მადათოვი | Madatovi
  • მთავარი
  • ძველი პრესა
  • სტატია
  • გამოცემები
  • სხვადასხვა
  • მულტიმედია
facebook
★ „დღევანდელი დიდუბის ტაძარი სრულიად არ მიემზგავსება იმ ტაძარს, რომელიც თამარ მეფის დროს იყო აგებული, თუ არ ვცდებით, მამა მისის გიორგი მესამისაგან. მანვე აღუგო აქ სასახლე და შვენიერი წალკოტი თავის ქალს, რომელიც იზრდებოდა იქვე, განსაკუთრებით მისთვის აგებულ სასახლეში საქართველოს ტახტის დასაჭერად. 

მამა მისი აქ ხშირად აჩვენებდა თავის მემკვიდრეს სამხედრო ვარჯიშობას ჯარებისას. დიდუბის მინდორი საყაბაზეც ყოფილა მეთვრამეტე საუკუნემდის, ესე იგი, ერეკლე მეფემდის.

ძველი ეკლესია აგურით ყოფილა ნაშენი; მისი ნანგრევი განახლდა პავლე ეგზარხოსის დროსა რუსულ გეგმაზედ. ძველადგანვე დიდუბის ღვთის მშობლის ეკლესიაზე მრავალნი მლოცველნი დადიოდნენ, განსაკუთრებით უძეო დედა-კაცნი და მტკიცედ სწამდათ, რომ დიდუბის ღვთის მშობლის ეკლესია მიაგებდა მათ ნაყოფიერებას. დედოფალი ბურდუხან თამარ მეფის დედა რომ მძიმედ შეიქმნა, თურმე გიორგი მეფემ ღმერთს აღთქმა დაუდვა, რომ დედოფლის კეთილად მორჩენისათვის ღვთის-მშობლის სახელზედ დიდუბის ეკლესია უნდა აღვაგოვო. მართლაც, ეყოლა თუ არა შვილი, მეფემ აქ სასახლე და წალკოტი აღუგო თავის ქალს და თან აღთქმაც აღასრულა ღვთის წინაშე: აღაგო ტაძარი დედა ღვთისა, რომელსაც მიანდო თავისი პირმშო ქალწული. 

თამარ მეფემ მეორედ ჯვარი დიდუბის ეკლესიაში დაიწერა. ვინ იცის, პირველი ნაპერწკალი სიყვარულისა, იქნება, ამ სასახლეშიაც მოხვდა მის გულს, იქნება იმიტომაც უფრო უყვარდა დიდუბის მიდამო. ის ხშირად სიამოვნებდა აქ ჯარის დახედვით. ომიანობის წინად იგი აქედან ისტუმრებდა თავის მხედრობას და პარაკლისს უხდიდა მას დიდუბის ტაძარში. გამარჯვებული ჯარი პირველად აქვე მობრუნდებოდა და მოართმევდა თამარ-მეფეს ნადავლს: ურიცხვს საქონელს, თვალ-მარგალიტს, ოქროსა და ვერცხლს, ნაშოვნს უცხო ქვეყნებში მტრის აკლებით. 

როგორც ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, როცა დავით სოსლანმა დიდებული შამქორის ომი გადაიხადა, ბუბაქარ ათაბაგის ჯარი მოსრა, სულთანს განჯა და ყარაბაღი წაართვა და ხალიფას დროშა ნადავლად წამოიღო, მაშინ გამარჯვებული მეფე დაბრუნებულა და დიდი ნაშოვარი მიურთმევია თამარ მეფისთვის.

„... და განეწყვეს ველსა დიდუბისასა ავჭალამდის აქლემი ყოველი ტვირთითა, ცხენი ყოველი აკაზმულობითა; ეგრეთვე ყოველი იგი ამირანი თვისითა დროშითა: პირველად ხალიფას დროშა, მერმე ათაბაგისა, შემდგომითი შემდგომად გააწყვეს კარითგან ქალაქისად [ეტყობა დიდუბე ქალაქი ყოფილა] ვიდრე ხევამდე გლდანისა, ტყვე ყოველი კაცი, ხელმწიფე, აზნაურთა მონამდის - თორმეტი ათასი, ავაზა ორმოცი, ცხენი ოცი ათასი, ჯორი შვიდი ათასი, ყოველი კიდებული. სხვათა სიმდიდრეთა და საჭურჭლეთა, ოქროთა და ლართა ვინმცა უძლო აღრიცხვად: განიყვანეს თამარ და შეწირნეს და ათაყვანეს ყოველნი იგი თავნი სპარსეთისანი, თვითცა თაყვანი სცეს და მიულოცეს მეფობა ბედნიერი ღვთისა მიერ...“.

ამ უკანასკნელს დროს დიდუბის ეკლესია შეიქნა ჩვენ ქართველებისათვის ნეტარ სახსენებლად და საყვარელ ალაგად, რადგან იქ განისვენებენ ნაშთნი ქართველთა წარჩინებულთა მოღვაწეთა: დიმიტრი ბაქრაძისა, მიხაილ ყიფიანისა და ივანე კერესელიძისა. დღეს ამავე წმინდა ადგილმა მიიბარა ძვალნი ჩვენის დიდებულის პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა“.

[XX-ლი, გაზეთი „კვალი“, 1893 წ.]
გაზიარება
დერვიში | დიმიტრი ერმაკოვის ფოტო
დერვიში | დიმიტრი ერმაკოვის ფოტო

★ „დავრიში“ - „დავრიში საცა უნდა შევიდეს ფულის სათხოვნელად, თუ არ მისცეს, მაშინათვე აიღებს გვერდზე ჩამოკიდებულ რკინის დუდუკს [ნაფირი] და ჩაჰბერავს ეს არის მისი წყევლა“.

★ „ჩლაში“ - ძვ. დავრიშები ტანისამოსს იცვამდნენ, რომელთაც შიგნით სარჩულის მაგივრად ეკლები ჰქონდათ. მერე თავზე ნაცარს წაიყრიდნენ - ხორცს ავნებდნენ სულისათვის.

იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“


***

★ „სპარსეთის გონივრულ ცხოვრებაში დავრიშებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იმათ უწოდებენ ფაკირებს, ღალანდარებს, რომელნიც ნიშნავენ საწყლებს. 

დავრიში ძალიან ადვილათ შეგიძლიათ იცნოთ გარეშე სახითაც. შენ ხედავ გაუკრეჭელ თმიან კაცს, რომელსაც სქელი თმები შეკრული აქვს ან შავი ძაფით, ან თავზე ჩამოფხატული აქვს ნაკერი კვარახჭინი და ზედ სხვა-და-სხვა შელოცვები აწერია; იმას აცვია მხოლოდ ერთი თეთრი გრძელი მიტკლის პერანგი და უჩანს ტიტველი წვივები; წელზედ არტყია თილისმური ასოებით ნაწერი განიერი სარტყელი; წამოსხმული აქვს ვეფხისა, ანუ ლომის ტყავი და ტიტველა მკლავზედ ჩამოკიდებული აქვს ინდოეთის კაკლის ხოკერი - ქაშკული - საკერძე ჭურჭელი; ხელში უჭირავს დიდი ბამბუკის კეტი და გვერდზედ ჰკიდია რქის დუდუკი (ნაფირი).

სპარსეთის ყოველ ქალაქებში თქვენ შეგხვდებათ ამგვარი კაცები, წელზემოთ ტიტვლები, მხოლოდ წელქვემოდ ფეხებამდე ჩარსავი ახვევიათ. ისინი არიან დავრიშები.

დავრიში ყოველი კაცის მეგობარია. შეგხვდებათ თუ არა, იმ წამსვე ხელს მიიტანს შუბლზედ და გეტყვის: „ეი-ვულლაჰ“, ანუ „ეი-ჰუ-ჰაკ“. 

ხშირად შეხვდები მას, როდესაც იგი ჩარსავში გამოხვეული მძიმე ნაბიჯით მიდის ქუჩაში. იგი მღერის ან ჰაფისისა, ან მასნავის ლექსებს, ანუ ამირულ-მომნის სასწაულებზე. იგი პოეტია, იგი მღერის სიყვარულს. მისი ტკბილი ღიღინი გამოისმის ჩარსავის ქვეშეთიდან.

მედუქნეებს უყვართ თავიანთი მომღერალი და უყრიან შავ ფულს ქაშკულში.

დავრიში, როცა თავის ვალს (დოვრანს) გადიხდის, შემდეგ გამოდის ბაზრიდან და იტოვებს თავისთვის იმოდენა ფულს, რამდენიც მხოლოდ იმ დღეს დასჭირდება, დანარჩენს ურიგებს საწყლებს. საღამოზედ დავრიში ისვ ისე ღარიბია, როგორც დილით იყო, სრულიად ფული არა აქვს.

დავრიშს არც თავ-შესაფარი მოეძევება, არც მიწაწყალი, არც სახლობა ჰყავს და არც სამშობლო ქვეყანა. იმის სამშობლო მთელი ქვეყანაა, იმისი სახლობა - მთელი ადამიანობა. იგი სიმღერით დაძრწის ქვეყანაში და მის წინ ყოველგან გაშლილია სუფრა. 

ამ ნახევრად ტიტველა მაწანწალებს ღირსეულად იღებენ, თუ ჰაჯიის [იერუსალიმში წამსვლელებს სომხურად უწოდებენ „მაჰტეხს“, ანუ „ჰაჯისს“] სახლში, თუ ყეენის სასახლეში. ყოველს ადამიანს ჰსურს დავრიშის სიბრძნის გაგონება და მიიწვევენ ხოლმე დაფენილ ხალებზედ. მაგრამ დავრიში განცხრომის მოყვარული არ არის; იმას არ უყვარს მორთული სასახლეები; იგი მხოლოდ ღარიბთა ქოხების დასახედავად დადის; მთელ ღამეს ქუჩებში, ანუ დანგრეულ შენობებში ატარებს. საცა ღამე მოასწრებს, იქვე დაბინავდება.

დავრიში კომუნისტია. ნოვრუზის დღეობის რამდენიმე თვის წინად, იგი თავის კარავს დადგამს რომლისამე მდიდრის კაცის ეზოში. იგი მდიდარს მოსთხოვს მისს სიმდიდრის ერთ ნაწილს, რომელიც მას საზოგადოების საკუთრებიდან აქვს წაღებული. მდიდარს ნება არა აქვს, რომ თავის ეზოდან დაითხოვოს დავრიში, ვიდრე არ აუსრულებს თხოვნას (თალაბს). გაივლის თუ არა ვინმე თალაბათ დამჯდარის დავრიშების კარვების ახლოს, იმ წამსვე მოაგონდება მას ჭურში მჯდომარე დიოგენი.

დავრიშებში ხელოსნებიც არიან და ცხოვრებენ თავიანთ ხელობით. მათში არიან ექიმებიც, ჩუქურთმის მჭრელნიც, წამლების გამკეთებელნიც, მხატვრებიც და გადამწერებიც.

მათში რამდენსამე თავიანთ თავი ელიქსირისა და სიბრძნის ქვის პოვნისთვის შეუწირავთ: სწვენ ვერცხლის წყალს, გოგირდს, თაგვის შაქარს და სხვა მადნეულობას, ვითომ ოქროს მთების გამოსაჩენად. ისინი ამ სახით მისნობასაც ეწევიან.

სპარსეთის ქალაქებში დავრისებისთვის ცალკე თავშესაფრებია გამართული, რომლებსაც უწოდებენ „თაქიას“.

მე გახლდით ქალაქ შირაზის ერთ თაქიაში (სასტუმროში). თაქია დაკიბული, ღია შენობაა, პატარა ოთხ-კუთხიანი ეზოთი, რომელსაც გარს მრავალი დუქნები არტყია.ამ დუქნებში მოდიან ხოლმე დავრიშები. მე შევედი ერთ ამისთანა დუქანში და იქ მითხრეს, რომ აქ ცხოვრებსო დავრიშების მურშიდი (მათი უფროსი), ესე იგი მათი წინამძღვარიო.

იყო ზამთარი. გაიღო თუ არა დუქნის კარები, საშინელი მწარე სუნი მეცა. ასე მეგონა, სადღაც მყრალ საბუნაგოში შევედი. სუნი იყო გამდგარი ბანგისა, აფიონისა და სხვა დასათრობი ნივთიერების წევისაგან. ვთხოვე გაეღოთ დუქნის კარი, რომ ჰაერი ცოტათ მაინც გაწმენდილიყო. 

- სტუმარს ყოველთვის პატივისცემა უნდაო, თქვა ერთმა დავრიშმა და გააღო კარები, თუმცა ძალიან ცივოდა.

ისინი ოთხნი იყვნენ. მურშიდი იჯდა ვეფხის ტყავზედ, მეორეებს კი ქვეშ ეგოთ ლომისა, გარეული კატისა და სხვა ნადირის ტყავები. მათგანმა ერთმა მითავაზა თავისი ქვეშ-საგები ტყავი; მეც დავჯექი.

ეს დავრიშები სხვა-და-სხვა რჯულისანი და სხვა-და-სხვა სახისანი იყვნენ. მურშიდი სპარსელი გახლდათ, შუათანა ხნისა, მაღალი ტანისა, პირხმელი და ბევრის მოგზაურობისა და მზისაგან სახეზე დამწვარი იყო. მისი შავი პირის სახე, შავგვრემანი, ბრიალა თვალები გამოხატავდა ნიჭსა და შიშსა.

ერთიც გახლდათ ხაფშიკი, ახალგაზდა, მხოლოდ თეთრი მიტკლის პერანგის ამხანაგი ეცვა, შავი ვეფხივით გაწოლილიყო ერთ კუთხეში და ღრმად ხვრინავდა. მისი შავი სახე დუქნის სიბნელეში აღარ ჩანდა, მხოლოდ ხან-და-ხან, როცა თვალების კილოს გადმოაბრუნებდა და თეთრ კბილებს გამოაჩენდა, ოთახში თითქოს რაღაც გაიელვებდა; მას ამ დროს სახეზე გადურბენდა ღიმილი და კიდეც გაიცინებდა ხოლმე. ეტყობოდა, რომ ეს ახალგაზდა დავრიში, აფიონით დამთვრალი, გართული იყო შვენიერ სიზმრებში.

მეორე იყო ავღანელი, ერთი პატარა ტანის კაცი და უშნო სახისა, გიშრის ხუჭუჭი თმები ესხა და პატარა შავი თვალები უელავდა.

მესამე იყო ინდოეთელი; ყვითლი ქარვის ფერი სახე ჰქონდა. მას გძელი რბილი თმები სქლად ეყარა თავ-კისერზე. 

დუქნის შუა ადგილას იდგა ნახშირით გაჩაღებული მაყალი და დავრიშები იმ მაყალს გარს შემოსხდომოდენ.

- ბატონო, თქვენ რამ მოგიყვანათ საწყლების სადგომში? მკითხა მურშიდმა.

- მეც თქვენსავით დავრიში ვარ-მეთქი და ქვეყნებში დავძრწი, დავწანწალებ; მსურს გავიგო, თუ როგორ ცხოვრობენ ჩემისთანა კაცები, - ვუპასუხე მას. 

- ეი, ულლაჰ! მაშ ჩვენ ძმები ვყოფილვართ, მითხრა მურშიდმა. ხელი ჩამომართვა და მერე პირთან და შუბლთან მიიტანა.

- რა რჯულის ბრძანდებით? მკითხა მან.

- სომეხი ვარ-მეთქი, ვუპასუხე.

- სარწმუნოებით?

- ქრისტიანი.

უკანასკნელმა სიტყვებმა მოჰგვარეს მურშიდს ღიმილი.

- თქვენა თქვით, რომ დავრიში ვარო, მაგრამ დავრიშებს რომ არც რჯული აქვთ, არც სარწმუნოება?..

ვიგრძენი, რომ შევცდი და ვუპასუხე:

- ჩვენ ასეთი დავრიშები გახლავართ.

- მაგრამ ქრისტიანობის საწრმუნოების მქადაგებელი, მესია, სრული დავრიში კი იყო, - განაგრძო მან. ის იყო აჰლი-მუჰა-ბეთებინის საკუთრება (სიყვარულის ხალხი, ანუ სიყვარულის მიზანი); მას სიმდიდრე სძულდა, საწყლების შემბრალებელი იყო და ნუგეშისმცემელი.

- დიაღ! ის ქადაგებდა სიყვარულს, ის შრომობდა, რომ მოეხსნა ტყვეთათვის მძიმე უღელი, ვუთხარი მე.

- მაგრამ მისი ჩამომავალნი, თქვენი ხალიფები (სამღვდელოება) არ შეიქმნენ თავიანთ მქადაგებლის ღირსეული მოწაფენი. მათ ქვეყანა და მისი პატივი შეიყვარეს და ყოველი სიწმინდე ანაცვალეს თავიანთ სურვილს...

ამ დროს დუქნის კუთხეში მწოლარე ხაფშიკის გალობამ გაგვაწყვეტინა საუბარი. 

- ჩვენ ძმას ამაღამ ძალიან მოჰკიდებია ბანგი, სთქვა მურშიდმა. ეგ ჯერ ისევ ხარობს სიზმრებით. 

ინდოელმა იმ დროს ამოიღო თავის პარკიდან (ჯულბენდიდან) ერთი გრძელი ნაჭერი აფიონი, დაამტვრია, გაივსო მუჭი და პირში ჩაიყარა. მე გამიკვირდა, აფიონის მხოლოდ ერთი ნაჭერიც სამყოფია, რომ მოსწამლოს თუნდ ძალიან კარგად მყოფი ადამიანი, მაგრამ მან შაქარივით შეჭამა და გული არ აერია.

მურშიდმა კი გოგრის ყალიონში ჩასდვა ერთი ნაჭერი ბანგი და დაიწყო მისი მოწევა. მეორეებმაც დაიწყეს აფიონის ჭამა და წევა; რამდენსამე წუთს შემდეგ პატარა ოთახი კიდევ გაივსო სულის შემხუთავი ბოლითა.

ბანგისა და აფიონის დამთრობმა ძალამ დაიწყო თავისი გავლენა. დავრიშები თან-და-თან მხიარულობდნენ; მათ მეც მითავაზეს მოსაწევად თავიანთი ყალიონი; მაგრამ მე უარი ვუთხარი, ჩვეული არა ვარ მეთქი, და მოუკიდა ჩემს სიგარას.

ჩვენმა ლაპარაკმა დიდხანს გასტანა; მე შევამჩნიე, რომ ის დავრიშები ალ-ჰაგაგათის მიმდევარნი იყვნენ, ესე იგი ჭეშმარიტების მიმდევარნი.

მაგათ იმგვარი ჭეშმარიტება არა სჯერათ, რაც რომ საკვირველებით არა აქვთ გამოცხადებული. ამ ჭეშმარიტებას რომ დაუახლოვდნენ, მათ უნდა გაიარონ შემდეგი ორი მუხლი: პირველი სიყვარული (მუჰამბათი), რომელზედაც ამყარებენ ყოველი სიკეთის საძირკველს, თარიაკი (წესები); ამ მოძღვრების ძალით კაცი მეცადინეობს სხვა-და-სხვა მარხვით და განდეგილობით აღმოიკვეთოს ყოელ ნაირი ხორციელი ლტოლვილება (ჯამბეი ჰეივანეათი), და გასუფთავდეს. განიწმიდოს და სრულიად სულიერი შეიქმნეს (ჯამბეი რუჰანიათი). მაშინ თითონვე ახლოვდება ჰაგიგათს, ესე იგი ჭეშმარიტებას.

დავრიშები ბევრნი არიან, რომელნიც სხვა-და-სხვა მცნებას აღიარებენ, მაგალითად: დაჰრი, სუფი, ბაბი, ურაფა და სხვა. მათში სულ-დაბალნი მატყუარებიც არიან, მაგალითად, მკითხავები, მისნები, ჯადოსნები, ვარსკვლავთ მეტყველები, მემუსიკენი და სხვა.

მოლებს დავრიშები სძულთ, როგორც ურჯულონი, რადგან ისინი შარიათის წესდებულობას ასრულებენ. მაგრამ დიდკაცობას ესე იგი მაღალი წოდების ხალხს უყვართ იმათი სიბრძნის გაგება და პატივს სცემენ. 

დავრიშები, რომელნიც მაწანწალა მისიონერები არაინ და სიბრძნის მომფენელნი, იმათ შეუძლიათ სპარსეთის ხალხში ახალი ცოდნა შეიტანონ; მაგრამ მათი ნაკლულევანება ის არის, რომ იმათ ერთგვარი მიმართულება არა აქვთ, და ყველას თავისი ცალკე აზრი აქვს. სხვათა შორის, მათში თავისუფლად მოაზრენიც ბევრნი არიან“, - დ. ტერ-და-ცი.
გაზიარება
ნიკო ფიროსმანაშვილი, „თამარ მეფე“ | ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავებით თუნუქზე

★ „ფიურერმა თამარ მეფე საცირკედ გაჰხადა. იმის კლოუნს, ბატონ მაქსს, დაუწერია რაღაც სასაცილო ამბავი, დაურქმევია სახელად „თამარ მეფე“ ხალხის მისატყუებლად. თამარ დედოფლის სახელი ტფილისში არა მარტო ქართველობას, არამედ სომხობასაც დიდებულ სახელად მიაჩნია და საქართველოში ხომ ზოგან ხალხმა წმიდათა შორის ჩარიცხა და ეკლესიებიც აუგო იმის დაუვიწყარ ღვაწლის გამო.

დიდებული მეფე იყო თამარი და საქართველოს დიდებულნი დღენი გამოუვლია თამარის მეფობაში. თამარს პატივისცემით იხსენიებს ისტორია, იმის სახელს მოწიწებით იხსენიებდნენ და იმის წინ მუხლს იდრეკდნენ თვით თათრებიც კი, რომელნიც მტრად უყურებდნენ ყოველს ქრისტიანს და სძაგდათ ამ სარწმუნოების მიმდევარნი. მხედრობა, ვაჟკაცობა, განათლება, ზნეობის სიმაღლე, ლაზათიანი შექცევა და გართობა, უშველებელი სიმდირდრე, ყოველივე ესენი დაკავშირებული არიან თამარის ხსენებაზედ. 

ფიურერის ხის ცირკის პროექტი, 1887 წ. | პროექტის მიხედვით, ცირკი მდებარეობდა მადათოვის კუნძულზე | საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო


... გამოდის ვიღაცა კლუნი და გვიხატავს თამარ მეფის სასახლეს ... ბინძურ გომურად. თამარ მეფეს დააჭერინებს ეშმაკებს, აგდებს ჯოჯოხეთში... ეს კიდევ არაფერი, თამარ მეფე და იმისნი მხებელნი სანადიროდ მიდიან და ვირებზე-კი სხედან. ტყუილად-კი არ არის ნათქვამი, ღმერთი რომ კაცზედ განრისხდება ... წაართმევსო. ასეთი უწმინდური შეგინება წმინდა სახსოვრისა დანაშაულად უნდა ჩაეთვალოს თვით კლოუნსაც-კი, რომელსაც მაგდენი არა მოეთხოვება-რა საზოგადოდ“, - გაზეთი „ივერია“, 1888 წ.

გაზიარება
ლადო გუდიაშვილი, კონტოების ქეიფი ქალთან, 1919 წ.

★ „რად მიყვარხარ?.. რომ ვიცოდე, განა-კი მეყვარები? იმიტომ, რომ ამ სიცოცხლის ღერძი ხარ და ეს ქვეყანაც მაგ ღერძზედა ტრიალებს; იმიტომ, რომ ეს დუნია პატარა ბეჭედია და ამ ბეჭდისა დიდი თვალი შენა ხარ; იმიტომ, რომ შუბლზედ ეგრე მეწერა: შენ-ბატონი, მე-შენი ყმა, გენაცვა, შენი მონა, ყურ-მოჭრილი, ერთგული. საბაბს რა უთხრა!..

რად მიყვარხარ? მეც ვკითხულობ, მაგრამ პასუხს ვინ მომცემს?.. ქვად მაქციე, მაინც ეშხით დავდნები, ფეხს ავიდგამ, ჯანდაბას გამოგყვები. ყელში დანა გამიყარე, დამკალი; ქვა მომაბი, შუა ზღვას გადამაგდე; მეხი დამეც, მიწაში ჩამიტანე; ნაცრადა მქმენ, ქარაშოტს გამატანე - მაინც კიდევ მეყვარები, მაინცა, შენი ეშხი იმ ქვეყანად გამყვება, სულის აბგავ, გულის კლიტევ, სამოთხის გასაღებო!..

რად მიყვარხარ?.. რომელი ენა იტყვის! მდევი ვიყავ, შენ ფალასად მაქციე, მაგრამ მითხარ, მთელს დუნიას განზედ გავწევ, გავიტან, ზურგს მოვიგდებ, ზედ იალბუზზედ უსვენებლივ ავიტან. რა იქნება, შენთვის არ გავაჩინო? გსურს ღრუბლები ლეიბად გაგიშალო, ვარსკვლავების საბანი გადმოგხურო? გინდა მთვარე ბალიშად მოგიტანო და მზეც ჭრაქად შანდალში დაგისვენო, თუმცა ვიცი ორივე იზარალებს, შენ იმათზე ძლიერ მნათობი ხარ!..

რად მიყვარხარ? ბემურაზი ვიყო, თუ რომ ვიცოდე? არ ვიცი და მაინც შენი მონა ვარ. კუტი ვარ და სად გამგზავნი, რომ სულ ფრენით არ წავიდე?.. მუნჯი ვარ და შენი ქება როდის იყო, რომ არა ვთქვი?.. ყრუ ვარ, მაგრამ რას მიბრძანებ, რომ ერთს ვერსზედ არ გავიგო?.. ბრმა ვარ, მაგრამ რა დროს იყო, დღე თუ ღამე, რომ ვერ ვნახე?.. უძლური ვარ, - სად რას მეტყვი, ჩემმა მკლავმა ვერ შეიძლოს?.. ღარიბი ვარ, მაგრამ მითხარ, ზღვა გიყიდო, თუ ხმელეთი?.. შენ რა იცი, რა ძლიერი ხატი ხარ!..

რად მიყვარხარ?.. იმიტომ, რომ უფასო ზურმუხტი ხარ!.. იცი რად ღირს მარტო ეგ ზილფი კავი? ვის მივყიდო, ჯერ იმდენი ფული რომ არ მოჭრილა?.. ზღვათა ქვიშა რომ აქციოს მარგალიტად, გოგჩის ტბა-ერთიან დიდ ბრილიანტად, არარატი ოქროდა ჰქმნას, შეამკოს, ვერ გავატან შენის თმის ერთ ბეწვსაც-კი, სავარცხელს რომ ვარცხნაში ჩამოჰყვება... სულის მტრედო, ეგ მარჯნები ნეტა ვინ უნდა წუწნოს!..

რად მიყვარხარ?.. წამალი მომე, მოვრჩე. ლეკის ჯარს წინ დავუხვდები, გავფანტავ, ღვინოდ ნაქცევს ზღვას ერთ ყლუპად გადავკრავ, არ შევიხრი წარბს, ჭკუას არ დავკარგავ... შენ გნახავ და ანდერძის ამეგება: ჯანში ღონე და ძალა მიწყალდება; აღარ მიჭრის მაჯა, რაც უნდა ვიქნიო; თავში დავთრები მეშლება, მებნევა; რეტიანად, შტერად გადავქცეულვარ. უზმო ვარ და ყელში ლუკმა არ ჩადის; ფხიზელი ვარ, ფეხი ვერ გადამიდგავს; მინდა რამ ვთქვა ენა პირში მებმება... ჯანაოზი-კი მომარჩენს, სიყმე-მკვდარს! უკვდავების წყაროვ, არ გებრალები!..

რად მიყვარხარ?.. რა დარდუბალა ვიცი!.. შენ ის მითხარ, ეგ თითები რა ჩარხმა გამოთალა, ეგრე სრული რამ შეგკონა და შეგკრა? მთლიანი ხარ, თუ განგებ გაგაკეთეს? ხორციელმა, თუ ჰაერმა დაგბადა? რა სული ხარ, სადაური, საიდგან? რომელ ზღვიდგან რა ქარმა მოგიტანა? ან იქნება ციდგან გამოიპარე? რას აკეთებს ზეციერი უფალი? ქვეყნის შემდეგ შენს შექმნას თუ მოუნდა!.. უშენობას ვითომ იქ არ ჰგლოვობენ?!

რად მიყვარხარ?.. აბა ერთი სარკეში ჩაიხედე: დაინახე ეგ გიშრის ტბა თვალები, ლოყის თავზედ დაფენილი წამწამი, ჯვარის მამის შოთებსავით წარბები, ეგ სტამბოლის მარმარილო - გულ-მკერდი, დაინახე და უცეცხლოდ დაიწვი, ეშხით დადნი, აღდგომის კელაპტარო, დაიხრაკე, ამაღლების ბატკანო, დაიდაგე, ამ ქვეყნის ანგელოზო და იმ ქვეყნის ძლიერო მოჩვენებავ!.. 

ჩემსავით რომ წელში მოიღუნები, ღამეც ძილი დაგიფრთხება და დღეცა, შენის მეტი არავინ გეხსომება, სიყვარულის სიცხეს მოგცემს, გაბოდებს, გზას აგირევს, ქვეყანას დაგავიწყებს, ღრუბლებიდგან ჩამოგიყვანს, ძირს დაგცემს, იალბუზის მთას სისირად გადაგაქცევს, - მიმიხვდები, გულში რაც ცეცხლი მიდუღს, რაც სახმილი მიკიდია, რაცა მკლავს და შემიბრალებ, აღარაფერსა მკითხავ!..

ორ-ანი [არტემ ახნაზაროვი], გაზეთი „ივერია“, 1891 წ. 
გაზიარება
★ „ლერმონტოვის მოსამსახურე ქრისტაფორე სანიკიძის სურათი [ნახატი გაგარინის]. დედანი ინახება ლერმონტოვის მუზეუმში პიატიგორსკში. სურათი მითავაზა ლერმონტოვის მუზეუმის დირექტორმა ელისაბედ იაკოვკინამ. 21/VIII – 38 წელი. გ. კვიტაშვილი“

ასეთი წარწერა აქვს საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანეში დაცულ ფოტოს, რომელზეც ქართულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდაა ასახული.

ეს ახალგაზრდა, 1888 წლისთვის, უკვე ტფილისში მცხოვრები ერთი მოხუცი ქართველი კაცია, განსვენებულის რუსის პოეტის – ლერმონტოვის მოსამსახურედ ნაყოფი, ვისაც ბევრი რამ ხსომებია ლერმონტოვის ცხოვრებიდგან. 


„გაზეთი „Нов. Обоз.“ სწერს, რომ რუსეთის პოეტის მ. ლერმონტოვის მოსამსახურედ ნამყოფ კაცს, ქრისტეფორე სანიკიძეს უთქვამს, ტფილისში ყოფნის დროს მ. ლერმონტოვი 6 დღის განმავლობაში იმ სახლში იდგა, სადაც ეხლა „პარიჟის“ სასტუმროაო“, - გაზეთი „ივერია“, 1893 წ.  

1891 წლის ძველი ქართული პრესის ცნობით, ქაიხოსრო სანიკიძე ლერმონტოვთან უკანასკნელს ჟამს ყოფილა, დუელის დროს. 

„ქაიხოსრო სანიკიძე ნავალი კაცია და ბევრ რუსეთის გამოჩენილს კაცებთან ნამყოფი. ერთს დროს მთავარ-მართებელს ვორონცოვთანაც ყოფილა მსახურად. 

1840 წლებში უნახავს ლონდონი, ყოფილა ბერლინსა, პარიჟსა და სტამბოლში, ყოფილა აგრეთვე სპარსეთში და სხვაგან. ეს კაცი და რამდენიმე სხვანიც 1830 წლებში იმერეთს ჰყოლიათ რუსეთის დიდს კაცებს და იქიდამ მერე რუსეთში წაუყვანიათ. ამათ შორის ერთი ვინმე აღსაბაძე ბერლინში სცხოვრობს, ხელობით ჩექმის მკერვალია, ცოლად გერმანელი ქალი ჰყავს და ბერლინის ერთს კარგს ქუჩაზე თავისი სახლიც უდგია.“

წყარო: 
📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]
📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]
გაზიარება

📷 ინტერვიუ ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძესთან

★ ლევან ხერხეულიძე, მეგობრებისთვის - ხერხე, ადამიანი, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ჩემს წარმოდგენაში, ღია სივრცეების, წვიმიანი ამინდებისა და უპასუხოდ დასატოვებელ საკითხებზე მსჯელობის კაცია. 

ხერხე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან მახსოვს და მას შემდეგ უამრავ აზრიან თუ უაზრო რეპორტაჟზე ვყოფილვართ ერთად; ასე იყო თუ ისე, ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, თემა ან რესპონდენტი თუ მიმტყუნებდა, ხერხეს ფოტოები იტყოდნენ სათქმელს.

მერე იყო და, რაღაც მომენტში, როცა ფოტოგრაფიით დავინტერესდი, თავისი „შამანობების“ სამყაროს კარის გახსნა სცადა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფოტოგრაფიაზე მეტად, ძველი თბილისი, საფასადო ქანდაკებები და დაქცეული შენობები მაინტერესებდა...

ხერხე მალევე მიხვდა ამ ამბავს და მე კიდევ იმას, რომ ძველი თბილისი მისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, სრულიად უინტერესო, სტერილური სამყარო იყო. 

ეს იყო და ეს. 

ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემის გათვალისწინებით, სიტყვის უთქმელად, „სამშვიდობო პაქტი“ გავაფორმეთ და საკითხი ამით დაიხურა. 

ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა მანამ, სანამ ხერხეს ფოტოები, მისი ცნობილი პორტრეტები ბარათაშვილის ხიდის ქვეშ არ ვნახე გამოფენილი.

აი, მაშინ კი ვიფიქრე, რომ თუკი მისი პორტრეტები ასეთი ორგანული იყო თბილისისთვის, მით უმეტეს იმ ადგილისთვის, სადაც 90-იანებიდან მოყოლებული, ადამიანები ყოველგვარი მორიდების გარეშე ავლენდნენ საკუთარ სახეს, კარგი იქნებოდა, ხერხეს, როგორც ფოტოგრაფის და თბილისის, როგორც ქალაქის ურთიერთობა ამით თუ არ დასრულდებოდა...

ჰოდა, ერთ დღესაც ისე მოხდა, რომ ჩვენი პირველი შეხვედრიდან მრავალი წლის შემდეგ, ხერხემ თბილისის ფოტო გამოაქვეყნა.


○ გაინტერესებთ, რა და როგორ მოხდა?!

☆ „შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ თბილისის გადაღებისკენ კორონავირუსმა და მისგან შექმნილმა ვითარებამ მიბიძგა. ზოგადად, უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს და თებერვლიდან მოყოლებული სულ იმაზე ვფიქრობდი, რა მეკეთებინა. როგორც კი დათბა და ქუჩებში ხეტიალი თავისუფალი და სასიამოვნო გახდა, ძველი თბილისისთვის თვალის შევლება გადავწყვიტე. 

გამოგიტყდებით, რომ თბილისი ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, მაინცდამაინც საინტერესო არასდროს ყოფილა და ამის მიზეზსაც კარგად ვხვდები: ადამიანი ვერ ხედავს მათ და მას, ვისაც და რასაც ყოველდღიურად ეხება. ზოგჯერ რაღაცის დასანახად დისტანცირებაა აუცილებელი. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს [8 ივნისი] უბრალოდ გადავწყვიტე ძველი თბილისის ქუჩებში სიარული. 



რა თქმა უნდა, აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს გასეირნება ოდესმე რაიმე მნიშვნელოვანში გადაიზრდებოდა. ახლა კი მადლიერი ვარ იმ მომენტის და ამ გადაწყვეტილების, რადგან ამის შედეგად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერია მივიღე“.

○ ფოტო, თითქოს, ყველაზე უკეთ უნდა გადმოსცემდეს იმას, რასაც თბილისის ქუჩებში ხედავ. როგორი იქნებოდა შენი ფოტოები, სიტყვით რომ გეცადა მათი შინაარსის გადმოცემა?

☆ „ფოტოგრაფისთვის უცნაური შეკითხვაა. მთლიანობაში, მთელი ეს სერია ზოგჯერ ყვირის, ზოგჯერ ჩურჩულებს და ხშირად ითხოვს მასში მნახველის ჩაღვენთვას. ეს ფოტოები ცდილობენ, მნახველში სიყვარული, სითბო, ყველაფრის წარმავლობისა და მისდამი სათუთად მოპყრობის განცდა გააღვიძონ. ზოგადად, სენტიმენტალური არ ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ამ ფოტოებში სენტიმენტალიზმი არ არის.  

თუ რამის გაზიარების სურვილი გამიჩნდა, ეს იყო თბილისისადმი, როგორც საინტერესო, ფასეული და ამჟამად ცოტა სევდიანი ცოცხალი არსებისთვის ყურადღების მიქცევა.
ეს ფოტოები არ არის ეთნოგრაფია, ან მხოლოდ იმის ასახვა, თუ რა ხდება ახლა ძველ თბილისში, ისინი მისდამი ჩემს დამოკიდებულებას და უდიდეს სურვილს უფრო გამოხატავენ, რომ ეს ნამდვილი და ფასეული გარემო არ დავკარგოთ“.

○ მოულოდნელი კადრი...

☆ „გარკვეული თვალსაზრისით, ყველა ფოტო მოულოდნელი იყო, რადგან არცერთი მათგანი არასდროს დამიგეგმავს. ანდა როგორ უნდა დაგეგმო ის, რაც თვალითაც არ გინახავს? წარმოდგენა არ მქონდა, სად რა დამხვდებოდა და სწორედ ეს აღვივებდა და აძლიერებდა ჩემს სურვილს, ფეხით მევლო, მეთვალიერებინა, დამენახა, აღმომეჩინა და გადამეღო. 

თუმცა, მახსენდება ერთი კადრი, რომელიც მართლაც რომ სრულიად შემთხვევით გადავიღე, როდესაც ერთ-ერთ მზიან დღეს კოტე აფხაზის ქუჩიდან - პურის მოედნისკენ ასვლა გადავწყვიტე. იმ პატარა შემაერთებელ მონაკვეთში არაფერი იყო ჩემთვის საინტერესო, უცებ კი დავინახე მეორადი ტანსაცმლის პატარა მაღაზია, რომლის შესასვლელშიც ორი კაბა ეკიდა.



საკუთარ თვალსა და ინსტინქტებს ვენდობი, ამიტომაც, ამ მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს წამიერად შევყოვნდი. უეცრად სიო ამოვარდა, კაბები ააფრიალა და კადრიც შემრჩა! 

ეს ფოტო ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სერიაში“.

○ არის ამ სერიაში რომელიმე ფოტო, რომელიც შეგიძლია გამოარჩიო და გვითხრა, რას გვიამბობს, ვისზე ან რაზე გველაპარაკება? 

☆ „რომელიმე ფოტოს გამორჩევა გამიძნელდება. ჩემი აზრით, მნახველს თითოეული მათგანი ესაუბრება და თავის პატარა ისტორიას მოუთხრობს. ეს ისტორიები განსხვავებულია: ზოგი სევდიანია, ზოგი - მხიარული, ზოგიც - იდუმალი, რომელიც თითქოს რაღაცას მალავს. ვფიქრობ, რომ ერთად შეკრული, საინტერესო თავგადასავალია. 



ჩემი მიზანი არც ყოფილა, რომ ამ ფოტოებით რამე კონკრეტულზე მესაუბრა. მხოლოდ ის მინდოდა, ადამიანებისათვის ჩემთვის საინტერესო ადგილები მეჩვენებინა და ისინი ამ მოგზაურობის თანამოზიარედ მექცია“.

○ ამ ფოტოებიდან რომელი მეტყველებს თბილისის წარსულზე, აწმყოსა ან/და მომავალზე?

☆ „მომავალზე? არც კი ვიცი... 
 
ფოტოების უმეტესობა აწმყოს ასახავს, რომელშიც, ასე თუ ისე, მათი წარსულიც იკითხება. 



მომავალზე საუბარი გამიჭირდება. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი ბოლომდე არ გაანადგურებს იმას, რაც ფასეულია და არ აქცევს თბილისს ტკბილეულად, რომლის დაგემოვნებისას გულისრევის შეგრძნება გიჩნდება... 

„ჩემი“ ძველი თბილისი ასეთი ნამდვილად არაა“.


○ რომელია ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძის ურბანული ავტოპორტრეტი?

☆ „კარგი და რთული კითხვაა... 

ასე გიპასუხებ: 

ნებისმიერ ფოტოში ფოტოგრაფის ნაწილიც არის, ამითაა ფასეული ერთიცა და მეორეც. თუმცა არის რამდენიმე ფოტო, რომელიც მართლა ძალიან მგავს“.

○ რას ამბობს ქალაქი, რომელსაც იღებ? 

☆ „დუმს. მისი ტკივილი და ყველა ჭრილობა ისედაც ნათლად ჩანს. ქალაქი საკუთარი სხეულით გვაჩვენებს ამას, თავად კი დუმს და ჯერ კიდევ მედგრად იტანს ჩვენს უგუნურებას, სისასტიკეს, გულგრილობას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ალაგ-ალაგ, ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი სინათლის, სითბოსა და სიმყუდროვის გაზიარების სურვილი...“
გაზიარება

[იაკობ ბალახაშვილის წიგნიდან - „ლიტერატურული წრეები და სალონები საქართველოში, გამომცემლობა „საბლიტგამი“, 1940 წ.]

★ „ერთი ადგილთგანი, სადაც ოცდაათიანი წლების თბილისის მოწინავე არისტოკრატია თავს იყრიდა, იყო ბინა გრიგოლ ორბელიანისა.

„თუ თბილისში გიცხოვრიათ, - წერდა 1885 წელს იონა მეუნარგია, - რასაკვირველია, გეცოდინებათ, სად და რა ალაგას არის გრიგოლ ორბელიანის სახლი:

ძველთაგანვე ამ სახლის არემარე შეადგენდა ორბელიანთა გვარის სამყოფ ადგილს და იწოდებოდა ორბელიანთა უბნად, აულად. ამ აულში ცხოვრობდა სარდლიანთ ოჯახი, ასლანის ოჯახი, გიორგის ოჯახი, ზურაბ - პოეტის მამა და სხვა. 

ზურაბის დიდი, ორსართულიანი, ფართე მოაჯირით შემოვლებული სახლი ისევე დარჩა პოეტის ცხოვრებაში, როგორც იმის მამის დროს იყო. ადამის დროული არქიტექტურა, ფართე, ყოველს მცენარესა და ყვავილებს მოკლებული ეზო, შეულესელის უშნო გალავნით და ალაყაფის კარებით; გალავანის ერთ ყურეში - წვიმისაგან და მზისაგან გახუნებული ფიცრის საჯინიბო, სახლის გვერდით - სასახლის ეკლესია, - აი რა შეადგენდა სასახლის გარემოს. პოეტს არ უნდოდა სიძველეში შესულის სახლის განახლება.

ორბელიანების სახლი ვაშლოვანში
სახლის შესავალი ეკლესიის პირდაპირ იყო; კარებზე არც რიგიანი ზარი, არც მოსამსახურე, შედით, პალტო გაიხადეთ, ჩამოკიდეთ კედელზე და შეაღეთ ზალის კარები. არავინ არ არის. ვეებერთელა ზალა, სკამებით გარშემო შემომწკრივებული, რომელშიაც არც მაგიდა სდგას, არც სავარძელი, არც ტახტი. თუ კარების ხმამ გააგონა ვისმე მოსამსახურეს თქვენი შემოსვლა, ხომ კარგი, თუ არა და გასწით პირდაპირ და შეაღეთ ის დიდი კარები, რომელიც გზაზე დაგიხვდებათ. ამ კარებს შეჰყავხართ თქვენ პოეტის კაბინეტში.
მარჯვენა კედელზე მიკეთებული თაროები სავსეა წიგნებით, რომელთ ტყავის ყდაზე იკითხება წარსული პერიოდი წიგნის შემკვრელთა ვინაობისა. მაგიდები მარჯვნივ და მარცხნივ, თვითონ სამუშაო მაგიდა, ფანჯრები და ბუხრის თავი სავსეა არეულად დაყრილის მტვრიანის ქაღალდებითა, გაზეთებით, წიგნებით, სურათებით. არაფერს არ ეტყობა ხელოვნება, კაბინეტის ლამაზად მორთვის სურვილი, არსად არა სჩანს ქალის ხელი.
რომ შეხვედით პოეტთან, წიგნის კითხვაში, ან წერაში გართულმა მასპინძელმა წამოჰყო თავი, ფართეთ გაშალა ორივე ხელი, ერთი შესძახა ჩვეულებრივი „ჰოო!“, ნიშანი კმაყოფილებისა, წამოდგა, მოგეგებათ, მოგავლოთ ხელი და დაგისვათ პატარა მრგვალ მაგიდასთან, თავის პირდაპირ“.
აი ასეთი იყო ორბელიანის სახლი მისი ახალგაზრდობის დროსაც...

[...]

კვირაში ერთხელ გრ. ორბელიანი თავის ბინაზე იწვევდა აშუღებს, რომლებიც ასე ძალიან უყვარდა პოეტს და მრავალრიცხოვან მეგობრებს შორის ისმენდა შამჩი-მელქოს, ქიჩიკნოვასა და საიათნოვას „გულდამწველ სიტყვებს“

მგოსანი და მკვლევარი იოსებ გრიშაშვილი წერს:

„ჩემს შეკითხვაზე უხუცესმა აშუღმა ფნდიღამ და უსინათლო იაგორამ მიპასუხეს:

„ვა, კნიაზი?! ვენაცვალეთ ჩვენ იმას თავის ქრისტებში და ღმერთებში! 

კვირაში ერთხელ თუ ორხელ კნიაზის [გრ. ორბელიანის] ბრძანებისამებრ მივდიოდით მის სახლში, განსაკუთრებით საიათნოვას ლექსების სამღერლად-ჰაა!

კნიაზი გამოგვეგებებოდა და გვეტყოდა თავის მჯახე ხმით:

„ოხ, მოხვედით ჩემო შვილებო!“

ჩვენც ვუმღერდით საიათნოვას საჭიკმაჭიკო ლექსებს, და ოხრად  დაგვასაჩუქრებდა! 

ხოლო „ბედნიერ დღეებში“ [აღდგომასა თუ ახალწელიწადს] ტანსაცმელს შეაკერვინებდა თავის დერციკს და სახსოვრად გვიფეშქაშებდა“.

ასე იყო გრიგოლ ორბელიანის ბინაზე პოეტის გარდაცვალებამდის.“
გაზიარება

[ნაწყვეტი გიორგი ლეონიძის მიერ ფიროსმანის შესახებ შეკრებილი ცნობებიდან - „ცხოვრება ფიროსმანისა“]

[ნიკალას მეგობრის - ბეგოს ნაამბობიდან...]

★ „ძმობილი მყვანდა - კოლა რუსიშვილი. რიყეზედ ლუდხანა ჰქონდა. ეხლა აღარ არის. პატიოსანი ყმაწვილი იყო და სურათების დიდი მოყვარული. ახალგაზრდობაში სხვასთან იდგა დუქანში მოჯამაგირედ. იქ გაეცნო ნიკალა და მისი სურათები თურმე გულში ჩაიდო, გავხსნი თუ არა საკუთარ დუქანს, ნიკალაის დავახატვინებო! 

მართლაც, დუქნის გაღებამდე ნიკალას დაუძახა და სურათებში გაურიგდა. ოთხივე კედელი უნდა გამოეხატა. მეც იქ შევესწარი. ნიკალაიმ მეორე დღესვე დაიწყო მუშაობა და თითო არაყზედ გამოჩარხული სურათები გამოჰყავდა.

გავიდა ორი დღე, ნიკო აღარ გამოჩნდა. 

კოლა ბიჭს გულთ შემოეყარა. რა ექნა? სურათები დაუმთავრებელი რჩებოდა. დუქნის გახსნაც ამით გვიანდებოდა.

მესამე დილას ბიჭებმა უთხრეს კოლას: 

- ნიკალაი დილას ვაგზალთან ვნახეთ, სვამდაო! 

გახარებული კოლა მაშინვე ეტლში ჩაჯდა და საძებრათ გაექანა. მართლაც, იმ დუქანშივე ენახა სადაც მიასწავლეს და ნიკალაი ფაიტონით მოიყვანა:

მთვრალმა და ღამე ნათევარ ნიკალაიმ ისევ აიღო ფუნჯი, მაგრამ კოლას რა იმედი ჰქონდა, რომ სურათებს დაუბოლოვებდა? მაშინ - „ხერხი სჯობიაო“, - იფიქრა კოლამ. 
ლუდხანაში შეიყვანა, აღარ კი გამოუშვა. გარედ დუქანს კლიტე დაადვა და სამი დღე ნიკალაი მუშაობდა. ცოტა საჭმელს, ცოტა სასმელს ფანჯრიდან აწოდებდა, როგორც ტუსაღს. მანამ ყველა კუთხეები არ გამოუხატა, არ გამოუშვა. მერე კი გაანთავისუფლა...“
გაზიარება

★ საიათნოვა, ალბათ ყველაზე გამორჩეული ტფილისელი აშუღი, საკუთარი ცხოვრებითა და შემოქმედებით კარგად არის ცნობილი. 

აქ კი გთავაზობთ ერთ კონკრეტულ ამბავს, რომელიც საიათნოვას შესახებ, გაზეთ „დროებაში“, ზ. მთაწმინდელის [ზაქარია ჭიჭინაძის] მიერ 1878 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში გვხვდება.

★ „...საიათნოვას ცოლი შეურთავს, ერთი ჰავლაბრელი ქალი მარიამა, სამი შვილი ჰყოლია და შემდეგ ცოლი მოჰკვდომია.

ცოლის სიკვდილის შემდეგ ახპატის მონასტერში ბერათ შესულა. მეფე ერეკლე თურმე ძალიან უშლიდა ბერობას, მაგრამ იმას მაინც არ დაუშლია და შესულა.
მონასტერში ბერები თურმე ძალიან ეჩხუბებოდნენ: ლექსების წერას თავი დაანებეო, შენი საქმე არ არის, ხელი აიღევო. მარამ იმას არ დაუშლია და ისევ ბერობა დაუტოვებია და წამოსულა ქალაქში. მაგრამ რადგან მეფე ერეკლე იმაზე გამწყრალი ყოფილა, მისვლა ვერ გაუბედვნია.
აი ამ დროს დაუწერია იმას თავის თავზე შემდეგი ლექსი:

★ „შე საწყალო ჩემო თავო“

შე საწყალო, ჩემო თავო, რა იქენ?
ქვეყანაში სასაცილო შეიქენ;
საითაც გაიქეც, იქით წაიქეც,
ბოლოს დროს ბედოვლათი შეიქენ.
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!

თითქმის ვიყავ ქვეყანაში ქებული,
ჭიქასავით ოქროს ყუთში დებული,
ეს რა მომივიდა ახირებული?
რაც მომიხდა, განუსჯელობით არი!
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!

მეფეთაგან მეჯლიშს მიწოდებული,
თავადებთან პატივცემით შვებული,
ალისფერი კაბით განშვენებული
ახლა ამა ძაძით გაშავებული.
ესე ხვედრი ჩემის მოძღვრისგან არი!
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!

ბრინჯი ვიყავ, ქრობა რად მინდოდა?
ქორი ვიყავ, ძერობა რად მინდოდა?
ერი ვიყავ, მღვდელობა რად მინდოდა?
მოდი, მითხარ, ბერობა რად მინდოდა?
ვგონებ, ჩემის უბედურის დღისაგან არი.
რომელს დავაბრალო, რისაგან არი?
ეს საქმენი ჩემის ჭკვისაგან არი!
გაზიარება

★ გთავაზობთ ძველ ქართულ პრესაში [1884 წ.] არსებულ ცნობებს მეფე ერეკლე II-ის თოფის შესახებ...


ცნობა #1

★ „ერთმა პატივცემულმა პირმა გვიამბო, რომ მეფე ირაკლის თოფი, რომელიც კახეთის თავად-აზნაურობამ 2000 მანათად იყიდა და განსვენებულს კავკასიის სახელოვანს გმირსა და მთვარმართებელს თავადს ბარიატინსკის მიართვა, როცა მან შამილის წინააღმდეგ ლაშქრობა დაამთავრაო, დღეს ამ თოფის მფლობელს განუზრახავს ისევ საქართველოს დაუბრუნოს და საყვარელი მეფის ნაქონი ნივთი ისევ საქართველოს შვილთ ინახულონ ხოლმე სასწავლებლად და საგულისხმიეროდ. 

ჩვენის აზრით, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ მუზეუმში მისი ნახვა არც ყველას შეეძლება და უფასოდაც არ მოხერხდება, უმჯობესი იქნება, რომ ამ გვარი, წმინდა ქართულის მნიშვნელობის მქონე ძველი სახსოვარი შეწირულ ექმნას „წერა-კითხვის საზოგადოების“ ბიბლიოთეკას, სადაც იგი დაცული იქმნება მრავალ ძვირფას ხელ-ნაწერთა და მანუსკრიპტებთან ერთად ცალკე ვიტრინაში“. 


ცნობა #2

★ „ჩვენ ნამდვილად შევიტყეთ, რომ მეფე ერეკლეს ნაქონი თოფი, საჩუქრად თ. ბარიათინსკისთვის მირთმეული და თ. ბარიათინსკის დიდი სურათი, ეხლა ამ უკანასკნელის მემკვიდრეთა შეუწირავთ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობისათვის.

ზემოხსენებული ძვირფასი ნივთი თ. ბარიათინსკის მემკვიდრეთ შეუწირავთ თავად აზნაურობისათვის მათის ბრწყინვალების თ. ბარიათინსკის მეუღლის სურივლისამებრ.“


ცნობა #3

★ „ჩვენ შევიტყეთ, რომ ერეკლე II-ის ნაქონი თოფი უკვე ჩამოუტანიათ თბილისში და სათავად-აზნაურო სადეპუტატო სობრანიეში არის დაცული. 

არ იქნებოდა ურიგო, რომ ყოველს მსურველს შეეძლოს დანიშნულს დროზედ თავისუფლად შევიდეს სობრანიეში [ანდრონიკოვის სახლი, საპიორის ქუჩა] და დასტკბეს ძვირფასი საისტორიო განძის ხილვით“.
გაზიარება

★ ძველ თბილისში კრივი და ჭიდაობა რომ პოპულარული ამბავი იყო, ეს არახალია. რასაკვირველია, ორივე სფეროს, სხვადასხვა დროს, თავისი გამორჩეული ფიგურები ჰყავდა: კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, ქრაფ-ქანდოღა, მეჩანგლე ლოპიანა და ა.შ. 

ამასთანავე, იყვნენ ისეთებიც, ვინც ტფილისის მოსახლეობაში ცნობილი იყვნენ, როგორც განსაკუთრებული ძალის პატრონები. 
ძველ ქართულ პრესაში არსებული მწირი ცნობების თანახმად, XIX საუკუნის 80-90-ანი წლების თბილისში ცხოვრობდა გოლიათური აღნაგობის კაცი, ფარსადან სხირტლაძე, რომელმაც სახელი გაითქვა არა მარტო თავისი ახოვანებით, არამედ უფრო იმით, რომ გადმოცემის თანახმად, თბილისში მისი დარი მოკრივე არ მოიძებნებოდა - „კრივში, რომელ მხარესაც ის გავიდოდა, გამარჯვებაც იქით რჩებოდა თურმე.“
როგორც ირკვევა, ფარსადან სხირტლაძე წარმოშობით რაჭიდან იყო, ქალაქში კი პურის ცხობით ირჩენდა თავს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ფარსადან სხირტლაძემ თბილისელების თვალწინ არაერთხელ ისახელა თავი საკუთარი გამბედაობითა და მამაცობით.

გთავაზობთ ორ ცნობას ფარსადან სხირტლაძის შესახებ, რომელიც 1891 წელს, ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა. 

ამბავი #1

★ „23-ს ქრისტეშობისთვეს, კვირას, იარმუკა ჩვეულებრივ ხალხით იყო გაჭედილი. ამ დროს იქ, სადაც ხალხში შესვლა ყველას უძნელდებოდა და სადაც, რაც უნდა სიმარდე გამოიჩინო, გაქცევით თავის შველა მოუხერხებელია, გაჩნდა ურემი დაკლულის ღორებით დატვირთული. უცებ ბღავილით ერთმა უღელმა ხარმა მილეწ-მოლეწა ტაბიკები, რქებით დაერია ხალხს და შეიქმნა საშინელი ყვირილ-წივილი. წვრილმან ვაჭრების ზარალს ვინ სჩივის, ხალხი ჯგუფად შიშისაგან ერთმანეთზედ დაეწყო, თაფხები და სტოლები, ნაფოტებად ნაქცევი, აქეთ-იქით ეყარნენ და ხალხს გაქცევის დროს ფეხქვეშ ედებოდა. 

ყველას ტანისამოსი ამოესვარა ტალახში და ბევრს იქამდის ჩამოეფხრიწათ, რომ თვალებზედ ხელ-მიფარებით გარბოდნენ სახლში. ჯიბგირებმა იპოვეს მარჯვე დრო და ბევრი ცარიელ-ტარიელი მიაგებეს შობას, თუმცა იმათში ათამდის კაცი შეიპყრეს და საშობაოთ იხილეს დღე მწუხარებისა.

ამ გასაოცებელ ხეთქვა-კიჟინაში, ერთმა რაჭველმა მეპურემ, წინად ქალაქში განთქმულმა მეკრივემ, ფარსადან სოლომონის ძემ სხირტლაძემ, რომელსაც გაგიჟებულმა ხარმა ტანისამოსი ჩამოაფხრიწა და სხვა ზარალიც მისცა, დიდის გამბედაობით გასწირა თავი, ეცა ხარს, მოუგრიხა კისერი და წააქცია. მაშინ-კი სხვებიც მისცვივდნენ, შეჰკრეს ხარი თავით, დასდეს ურემზედ და წაიღეს. მეორე ხარი გაგიჟებისთანავე იქმნა მარცხად წაქცეული და შეკრული. 

ამ სახით ღონემ და გამბედაობამ სხირტლაძისამ, უეჭველია, დაიხსნა მრავალი ხალხი აუცილებელის უბედურებისაგან. სხირტლაძის გამბედაობით გაოცებულნი მოხელე-სამსახურის კაცნი გროვდებოდნენ და კითხულობდნენ იმის ვინაობას, ზოგნი იწერდნენ კიდეც ჯიბის წიგნში მისს გვარსახელს. ესრედს სიმამაცეს, როგორიც ამ შემთხვევაში გამოიჩინა სხირტლაძემ, ვგონებ იშვიათად შეესწრას კაცი,“ - 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]


ამბავი #2

★ „31 იანვარს, საღამო ჟამს, იარმუკაზე დიდი ჩხუბი მოუვიდათ ერთმანეთში ორ ვაჭარს. მაჩხუბარებს ხალხი ზედ დაედო. გაჩნდა პოლიციელიც. ერთი გაცხარებული მოჩხუბარი მივარდა პოლიციელს, წაართვა ხმალი და გაექანა თავის მოწინააღმდეგესკენ. 

სწორედ იმ დროს აქ იყო ის ხელ-ღონიერი კაციც, სახელდობრ ფარსადან სხირტლაძე, რომელმაც გაგიჟებული ხარი წააქცია ამას წინად და მით დიდს ხიფათს გადაარჩინა ხალხი. ეს ფარსადანი მივარდა ეხლაც ხმლიანს ვაჭარს და თუმცა ოდნავ ცხვირი გაიკაწრა, ხმალი მაინც წაართვა გაცეცხლებულს კაცს და ამ სახით საფრთხეს გადაარჩინა მისი მოწინააღმდეგე,“ - 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]
გაზიარება
★ „ეძლევა ეს მოწმობა მოხეტიალე მუსიკოსს, ილიკო ქურხულს, რის ძალით მას აქვს უფლება ქ. თბილისის სხვა და სხვა უბნებში და მოედნებზე, სადაც მოისურვებს, დაუკრას როგორც ვიოლინოზე/სკრიპკაზე აგრეთვე წაუკითხოს ლექცია შემთხვევით გამვლელ-გამომვლელთ ხალხს მუსიკალურ აღზრდაზე. ქალაქის მოურავი ბ. ჩხიკვიშვილი. ქ. თბილისი. 17 მაისი, 1919 წ.“.
★ „ძველი თბილისის მუსიკოსებისაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა მოხეტიალე მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე ილიკო ქურხული.

ილიკო პეტრეს ძე ქურხული დაიბადა თბილისში, 1885 წელს. ქურხულების ოჯახში მუსიკა უყვარდათ და ამიტომაც ილიკო ბავშვობიდანვე ეზიარა მუსიკალურ ხელოვნებას, პატარაობიდანვე შეისწავლა დაკვრა ვიოლინოსა და ჩანგზე.

მან კარგად იცოდა ძველ თბილისელ აშუღთა სიმღერები და ქართული ხალხური მელოდები, უყვარდა თეატრიც, მსახიობობა და ხშირად მართავდა კლასში შესვენების დროს „წარმოდგენა-ფუკუსებს“, რისთვისაც სასწავლებლიდანაც გაურიცხავთ. სასწავლებლიდან გარიცხვის შემდეგ ილიკოს სკოლა ქართული თეატრი გამხდარა...

ილიკოს გატაცება თეატრითა და მუსიკით მამამისს სრულიად არ ახარებდა, რადგან უნდოდა მისი შვილი ვაჭარი გამხდარიყო. იგი ხშირად ინსტრუმენტებსაც კი უმტვრევდა მას. ერთხელ, როცა მამას მესამეჯერ განუზრახავს ვიოლინოს დამტვრევა, ილიკო გაქცეულა სახლიდან. 

ცოდნის გაღრმავების მიზნით იგი მოსკოვში გამგზავრებულა და კონსერვატორიაში დაუწყია სწავლა...

მოსკოვის კონსერვატორიაში ილიკო დაუახლოვდა კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილს...

საინტერესოა კომპოზიტორის მოგონება ქურხულზე:
☆ „ერთხელ სასწავლებლიდან შინ ვბრუნდებოდი და ერთი ვიწრო ჩიხიდან ვიოლინოს მშვენიერი მელოდები შემომესმა. შევდექი, ყური დავუგდე და გავემართე იმ ეზოსაკენ, საიდანაც ეს მეტად ტკბილი ხმა გამოდიოდა. უფრო იმან დამაინტერესა, რომ ჰანგი ჩვენებური იყო, ქართული. გავოცდი, მივუახლოვდი ეზოს, შევიხედე შიგ და რასა ვხედავ, დავინახე კოხტა და ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილი ჩვენი ილიკო ქურხული... წარმოიდგინეთ, მე თვითონ ისე გამიტაცა, რომ იქვე მივიმალე, - არ დამინახოს, არ შერცხვეს და ეს მშვენიერი დაკვრა არ შეწყვიტოს-მეთქი. დაამთავრა, ტაშით დააჯილდოვეს და კვლავ გაამეორებინეს. მე სიხარულისაგან ცრემლები ჩამომდიოდა. დაამთავრა, ვიოლინო კოლოფში ჩადო და გასწია ახლა სხვა ეზოში, რის შემდეგაც მე ვუწოდე მოხეტიალე ქართველი მუსიკოსი და დღესაც ატარებს ჩემ მიერ დარქმეულ სახელს. ამ სახელით შემოიარა რამდენიმე უცხო სახელმწიფო და ხალხს გააცნო ქართული მუსიკა“.
1916 წელს ილიკო ქურხული კვლავ დაბრუნდა საქართველოში. აქ მას ხშირად შეხვდებოდით არა მარტო თბილისის ქუჩებში, არამედ მატარებელში, ან კახეთის გზაზე ჩანთამოკიდებულს თავის განუყრელ ველოსიპედზე, რომელსაც იგი ფოლადის ცხენს უწოდებდა.

წარწერა ფოტოზე - „ასე შემოიარა ილიკო ქურხულმა საქართველოს მთა და ბარი, სოფელი და ქალაქი, სკოლები და საბავშვო ბაღები, სკოლები და კლუბები“
ილიკო ქურხული თითქმის მთელი სიცოცხლე მოგზაურობდა თავისი განუყრელი ვიოლინოთი, სადღა არ ყოფილა და სად არ უცხოვრია საქართველოს გარდა...“

📖 მასალა მომზადებულია ალექსი ბარნოვის კრებულის - „ძველი თბილისის მუსიკოსები“-ს მიხედვით
გაზიარება

[ნაწყვეტი სოსიკო მელიქიშვილის მოგონებებიდან ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ, 1924 წ.]

★ „1880 წლებში სანდრო ყაზბეგი იდგა პლეხანოვის ქუჩაზე, სომხების ეკლესიის გვერდით, ზარაფიშვილის სახლებში, სადაც საცხოვრებელი ნომრები იყო გამართული. აქ სანდროს ერთი ნომერი ეჭირა. 

მე და ასიკო ცაგარელი, ჩვენი დრამაგურგი, თითქმის ყოველ დღე დავდიოდით სანდროსთან. სანდრო გვიკითხავდა ხოლმე თავისს ლექსებს, ასიკო უქებდა, მე კი ვუწუნებდი, არ უვარგოდა ლექსი, ხორკლიანი იყო, ლექსად არ იყო შეკრული, არც რითმა, არც აზრი.

გზაში ვეტყოდი ხოლმე ასიკოს:

„ბიჭო, არა გცხვენიან, რომ იმ უხეირო ლექსებს უწონებ?“

ასიკო მეტყოდა:
„სანდროს ერთი სპილოს ძვლის ხანჯალი აქვს, ოქროს ჩუქურთმიანი, მინდა ის დავცინცლოვო“.
გაზიარება
Older Posts Home

Photo Profile

გიორგი ჭეიშვილი
ძველი თბილისის მკვლევარი

Email: Cheishvilig@gmail.com



• ერთი ამბავი •

გამოცემები ერთი ამბავი ინტერვიუ ლიტერატურული ქალაქები მადათოვის კუნძული მოგონებები ფიროსმანზე მულტიმედია პერსონაჟი პირველი რესპუბლიკა საბჭოთა თბილისის ქრონიკები სტატია სტუმრად ტფილისში სხვადასხვა ტფილისის ბუკინისტები ტფილისური ლეგენდა ტფილისური ტრადიციები უცხოელი მოგზაურები ტფილისზე ქალაქზედ ჩანაწერები ძველი თბილისის აშუღები ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა ძველი პრესა ძველი ქართული რეკლამა

პოპულარული პოსტები

  • ორიოდე სიტყვა აისორებზე |
    ვანო ხოჯაბეგოვი - მეთულუხჩე „ტფილისის პოლიცმეისტერი აცნობებს ტფილისის გუბერნატორს, რომ გასულს 1895 წელს ტფილისში სულ 162, 351 მცხოვრებე...
  • თბილისის ტრანსპორტის მოკლე ისტორია |
    ურმები ეჯიბრებიან ტფილისის „ტრამვაის“, 1902 წ. ★ XIX საუკუნემდე თბილისი გალავანშემორტყმული პატარა ქალაქი იყო, ამიტომ შიდა ტერიტორიაზე გ...
  • პირველი რესპუბლიკა - დროშა და გერბი |
    საქართველოს რესპუბლიკის დროშის ესკიზი | ავტორები: იაკობ ნიკოლაძე, იოსებ შარლემანი, 1918 წ. ★  საქართველოს ეროვნული საბჭ...
  • ლეგენდა თამარ მეფესა და შოთა რუსთაველზე... |
    [ლეგენდა თამარის თანამედროვე პოეტ შოთა რუსთაველზე, რომელმაც უამრავი ქებათა-ქება უძღვნა თავის მბრძანებელს. სხვა ნაწარმოებებისგან გამორჩე...
  • ლევან ბერძენიშვილი - ლამაზ-ქალაქი; კამორა; კანუდოსი | ლიტერატურული ქალაქები
    ★ გურამ დოჩანაშვილის რომანში - „სამოსელი პირველი“, მაგიური რეალიზმი გამოიხატება იმით, რომ აქ სამყარო შეტრიალებულია; ანუ, ჩვენ რომ ქართვე...
  • მადათოვის დაკარგული კუნძული |
    მადათოვის კუნძული ★   ძნელად თუ მოიძებნება ადგილი ტფილისში, იმაზე მისტიკური, ვიდრე მადათოვის კუნძული. კუნძული, პრაქტიკულად, ლეგენდადაა...
  • შავი ორშაბათი, ყეენობა, ნამცეცობა... |
    ყეენობა, 1896 წ. ★ „დიდ მარხვის პირველ ორშაბათს ყოველთვის ტფილისი წარმოადგენს არა ჩვეულებრივს სანახაობას, ეს ყეენობის დღეა. დიდი ხანია ...
Copyright © 2019 მადათოვი | Madatovi

Created with by Beauty Templates | Distributed by Gooyaabi Templates