მეწაღე, წყარო - ეროვნული ფოტომატიანე |
★ „მეც ფეხ-საცმელების მკერვალი გახლავართ და მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ჩვენს ავ-კარგიანობასა და ყოფა-ცხოვრებაზედ. ჭკვიანი და ნასწავლი ხალხი ბევრი ასხია ჩვენს მოხუცებულს დედა-ქალაქს, მაგრამ იმათ ჩვენი გაჭირება და დალხენა ჩვენსავით არ იციან. მუნჯის ენა დედამ იცისო, ნათქვამია. ჩვენი ამქარი მუნჯია, უტყვი და უენო და ისევ ის თუ გამოიცნობს იმის დარდსა და სატკივარს, ვინც მუდამ იმათშივე ტრიალებს, ვისაც იმათივე მწუხარება ადგა და ვინც იმათთან ერთს ტაფაში იწვის.
ჩვენის ხელობის კაცი ტფილისში დღეს დაახლოვებით ორას-სამასამდეა. თუ არ მეტი, ერთი ამდენი კიდევ ან ციხე-საპატიმროებში ჰზის, ან გავარდნილია, ავაზაკობს და დღესა თუ ხვალ ისიც ციხესა და ციმბირს მოელის ავ-კაცობისათვის. არა ხელობაში, არა ამქარში არ არის იმოდენა ლოთობა, სიავკაცე, სიბრიყვე და უზრდელობა, რაც ჩვენს ხელობასა და ამქარშია. თუ ჩვენს ამქარს არსაიდამ არ ეშველა, თუ ჩვენ შორის დიდებულს ბოროტებას არსაიდამ მოევლო და წამალი არავინ დაგვდო, თქვენი მტერი, რომ ჩვენ საქმე დაგვემართება: სააქაოს ციხეებს გავავსებთ და საიქაოს - ჯოჯოხეთის კარები ყურამდე ღია დაგვიხვდება.
რამ დასცა ასე ჩვენი ხელობა, ჩვენი ამქარი და რამ დააქვეითა ჩვენის ხელობის ხალხი.
ჩვენი უბედურება ის არის, რომ პატრონი და ყურის-მგდებელი არავინა გვყავს; გულ-შემატკივარი ადამიანი ჩვენთვის გაწყდა და გადაშენდა; მხნე და კეთილი უსტაბაშები დაგვიძვირდა. მაგალითებს მოგახსენებთ:
ჩვენს ხელობაში ხშირად ხელოსნობს კაცი და ხელოსნობისა-კი არა იცის-რა. ამისთანა მეტიჩარა და მატრაკვეცა აიღებს სადგისსა და ძაფს, ჩაქუჩსა და „შპილკას“, შეძვრება სოროში, ვითომ-და დუქანია, გაიკეთებს „ვივესკასა“ და მკერვალობს. მკერვალობს და მკერვალობა-კი არ იცის. უცოდინრობის გამო ჩამოსდის ჭირის-ოფლი, სჭრის ქაღალდის ნიმუშებს, მაგრამ არა გამოდის-რა, სჭრის კიდევ და კიდევ და ბოლოს ჰკერავს ფეხ-საცმელს, საცვეთს, მაგრამ თქვენს მტერს რომ ის ფეხ-საცმელი, ან საცვეთი გამოდის. მუშტარს ან პატარა მოსდის, ან დიდი, ისე რომ საქონლის წაღება ეძნელება, მაგრამ ბეს ვერ დაჰკარგავს და მიაქვს ლანძღვითა და გინებით. ხშირად ამ ლანძღვა-თრევის გამო იწყება საჩივარი სახელოსნო გამგეობაში და ის არიგებს წაჩხუბებულთ და ხუთ-მანათ ბეში მანათს და ორ მანათს უბრუნებს შემკვეთელს, ხოლო თითონ შეკვეთილს საქონელს უტოვებს შემკერვალს. თუ ესე გათავდა საქმე, კიდევ კარგია. უფრო ხშირად კი ისე გათავდება ხოლმე, რომ ხელოსანი აიღებს ბეს და გასწევს მაშინვე, საცა ღვინის რუმბები ეგულება. ჩნდება კიდევ ჩხუბი, დაუსრულებელი აყალმაყალი და ჩოჩქოლი...
ამასობაში ბევრსა ჰკარგავს ხელოსანიცა და მუშტარიც. ხელობას სახელი უტყდება და მუშტარიცა ფრთხება.
ცხადია, აქ სახელოსნო გამგეობა უნდა ჩაერიოს საქმეში და ასეთს უწესობას ბოლო მოუღოს. გამგეობამ უნდა იზრუნოს, რომ ვისაც „ატესტატი“ არა აქვს, იმას არც ცალკე დუქნის გამართვის ნება ჰქონდეს. გამგეობამვე უნდა ინაღვლოს, რომ ეს მოწმობა ყველას-კი არ მიეცეს, ვინც რომელსამე მოჭახრაკეს გააძღობს და ფულს დაჰპირდება, არამედ იმას, ვისაც მართლა უსწავლია ხელობა, ვინც გამოცდის შემდეგ ღირსი აღმოჩნდება მოწმობისა და „ატესტატისა“.
მეწაღე, წყარო - ეროვნული ფოტომატიანე |
თუ ისეთი ხელოსანი გამოდგა, რომ ორი-სამი საქმე იცის და მეოთხე არა, იმას ეს გარემოება მოწმობაში უნდა ჩაეწეროს. ვისაც ხელობის სწავლების ვადა არ შეუსრულებია, ის მოვალე უნდა იყოს კვლავ თავის ოსტატსა და მასწავლებელს დაუბრუნდეს ხელობის ცოდნის დასამთავრებლად, ან სხვა მცოდნესთან მივიდეს ქარგლად.
ერთის სიტყვით, უსტაბაშები და სახელოსნო გამგეობა ყოველის ღონისძიებით უნდა სცდილობდნენ, რომ მხოლოდ მცოდნე კაცი ჰმართავდეს დუქანს, მხოლოდ ნამდვილი ხელოსანი და ოსტატი ხელოსნობდეს და ამისათვის იღებდეს მოწმობას დაწესებულის გადასახადის წარდგენით.
დღეს კი საქმე სრულიად ასე არ არის. დღეს, ვისაც თუმანი აქვს ჯიბეში, მივა მოჭახრაკესთან, მისცემს წითლიანს და მერე ჰამფსონებით გასწევენ ნუნუას სარდაფში, გადაჰკრავენ „ძველებურადა, ჩვენებურადა“ და მერე დაავალებენ ახალს ოსტატს, ყოველ კვირისა და კვირის თავზე უნდა იხადო ამდენ-ამდენიო, ვიდრე ოთხი, ხუთი, თუ ექვსი თუმანი შესრულდებოდესო. ამ გადასახადის რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოურიგდნენ ახალს ხელოსანს მისი ოსტატი და მოჭახრაკე. ესენიც ყმად ისახლებენ ოსტატად მოსასვლელს კაცს და ყოველ-კვირა ახდევინებენ ხვედრს გადასახდელს და ლბებიან ღვინის სარდაფებში გაზაფხულამდე, როცა სამღვთოს გადავიხდით ხოლმე.
სამღვთოს გადახდის დრო რომ მოვა, ახლად გაოსტატებული უნდა დალოცოს იმისმა ოსტატმა და სამი სილა შემოჰკრას ყბაში დალოცვის ნიშნად. ამისათვის და აგრეთვე საღმთოს გადახდის წილად უნდა წარადგინოს თუმან ნახევრისა და ორ თუმან ნახევრიდამ სამ თუმნამდე. სამღვთოს შემდეგ ეღირსება მხოლოდ ასე დალოცვილს მოწმობა, ანუ „ატესტატი“. მანამდე-კი, თუ ყოველ-კვირა არ აძლია ხვედრი ფული, ოსტატია, თუ სხვა ვინმე, ცუდი დღე დაადგება: ბოქაულს მიუსევენ და დუქანს დააკეტინებენ - დუქნის გამართვის ნება არა აქვს, „ატესტატი“ არ აუღიაო. ბალა ის არის, რომ ამისთანა ხარჯის მკრეფელი დღეს რომ ერთი იყოს, ხვალ სხვა ჩნდება. ერთი რომ სულ გასტუმრებული ჰყვანდეს, მეორე მოდის და ისიც ითხოვს სატიალოსა და საოხროს. რომ უთხრა: კაცო, გადავიხადე სულ, რაც გადასახდელი მქონდა, ამასა და ამას მივეციო, გიპასუხებს: იმან ბევრი სხვაც შეჭამა, ბევრს ნუ ლაპარაკობ, მოიტა, თორემ ეხლავ დუქანს ამოვაქოლვინებო.
მეწაღე, წყარო - ეროვნული ფოტომატიანე |
მეტი რა ღონეა: ან უნდა დუქანი დაჰკეტო და გაუდგე ავკაცობის გზას, რომ მერე ციხე ლესო და ციმბირის გზა ჰზომო, ან უნდა აიღო და მიაცეცხლო, რასაც გთხოვენ.
ყოველ ამას ბოლო უნდა მოუღოს სახელოსნო გამგეობამ და ჩვენმა უსტაბაშმა, რომელსაც ჩვენს დიდის სიფრთხილით უნდა ვირჩევდეთ ნამუსიანთა და კეთილ-სვინდისიერთა შორის.
იქნება ზოგიერთი ხელოსნები გასწყრენ ამაზე და მკითხონ: როგორ, მაშ მამა-პაპათა ჩვეულება ოსტატისაგან ოსტატად დალოცვისა, სამღვთოს გადახდისა უნდა მოვსპოთო! ამაზედ მე ვუპასუხებ, რომ თუ დალოცვა ისევ ამ დალოცვად დარჩა, თუ დალოცვისათვის ტყავს გავაძრობთ დასალოცველს, დიაღაც უნდა მოისპოს ამ ნაირი დალოცვა და უნდა მოისპოს ძირიან-ფესვიანად. რაიცა შეეხება სამღვთოს, სამღვთოს საქმის წინააღმდეგ-კი რა მეთქმის, მაგრამ თუ სამღთოც მხოლოდ ღორ-მუცელობა იქნება, როგორც დღეს არის ხოლმე, სჯობს ისიც მოისპოს.
სამღვთოს გასამართად დღეს ვიხდით დალოცვილები თითო მანეთს და დასალოცები თუმან ნახევრიდამ სამ თუმნამდე. და მერე რაში ვხარჯავთ ამ ფულს? სმასა და ლოთობაში, რომელსაც მოჰყვება ხოლმე ერთი აყალ-მაყალი, ჩხუბი და სისხლის ღვრა. ის არა სჯობიან, რომ სამღვთოს ისევ სამღვთოს სახელი ერქვას, ფული მაინც შევაგროვოთ, თითომ თითო მანათი და მანათ ნახევარი გავიწეროთ დალოცვილებმაცა და დასალოცავებმაც და ამ ფულით კეთილი საქმეც მოვიმოქმედოთ და ჩვენთვისაც ვინაღვლოთ რამე. ასე შეგროვებულის ფულიდამ ერთი ორიოდე თუმანი პატიმრებს მივაწოდოთ, სამიოდე თუმანი ღარიბებს დავურიგოთ, ერთი თუმანი თუ ცოტა მეტ-ნაკლები მღვდელს მივცეთ და ვაწირვინოთ და დანარჩენი-კი მივმალოთ სადმე, ბანკში იქნება, თუ სხვაგან, ჩვენის საერთო საჭიროებისათვის. ჩვენ-კი ჩვენს სახლებში დავჯერდეთ, რაც ღმერთმა მოგვცეს.
ძველი ქართული რეკლამა, 1904 წ. |
მაშინ აღარც ჩხუბი, აღარც აყალ-მაყალი, აღარც ნაყროვანება, აღარც ცოდვა და აღარც წაწყმედა იქნება.
ამ გვარად მთელს ამქარს ცალკე მიმალული ფული გაუჩნდება. ამ ფულს მიემატება ისიც, რასაც გვაძლევენ, როცა ამქრობით მიგვიწვევენ ხოლმე მიცვალებულის დასაფლავებაზე. ამ ფულს, რომელიც თითოეულ შემთხვევაში მთელს ამქარს კბილის ქარათაც არ გაგვიხდება, დღეს ჩვენც ვუმატებთ და კიდევ და კიდევ ლოთობასა და სმა-ჭამაში ვფლანგავთ. ვეჭვობ, ამას ისა სჯობდეს, რომ ეს ფულიცა და ისიც, რასაც ჩვენის ჯიბიდამ შეველევით ხოლმე სალოთავად და საქეიფოდ, ერთად მოვაქუჩოთ, ერთად თავი მოვუყაროთ და ან ჩვენთვის ვიფიქროთ რამე, ან ჩვენის შვილებისათვის. ეხლა-კი ამოდენა ფულს ჩვენს საკუთარსაც ვუმატებთ, მერე ჩავსხდებით და სულ ღმერთს ვიგდებინებთ, მუცელს ვიბრუნებთ უზომო სმა-ჭამით. უზომო სმა-ჭამას ჯანი გავარდეს, საქმე ის არის, რომ ამისთანა ნადიმსა და ქეიფში ერთმანეთის მკვდარსა და ცოცხალს აღარ ვინდობთ, ყველას ერთმანეთში ვურევთ, კეტსა და ხანჯალს ვატრიალებთ, კაცის სისხლში ვდგებით და საიქიოსაც-კი ვისტუმრებთ ხოლმე ჩვენს მოძმესა და ამხანაგს.
ამ სახით, რომ ფული ფულს მივუმატოთ, სამღვთოსიცა, მიცვალებულისაცა და ჩვენის საკუთარის ჯიბისაცა, ცოტა ბევრად გადაიქცევა და სახეირო საქმესაც დავიწყობთ. ნუ იტყვით, რა უნდა დავიწყოთო და რა უნდა გავაკეთოთო. მაგ ფულით ბევრი რამ გაკეთდება, მაგ ფულს ცოტა არ ეყოლება სანუგეშებელი და ცრემლ-მოსაწმენდი. რამდენია ჩვენში, რომ დამბლად ჩავარდნილა და იმის ცოლ-შვილი ღვთის ანაბარობაზეა დატოვებული ულუკმაპუროდ. ზოგი უსინათლოა და მთხოვრობა ეთაკილება, ხელი ვერავისთვის გაუწვდენია, გლახაობას ვერა კისრულობს ოდესმე თავ-მომწონე ხელოსანი და სიმშილით სიკვდილს ამჯობინებს გლახაობასა და ქუჩა-ქუჩა მათხოვრობას. ზოგს ხელის კანკალი აქვს დაჩემებული და კარი-კარს დაჰყავთ მთხოვრად. თითო აკანკალებულის ხელის გაწოდებაზე სირცხვილით ნახევარ სიცოცხლე აკლდება. ეს სირცხვილი ჩვენის ხელობის კაცისა ჩვენი სირცხვილია, ძმებო. ჩვენა ვართ მოვალენი, ჩვენს ხელობაში ვინც გაჭირვებულია, ან ავადმყოფობით, ან სხვა ზარალისა გამო, ხელი გავუწვდინოთ საშველად, ერთი ლუკმა-პური არ დავიშუროთ და ქვეყანას კი არ გავაგებინოთ იმის გაჭირება.
ძველი ქართული რეკლამა, 1904 წ. |
ან მოკვდა ვინმე ჩვენ შორის საწყალი და ხელ-მოკლე ხელოსანი. ჩვენ მაშინ დავრბივართ, ვშლით ხელსახოცებს და ისე ვაგროვებთ თითო გროშობით და ვალანძღვინებთ მიცვალებულსაცა და იმის ცოლ-შვილსაც. ნუ, ძმებო!
ჩვენც მოველოდეთ გაჭირვებასა და ყოველ-გვარ უბედურებას: ვინ იცის კაცის თავს რა სწერია! მაშინ ხომ ჩვენც იმას მოვიმკით, რაც დაგვითესია. თუ თეფშით ვმარხავთ ჩვენს მოძმეს, მაშინ ჩვენც თეფშით დაგვმარხავენ; თუ სამათხოვროდ და საგლახაოდ ვუხდით საქმეს ჩვენს ძმას, ჩვენც აგრე მოგვექცევიან და აბა, იფიქრეთ, რა კარგია ესა, რა სახელია ჩვენთვის.
საქმე პირველი დაწყებაა. თუ პატარა შევაგროვეთ რამე და დავიწყეთ გადადება ფულისა, მერე ღმერთი მოწყალეა, კეთილს საქმეს ბევრს გამოაჩენს თითონ ფული და ნამუსი. აბა, ჩვენ თავს დავხედოთ კარგად. განა ჩვენ დღეს პატიოსნება და ნამუსი გვაქვს? ისე გაგვიტყდა სახელი, რომ უკაცრაული პასუხია, ტიტველა და მთვრალი კაცი რომ ჰნახონ ქუჩაში, ამბობენ: „პიან, კაკ საპოჟნიკო“. ეს ჩვენი სირცხვილი და სიკვდილია!
მივხედოთ სოფლის ხალხს, გლეხკაცობას. ისინი თავიანთი სიღარიბითა და ხელ-მოკლეობით თვიანთ საკუთარს სკოლებსაც-კი იკეთებენ და შიგა ზრდიან თავიანთ შვილებს. ჩვენ რაღა ღმერთი გაგვიწყრა. ჩვენ ვისი რა ჩაჩიკაშვილები ვართ, ასე დაქვეითებულები და უგონონი, რომ დაგვიღია პირები და აღორებულს სატიალო მუცელს ჩავტირით, იმას ვაყრით, რაც გვაბადია ჯიბეში. განა სირცხვილი არ უნდა ვიცოდეთ, ჭკუაზე აღარ უნდა მოვიდეთ. დავიჯერო იმდენად ვირები და დათვები ვართ, რომ სკოლისაც-კი არა გვესმის-რა, და ჩვენი შვილებიც ისეთივე მუტრუკები უნდა დავზარდოთ, როგორც ჩვენ ვართ?! მაშ ის არა სჯობია, რომ ბარემ ეხლავე დავჭრათ ყელები და იმ დღეში-კი არ ჩავყაროთ, რა დღეშიაც ჩვენა ვართ და ჩვენის ხელობის კაცია დღეს თავის უცოდინარობითა და უგუნურებით?
ღმერთმან იცის, სიმწარით გულზე ცეცხლი მეკიდება და თვალები მიჭრიალებს ამ ასობის წერაზე. დროა, ხალხო, ყურებიდამ ბამბის ძველა გამოვიძროთ და დავიწყოთ საქმე. შევაწუხოთ მცოდნე კაცები, ვკითხოთ რჩევა. ღმერთი-რჯული, გვასწავლიან. ისინი ჩვენსავით გონება-დახშულნი და გაუკითხველნი არ არიან, იმათ გულში ჩვენოდენი შხამი და ბოროტი არ არის!
საჭიროა სკოლებიც ვიქონიოთ, გაჭირვებულები და იმათი ცოლშვილიც ვინაღვლოთ. ერთი საწყალი კაცი ვარ, ძლივ-ძლივობისას იოლად გამოვდივარ, ნახევრობით მშიერ ვარ, მაგრამ ყოველ ამ საქმისათვის ყოველ წლივ სამ-სამ თუმანს ჩამოვალ. რამდენია იმისთანა ხელოსანი, რომ ათ თუმანსაც ჩამოვიდეს, იმისთვის სამძიმო არ იქნება. თუ ღმერთმა ქნა, მოვაგვარეთ რამე და შევტოპეთ საქმეში, ბევრი ისეთი ღვთისნიერიც გამოჩნდება, რომელიც მალვითაცა და ცხადადაც ხელს გაგვიმართავს და შემოგვეწევა.
ღმერთსა ვსთხოვ ყოვლად შემძლებელს, რომ ასეთი დაწყობილება შეგვაძლებინოს, თუმცა-კი ძალიან და ძალიან მეძნელება. მეძნელება იმიტომ, რომ არ ვარგივართ, თორემ ჩვენ რომ კაცები ვიყვეთ და ქუდები გვეხუროს, არაფერი არ გაგვიძნელდებოდა...“
ფეხ-საცმელების მკერვალი - სვიმონ ბერძნიშვილი
გაზეთი „ივერია“, 1889 წ.