ილიასი არ იყოს, ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ისტორია მეფეების ისტორიაა, რომელიც არ ცნობს და შესაბამისად, არც იცნობს უბრალო ხალხს, მათ ყოველდღიურობას, იშვიათ მოვლენებს, მათი ცხოვრების წესს, ტრადიციებს, თავგადასავლებს, ან თუნდაც უბრალო ამბებს.
ჩვენი უახლოესი წინაპრების ისტორია, მათთან დაკავშირებული ამბები, დაკარგული განძია. თუკი მათი ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკას თუნდაც ზედაპირულად გადავავლებთ თვალს, პირველ ყოვლისა, ბებია-ბაბუების, დიდედებისა და პაპების მონათხრობი ამბები და ფრაზები გაგვახსენდება და ჩვენი წარსულის ფაზლის ნამსხვრევები ნელ-ნელა მეხსიერების კუთვნილ ადგილებს მოერგება.
1001 ზღაპარი საქართველოზე - ტომი I |
ამ ადამიანების ისტორიებში ჩანს ისიც, თუ როგორ სრულდებოდა XIX საუკუნე და რა მოლოდინი ჰქონდათ ახალი საუკუნის მიმართ. თუმცა, ისინი ალბათ ვერ იფიქრებდნენ, რომ გაივლიდა კიდევ რამდენიმე წელი და რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებული საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. სამწუხაროდ, მალევე, საბჭოთა წითელი არმია გააქრობს ამ ხალხს ისტორიიდან, რადგან საბჭოთა კავშირს ეს ადამიანები, ან მათი ამბები კი არა, საბჭოთა მოქალაქეები – ამხანაგები სჭირდებოდა.
ტრილოგია „1001 ზღაპარი საქართველოზე“ 1886-1900 წლების ადამიანების, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მომხდარ წარმოუდგენელ ამბებს აერთიანებს, რომლებსაც, თავის დროზე, ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიას“ ფურცლებზე აცნობდა მკითხველს.
1001 ზღაპარი საქართველოზე - ტომი II |
ეს ამბები მეფეების კი არა, ჩვენი ხალხის ისტორიაა, რომელსაც იმდენად ქარიზმატული და გამორჩეული გმირები ჰყავს, რომ მათზე რომანების დაწერა შეიძლება.
ჩვენთვის უცხო ეს ისტორიები, ერთი შეხედვით, იმ ეპოქაზე მოთხრობილ ზღაპრებს ჰგავს. ეს არ ნიშნავს, რომ მათი ბოლო აუცილებლად კეთილია, თუმცა ენაც კი, რომლითაც მრავალეთნიკურ, ჭრელ, ერთდროულად – ევროპულ და აზიურ ქვეყანაში მომხდარი ამბებია მოყოლილი, ნამდვილად ზღაპრულია.
1001 ზღაპარი საქართველოზე - ტომი III |
იმედი მაქვს, რომ ამ სერიაში ყოველი მკითხველი მისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავ ისტორიებს იპოვნის და შეიყვარებს. მითების, ღმერთებისა და ლეგენდების სამყაროში ხომ მთავარი ღირშესანიშნაობა არა ბუნება, არამედ ადამიანები და მათ თავს გადამხდარი დაუჯერებელი ამბებია.
ტრილოგია - 1001 ზღაპარი საქართველოზე |
პირველ ტომში 1886-1890 წლების 333 ამბავია შესული; ტრილოგიის მომდევნო ორი ტომი [1891-1895] და [1896-1900] წლებში მომხდარ ამბებს აერთიანებს და შესაბამისად, ივნის-ივლისში გამოიცემა.
P.S. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ფრაზა, ან სიტყვა, რომელიც მკითხველმა არაპოლიტკორექტულად, ან შეურაცხმყოფლად შეიძლება მიიჩნიოს, მხოლოდ და მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ტერმინები და ფრაზებია. წიგნში მათი უცვლელად გადატანა არავის შეურაცხყოფას არ ისახავს მიზნად.
შემდგენელი - გიორგი ჭეიშვილი