად.

4 ივლისს, [1897 წ.] მადათოვის კუნძულის ტოტში რამდენიმე ყმაწვილი ჰბანაობდა. ერთმა მათგანმა ბანაობის დროს გაღმა გასცურა. უკან გამოცურვის დროს, შუა წყალს რომ მოატანა, ბავშვი უეცრად ჩააყურყუმელავა წყალმა და დაარჩო. გვამი ვერ უპოვნიათ ჯერ. ვინაობაც არავინ იცის. როგორც ტანისამოსიდგანა სჩანს, ბავშვი 8 წლისა უნდა ყოფილიყოს და ქართველი. ტანისამოსი პოლიციამ წაიღო.

გიორგი ჭეიშვილი