გიორგი ჭეიშვილი - ძველი ქართული რეკლამა |

 „საქვეყნოდ ცნობილ ინგლისურ გაზეთ „ტაიმსის“ (Times) გამომცემელმა თავისს ქალს მზითვად მისცა გაზეთის მხოლოდ ერთი სვეტი განცხადებათა (ჩვენებურს სასიძოებს ეგ გარემოება სასაცილოდ არ ეყოფათ!) და უმდიდრეს საცოლედ ითვლებოდა. წელიწადში ქალს ერთი სვეტიდან შემოუდის 5.700 – 5.800 გირვანქა სტერლინგი (ჩვენებურ ფულზე 57.000 – 58.000 მან.) და ეგ შემოსავალი ყოველ წლიური და საშვილისშვილო, – თითქმის 2 მილიონი მან. თანხის სარგებელია! ოღონდაც რომ კარგი მზითევია! თუ ამერიკელნი დროს ფულს უძახიან, განცხადებას მოგება უნდა ეწოდოს!“, - გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1897 წ.

***


რძის ფქვილი „ნესტლესი“, ბენზინით მოძრავი ველოსიპედები, საღეჭი კამფეტი - „გუმმი პეპსინი“, ფხვნილი თმის და ბალნის მოსაცილებლად, საქალებო მაღაზია პორტუგალოვისა, სრულიად უშიშარი შვედური სპიჩკები, საკერავი მაშინები „ზინგერისა“, თუთიყუშები სტამბოლიდგან და ოქროს ფერი თევზები, ფრენა ჰაეროსტატით – მართალია, რეკლამამ ხასიათი იცვალა, მაგრამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, რეკლამის დამკვეთები მედიას ისევე აქტიურად იყენებდნენ, როგორც დღეს.



„ხალხთა ცხოვრებაში განცხადება ისეთს უცილობელს საჭიროებას შეადგენს, ვითარცა პური ჩვენი არსობისა“ - ასე ფიქრობდნენ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ქართველი მედია-მენეჯერები. მათ მიაჩნდათ, რომ სარეკლამო განცხადების გარეშე არაფერი კეთდება.


წინამდებარე გამოცემა გაზეთ „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“, 1886-1909 წლებში გამოქვეყნებულ, გამორჩეულ სარეკლამო განცხადებებს აერთიანებს. წიგნში თავმოყრილი მასალით, ჩვენი წინაპრების რეკლამისადმი დამოკიდებულებისა და საუკუნის წინანდელი ტენდენციების ჩვენება ვცადეთ.


დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ წიგნში თავმოყრილ სარეკლამო განცხადებებს, კამპანიებსა და მარკეტინგულ გათვლებს, ერთი საერთო ნიშანი - საოცარი მიამიტობა ახასიათებს. დღეს, როცა ამ სფეროში კოლოსალური თანხები იხარჯება, ალბათ გასაკვირია, თუ რა მარტივი მეთოდებით ცდილობდნენ წარსულში მეწარმეები საკუთარი პროდუქტითა და სერვისით კლიენტის დაინტერესებას.


ძველ ქართულ რეკლამაზე ბევრი არაფერი ვიცით. დიდი ხნის განმავლობაში, ეს საოცრად მიმზიდველი მასალა მხოლოდ ძველი გაზეთების ფურცლებზე ცოცხლობდა, ამ წიგნით კი ჩვენ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ.


იმედია, რომ ეს გამოცემა მკითხველებისთვის, მათ შორის საკითხით პროფესიულად დაინტერესებული ადამიანებისთვის, საეტაპო მნიშვნელობის წიგნად იქცევა და ხან ღიმილის საბაბს მისცემს, ხანაც კი სასიამოვნოდ გააოცებს.

ძველად, როცა ეს სარეკლამო განცხადებები იქმნებოდა, ამბობდნენ:

„ისეთი არა არის რა ცხოვრებაში, რომ ამა თუ იმ საშუალებით განცხადებას არ საჭიროებდეს“.

წინამდებარე ტექსტიც ავტორის განცხადებად ჩათვალეთ, წიგნისდა სასარგებლოდ და თქვენდა საყურადღებოდ...

წიგნის ავტორი/შემდგენელი: გიორგი ჭეიშვილი

გიორგი ჭეიშვილი