დავით სარაჯიშვილი |
★ დავით სარაჯიშვილის ქველმოქმედებაზე, მეცენატობაზე, საკუთარი ქვეყნისადმი დამოკიდებულებასა და 1910 წლის 3 ივნისს, დონის როსტოვში, ნოტარიუსთან შედგენილ ანდერძზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, თუმცა, ამ შემთხვევაში, ერთ კონკრეტულ ამბავზე გავამახვილებთ ყურადღებას.
გაზეთ „ივერიას“ 1891 წლის 28 სექტემბრის ნომერში, გამოქვეყნდა ცნობა, რომელიც სოფელ დიღომში, სკოლის გამართვის უშედეგო მცდელობებს და განათლების მიღების კუთხით არსებულ პრობლემებს ეხებოდა:
„დიღომი: დიდი ხანია ვლაპარაკობთ სკოლის გამართვაზე, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოგვიხერხებია. სირცხვილია, სხვა რომ არა იყოს-რა: სამას კომლზე მეტი მცხოვრებელია ჩვენს სოფელში და არა თუ ორ-კლასიანი, ან ერთ-კლასიანი სახელმწიფო სასწავლებელი, სამრევლო სკოლაც კი ვერ გაგვიმართავს.
კიდევ კარგი, რომ ერთი ახალგაზდა სწავლა-მიღებული ქალი (დ. ჭეიძე) თითო-ოროლა ყმაწვილს ასწავლის შინაურულად, თორემ, თქვენი მტერი, ერთი ყმაწვილიც არ გვეყოლებოდა წერა-კითხვის მცოდნე.“
მომდევნო დღეს, 29 სექტემბერს, ამავე გაზეთში ვკითხულობთ:
„როგორც შევიტყეთ, ბ-ნ დ.ზ. სარაჯიშვილის ხარჯით „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ პირველ-დაწყებითს სასწავლებელს აარსებს სოფ. დიღომში“.