აღასი აივაზიანი - ავლაბრის სახარება |


 ავლაბრიდან მოჩანს ყველაფერი. მთელი თბილისი თავისი მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით: შაითან ბაზარი, ერევნის მოედანი, საპნის ქუჩა, ნარიყალა, სუფსარქისის ეკლესია, სიონი, ბერძნული ეკლესია... ავლაბრიდან მოჩანს ბატონების - ხატისოვის, მელიქ-აზარიანცის სახლები, თამამშევის ქარვასლა, ტერ-ოსიპოვის და ზუბალოვის თეატრები, გოგილოს აბანოები...

ავლაბრიდან მოჩანს „მადამ სალომკას“ მომწვანო-მოცისფრო თვალები, ქალბატონ სუსანას თეთრი, ქათქათა ფეხები, ქალბატონ მერის ამაყი მკერდი.

ავლაბრიდან მოჩანს წვრილმანებით მოვაჭრე სოლოლაკელი მარტიროსას ფული, რომელსაც გულდასმით მალავს ქისაში. მოჩანს სოფოს ჭაღარა თმა, „ვერზილა საკოს“ „პაჩინკები“.

ავლაბრიდან მოჩანს კოჯორი, ბორჩალო, შავნაბადა და ... პარიზი!

ავლაბრიდან მოჩანს თბილისური ქორწილება და გასვენებები, ავადმყოფობები და სიზმრები...

ავლაბრიდან მოჩანს თბილისის უბედურებები...

და თუკი ვინმეს ძლიერ მოაწვება დარდი, მაშინ ის ავლაბრიდან დაინახავს სარქისოვის ღვინის სარდაფს, სადაც „დათრობა აბაზი ღირდა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვინო კი არ ღირს აბაზი, არამედ დარდის ღვინოში ჩახრჩობა. დალიე რამდენიც გინდა და გადაიხადე მხოლოდ აბაზი. აქ იციან, რომ არაერთი უბედურებაა თბილისის თავს, ავლაბრის გარშემოც და შიგ ავლაბარშიც.

ავლაბარში ხალხი მკაცრად იცავს ღირსების კანონებს. ღირსების საკითხებს ერთმანეთს არ პატიობენ, ღირსების გამო მზად არიან თავიც მოიკლან და ერთმანეთიც დახოცონ.

აქ ისეთივე გაშმაგებით უყვართ, როგორც სძულთ და კლავენ.

და თუკი სიყვარული უიღბლოა, ამოიღე აბაზი და სარქისოვის ღვინის სარდაფისკენ გასწიე.

კინტო გორელოს უკარება ოლია შეუყვარდა. ყოველ ღამე ორმოც მედუდუკეს შეაგროვებდა და მღეროდა ავლაბარში, მღეროდა საიათნოვასა და ბესიკის ლექსებს, ეგებ მისი ბრაზიანი მზეთუნახავის სახეზე ღიმილი შეენიშნა, ერთხელ მაინც რომ გამოეხედა მისკენ თავისი სევდიანი თვალებით.

ორმოცი მედუდუკის ჰანგი ეფინებოდა თბილისს, როგორც სუფრა - უხვად გაწყობილ მაგიდას; ეს ჰანგები არხევდა ჯვრებს ეკლესიის გუმბათებზე, თითქოს ტირიფი ყოფილიყოს.

სიყვარული დაძრწოდა ავლაბარში და არავინ იცოდა როდის გამოჩნდებოდა და სად წავიდოდა ეს ხუმარა. ზოგს წარმოუდგენლად აამაღლებდა, ზოგს დასაცინს გახდიდა, ჩამოჰკიდებდა ქამანჩსა და სანთურას, მხარზე ბულბულს დაუსვამდა და ისიც დაეხეტებოდა ქუჩებში და მისი ხმა მთელ ავლაბარში, ე.ი. მთელ თბილისში ისმოდა.

თუკი ავლაბარი სიყვარულის ერთ მსხვერპლს თანაუგრძნობდა, მეორეს ტალახში სვრიდა, თვალსაწიერიდან იშორებდა.

სცადე და მაგალითად, ბატონი ასატურიანი, მირზა ასატურ ხანი შეიყვარე, ოდესღაც ყველაზე პატივსაცემი ადამიანი ავლაბარში, ფილოსოფოსი, რომელმაც ყველაფერი იცოდა, მსოფლიო ნახა, საუბრობდა დიოგენეზე, თმა ჰქონდა თეთრი, როგორც ავლაბრის სიწმინდე, თვალები ცისფერი, როგორც ავლაბრის ოცნებები, მაღალი, ზემოდან დასცქეროდა ყველას, როგორც ავლაბარი - თბილისს. ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე განათლებული, მოკლედ, მოსიარულე ბიბლიოთეკა.

სოლოლაკში სომხურად ლაპარაკობს, ვერაზე - ქართულად, ეკლესიის ეზოში - ძველ სომხურზე, სირაჩხანის ხელოსნებთან - ახალ სომხურზე, სასახლის მოედანზე - რუსულად, თათრის მოედანზე - სპარსულად, კირიჩნიზე - გერმანულად, ხოლო ავლაბრელებთან - ავლაბრულად. ხოლო, რა ენაზე გაესაუბრა სიყვარული, ვერავინ გაიგო. ავლაბარში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ასატურმა ეს ენა არ იცოდა და არც უნდა ესაუბრა მასზე.

მაგრამ, ის ამ ენაზეც ამეტყველდა! ჯობდა, ხმა არ ამოეღო! მთელ ავლაბარში თავი მოეჭრა! ახლა უკვე აღარავინ ამაყობდა მისით. დასანანია, ოდესღაც ავლაბრელები სპეციალურად ატერებდნენ ქუდს, ასატურთან შეხვედრისას მოწიწებით რომ მოეხადათ - მეტი როგორღა გამოეხატათ პატივისცემა?!

ახლა კი ის ერთი ჩვეულებრივი ავლაბრელი გახდა, რა უნდა ეკითხათ მისთვის, როცა რჩევა თავას სჭირდებოდა.

ეჰ, ბატონო ასატურ... ჯუღელი (გიულიუსტანი, ჯულფა) მირზა ასატურ ხანის შვილო, შენ ხომ ავლაბრის უძველეს და პატივსაცემ ოჯახში დაიბადე, შენ ჭეშმარიტი ავლაბრელი ხარ, ჩვენი სინდისი და ჭკუა, გერმანიაში სწავლობდი, ცხოვრობდი როგორც წმინდანი, ღვთის სიტყვას ეჩმიაძინში ეზიარე, ვენეციაში ხომ ადამიანის ტანჯვის ფილოსოფია და ისტორია შეისწავლე... და ჩვენ როგორ დავანებებთ მოხატულ ლამასახიანს, ჩვენი სიამაყისა და სიყვარულის გათელვას?!

როცა მამაშენი, მირზა ხან უფროსი გარდაიცვალა, ავლაბარი გლოვამ მოიცვა. მისი კუბოს ქვეშ გაიარა ყველა ყარაჩოღელმა, მასწავლებელმა თუ მსახიობმა. კუბოს წინ კინტოებს მცხეთის ბაღები მიჰქონდათ - ყვავილები, მიწითა და ფესვებით... თავად გაბრიელ აღა სუნდუკიანცი ქუდმოხდილი მოჰყვებოდა სასახლეს. მოატარეს კუბო ავლაბარს, რამდენჯერმე თბილისს შემოუარეს, უკან დაბრუნდნენ და ხოჯავანქის მიწას მიაბარეს.

და შენ რა ქენი ასატურ-ხან, ჩვენო შვილო და ძვირფასო მამავ, ჩვენო აკადემიავ? ნუთუ მეცნიერება და ამდენი ენის ცოდნა საკმარისი არ იყო იმის ასახსნელად, რომ სიყვარული შენი საქმე არაა? შენ სხვა ხარ, შენი ჭაღარათი, ღვთის კაცო, ავლაბრის მამავ.

და ვინ შეიყვარე? ბრძენი, პატივსაცემი ქალი მაინც შეგერჩია?! არა! ის ქერქეტა ამჯობინე. არავინ იცის საიდან მოვიდა, მთელ ავლაბარს სულში ჩააფურთხა და ერთხელაც, როგორც ქურდი კატა შენს სახლში შემოძვრა, იქიდან კი ორსული გამოვიდა, რა ქვია ახლა ამას?

ამბობენ, მკითხავმა ვარომ მიუჩინა გოგო ასატურს, მისთვის სახელი რომ გაეტეხაო. ასატურის დიდება მას მსოვენებას არ აძლევდა. ხუმრობა ხომ არაა, ვარომ ამერიკის პრეზიდენტის სიკვდილი და ნიკოლოზ II-ის თბილისში ჩამოსვლა და ავლაბარში მობრძანება იწინასწარმეტყველა.

თავისთან, კედელზე ვარომ ავლაბრის ფოტოს ფონზე ნიკოლოზის ფოტოც გააკრო, ანუ, მეფის სურათი და ავლაბრის ხედი გააერთიანა. არავინ იცის როგორ მოახერხა და არც კითხულობენ. ვაროსთვის ეს მარტივი საქმე იყო. კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ მეფე აქ არავის უნახავს, ნერვიული ღიმილით პასუხობდა - „ის ღამით მობრძანდა, თქვენი ხმამაღალი შეშახილები რომ არ გაეგო“-ო.

ახლა კი, სწორედ გერმანულის მოცდნე, ცისფერთვალება ასატურ ხანისა და ვაროს გზები გადაიკვეთა.

„დიახ, ეს მე მოვიმოქმედე, მისი ქედმაღლობის დამსხვრევა მინდოდა და მივაღწიე კიდეცო“, - ნამოქმედარს ადასტურებდა ვარო.

აღარ იცოდნენ ავლაბრელებმა, ერწმუნათ თუ არა მისი, თუმცა მაინც მიმართეს - „ახლა კი ყველაფერი გააკეთე, ცნობიერება რომ დაუბრუნდესო!“

დიდხანს უწყრებოდნენ ბატონ ასატურს, უქოდოდ დადიოდნენ, რომ შეხვედრის დროს ქუდის მოხდა არ დასჭირვებოდათ. მისი სახლის წინაც ერიდებოდნენ გავლას და ბაზარში მის დანახვაზე ფასებს უმატებდნენ. მაგრამ ჩუმად მაინც უთვალთვალებდნენ ყოფილ კუმირს და დანანებით ოხრავდნენ.

მათ თვალწინ ცეცილიას გოგო. პატარა ვარდო. ვარდუა, ვარდუშა, ვარდიკო... ნამდვილი ავლაბრელი, მისი შედევრი. ყველანი ამჩნევდნენ, როგორ გაახალგაზრდავდა და დამშვენდა ასატურ ხანი, როდესაც ლოცვისას, ეკლესიაში, მზის სხივებით განათებულ მწუხარე თვალებს მაღლა სწევდა.

კვირაობით ჭაღარა ასატური პატარა ვარდოსთან ერთად სეირნობდა ავლაბარში. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქოს ქრისტე დაეშვა ამქვეყნად ქალიშვილთან ერთად - რაღაცნაირი, ახალი, ავლაბრის სახარება.

რამდენ ხანს შეეძლო ავლაბარს გაბუტვა? და მან უკან დაიხია, დათმო. როგორც შეეძლო, ავლაბარს სიყვარული არ გაეგო? თვით სიყვარულის ნაყოფი და ჩვილი. დაე, ასე იყოს... რას იზამ, თუ ცეცილია ავლაბარს არ მოსწონს, თუ ეს ყვეალფერი ცოტა სასაცილოა?!

კვლავ ქუდს იხდიდნენ მის წინაშე, კვლავ ღიმილით ხვდებოდნენ, წმინდად დარაჯობდნენ მის სიყვარულს, მის ოჯახურ ღირსებას.

ასეთია ავლაბარი, მოსიყვარულე და ამავე დროს - ეჭვიანი! თუ ჩაიხუტა, ასატურ ხანის ოჯახი - მისი ოჯახიცაა, თუ ჩაიხუტა, სიცოცხლესაც გასწირავს მისთვის.

და უხაროდა ავლაბარს ასატურ ხანისა და ვარდიკოს ყოველი გამოჩენა, უკვირდა, ადრე როგორ ვერ ამჩნევდა ამ სილამაზეს.

ასეც შეუძლია ავლაბარს სიყვარული და ისეც...

ყოველ კვირას, თეთრი და შავი თუთა მოჰქონდათ კინტოებს პატარა ვარდოსთვის თაბახით, მსახიობები ყვავილებს ჩუქნიდნენ.

ავლაბრელთათვის ძვირფასი იყო ასატურ ხანის ღირსება, ამიტომაც პატივისცემით ესალმებოდნენ ქალბატონ ცეცილიას, მოწიწებით თვალს აყოლებდნენ. ღმერთმა დაიფაროს და ვინც ისე არ შეხედავდა მას...

ავლაბარი იყო ეჭვიანი და ამაყი, მაგრამ ბავშვის გული კი ჰქონდა...

ერთხელ პირდაპირ სცენიდან აიტაცეს იაგო ხელში და მეტეხის კლდიდან მტკვარში გადააგდეს. შემდეგ კი ისეთივე თავგანწირვით გამოიყვანეს წყლიდან იაგოს როლის შემსრულებელი სეხბოსიანი.

„რას აკეთებთ, რას, შეიშალეთ?“, - ატირდა მსახიობი როცა გონს მოიყვანეს.

ავლაბარი გაოცდა, „არ გესმის? ჩვენ იაგო დავახრჩეთ და მსახიობი გადავარჩინეთ, რა არის აქ გაუგებარი?“

სეხბოსიანი ჩაფიქრდა და დაეთანხმა.

ბრძენი ავლაბარი, შეშლილი ავლაბარი...

და სწორედ ამ ავლაბარმა, რომელიც თვალს ადევნებდა ქუჩაში მამაკაცებს, ურცხვი ღიმილით რომ არ შეეხედათ ცეცილისთვის, რომელმაც მას დაცვა მიუჩინა, ხან - გევო და ხანაც შავო, სწორედ ამ ავლაბარმა დაინახა, და გულზე მჯიღი იკრა - „ნეტამც მოვკვდე და ამას არ ვხედავდე!“

ცეცილია ავლაბრიდან გამოდის და გოლოვინსკზე მიემართება, მუშტაიდის ბაღისკენ და „ნახალოვკაშიც“ კი! იქ რა ესაქმება? ავლაბარი თბილისში კი მდებარეობს, მაგრამ მას იქ არაფერი ესაქმება. აქ რა აკლია? ბაზარი? აგერ ისიც. ეკლესია? ინებე. თეატრი? მობრძანდით.

და ბევრი რამ გაიგო ავლაბარმა ამ უსამართლო ქვეყანაზე. დანაღვლიანდა, ჩაფიქრდა, ცოტა ხნით სარქისას სარდაფში დაჯდა და გადაწყვიტა - სესილიამ უნდა დატოვოს ავლაბარი, წაეთრიოს შორს აქედან! და ავლაბარმა გამოუტანა განაჩენი, კედელთან მიიმწყვდია. მათი ასატურ ხანი შეუბღალავი უნდა დარჩეს. ისე უნდა მოიქცნენ, რომ ის არ გატყდეს, ავლაბარმა ხომ იცოდა - „ტუ ადამიანი თავის სინდის-ნამუსს განუდგება, ის შეიძლება დაიღუპოს. ნელ-ნელა ყველაფერს პატიობს; უფლებას აძლევს, რომ მოატყუონ, შემდეგ ყლაპავს მორიგ უღირს ქმედებას და ბოლოს თავადაც შეუძლია იცრუოს. ქრება მისი სიწმინდე.“

ასატურ ხანი შეიძლება დაეცეს, დაკარგოს ციური იერი, ღმერთმა დაიფაროს... ამ შემთხვევაში ხომ ქვეყანა დაიქცევა... რთულია ღირსეული, სამართლიანი ადამიანის შექმნა და შემდეგ მის დაკარგვასთან შეგუება.

სიცრუე არ უნდა შეეხოს ასატურ ხანს, რადგან ჩვენ ვიცით, დაე მანაც გაიგოს, მთელი ავლაბრის დასაცინი ხომ არ გახდება! დაკარგავს თავის ფასს და მისი სიმართლე სასაცილო იქნება, ტყუილზე უარესი.

დაელაპარაკა ავლაბარი ცეცილიას. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და დანებდა, ასატურ ხანს ავლაბრელებთან ერთად მოუყვა თავის თავგადასავლებს, თანაც დაამატა - „მაშ, ეს გინდოდათ თქვენ?“

რომ იფიქრეს, მორჩაო, სწორედ მაშინ, გარშემომყოფთ თვალი შეავლო  და თითქოს ყველაფერი აფეთქდა - „არც ბავშვია შენი!“, ამოთქვა ცეცილიამ.

„ოხ, ოხ“, აღმოხდათ ავლაბრელებს და მაღლა აიხედეს - ახლა ნამდვილად მეხი გავრდება, სეტყვა წამოვა და შეურაცხჰყოფილ, უსირცხვილო ავლაბარს გადაუვლის.

„ჩვენი ცხოვრება, ქრისტეს ასული ვარდიკო ბაზრის ქალად, ვაჭრობის შვილად იქცევა“.

ცეცილიას სიტყვებზე ასატურ ხანს დარდი მოაწვა, შემდეგ კი მშვიდად თქვა:

„ვარდიკო ჩემი ქალიშვილია“.

„აუფ“, - აღმოხდათ გაკვირვებულ ავლაბრელებს.

„როგორ, ასატურ აღა? ის ხომ თავად ამბობს“, - ჰკითხეს ავლაბრელებმა.

„მან არ იცის!“, - მიუგო ასატურ ხანმა და უყურებდა მათ ნათელი მზერით და ყველამ იცოდა, რომ ის არასდროს ცრუობს.

„როგორ, თუ მე არ ვიცი“, - განრისხდა ცეცილია.

„შენ არ იცი“, - უპასუხა ასატურ ხანმა და სესილია დაიბნა. თავდაპირველად უტიფრად გადაიხარხარა, შემდეგ კი ეჭვით შეხედა ავლაბრელებს და ატირდა.

„კარგად დაფიქრდი ასატურ ხან“, - მიმართა ღირსების მკაცრმა დამცველმა, დავითმა - „რადგან ცეცილია ამბობს, აქ რაღაც ხდება!“

„არაფერიც არ ხდება“, - ღიმილით უპასუხა ასატურ ხანმა.

დავითი გაჩუმდა და ჩაფიქრდა.

„ნუ ტირი!“, - დაამშვიდა ასატურ ხანმა ცეცილია და ცეცილიამაც დაუჯერა მას.

მთელმა ავლაბარმა ყურადღებით შეათვალიერა ვარდიკო და დაინახა, რომ ის ნამდვილად ასატურის ქალიშვილი იყო. დაინახეს, თუ როგორ უყვარს ის ასატურ ხანს, დაინახეს ეს დიდებული სიყვარული, რომელიც ვერ იქნებოდა ტყუილი და სიყვარული, რომელმაც ყველაფერი ახსნა.

მათი სიყვარული ნათებას ჰგავდა... რა მანძილითაც არ უნდა დაშორებოდნენ ერთმანეთს, თუკი ვარდიკო ავლაბრის ერთ ბოლოში იყო, ასატურ ხანი კი მეორეში, მათ შორის მოქცეული ავლაბარი კაშკაშებდა!

[თავისუფალი თარგმანი]

გიორგი ჭეიშვილი